„ივანიშვილმა ბიზნესიმპერიის შექმნა ნათესავებისა და მეგობრებისაგან ნასესხები ფულით დაიწყო“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

„ივანიშვილმა ბიზნესიმპერიის შექმნა ნათესავებისა და მეგობრებისაგან ნასესხები ფულით დაიწყო“ - რას წერს უცხოური გამოცემა

ბერმუდის კუნძულების გაზეთ The Royal Gazette-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - „საქართველოს ყოფილი ლიდერის გამარჯვება სასამართლოში მისი ფერადი კარიერის ახალ პერიოდს წარმოადგენს“ (ავტორი - რებეკა ზული).

„ოლიგარქები, რომლებსაც სანქციები უწესდებათ და დისკომფორტს განიცდიან იმის გამო, რომ მათი მდიდრული ცხოვრება საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა, შეიძლება გაოცებულნი დარჩნენ იმ ფაქტით, რომ ერთ-ერთმა მათგანმა - ბიძინა ივანიშვილმა - სულ რაღაც ოთხი თვის წინ ბერმუდის კუნძულების სასამართლოში ღიად და ნათლად აღწერა თავისი თავბრუდამხვევი გამდიდრების ისტორია საბჭოთა კავშირის კოლაფსის ფონზე“, - ასეთი შესავალი აქვს საგაზეთო სტატიას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის, როგორც პოლიტიკოსისა და ბიზნესმენ-ოლიგარქის პორტრეტია გადმოცემული.

„ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც შვეიცარიულ გიგანტურ ფინანსურ დაწესებულებას - ბანკ Credit Suisse-ს 500 მილიონი დოლარის საქმე მოუგო, კავკასიური სახელმწიფოს - საქართველოს ყოფილ პრემიერს და მმართველი პარტიის - „ქართული ოცნების“ დამაარსებელ პიროვნებას წარმოადგენს. მისი პოლიტიკური კარიერა 2012 წელს დაიწყო - ოთხი წლის შემდეგ, როცა მეზობელი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ჯარი მის ქვეყანაში შეიჭრა. ბიძინა ივანიშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება მოიპოვა და როგორც რუსეთთან მშვიდი ურთიერთობის მომხრე, პრემიერ-მინიტრის პოსტზე მხოლოდ ერთი წელი იყო, შემდეგ - პარტიის ლიდერად, 2018-2021 წლებში. ამ ერთი თვის წინათ, როცა რუსეთის ჯარი უკრაინაშიც შეიჭრა, საქართველოს მმართველ პარტიას ძალზე ფრთხილი არჩევნის გაკეთებამ მოუწია უკრაინის მხარდასაჭერად ისე, რომ თავისი გიგანტური, ჩრდილოელი აგრესიული მეზობელი არ გაეღიზიანებინა. იმავდროულად, თბილისმა წარადგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრების მიზნით. დღეს მილიარდერი თავის ფუტურისტული სტილით აგებულ სახლში ცხოვრობს, რომელიც 50 მილიონი დოლარი ღირს. როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, „მინის სახლში“ არის ზვიგენების აკვარიუმი, ვერტმფრენის მოედანი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშთა კოლექცია, რომლის საერთო ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება“, - ნათქვამია სტატიაში.

„ბიძინა ივანიშვილმა, სანამ საქართველოში დაბრუნდებოდა და პოლიტიკაში ჩაებმებოდა, თავისი მრავალმილიარდიანი სიმდიდრე ყოფილი საბჭოთა კავშირის არსებობის დროს დააგროვა, უმეტესად - საბანკო სექტორში და ტექნოლოგიების სფეროში. იგი მოსკოვში სწავლისა და სტუდენტობის პერიოდს - 1991-92 წლებს, სასამართლოში გამოსვლის დროს ასე აღწერს: „ყველაზე ველური კაპიტალიზმის ეპოქა რუსეთში და საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ“. მან დაადასტურა, რომ თავისი ბიზნესიმპერიის შექმნა ელექტრონული აპარატურისა და მობილური ტელეფონების იმპორტით დაიწყო, რისთვისაც თანხა ნათესავებისა და მეგობრებისაგან ისესხა“, - წერს ავტორი.

პუბლიკაციაში გადმოცემულია, თუ როგორ მოაგროვა ბიძინა ივანიშვილმა პირველი მილიონი დოლარი და როგორ შეიძინა ბანკი („ბიზნესი კლასიკური ფორმით გავაფართოვეთ, გავაუმჯობესეთ საბანკო სერვისი, ამ მხრივ გამოვიყენეთ ყველა შესაძლებლობა, რეალურად მოვახერხეთ მილიონი დოლარის დაგროვება და ამით ბანკი ვიყიდეთ“), როგორ ააშენა თავისი ბიზნესიმპერია, ძირითადად, რომელი სფეროებით იყო დაინტერესებული (საფინანსო, სამრეწველო, სამთო-მომპოვებელი, ტექნოლოგიური და ა.შ.).

„მოგვიანებით მან თავისი აქტივების ნაწილი რუსეთში გაყიდა და როცა საქართველოში დაბრუნდა და პოლიტიკაში ჩაება, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ში განათავსა“, - აღნიშნულია სტატიაში.

გაზეთში ვრცლად არის გადმოცემული Credit Suisse-ს ბანკის თანამშრომლის - პატრიკ ლესკოდრონის მიერ ჩადენილი გახმაურებული თაღლითობა, რომლის შედეგად ბიძინა ივანიშვილმა 500 მილიონი დოლარი იზარალა. სტატიაში, ასევე, მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ბერმუდის უმაღლეს სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვას შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ. როგორც უკვე ცნობილია, საბოლოოდ, მოსამართლე ნარინდერ ხარგუნმა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა და Credit Suisse-ს კლიენტისადმი მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში დაავალდებულა. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