"18 წლის ბიჭმა მიამბო, მის თვალწინ მეზობლები როგორ დახვრიტეს" - კვირის პალიტრა

"18 წლის ბიჭმა მიამბო, მის თვალწინ მეზობლები როგორ დახვრიტეს"

"ეს არის ფორმულა, რომელიც გაამარჯვებინებს უკრაინას"

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი", პარლამენტარი გიორგი ვაშაძე ომის პირველი დღეებიდან ეხმარებოდა უკრაინაში ჩარჩენილ ადამიანებს, რომ სამშვიდობოს გამოსულიყვნენ. ის რამდენჯერმე ჩავიდა ცხელ წერტილში და თავისი თვალით ნახა იქ არსებული მძიმე ვითარება. ამ დღეებში ბრიუსელშიც ჩავიდა და როგორც თავად ამბობს, ევროპარლამენტარებთან ერთად განიხილეს საქართველოს და უკრაინის საკითხები.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:"სვიფტიდან გათიშულია ბანკების ნაწილი, მაგრამ არა ყველა, შესაბამისად, რუსეთი იმ ბანკებს გამოიყენებს, რომელიც არ იქნება გათიშული და ასე აუვლის გვერდს სანქციებს. ნაწილი იმიტომ არ არის გათიშული, რომ იქ ირიცხება ნავთობისა და გაზის თანხები. ჩვენც აღვნიშნეთ და ევროპარლამენტარებიც ამბობენ, რომ ემბარგო დაწესდეს ნავთობსა და გაზზე. მილიარდს ვაძლევთ უკრაინას, მაგრამ დღეში რამდენიმე მილიარდს რუსეთს ნავთობისთვის ვუხდითო..." "უკრაინაში საოცარი ერთიანობაა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია მძიმე ომის დროს. ერთიანობაა ხალხში, ასევე პოლიტიკურ მოთამაშეებში. სიმბოლურია ზელენსკიმ და პოროშენკომ თქვეს, ერთი მტერი გვყავსო და ერთად იბრძვიან. მათი ქმედება კარგი მაგალითია იმისთვის, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეს პოლიტიკურ სპექტრს ომის დროს, ეს გადამდებია ხალხისთვისაც. სამწუხაროდ, ჩვენ დღეს ეს ერთიანობა საქართველოში არ გვაქვს..."

"უკრაინის მოვლენებში ჩართული ვარ, ასობით ოჯახს დავეხმარეთ, რომ გამოსულიყვნენ. იქ გადაადგილების საფრთხეებია, ძალიან მძიმე გარემოა... ასობით ქართველი მონაწილეობს ამ ომში, როგორც მოხალისე. ვწუხვარ, რომ მსხვერპლია. 4 ქართველი მებრძოლი შეეწირა ამ ომს, მართლა გმირები. იქ მყოფები საქართველოსთვისაც იბრძვიან დღეს. მეამაყება ეს ქართველები..."

"არ შემიძლია არ აღვნიშნო ქართველების ერთმანეთის გვერდში დგომა, ფაქტობრივად ქსელი ავაწყვეთ მთელი უკრაინის მასშტაბით. მამუკა კუჭაიძე ბევრ ქართველს ეხმარება, მას მცირე ბიზნესი აქვს და ადამიანებს საცხოვრებელს აძლევს; დარეჯან მაისურაძე, ჩვენი სნაიპერი ქალი ძალიან აქტიურია და რუკებს შიფრავს; მურად ზოიძემაც ბევრს საცხოვრებელი უშოვა; ხალხს გადაადგილებაში ეხმარება ბაჩო ყალიჩავა, რომელსაც დიდი მოხალისეობრივი ქსელი აქვს და ხალხს საკვებითაც ეხმარება. არის რესტორნების ქსელი "გაგა", რომელმაც ხაჭაპურები გამოაცხო საქართველოს სახელით და ამას ვურიგებდით ბლოკ-პოსტებზე, იქ დარჩენილებს; გიორგი ცაგარეიშვილი, რომელმაც კიევის რეგიონში თავისი ბატალიონიც კი ჩამოაყალიბა და თემურ რთველაძე, რომლის დახმარებით მანქანების კოლონებს ვაკეთებდით და ისე გამოვიყვანეთ ადამიანები..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 31 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა