"როდესაც უვიცი ყვირის, ინტელექტი სიჩუმეს ამჯობინებს" - კვირის პალიტრა

"როდესაც უვიცი ყვირის, ინტელექტი სიჩუმეს ამჯობინებს"

„ისეთ რეგვენსაც კი, როგორიც ღარიბაშვილია შეუძლებელია არ ესმოდეს, რა ზიანს აყენებს მისი გამონათქვამი ივანიშვილის რეჟიმს“ - ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„არც ჩაი გიშველით და არც ოყნა - ივანიშვილო, ეს კრიმინალური ხელისუფლება უნდა დამთავრდეს“ - ირაკლი ნადირაძე.

„საშიში სირეგვენე...“ - ანა ნაცვლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე.

„კაცი რომ იყოს, დაველაპარაკებოდი კაცურად კობახიძეს, ის კაცი არ არის, ძირს ჩიჩილაკი“ - ნონა მამულაშვილი ირაკლი კობახიძეზე.

“ქალბატონი არა ის კიდევ, მოხარშული კვერცხი...“ - გიგი უგულავა პრეზიდენტზე. „ნაბიჭვარი“ - უგულავა იუსტიციის მინისტრის მისამართით მიტინგზე.

„ყველა, ვინც ამ პროტესტს არ უერთდება, არის ხალხი მასა“ - ნინო ჯანგირაშვილი ერთ-ერთ მიტინგზე.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ქაჯი მერი გვყავს“ - ბაჩო დოლიძე.

"მთავარი არხი" და ნიკა გვარამია „ოცნების“ აქციაზე გამოსულ ხალხს ბიომასას უწოდებს. მათ შორის, ყველას გვახსოვს, ბოლო დროს გვარამიას გინებები ეთერში.

„ოცნების ამომრჩეველო, პირდაპირ გეტყვი, რომ ხარ რეგვენი და ივანიშვილის მონა“ - ლევან ხაბეიშვილი

ბოლოს გიგი უგულავას ბინძური სიტყვა თბილისის მერის მიმართ გამოთქმული, რომელსაც აღარ დავწერ.

და საერთოდ, ბევრია ასეთი სიტყვა, იმდენად ბევრი, რომ გაკეთებულ საქმეებზე მეტი, გადადგმულ ნაბიჯებზე მეტი. და აი, ეს ადამიანები თამამად ეუბნებიან სხვას, აგრესიულები ხართო.

დამეთანხმებით, რომ ეს ოპონირება არ არის. არც კრიტიკაა! ეს არის ძიძგილაობა და ლანძღვა, რაც განვითარებულ ქვეყნებში კანონით ისჯება. სწორედ კალაძემ თქვა ბოლოს წითელი ხაზები უნდა დაწესდეს და გუნდური თამაშის წესები ჩამოყალიბდეს, ასე არ შეიძლებაო და რა მერე? ერთი კარგად „ათრიეს“ "მთავარ არხზე", თავისუფლების შეზღუდვას გვიპირებსო.

ხომ ხვდებით, როგორი უხერხულია ამ საკითხზე წერა დღეს. მსოფლიოში სულ სხვა ღირებულებებზე მიდის საუბარი, ომია, სამყარო იცვლება და თქვენ რა ლექსიკითაც ურთიერთობთ ერთმანეთთან, იმ დონის საქმესაც აკეთებთ, მეტს ვერა. არანაირი იდეა არ გაქვთ, რა შესთავაზოთ ხალხს განვითარებისთვის. ეს არის პროცესი, როდესაც ორი მხარე უპრინციპოდ აკოწიწებს ერთიმეორის საწინააღმდეგო „ლექსიკას“ და ამას „შეხედულებებს“ არქმევს.

მაგალითად, თუ რომელიმე უნივერსიტეტის დეკანი ხელისუფლებას უჭერს მხარს და ამის შესახებ რამე უთქვამს სტუდენტებისთვის, „ოპოზიცია“ მის გათავისუფლებას ითხოვს, პროპაგანდას ეწევაო. თუკი ერთ-ერთი სკოლის დირექტორი (ამასწინათ უჩვენეს) იმავეს აკეთებს, თან „ოპოზიციის“ სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა და ამაზე შენიშვნა მიიღო ხელისუფლების მხრიდან, მაშინ პოლიტიკური ნიშნით დევნიან...

