"პუტინს დეზინფორმაციას აწვდიან - მრჩევლებს სიმართლის თქმის ეშინიათ“ - რას წერს უცხოური გამოცემა - კვირის პალიტრა

"პუტინს დეზინფორმაციას აწვდიან - მრჩევლებს სიმართლის თქმის ეშინიათ“ - რას წერს უცხოური გამოცემა

დასავლური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თითქმის ერთხმად აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტს თავისი გარემოცვა უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობის შესახებ არასწორ ინფორმაციას აწვდის.

როგორც ამერიკული ტელეარხი „სი-ენ-ენი“ (CNN) წერს სტატიაში სათაურით - „ჩვენ ვთვლით, რომ პუტინს დეზინფორმაციას აწვდიან“ (ავტორი - ჯერემი დაიმონდი), „აშშ მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დეზინფორმირებულია თავისი მრჩევლების მიერ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ცუდად მუშაობენ რუსი სამხედრო მაღალჩინოსნები უკრაინაში და სინამდვილეში, რა უარყოფით გავლენას ახდენს დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე.

„ჩვენ ვთვლით, რომ პუტინის მრჩევლებს მისთვის სიმართლის თქმის ეშინიათ“, - ამბობს „სი-ენ-ენთან" საუბრისას ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოვნიკი, რომლის განმარტებით, ასეთი შეფასება აშშ-ის დაზვერვის მონაცემებს ეყრდნობა (მოგვიანებით გაირკვა, რომ ამერიკელ ჩინოვნიკში იგულისხმება ქეით ბედინგფილდი, აშშ-ის თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორი - მთარგმნ. შენიშვნა).

როგორც ჩინოვნიკი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ის ინფორმაცია, რომელიც მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინმა გაიგო მიწოდებული ცრუ ინფორმაციების შესახებ და რომ ამ ფაქტმა რუსეთის ლიდერსა და თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის განხეთქილება გამოიწვია.

„ჩვენ ვიცით, რომ ვლადიმერ პუტინი მიხვდა, რომ რუსმა სამხედროებმა იგი შეცდომაში შეიყვანეს. ამჟამად შექმნილია მუდმივი დაძაბულობა პუტინსა და სამხედროებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მიმართ უნდობლობა გაუჩნდა“, - ამბობს ამერიკელი ჩინოვნიკი. მან აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა, მაგალითად, არ იცოდა, რომ თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ახალწვეულებსაც გზავნიდა... ეს ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაში აშკარა უპასუხისმგებლობას ნიშნავს“ (წყარო)

მსგავსი მასალები ქვეყნდება ბრიტანულ პრესაშიც: გაზეთი „გარდიანი“ (The Guardian) სტატიაში სათაურით - „პუტინის მრჩევლებს სიმართლის თქმის ეშინიათ“ (ავტორი - დევიდ შმიტი), იმოწმებს ბრიტანული ელექტრონული დაზვერვის (GCHQ) უფროსის - ჯერემი ფლემინგის განცხადებას, რომ რუსეთის პრეზიდენტს თავიდანვე - უკრაინაზე თავდასხმამდეც - არასწორი ინფორმაცია ჰქონდა უკრაინის არმიის ძალასა და პოტენციალის შესახებ, ახლა კი სამხედროები სიმართლის თმას ვეღარ უბედავენ.

ჯერემი ფლემინგმა, რომელიც ავსტრალიაში ვიზიტით იმყოფება და კანბერის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა, განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა, ერთი მხრივ, რუსეთის არმიის ძლიერება გადაჭარბებით შეაფასა, მეორე მხრივ კი, ნამდვილად არ ელოდა უკრაინელების მხრიდან ასეთ წინააღმდეგობას. მან ვერ განსაზღვრა დასავლეთის ქვეყნების სოლიდარობის და ერთიანობის დონეც, რუსეთის მიმართ მკაცრი სანქციების გამოცხადებაში.

ბრიტანული ელექტრონული დაზვერვის უფროსის თქმით, არსებობს მრავალრიცხოვანი მონაცემი, რომელთა თანახმად, რუსი ჯარისკაცები თავს არიდებენ ბრძანებების შესრულებას, ზოგჯერ კი თვითონ, განგებ აზიანებენ საკუთარ ტექნიკას. ასევე, შემთხვევით ჩამოაგდეს რუსული თვითმფრინავი. (წყარო)

ფრანგული პრესა კი იტყობინება, რომ საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის დირექტორატის უფროსი, გენერალი ერიკ ვიდო თანამდებობას ტოვებს - იმიტომ, რომ მისდამი დაქვემდებარებული უწყება, თურმე, ქვეყნის ხელმძღვანელებს მცდარ ინფორმაციას აწვდიდა - რუსეთი უკრაინას თავს არ დაესხმებაო, ანუ ვერ განსაზღვრა კრემლის ნამდვილი განზრახვა.

ფრანგულმა გამოცემამ l'Opinion-მა გამოაქვეყნა მასალა სათაურით - „სამხედრო დაზვერვის შეფი უკრაინის გამო თანამდებობას ტოვებს“ (ავტორი - ჟან-დომინიკ მარშე).

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გენერალი პოსტიდან იმიტომ გადადგა, რომ მან და მისმა თანამშრომლებმა საფრანგეთის ლიდერები (პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი) ვერ უზრუნველყვეს საკმაოდ ზუსტი მონაცემებით რუსეთის გეგმების თაობაზე.

„გენერალი ერიკ ვიდო თანამდებობაზე შვიდი თვის წინ დაინიშნა, მაგრამ მან ვერ შეძლო თავისი უწყების რეორგანიზება, ვერ შეძლო სანდო ინფორმაციის მოპოვება და ვერ გამოიცნო რუსეთის სამხედრო ჩანაფიქრი“, - წერს ავტორი და იმოწმებს საფრანგეთის გენშტაბის უფროსის - გენერალ ტიერ ბურკჰარდის ნათქვამს: „ამერიკელები ამბობდნენ, რომ რუსები უკრაინაზე თავდასხმას აპირებენო და ისინი მართლები აღმოჩნდნენ. ჩვენი სამსახურები კი ფიქრობდნენ, რომ თავდასხმა კრემლს ძვირი დაუჯდება და ამიტომ სხვა ვარიანტს აირჩევსო, მაგალითად, პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ჩამოშორებას უკრაინის ხელისუფლებიდან“. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