ანისის ქუჩებში - დანგრეული ქალაქის ზმანებები - კვირის პალიტრა

ანისის ქუჩებში - დანგრეული ქალაქის ზმანებები

იხილეთ დასაწყისი

ნოქალაქოიდან წამოსულებმა ღამე ყარსში გავათიეთ და დილიდან, ყარსის ციხისა და წმინდა მოციქულების ტაძრის დათვალიერების შემდეგ, შუა საუკუნეების ციხე-ქალაქ ანისისკენ ავიღეთ გეზი. ანისი, თურქულად - ანი, რომელსაც 1001 ეკლესიის ქალაქსაც უწოდებენ, ყარსის პროვინციაში, ზედ სომხეთის საზღვართან მდებარეობს. 961-1045 წლებში იგი სომხური ანისის სამეფოს დედაქალაქი იყო.

2-6-1648725333.jpg
ყარსის ციტადელიდან დანახული საკათედრო ტაძარი, დღეს მეჩეთია

ანისის სახელმწიფო თანამედროვე სომხეთის უდიდეს და აღმოსავლეთ თურქეთის გარკვეულ ტერიტორიას მოიცავდა. ქალაქი ანისი გაშენებული იყო მდინარე ახურიანის ხეობაში, სამკუთხედის ფორმის მაღლობზე, რომელიც ბუნებრივად იცავდა მას.

3-4-1648725391.jpg
ანისის ლომების კარიბჭე

ანისზე რამდენიმე სავაჭრო გზა გადიოდა. განვითარების უმაღლეს ეტაპზე, თურმე, ქალაქში 100000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა და შენობებით, სასახლეებითა და ციხე-სიმაგრეებით გამოირჩეოდა. იგი მეტოქეობას კონსტანტინოპოლს, ბაღდადსა და დამასკოს უწევდა.

4-6-1648725429.jpg
ანისის ქუჩა ნასახლარებით

ანისის სამეფოს სომეხ ბაგრატუნთა დინასტიის წარმომადგენლები მართავდნენ. ქალაქს ხშირად ესხმოდნენ თავს ბიზანტიელები და თურქ-სელჩუკები. ამ უკანასკნელთა სულთანმა ალფ-არსლანმა 1064 წელს, 25-დღიანი ალყის შემდეგ აიღო კიდეც იგი.

5-4-1648725475.jpg
ანისის საკათედრო ტაძარი

1072 წელს სელჩუკებმა ანისი ქურთული წარმოშობის შედადიანების დინასტიას მიჰყიდეს. როდესაც შედადიანებმა ადგილობრივებისადმი შეუწყნარებლობა გამოიჩინეს, სომხებმა დასახმარებლად საქართველოს მეფეს - დავით აღმაშენებელს მიმართეს. ამ უკანასკნელმა 1124 წელს აიღო ქალაქი და შედადიანებისგანაც გაათავისუფლა.

6-4-1648725522.jpg
წმ. გრიგოლ განმანათლებლის (ტიგრან ჰონენცის) ტაძარი

ქართველებმა 1161 და 1174 წლებშიც გაათავისუფლეს ანისი, თუმცა მას კვლავ შედადიანები იბრუნებდნენ ხოლმე. 1199 წელს ქართველთა მეფის - თამარის ჯარმა აიღო ანისი, გააძევა შედადიანები და მის მმართველებად ზაქარია და ივანე მხარგრძელები დანიშნა. ქალაქი ანისი საბოლოოდ 1319 წლის მიწისძვრამ გაანადგურა.

7-5-1648725553.jpg
ბორჯღალი ტიგრან ჰონენცის აგებულ ეკლესიაზე

ქალაქის გალავანი და ლომების კარიბჭე, დანგრეული ქუჩები თუ ნასახლარები, ეკლესიებისა და ციხის ნანგრევები დღესაც უზარმაზარ შთაბეჭილებას ახდენს დამთვალიერებელზე. განსაკუთრებით თვალშისაცემია 1215 წელს იმხანად სომხებისთვის ძალიან პატივსაცემი ადამიანის, ქალკედონელი (მართლმადიდებელი) სომეხი ვაჭრის, ტიგრან ჰონენცის მიერ აგებული ქართული ეკლესია, რომელიც სომხური ეკლესიის ფუძემდებლის, წმინდა გრიგოლ განმანათლებლის სახელს ატარებს.

8-5-1648725605.jpg
წმ. გრიგოლ განმანათლებლის ტაძრის ფრესკები

აქ სომხურ ფრესკებთან ერთად ქართულ მართლმადიდებლურ ფრესკებსაც ვაწყდებით, მის ორ კედელზე კი ბორჯღალი მოსჩანს. სავარაუდოა, რომ ფრესკები ქართველმა მხატვრებმა შეასრულეს, რადგან ტაძარი ანისში სწორედ ქართველთა მმართველობის პერიოდში აშენდა. ეკლესია დღესაც კარგადაა შემონახული.

9-5-1648725647.jpg
ანისის წმ. სტეფანეს ქართული ეკლესიის კედელი

ანისის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩას წმ. სტეფანეს სახელობის ქართული ტაძრის ნანგრევთან მივყავართ - სამწუხაროდ, ოდესღაც საკმაოდ დიდი შენობისგან მხოლოდ ერთი კედელი და რამდენიმე ლოდია შემორჩენილი. სულ რომ არ ჩამოიქცეს და განადგურდეს, კედელი რკინის კონსტრუქციაში ჩაუსვამთ. ისტორიული ცნობით, ტაძარი მე-11 საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს და მისი დიდი ნაწილი 1840 წელს დანგრეულა. ტაძრის შემორჩენილ კედელზე ორი ბარელიეფი ჩანს - ხარება და ელისაბედის მიერ ქალწული მარიამის მონახულების ეპიზოდი.

10-5-1648725774.jpg
ქართული ეკლესიის კედლის ბარელიეფი

სამხრეთის უკვე ჩამონგრეულ კედელზე 1218 წლით დათარიღებული ქართული წარწერა ყოფილა. ნიკო მარს ამ წარწერის ნაწილების (სავარაუდო 50 ბლოკიდან 44-ის) შეკრება მოუხერხებია. ეს ნაწილები მინუჩიხრის მეჩეთის მუზეუმში ინახებოდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, მისი გაძარცვის შემდეგ გამქრალა. 1998 წელს წარწერის 5 ბლოკს ანისის მეზობლად, სოფელ ოჯაკლში მიაკვლიეს. მას ადგილობრივები, თურმე, სამშენებლო მასალად იყენებდნენ...

11-6-1648725709.jpg
დანგრეული ქალაქის ქუჩებში დიდხანს ვიხეტიალეთ

კიდევ ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ ამ ძველ, დანგრეულ ქალაქში, მწველ მზეში კიდევ დიდხანს ვიხეტიალეთ მის "ქუჩებში", ნასახლარებზე და... უჩვეულო განცდა მქონდა - მზისგან თვალს რომ ვჭუტავდი, სხივებში, ჰორიზონტზე, შენელებული კადრივით ხან ცხენზე ამხედრებული დავით აღმაშენებლი ჩნდებოდა, ხან თამარ მეფე... და წამით ოცნებას თვალუწვდენელ საქართველოში გადავყავდი.

ფოტოები ეკუთვნის ავტორს

(გაგრძელება იქნება)