"თუ უკრაინაში შეიარაღების გაგზავნაზე მეკითხებით, ამაზე გავიღიმებ, რადგან ამ კუთხით საქართველოს რაიმე განსხვავების შეტანა არ შეუძლია" - კვირის პალიტრა

"თუ უკრაინაში შეიარაღების გაგზავნაზე მეკითხებით, ამაზე გავიღიმებ, რადგან ამ კუთხით საქართველოს რაიმე განსხვავების შეტანა არ შეუძლია"

თუ უკრაინაში შეიარაღების გაგზავნაზე მეკითხებით, ამაზე გავიღიმებ, რადგან ამ კუთხით საქართველოს რაიმე განსხვავების შეტანა არ შეუძლია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას იმის შესახებ, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ არ დაუჭირა მხარი სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, არ გააგზავნა მატერიალური დახმარება, ჟურნალისტმა ჰკითხა პრეზიდენტ ზურაბიშვილს, თუ რატომ იკავებს თავს საქართველოს ხელისუფლება.

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინისადმი სოლიდარული ნამდვილად არის.

"ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ყველა სახის საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში და ეს საქართველოს ფინანსური სექტორისთვის ნამდვილად რაღაცას ნიშნავს. ამ დროისთვის ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო რეზოლუციაში, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა. თბილისში თუ ჩამოხვალთ, ყველგან უკრაინულ დროშებს დაინახავთ. საქართველოს მოსახლეობის მხრიდან უამრავი ინიციატივა იყო, რათა უკრაინისადმი მათი მხარდაჭერის დემონსტრირება მოხდეს, რადგან ჩვენ ვიზიარებთ რუსული აგრესიის საერთო 2-საუკუნოვან ისტორიას და ჩვენ ვიცით ეს რას ნიშნავს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა ასევე 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ მომხდარი რუსეთის სამხედრო აგრესია გაიხსენა.

"2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზანი იყო ევროკავშირისა და ნატო-სკენ ჩვენს მისწრაფებებში იმედგაცრუების შეტანა. რამდენადაც უფრო მეტ ზეწოლას ვგრძნობ რუსეთის მხრიდან, მით უფრო მეტად აშკარაა ჩვენთვის, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის და რუსეთის ყველა მეზობლისთვის ევროპა არის ერთადერთი პერსპექტივა. რუსეთს ეს საკმარისად კარგად არ ესმის - რაც უფრო აგრესიულია ის, მით უფრო მეტად ჩვენ ვტრიალდებით ცივილიზებული სამყაროსკენ და ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"