რისთვის დაიბარა უშიშროების უფროსმა უკვე რეპრესირებული მიხეილ მგალობლიშვილი - კვირის პალიტრა

რისთვის დაიბარა უშიშროების უფროსმა უკვე რეპრესირებული მიხეილ მგალობლიშვილი

"მამას პირადი ურთიერთობა ჰქონდა თითქმის ყველა გამოჩენილ ადამიანთან"

საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს დიქტორს, მსახიობ თინა მგალობლიშვილს საზოგადოება კარგად იცნობს. მისი მრავალწლიანი და თავდადებული შრომის კიდევ ერთი დაფასება ის იყო, რომ მთაწმინდის პარკში, ტელეანძასთან ახლოს ვარსკვლავი გაუხსნეს. ქალბატონი თინა ამბობს, რომ ამით იმდენად არ ამაყობს, როგორც თავისი მშობლების ბიოგრაფიითა და მოღვაწეობით. ამ წერილით ღვაწლმოსილ ადამიანებს - მიხეილ მგალობლიშვილსა და ელენე ჭუმბურიძეს გაგაცნობთ.

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"საქართველოს "სახკინმრეწვში" (კინოსტუდიის იმდროინდელი დასახელება. - ავტ.) სასცენარო განყოფილება ჩამოყალიბდა 1934 წელს და მის პირველ უფროსად მამა დაინიშნა. იგი მხარში ამოუდგა ქართველ კინემატოგრაფისტებს - მიხეილ ჭიაურელს, ნიკოლოზ შენგელაიას, ლეო ესაკიას, დავით რონდელს, რეჟისორთა და მსახიობთა მთელ პლეადას..." "მამას, სხვების მსგავსად, ამაგი იმით „დაუფასეს“, რომ 1937 წელს დააპატიმრეს. მისი მეგობარი ბორია გორდელაძე (მამა იყო მისი მოადგილე) დახვრიტეს, ხოლო ბორიას მეუღლეს ოლია დადიანს ათი წელი მიუსაჯეს. ოლია დეიდა გადასახლებიდან დაბრუნდა. მამასაც დახვრეტა ელოდა. მან იმ ჯოჯოხეთური გზის ყველა ეტაპი გაიარა, სიკვდილს კი გადაურჩა. 1940 წელს ათწლიანი განაჩენი გადასინჯეს და გაათავისუფლეს..."

"გადასახლებიდან დაბრუნებულ მამას თბილისში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა და წავედით აღბულაღში (დღეს თეთრიწყარო). გადმოცემით ვიცი, რომ იქ ძალიან მკაცრი ჰავა, დიდი გასაჭირი და შიშის ატმოსფერო იდგა. სამი და ვიყავით: უფროსი მედეა, შუათანა ლალი და მე - ნაბოლარა. მამას სულ ეშინოდა, იმ პერიოდში ისევ იჭერდნენ იმავე ხალხს. შიში გასდევდა დედ-მამას საუბრებსაც, ამას მეც ვგრძნობდი. როცა წამოვიზარდე, ლალი გაცივდა და ავად გახდა. მშობლებს არ ჰქონდათ საშუალება, ბავშვი თბილისში წაეყვანათ და არც უფლება ჰქონდათ. დედამ მაინც შეძლო რაღაც გზით შვილის თბილისში წაყვანა, მაგრამ უკვე გვიანი იყო..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 29 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ნანული ზოტიკიშვილი