ჩერნობილიც კი "ებრძვის" უკრაინაში შეჭრილ რუს ოკუპანტებს... - კვირის პალიტრა

ჩერნობილიც კი "ებრძვის" უკრაინაში შეჭრილ რუს ოკუპანტებს...

ამერიკული დაზვერვის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ორიოდე კვირით ადრე გავრცელებულ რუკაზე გამოსახული იყო ის სავარაუდო მიმართულებები, საიდანაც რუსეთის არმია გადალახავდა უკრაინის საზღვრებს.

ყველა ეს სავარაუდო მიმართულება გამართლდა, გარდა ერთისა - ბელარუსიდან თავდამსხმელ რუსულ საბატალიონე-ტაქტიკურ ჯგუფებს გვერდი უნდა აევლოთ ჩერნობილის ზონისთვის, რაც სრულიად ლოგიკურად მოჩანდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩერნობილის ატომური რეაქტორის კატასტროფის შემდეგ 36 წელი სრულდება და რადიაციის ფონი მნიშვნელოვნადაა შემცირებული, ამ ზონაში კიდევ რჩება სახიფათო ადგილები, სადაც ნიადაგის ზედა ფენებში შემორჩენილია სახიფათო რადიონუკლიდები.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფის შედეგად, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ატომური რეაქტორის დაშლის შედეგად, რეაქტორში ჩატვირთული 192 ტონა ბირთვული საწვავიდან გარეთ გამოიტყორცნა 3 ტონამდე მაღალრადიოაქტიური ბირთვული საწვავი.

კატასტროფის ადგილიდან 30 კმ-ის რადიუსში შეიქმნა უსაფრთხოების სპეციალური ზონა, საიდანაც ყველა მცხოვრები იქნა გასახლებული.

განვლილ პერიოდში, ჩერნობილის ატომური რეაქტორის ავარიის შედეგად გამოტყორცნილი მაღალრადიოაქტიური "იოდ-131"-ის, "კობალტ-60"-ისა და "ცეზიუმ-134"-ის რადიონუკლიდები თითქმის მთლიანად დაიშალა და ისინი საფრთხეს აღარ წარმოადგენენ, მაგრამ „ცოცხალი“ კვლავ რჩებიან "ამერიციუმ-241"-ისა თუ "პლუტონიუმ-239"-ის რადიონუკლიდები. თუკი ამერიციუმის ნახევრად დაშლის პერიოდი 432 წლამდეა, მაღალრადიოაქტიური პლუტონიუმისთვის ეს მაჩვენებელი... 24 ათას წელზე მეტს შეადგენს!

ეს სახიფათო რადიონუკლიდები, ძირითადად, ჩერნობილის ზონის ნიადაგშია „თავმოყრილი“ და ამიტომაც იყო, რომ ჩერნობილში ოფიციალური ექსკურსიების დროს, ტურისტებს სპეციალურად აფრთხილებდნენ, ტყეებში არ გაესეირნათ...

მაგრამ რუსი ოკუპანტი ხომ ტურისტი არ არის, ის შენს ქვეყანაში ტაქსით კი არა, ტანკით შემოდის... და რუსეთის გენერალიტეტმაც, სწრაფი შეტევის მიზნით, საჯარისო შენაერთები მოკლეზე, პირდაპირ ჩერნობილის სახიფათო ზონის გავლით წაიყვანა კიევისკენ...

უფრო მეტიც, რუსმა ოკუპანტებმა უშუალოდ ჩერნობილის მეოთხე რეაქტორის ახალი სარკოფაგის სიახლოვეს სროლებიც კი გამართეს და „დაიპყრეს“ ეს ისედაც გაჩერებული ატომური ელექტროსადგური.

მაგრამ რაც ყველაზე საოცარია, რუსი ოკუპანტები ჩერნობილის ტყეებში დაბანაკდნენ (უკრაინის უპილოტო „ბაირაქტარებს“ რომ არ აღმოეჩინათ და წერტილოვანი დარტყმები არ მიეყენებინათ) და, მათი წესის თანახმად, მაშინვე სანგრების ამოთხრა დაიწყეს, როგორც პირადი შემადგენლობისთვის, ისე - ტექნიკისთვის...

და რა მოხდა?

ის, რაც გარდაუვალი იყო!

2-1648724852.jpg
რუსული არმიის წითელჯვრიანი „პაზიკებით“ მიყვანილ რუს სამხედროებს ბელარუსი ექიმები რადიაციული დასხივებისგან მკურნალობენ...

ჩერნობილის ტყეების ნიადაგის ზედა ფენების მოხსნისა, ასევე, მძიმე მუხლუხებიანი საბრძოლო ტექნიკის აქტიური გადაადგილებების შედეგად, განვლილ ერთ თვეში რუსი სამხედროების მასობრივი დასხივება მოხდა იმ მაღალრადიოაქტიური ნუკლიდებით, რომლებიც ჩერნობილის ზონის ტყეების ნიადაგში (განსაკუთრებით კი - „წითურ ტყედ“ მონათლულ რაიონში, სადაც ქარმა და ნალექებმა დაშლილი ატომური რეაქტორიდან წამოღებული ყველაზე მეტი სახიფათო რადიონუკლიდი დააგროვა) იყო „მიძინებული“.

ბელარუსმა ბლოგერებმა გაავრცელეს ფოტოები, რომლებზეც ასახულია ქალაქ გომელის „ადამიანის რადიაციული მედიცინისა და ეკოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ეზოში თავმოყრილი ხაკისფერი „პაზის“ ტიპის ავტობუსები წითელი ჯვრებით, რომლებითაც, როგორც წესი, უკრაინის ფრონტებიდან რუსეთისა და ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის არმიას თავისი დაჭრილები და დაღუპულები გაჰყავს.

გასაგებია, რომ ტყვიითა თუ ნამსხვრევებით დაჭრილ რუს სამხედროებს შვიდი სამედიცინო „პაზიკით“ რადიაციული დასხივებისგან სამკურნალო ცენტრში არ მიიყვანდნენ...

სპეციალისტების აზრით, ჩერნობილის ტყეებში ნიადაგის გათხრისას და სანგრებში დიდხანს ყოფნისას, რუსმა სამხედროებმა შედარებით ნაკლებსახიფათო გამა-დასხივების გარდა, ბევრად საშიში ალფა და ბეტა დასხივებაც მიიღეს.

რუსული არმიის წითელჯვრიანი „პაზიკებით“ მიყვანილ რუს სამხედროებს ბელარუსი ექიმები რადიაციული დასხივებისგან მკურნალობენ...