"მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას" - რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი? - კვირის პალიტრა

"მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას" - რას აცხადებს ჯოზეფ ბორელი?

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მის ქვეყანაში არსებული ვითარება უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს კომისართან ჯოზეფ ბორელთან განიხილა.

კულებამ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ბორელთან მისი საუბარი შეეხო ევროკავშირი-ჩინეთის სამიტის მომზადებასა და მცდელობებზე, რომელიც რუსეთის აგრესიის დასასრულებისკენაა მიმართული.

„სანამ რუსეთის ბარბაროსული ომის დანაშაულები გრძელდება, ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციებით ზეწოლა. ევროკავშირის მე-5 პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა გამოვიდეს და იყოს რაც შეიძლება მკაცრი“, - აღნისნა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამის საპირისპიროდ, ბორელმა საკუთარ „ტვიტში“ არ ახსენა სანქციების მორიგი რაუნდი და მხოლოდ აღნიშნა, რომ ევროკავშირი „შეინარჩუნებს ზეწოლას“ რუსეთზე.

„დმიტრო კულებასთან უკრაინაში არსებული ვითარება განვიხილე. მე მას კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხის მიმართ. ჩვენ შევინარჩუნებთ ზეწოლას რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შესაჩერებლად და მივაღწევთ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინიდან გაყვანას“, - განაცხადა ბორელმა.

"ინტერპრესნიუსი"