"ორი წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ" - რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე - კვირის პალიტრა

"ორი წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობ" - რას ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილი სიდედრის ჩვენებაზე

ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის განცხადებით, მისთვის რთული მოსასმენია ის ჩვენება, რასაც მისი ყოფილი სიდედრი სასამართლოში აძლევს.

ბასილაშვილი პროცესს დისტანციურად ერთვება, მან მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას მიმართა.

"ძალიან რთული მოსასმენია ეს ჩემთვის, 2 წელია, ჯოჯოხეთში ვცხოვრობ",- განაცხადა ბასილაშვილმა, რასთან დაკავშირებითაც მას მოსამართლემ უთხრა - "ვისმენთ და ბოლოს ვაფასებთ, უნდა მოისმინოთ".

"ძალიან რთულია ამის მოსმენა, ჩემი უფლებები არ გამაჩნია, როგორც ადამიანს? რასაც ვუსმენ, ვერ გავუძლებ",- განაცხადა ბასილაშვილმა. მოსამართლემ მას კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ჩვენებისთვის უნდა მოესმინა.

"თქვენი უფლება რაა? გავაჩერო მოწმე და აღარ მივაცემინო ჩვენება? რას ეძახით უფლებას? უნდა მოუსმინოთ ბატონო ნიკოლოზ და თუ რამეში არ ეთანხმებით, კითხვა დაუსვით",- განაცხადა ხათუნა ხარჩილავამ.

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მისი ყოფილი სიდედრი, მაკა სიმონიშვილი ჩვენებას აძლევს. ის ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მისამართით განხორციელებულ ძალადობასა და შეურაცხყოფაზე საუბრობს.

IPN