"ახალ ვარძიად" წოდებული გამოქვაბულების ქალაქის მისტიკა - კვირის პალიტრა

"ახალ ვარძიად" წოდებული გამოქვაბულების ქალაქის მისტიკა

იხილეთ დასაწყისი

ჩემი ბლოგების მკითხველებს გემახსოვრებათ, რომ ზურგჩანთიდან ამოღებული პირველი წერილები 2009 წელს ახალციხელ მეგობრებთან ერთად ისტორიულ კლარჯეთში პირველი მოგზაურობის სევდანარევი ლამაზი თავგადასავალი იყო. მას შემდეგ ტაო-კლარჯეთს ორჯერ ვსტუმრობდი, მაგრამ ის ორი მოგზაურობა ბევრად განსხვავდებოდა პირველისგან. ეს იყო თავგადასავალი ძიების, აღმოჩენების, ბევრი სიხარულისა და მოულოდნელობების, შიგადაშიგ - მძაფრსიუჟეტიანისაც კი.

2-5-1648627073.jpg
ნოქალაქოი

ამჯერად მხოლოდ მეორე მოგზაურობაზე გიამბობთ უცნობ ტაო-კლარჯეთში (ასე ვუწოდეთ მე და ჩემმა რვა თანამგზავრმა), სადაც ისტორიული საქართველოს ბილიკებს თავად დავეძებდით, სოფელ-სოფელ, კითხვა-კითხვით... ამგვარი იყო მესამე მოგზაურობაც და ორივეჯერ ისეთი ადგილები ვნახეთ, რომელზეც იმხანად ძალიან ცოტა ქართველმა თუ იცოდა და სადაც, შესაბამისად, ძალიან ცოტა ქართველს თუ დაედგა ფეხი. ჩვენი ჯგუფის წევრების ნაწილს უკვე იცნობთ - მეთაური კვლავ თამთა ჭანტურიაა, მძღოლი - კვლავ ზვიად ჩიტაური, პრინციპში, ჩვენი მეგობრობაც სწორედ მაშინ, 2014 წლის 14 ოქტომბრიდან დაიწყო.

3-3-1648627125.jpg
ნოქალაქოის გიგანტური ქვა

საქართველო-თურქეთის საზღვრის გადალახვის შემდეგ უპირველესად ულამაზეს სოფელ ხეოთს ვესტუმრეთ და შემდეგ გავემგზავრეთ ნოქალაქოიდ წოდებული უძველესი ნაქალაქარის საძებნელად.

4-5-1648627243.jpg
გამოქვაბულში, სადაც ეკლესია გვეგულებოდა, წვალებით ავძვერით

VII-IX საუკუნეების ვარძიის ტიპის ციხე-ქალაქის - ნოქალაქოის (იმავე ნაქალაქარის) სანახავად არტაანის პროვინციის ჰანაკის რაიონში იმავე დღეს გავემგზავრეთ. ქვაში ნაკვეთი რამდენიმეიარუსიანი უზარმაზარი კომპლექსი ისტორიულ ერუშეთში, მდინარე ერუშეთის ხეობაში მდებარეობს. იგი ჯერ სრულყოფილად არ გამოუკვლევიათ და არც დაუთარიღებიათ და იმხანად ცოტა ქართველს თუ ენახა, თავისთავად, არც ჩვენს ტურისტულ მარშრუტში იყო შეტანილი. თამთას ნოქალაქოიზე გეოგრაფიული საზოგადოების ექსპედიციის შედეგად მისმა აღმომჩენებმა, არქიტექტორებმა გიორგი და ნინო ბაგრატიონებმა უამბეს.

