"შიშით ვიხსენებთ 90-იან წლებს, როგორ ვცხოვრობდით პუტინამდე" - სად და როგორ იზრდებოდა კრემლის მეხოტბე მარგარიტა სიმონიანი - კვირის პალიტრა

"შიშით ვიხსენებთ 90-იან წლებს, როგორ ვცხოვრობდით პუტინამდე" - სად და როგორ იზრდებოდა კრემლის მეხოტბე მარგარიტა სიმონიანი

კრემლის პოლიტიკის ერთ-ერთმა მთავარმა გამავრცელებელმა ჟურნალისტმა - მარგარიტა სიმონიანმა, რომელიც სახელმწიფო მაუწყებლის RT-ის მთავარი რედაქტორია, საზოგადოების ყურადღება კიდევ ერთხელ მიიქცია, ამჯერად მან განაცხადა, რომ აფხაზეთში სასაზღვრო პუნქტი არ უნდა არსებობდეს:

"გუშინ ვიყავი აფხაზეთში - მედიაცენტრი გახსნეს. პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან ვივახშმეთ და ბევრი ვისაუბრეთ. შეუდარებელი, ლამაზი მიწა, მეგობრული, სტუმართმოყვარე, მზიანი ხალხი. ჩვენი ხალხი. ისინი ახლა ჩვენთან და ჩვენთვის იბრძვიან... ახლა ამის დრო არ არის, მაგრამ მერე გეტყვით, ვის სჭირდება [პოსტი] და რატომ. იქ ბევრი საინტერესო რამ არის. იქამდე კი, მადლობა ჯარისკაცებს, მადლობა მათ დედებსა და მამებს. იმუშავეთ, ძმებო!" - წერს სიმონიანი.

"ახლა ამიხსენით, რატომ არის საჭირო იქ, [აფხაზეთში] ეს სამარცხვინო სასაზღვრო-საბაჟო პოსტი, ჩვენი მოქალაქეებისთვის ნერვების მომშლელი, ღირსების შემლახველი მილიონობით რუსისთვის, რომლებიც ყოველწლიურად კვეთენ ამ საზღვარს და ჩვენი მოკავშირეებისთვის, რომლებიც ახლა სისხლს ღვრიან ჩვენთვის" - აღნიშნავს მარგარიტა სიმონიანი "ტვიტერზე".

კრემლთან დაახლოებული ჟურნალისტი და პუბლიცისტი მარგარიტა სიმონიანი აქამდეც გამოირჩეოდა ისეთი განცხადებებით, რომელიც რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დადებით ასპექტში წარმოაჩენს, როგორც რუსულ ვებგვერდებზე ვკითხულობთ, ის "დასავლეთს რუსეთის პოლიტიკის ნიუანსებს ზუსტად გადასცემს".

მომავალი ჟურნალისტი 1980 წელს კრასნოდარში დაიბადა. როგორც ცნობილია, ის დასთან ერთად ხელმომჭირნედ იზრდებოდა. მამა - სიმონი, საარსებოდ თანხას მაცივრების შეკეთებით გამოიმუშავებდა, დედა კი ყვავილებს ყიდდა.

როგორც მარგარიტა სოციალურ ქსელში წერდა, ის ბავშობაში ისეთ ქუჩაზე გაიზარდა, სადაც არ იყო არც წყალგაყვანილობა, არც საკანალიზაციო სისტემა და არც ბუნებრივი აირი. საბავშვო ბაღში მან სწრაფად ისწავლა წერა-კითხვა, ამიტომ ბაღის მასწავლებელი ხშირად აკითხებდა ზღაპრებს. შემდეგ კრასნოდარის სკოლაში განაგრძო სწავლა. მე-9 კლასში კი გაცვლითი პროგრამით აშშ-შიც მოხვდა. სკოლის დასრულების შემდეგ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩააბარა, პარალელურად კი - მოსკოვში სამსახიობო ოსტატობას ცნობილი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ჯგუფში სწავლობდა.

simonian2-1648717670.jpg

როგორც სიმონიანის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, ის საკმაოდ ადრე მოხვდა ტელევიზიაში, 19 წლის ასაკში კი სიუჟეტის მოსამზადებლად ჩეჩნეთში გაუშვეს. ცხელ წერტილში მუშაობამ სიმონიანს რუსეთში დიდი წარმატება და აღიარება მოუტანა. სხვადასხვა დროს სატელევიზიო სიუჟეტის მოსამზადებლად ის ოკუპირებულ აფხაზეთშიც იმყოფებოდა.

2002 წელს სიმონიანი მოსკოვში, გადაცემა Вести-ში სამუშაოდ მიიწვიეს. როგორც ცნობილია, სიმონიანი ბესლანის მოვლენებსაც აშუქებდა.

