"აფხაზეთია დასაბრუნებელი, ჩამოვალ" - ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელმაც სესხი აიღო და ოჯახისგან ფარულად უკრაინაში გაემგზავრა? - კვირის პალიტრა

"აფხაზეთია დასაბრუნებელი, ჩამოვალ" - ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელმაც სესხი აიღო და ოჯახისგან ფარულად უკრაინაში გაემგზავრა?

როდესაც მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი მოგვარე, 21 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც არც კი ვიცნობდი, უკრაინაში ოჯახისგან მალულად წავიდა, დავინტერესდი, ვინ იყო და სოციალურ ქსელში მოვძებნე. იმ დღეს მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხე, ამიტომ მის დას გავესაუბრე, რომელიც არა მარტო ჩემი მოგვარე, არამედ - ჩემი სეხნიაც აღმოჩნდა. ორმაგად გამიხარდა და გულში სიამაყის გრძნობა დამეუფლა.

მათეს შესახებ მისი და - მარიამ ჭანტურია გამესაუბრა.

- მარიამ გვიამბეთ მათეს შესახებ. როგორც ვიცი, მათე ჩუმად, ოჯახისგან მალულად წავიდა უკრაინაში...

- მათე ჩემი უმცროსი ძმაა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ადამიანების მიმართ განსაკუთრებული თანაგრძნობის უნარით. ის ახლა 21 წლისაა, ძალიან დიდსულოვანი ადამიანია. მათე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტია კავკასიის უნივერსიტეტში, ძალიან უყვარს ბავშვები და მათაც ძალიან უყვართ ის. როდესაც ამონაშვილის აკადემიაში გადიოდა პრაქტიკებს, იმდენად გახარებული და სიყვარულით სავსე იყო ბავშვებთან ურთიერთობით, რომ სულ მათ შესახებ მიყვებოდა.

277312341-292842603000804-8718252363704221086-n-1648644774.jpg

როდესაც 24 მარტის დილას გავიგე, რომ მათე უკრაინაში ჩუმად ჩავიდა, ძალიან გავბრაზდი, ასე როგორ მომექცა მეც და ყველას-მეთქი, რადგან მოგეხსენებათ, ადამიანი პირველად ყოველთვის ცუდზე ფიქრობს. მაგრამ დღეს მე მეამაყება, რომ მათეს ამხელა გამბედაობა და ძალა აღმოაჩნდა. მიხარია, რომ ჩემმა ძმამ ხალხის გადასარჩენად ასეთი ნაბიჯი გადადგა და ცდილობს, ამ ამბავში თავისი წვლილი შეიტანოს. განა მათეს წასვლა წყვეტდა უკრაინის გამარჯვებას, ან გამოუცდელ მათეს, რომელიც ჯარშიც არაა ნამყოფი, ვინმე წაიყვანდა ცხელი ფრონტის წინა ხაზზე?! არა, ის, უბრალოდ, იმით დაეხმარება გასაჭირში მყოფ ადამიანებს, რითაც შეძლებს. პატრიოტული სულის და გულის მქონე ახალგაზრდაა და ეს მიხარია. მე ყოველდღე ვლოცულობ მისთვის და ერთი სული მაქვს, როდის ჩავიკრავ გულში, როდის დავინახავ მათეს დაბრუნებით დამშვიდებულ მამას და დედას. მიხარია, რომ ჩემი ძმა ღირსეული ადამიანია.

- ამ ამბავში საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მან, როგორც ვიცი, სესხი აიღო და იმ თანხით წავიდა უკრაინაში. მართალია?

- დიახ, მართალაც ასეა. ზოგადად, ვალი არ უყვარს და არც არასდროს ჰქონია საჭიროება, სესხი აეღო, მაგრამ უკრაინაში წასასვლელად საჭირო თანხა არ ჰქონდა, რის გამოც ეს ნაბიჯი გადადგა.

- პირველად, როდესაც დაუკავშირდით, რა გითხრათ?

- "აფხაზეთია დასაბრუნებელი, ჩამოვალ". ამ შეტყობინების წაკითხვის შემდეგ იმედი მომეცა, რომ ის მართლა ცოცხალი დაბრუნდებოდა. პასუხს რაც შეეხება, ძალიან მესიამოვნა და ვამაყობდი ჩემი ძმით, რადგან ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი დედულეთი.

- მათე დღეს ფრონტის ხაზზეა?

- არა, ამ წუთებში მათე პოლონეთის აეროპორტშია და თბილისის დროით 4 საათზე იქნება საქართველოში.

- და რატომ ბრუნდება უკან?

- მათე საბრძოლველად საკუთარი ნებით წავიდა, მაგრამ უკან მისივე ნებით არ ბრუნდება. დიდი სურვილის მიუხედავად, გამოუცდელი 21 წლის ახალგაზრდა, მიუხედავად მისი შეუპოვრობისა და განწყობისა, არ გაწირეს. გამოცდილმა მეომრებმა არ წაიყვანეს, რის გამოც, სიმართლე გითხრათ, ძალიან მადლობელი ვარ მათი. ერთ-ერთმა სერჟანტმა მათეს შემდეგი რამ უთხრა: "წყალში გადახტი ისე, რომ ცურვა არ იცოდიო“...

როდესაც გავიგე, რომ მათე საქართველოში ბრუნდებოდა, დავუკავშირდი, სამწუხაროდ, ემოციებისა და გადაღლილობის ფონზე გასაუბრება ვერ შეძლო, მაგრამ მადლობა გადაგვიხადა დაინტერესებისათვის და ყურადღებისათვის.

მარიამ ჭანტურია (სპეციალურად საიტისთვის)