STEM როგორც ჰობი და პროფესია - კვირის პალიტრა

STEM როგორც ჰობი და პროფესია

STEM (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) დისციპლინები დღითი დღე სულ უფრო მოთხოვნადი და პოპულარული ხდება ქართველ ახალგაზრდებში. დასაქმების მსოფლიო ბაზარზე კადრების საჭიროების უმეტესი წილიც სწორედ ამ სფეროს წარმომადგენლებზე მოდის. ალექსანდრე ონიანი ქუთაისის საერთაშორისი უნივერსიტეტისერთ-ერთი გამორჩეული და წარმატებული სტუდენტია. 19 წლის ახალგაზრდა კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის პირველ კურსზე სწავლობს. წარმატებულ სტუდენტს უნივერსიტეტში მოპოვებული აქვს სწავლის და კამპუსში ცხოვრების 100%-იანი დაფინანსება და ყოველთვიური სტიპენდია. ალექსანდრე 4.0 GPA-ის (ქულების საშუალო მაჩვენებელი) მქონე სტუდენტია, რაც კარგად მეტყველებს მის აკადემიურ მოსწრებაზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ალბათ, გაინტერესებთ ახალგაზრდა ბიჭის საინტერესო უახლესი წარსული, რომლის თაობაზეც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. ალექსანდრე ქუთაისიდანაა, მან ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლა დაამთავრა, მანამდე კი ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში სწავლობდა. ბავშვობიდანვე დაინტერესებული იყო ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში მათემატიკის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არსებობს, არ გასჭირვებია დარგისადმი ინტერესისთვის საჭირო ენთუზიაზმის პოვნა და თავდავიწყებითაც შეუყვარდა. მათემატიკის შეცნობისთანავე, ადრეული ასაკიდან დაიწყო სხვადასხვა ოლიმპიადაზე გასვლა, რაც მის საქმიანობას სპორტულ აზარტს მატებდა და თვითგანვითარების მთავარ მოტივატორადაც ექცა. შემდგომში დაიწყო საოლიმპიადო პროგრამირების წრეზე სიარული და ამ ორ სფეროს შორის უამრავი თანაკვეთა აღმოაჩინა. ცხადია, ამან მეცნიერებებისადმი ინტერესი უფრო და უფრო გაუღვივა. საბოლოოდ, როცა საოლიმპიადო მასშტაბები გაიზარდა და წარმატების მიღწევამ უფრო მეტი დრო და შრომა მოითხოვა, გადაწყვიტა დროებით პროგრამირებას ჩამოშორებოდა და სკოლაში სწავლის ბოლო სამი წელი მთლიანად მათემატიკის ოლიმპიადებისთვის დაეთმო.

2016-2021 წლებში ყაზახეთის ქალაქ ალმათიში გამართულ ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IZhO), რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკა-მათემატიკის სკოლები მონაწილეობენ, 4-ჯერ წარადგინა საქართველოს ნაკრები, სადაც ორ შემთხვევაში: 2017 წელს ქუთაისის ფიზ-მათის, ხოლო 2021 წელს კომაროვის სკოლის სახელით 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

2020-2021 წლებში ქალაქ ბუქარესტში გამართულ მათემატიკის მასტერზე (RMM – Romanian Master of Mathematics) ორჯერ იყო საქართველოს ნაკრების წევრი და 2020 წელს დაფიქსირებული შედეგით Honorable Mention-ის მფლობელიც გახდა.

2019 წელს მათემატიკის ევროპის თასზე (EMC) იუნიორთა კატეგორიაში 200-ზე მეტ მონაწილეს შორის მე-13 ადგილი მოიპოვა და შედეგად, პირველი პრიზი დაიმსახურა. 2018 წელს ამავე ოლიმპიადაზე მოპოვებული აქვს მეორე პრიზი.

ალექსანდრე გახლდათ საქართველოს ნაკრების რეზერვისტი (2021 წელი) მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IMO).

ის არის მათემატიკისა და პროგრამირების ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის 4 გზის გამარჯვებული.

2019 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული ბაქსვუდის სამეცნიერო საზაფხულო სკოლის 10 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოხვდა და ერთკვირიანი შემეცნებითი ტურით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა და ვარშავის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა.

2021 წელს KIU-ს მიერ ჩატარებულ ორ პროექტშიც მიაღწია წარმატებას. გაიმარჯვა მათემატიკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მათემატიკის კონკურსსა (KIU Pi-Day Contest 2021) და მათემატიკური და ალგორითმული აზროვნების კონკურსში „M ვექტორი“ (მეორე ადგილის მფლობელი გახდა).

“პროფესიის არჩევის მთავარი მიზეზი ისევ და ისევ STEM დარგებისადმი სიყვარულია, რომელიც ოლიმპიადებმა ჩამინერგა, ოლიმპიადებამდე კი მამამ მიმიყვანა. მამა მათემატიკოსია და ჩემი “მთავარი მწვრთნელიც” ის გახლდათ. სწორედ ამიტომ, ყველაზე დიდი წვლილი ამ საკითხში მას მიუძღვის.

აბიტურიენტობის პერიოდში KIU-ს ორჯერ ვესტუმრე. ერთხელ სტუმრის, ხოლო მეორედ Pi-Day Contest-ის გამარჯვებულის სტატუსით. ცხადია, ამ ადგილმა მხოლოდ და მხოლოდ კარგი შთაბეჭდილებების ქვეშ დამტოვა და სხვა უნივერსიტეტის არჩევა დღის წესრიგში წამითაც არ დამიყენებია. სწავლების სტრუქტურა, ინგლისურენოვანი პროგრამები, წამყვანი პროფესორები საქართველოდან და გერმანიიდან, კამპუსის ცხოვრება, უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა, მწვანე გარემო - ეს იმ მიზეზთა მცირე ჩამონათვალია, რომელთა გამოც ამ უნივერსიტეტში ჩაბარება გადავწყვიტე. ვფიქრობ, KIU-ს არჩევა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნამდვილადაა ადგილი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს. შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე უნივერსიტეტი ჩემს მოლოდინებს ზედმეტადაც კი ამართლებს. ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, KIU-ს უახლოეს ათ წელიწადში ევროპის ტოპ უნივერსიტეტებს შორის ვხედავ“, - აღნიშნავს სტუდენტი.

ახალგაზრდა ბიჭი KIU-ს ელჩის სტატუსსაც ატარებს. მიაჩნია, რომ საპატიო ტიტული მას საშუალებას მისცემს, აქტიურ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩაებას, თანატოლებთან ერთად საინტერესო პროექტები აკეთოს და აზრის ლიდერი იყოს.

მის უახლოეს გეგმებში ჯერ-ჯერობით მხოლოდ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება დგას, სრულად არის კონცენტრირებული პროფესიაში განვითარებაზე. სურს, რომ რამდენიმე წელიწადში AI-ში (ხელოვნური ინტელექტი) მიეცეს სტაჟირების/მუშაობის შესაძლებლობა. კომპიუტერულ მეცნიერებაში ყველაზე მეტად სწორედ ეს დარგი აინტერესებს.