5-1648627935. (4).jpg
ეკლესიაში ლოცვისას მეგონა, მთელი ქართველობა შემოკრებილიყო

გიორგი ბაგრატიონმა დეტალურად აღუწერა თამთას ძეგლის ადგილმდებარეობა და იოლად მისაგნებად რუკაც კი მისცა. ნოქალაქოისკენ ტრიალ მინდორსა და გორაკებზე კარგა ხანს ფეხით ვიარეთ, შემდეგ კი - მდინარეც გადავლახეთ (საბედნიეროდ, ზედ ხიდის მაგვარი გაუდევთ თურქებს) და შემოდგომის ფერებით თითქოს ალმოდებულ ულამაზეს ხეობას ჩავუყევით. "ახალ ვარძიად" წოდებული გამოქვაბულების ქალაქი მალევე შევნიშნეთ.

6-3-1648628005.jpg
წუთშესვენება ნოქალაქოის ფანჯრის რაფაზე

ცხადია, ყველა გამოქვაბულში ვერ შევაღწიეთ, თუმცა ერთ-ერთში, სადაც ეკლესია გვეგულებოდა (ვიცოდით, ნოქალაქოიში სულ სამი ეკლესია იყო) წვალებით ავძვერით: გოგონები ჩვენი მძღოლის, ზვიად ჩიტაურის ხელებზე დავდექით, ზემოდან კი ლაზარე კვირტიამ და სულხან ონიანმა აგვწიეს, ცოტათი ჩვენც "მივეშველეთ" და როგორღაც ავცოცდით. პატარა ეკლესიის დაცარიელებულმა კედლებმა ყველანი დაგვადუმა და სუნთქვა შეგვიკრა. საქართველოდან წამოღებული სანთლები თითოეულს ჩამოვურიგე, იმწამს ავანთეთ და მისი სიკაშკაშე ქვის სარკმელებიდან შემოჭრილ შემოდგომის მზეს შეუერთდა.

7-4-1648626865.jpg
გამოქვაბულებში იარუსიდან იარუსზე ვინაცვლებდით

უხმოდ ვლოცულობდით და ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ამ ქვის პატარა უფრესკო ღვთის სახლში ცხრანი კი არა, მთელი ქართველობა შემოკრებილიყო. მერე ბედნიერები ჩამოვძვერით და კარგა ხანს სართულებზე, "ოთახ-ოთახ" ვიარეთ. ყველა მღვიმეში ვერაფრით შევიდოდით - ყველგან ხომ ვერ შევადგებოდით ერთმანეთს მხრებზე! აი, ბიჭებმა კი გაცილებით ბევრი დარბაზი დაათვალიერეს.

8-4-1648626788.jpg
ექსტრემალმა სულხანმა მეორე ეკლესია აღმოაჩინა

წამოსვლისას სულხანს გულმა ვერ მოუთმინა და ერთ მღვიმეში, სადაც საგანგებო აღჭურვილობის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ასვლა, კედელ-კედელ აცოცდა, დიდი რისკის ფასად, ნახტომით შეძვრა და მალევე გახარებულმა გადმოგვძახა, მეორე ეკლესია ვიპოვნეო.

9-4-1648626732.jpg

თამთამ სულხანის შარვლის ქამარს ქვემოთ მყოფი ლაზარეს ქამარი გადააბა, ზედ ფოტოაპარატი შეაბა და ისე ააწოდა სულხანს.

10-4-1648626527.jpg
ნოქალაქოის იარუსები გარედანაც დავლაშქრეთ

ამ უკანასკნელმა ეკლესია კი გადაიღო, მაგრამ უკან გადმოცოცება რომ ვეღარ მოახერხა, დიდი სიმაღლიდან გადმოხტა და კინაღამ ფეხიც შესწირა.

11-5-1648626402.jpg
შემოდგომის ფერებით ალმოდებულ ულამაზეს ხეობას საღამოსკენ დავემშვიდობეთ

ღვთის წყალობით, ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა და კვლავ უცნობი კლარჯეთის გზა განვაგრძეთ.

(გაგრძელება იქნება)

ფოტოები ეკუთვნის ავტორს