"ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი ახალი, სამშვიდობო-სახალხო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობისადმი ახალი, სამშვიდობო-სახალხო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს"

დღეს სწორედ ის ვითარება გვაქვს, როდესაც ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობასთან მიმართებაში ახალი, სამშვიდობო-სახალხო პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ მხოლოდ ინერციულ განცხადებებს აკეთებდა.

„დეოკუპაციის პოლიტიკა ფაქტობრივად, მკვდარია. მცოცავი ოკუპაცია და ა.შ. გრძელდება. სწორედ დღეს არის დრო იმისათვის, რომ ხელისუფლებამ აფხაზეთის და სამაჩაბლოს მოსახლეობას აუხსნას, თუ რატომ არის კარგი მათთვის ის, რომ საკუთარი თავი საქართველოს შემადგენლობაში წარმოიდგინონ. პოლიტიკა არის შესაძლებლობის ხელოვნება და დღევანდელი გლობალური სიტუაცია ამ შესაძლებლობას იძლევა.

გასაგებია, რომ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზების ელიტები და „მმართველი წრეები“ შეთანხმებულები არიან რუსეთთან. ისინი ამბობენ და იმ გზავნილებს ახორციელებენ, რომლებიც პუტინის ხელისუფლებას სჭირდება. თუმცა, სწორედ ამ შემთხვევაშია აუცილებელი ხალხთან მუშაობა. სწორედ დღეს არის დრო მოლაპარაკებების და ახალი სამშვიდობო-სახალხო პოლიტიკის შეთავაზებისთვის, რომელიც პირდაპირ აფხაზი და ოსი ხალხის მიმართ მიმართული იქნება.

ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი ხელისუფლება საკუთარი ინიციატივით ამას არ გააკეთებს, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ, რომ წინადადებების ერთობლიობა შეიმუშაონ - ეკონომიკური, სოციალური, ჯანდაცვის, განათლების, უფლებების დაცვის და იმ საკითხებზე, რომლებიც ოსი და აფხაზი ხალხისთვის ნამდვილად აუცილებელია. ეს ყველაფერი იმ პირობებში მოხდება, როდესაც რუსეთის მომავალი გაურკვეველია, რუსეთის რესურსები უკვე ათვისებულია, ამის პარალელურად კი, მოსახლეობაში უკმაყოფილება დიდია და სავარაუდოდ ის კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ვფიქრობ, ეს ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. დღეს არის პიკი ამ შესაძლებლობის გამოყენების და ხალხთან სამშვიდობო-სახალხო პოლიტიკის. ეს შესაძლებლობა ჩვენმა სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს,“ - აღნიშნავს ანა დოლიძე.

IPN