2005 წელს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული ტელეარხი Russia Today დაარსდა, რომელსაც მსოფლიოში რუსეთის პოლიტიკის პროპაგანდა უნდა გაეწია, არხის მთავარ რედაქტორად მარგარიტა დაამტკიცეს. მოგვიანებით ის „რენ-ტვ“-ის წამყვანი სახე და НТВ-ს პოლიტიკური შოუს წამყვანიც გახდა.

პოლიტიკური შოუ სიმონიანს თინა კანდელაკთან (რომელიც, ასევე, მხარს უჭერს რუსული ძალების უკრაინაში შეჭრას) ერთად მიჰყავდა, თუმცა შოუ არხის ხელმძღვანელობამ მალევე დახურა.

simonian3-1648717670.jpg

ყველასთვის ცნობილია, რომ სიმონიანი კრემლის პოლიტიკის ღია მხარდამჭერია. 2018 წელს, წინასაარჩევნო კამპანიისას, ის ვლადიმერ პუტინის ნდობით აღჭურვილ პირად გამოცხადდა. როგორც მარგარიტა სიმონიანი ერთ-ერთ თავის პუბლიკაციაში ვლადიმერ პუტინზეც წერს: "ის ჩვენი ბელადია და მის შეცვლას ჩვენ არ ვაპირებთ".

"შიშით ვიხსენებთ 90-იან წლებს, როგორ ვცხოვრობდით პუტინამდე, ეს ხომ ობიექტური ფაქტია. ახლა ამბობენ, რომ "პენსიები მცირეა", პენსიები მცირეა, მაგრამ იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე იყო. უფრო მეტიც, მას საერთოდაც არ იხდიდნენ, დაგავიწყდათ? არც მასწავლებლებს აძლევდნენ ხელფასს".

მარგარიტა სიმონიანმა "მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვის" რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის 2008 წელს. სწორედ ის "აშუქებდა" რუსეთ-საქართველოს ომს.

რაც შეეხება ჟურნალისტის პირად ცხოვრებას, 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ უკვე რამდენიმე წელია, ჟურნალისტ ანდრეი ბლაგოდირენკოზეა დაქორწინებული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტს რომანი ჰქონდა ცნობილ რეჟისორთან - ტიგრან კეოსაიანთან, რაც მალე სამოქალაქო ქორწინებით დასრულდა. მათ სამი შვილი ჰყავთ - ბაგრატი, მარიანა და მარო. მესამე ბავშვის გაჩენიდან სულ მალე ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტი მეოთხე ბავშვს ელოდა, თუმცა სიმონიანმა ბავშვი დაკარგა.

რაც შეეხება მის პოლიტიკურ პოზიციას, ის ღიად უჭერს მხარს რუსეთის არმიის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრას და როგორც კრემლის პოლიტიკის სხვა მხარდამჭერები, ომს „სპეცოპერაციას“ უწოდებს.

"მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მაღალჩინოსანი, მე ჟურნალისტი ვარ და მაქვს ჩემი პოზიცია. ვიმედოვნებ, რომ ეს ძალისმიერი ფაზა მალე დასრულდება. ხალხიც დამშვიდდება და იარაღსაც აღარ გაისვრიან. დაიწყება ახალი ცხოვრება ადამიანური პირობებით, იმ პირობებში, სადაც არ ექნება ადგილი შემთხვევებს, როცა დონეცკის ცენტრში კასეტურ ბომბებს ისვრიან. არ იქნება მათი ადგილი, ვინც მოსახლეობას ფარად იყენებს, ვინც ადამიანებს ზურგში ესვრის იმიტომ, რომ მათ ჰუმანიტარული დახმარების გამოყენება სურთ. შეწყდება ნაცისტების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა, რაც ახლა ხდება და ამის მომსწრენი ვართ, ჩვენ გვყავს იქ კორესპონდენტები, რომლებიც ყოველ დღე მუშაობენ. ეს სწრაფად უნდა დასრულდეს".

"სამყარომ არ უნდა დაინახოს არაფერი იმაზე მეტი, რასაც ისინი აჩვენებენ მსოფლიოს... ეს ჩვენ გვასწავლეს სიტყვის თავისუფლება და ჩვენ გვთხოვდნენ ამას, ხოლო თავად ისინი "საკუთარი სიტყვის თავისუფლებას" იყენებენ" - განაცხადა იმ სანქციებზე, რომელიც პროპაგანდისტული მაუწყებლობის RT-ის აკრძალვას გულისხმობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას გულისხმობდა, სიმონიანმა "ტვიტერზე" დაწერა:

„მეგობრებო, საქართველო განიკურნა!"

როგორც ცნობილია, ბრიტანულმა მედიამარეგულირებელმა ორგანომ, Ofcom-მა, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვა.

დიდმა ბრიტანეთმა კი 15 მარტს უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. ამ სიაში მოხვდა RT-ის ხელმძღვანელი მარგარიტა სიმონიანი და მისი მეუღლე ტიგრან კეოსაიანიც.