"უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი" - კვირის პალიტრა

"უახლოეს მომავალში გადავდგამთ სამართლებრივ ნაბიჯებს და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს, რუსეთის ნაწილი"

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ე.წ. რესპუბლიკა ისტორიული სამშობლოს, რუსეთის შემადგენლობაში იქნება.

ბიბილოვის განცხადება რუსეთის მმართველი პარტიის, „ეძინაია რასიას“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის გასაერთიანებლად უახლოეს მომავალში „სამართლებრივი ნაბიჯები გადაიდგმება“.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო! სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია და მთელი მსოფლიო ახლა გარდამტეხ მომენტს განიცდის. რუსული სამყარო დღეს იცავს მათ ინტერესებს, ვინც მისი ერთგულია, ვინც ეწინააღმდეგება ნაციზმს, პატივს სცემს უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებს და ფუნდამენტურ უფლებებს და ნორმებს, რომლებიც მიღებულია მთელ საერთაშორისო საზოგადოებაში.

უახლეს ისტორიაში რუსული სამყაროს პირველი აღორძინება, ნიშნავს იმას, რომ არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთაც შეუძლებელია, რაც მოხდა სწორედ აქ, სამხრეთ ოსეთში 2008 წელს, როდესაც რუსეთმა გადაწყვიტა დაეცვა ოსი ხალხი და ეღიარებინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, რისთვისაც ყოველთვის მადლობელი ვიქნებით რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობისა და ხალხის

მადლობა, ძმებო და დებო. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელმაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მშვიდობის გარანტიები და განვითარების შესაძლებლობა მისცა.

თუმცა, ოსი ხალხის - გაყოფილი ხალხის მთავარი ისტორიული, სტრატეგიული მიზანი ერთი სახელმწიფოს საზღვრებში გაერთიანებაა.

ეს სახელმწიფო არის რუსეთის ფედერაცია. ჩვენმა ხალხმა არაერთხელ დაისახა ეს მიზანი, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა 2014 წელს აგვესრულებინა ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ოცნება, როცა ყირიმი მშობლიურ ნავსადგურს დაუბრუნდა. მაშინ ხელიდან გავუშვით ჩვენი შანსი, მაგრამ ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ.

ვფიქრობ, რუსეთთან გაერთიანება არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი, ჩვენი გზა და ხალხის მოლოდინი. ჩვენ ამ გზით ვივლით. უახლოეს მომავალში გადავდგამთ შესაბამის სამართლებრივ ნაბიჯებს. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა იქნება მისი ისტორიული სამშობლოს - რუსეთის ნაწილი“, - წერია ბიბილოვის განცხადებაში.

IPN