"რუსეთში სირიელი დაქირავებული მებრძოლების პირველი კონტინგენტი ჩავიდა, რათა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე მომზადება გაიაროს" - კვირის პალიტრა

"რუსეთში სირიელი დაქირავებული მებრძოლების პირველი კონტინგენტი ჩავიდა, რათა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე მომზადება გაიაროს"

რუსეთში სირიელი დაქირავებული მებრძოლების პირველი კონტინგენტი ჩავიდა, რათა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყებამდე მომზადება გაიაროს. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაჯგუფებაში, სირიის ჯარის 25-ე დივიზიის, სულ მცირე, 300 ჯარისკაცია. ისინი ელიტურ სამხედროებად ითვლებიან და მჭიდროდ თანამშრომლობენ რუს ოფიცრებთან. რუსები მათ 6 თვის განმავლობაში სთავაზობდნენ თვეში 1200 დოლარს ანაზღაურების სახით და სირიაში დაბრუნებისას 3000 დოლარს ბონუსის სახით.

გამოცემა წერს, რომ სირიელი დაქირავებული მეომრების ნაწილი შესაძლოა, გზაში იყოს, რადგან რეკრუტერები მთელს სირიაში აგროვებდნენ ათასობით დაინტერესებული კანდიდატის სიას, რომლებსაც სირიის უსაფრთხოების სამსახურები ამოწმებდნენ და შემდეგ რუსებს გადასცემდნენ.

„ბოლო წლებში სირია გადაიქცა დაქირავებული მეომრების ექსპორტიორად მრავალწლიანი ომის შედეგად, რამაც ბევრ მამაკაცს მისცა საბრძოლო გამოცდილება, მაგრამ იმდენად დააზიანა ქვეყნის ეკონომიკა, რომ ხალხს ახლა უჭირს სამუშაოს შოვნა. ამიტომ, მათ იყენებენ, როგორც დაქირავებულ იარაღს ლიბიის, აზერბაიჯანის, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და ახლა უკრაინის ომებში.

ზოგიერთი სირიელი რუსეთის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი ასადის მხარდაჭერის გამო, ზოგი კი იბრძვის, რადგან მათ მხოლოდ ფულის შოვნა სურთ და სჯერათ რეკრუტერების დაპირებების, რომ მათ ექნებათ არასაბრძოლო სამუშაოები, როგორიცაა ბაზების ან ნავთობის ობიექტების დაცვა.

გამოცემის წყაროს თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში სირიიდან 16000 დაქირავებული მებრძოლის ჩართვას აპირებს. უპირატესობა ენიჭებათ საბრძოლო გამოცდილების მქონე მამაკაცებს“, - ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.