თუ „ოცნება“ უწოდებს „ოპოზიციის“ რომელიმე წევრს რუსეთის აგენტს და სასამართლო იტყვის, ეს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება, უსამართლოა და თუ, თითქმის ყოველ დღე, „ოპოზიციის“ წევრები, ვისაც როგორ და როდის უნდათ რუსეთუმეებს, მოღალატეებს და აგენტებს ეძახიან, თავისუფლება არ უნდა შეუზღუდო თურმე.

მოსახლეობის ასე მკვეთრად დაყოფა, რომ ის ვიღაც რუსეთუმეა და ამიტომ გადაწყვეტილად ბნელია, ხოლო შენ პროევროპული და განვითარებული. ან, თუ ვიღაცას არ ესმის ეს შენი ლიბერალიზმის თემა და ამიტომ ბნელია, ხოლო შენ ლიბერალი და უდავოდ განვითარებული. ანაც, შენ როგორ გაბედე და თქვი ეს აზრი, ამიტომ მოგკვეთავთ საზოგადოებისგან და ასე შემდეგ, არის დამაზიანებელი ჩვენი მოსახლეობისთვის.

უპირველესად იმიტომ, რომ ასეთ გარემოში ხალხს უქრება ის შანსი, თავად გადაწყვიტოს, რა საკითხის გარშემო გაერთიანდეს და რაზე - არა. და, რაც მთავარია, ეს არაჯანსაღი ჯიბრი ერთმანეთის მიმართ, პირდაპირ უწყობს ხელს ერის გახლეჩის პროცესს. ჯერ ერთი რამდენი რამ არის ქვეყანაში ასაწყობი და ასეთი პროცესი ვის აწყობს დღეს? და მეორე: გული მისკდება, მართლა ომი რომ დაიწყოს, ვინ რისი გამკეთებელია ამ ქვეყანაში?

სამართლებრივადაც, როგორ შეიძლება დალაგდეს სახელმწიფო, თუ „შენიანს“ ყველაფერი ეპატიება და „სხვას“ არა? არ ფიქრობთ, რომ აი, ამ პროცესებში, რაც მსოფლიოში ხდება და იმ მოცემულობაში, რაც გვაქვს ქვეყანაში, ასეთი ბინძური გზით პოლიტიკური ქულების მოგროვება, შენივე ქვეყნის დისკრედიტაციას ემსახურება?! ნუთუ ერთი სამშობლო არ გვაქვს?

თუ შენ, მედია, როგორც დემოკრატიის გარანტი, შენვე ასახიჩრებ შენს სახელმწიფოს, აწვდი მცდარ იდეებს, ამახინჯებ ინფორმაციას, ემსახურები მხოლოდ შენთვის მოსაწონ პოლიტიკური ინტერესების ლიდერს და არა ხალხს, მოქალაქეებს ამცირებ ყოველ დღე... მდგრადი სახელმწიფოს შექმნაზე საუბარი კი არა, სხვა არხის ცენზურაზე ხმის ამოღებაც გასაკვირია შენგან...

ვფიქრობ, თუ ეს ძალისმიერი მეთოდები სამართლებრივით არ შეიცვალა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური კატაკლიზმები ისევ და ისევ დასწევს ჩვენს ქვეყანას უკან.

და მანამ, ვიდრე ყველაფერი კეთდება, რომ საზოგადოების ყურადღება ჩამოშორდეს მთავარ საკითხს - მანკიერ სისტემას, რომელიც ყველა პრობლემის სათავეა, არ დამეზარება და პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ შევახსენებ: თუ გვსურს ცივილურ სამყაროში ინტეგრაცია, ეს ნიშნავს ზედმიწევნით კანონის დაცვას, ყველა ადამიანის წესებში მოქცევას, დამოუკიდებელ სასამართლოს ჩამოყალიბებას, გამჭვირვალე სისტემას ყველა დარგში და არა "ეროვნული მენტალიტეტის" შეცვლის მოლოდინს, სადაც მხოლოდ ცინიზმისთვის, უკულტურობისა და მომავლის დეპრესიული შიშისთვის არის ადგილი.