"უკრაინაში სტუმრად იმყოფებოდა და გაცნობიდან 3 თვეში ოჯახი შევქმენით, ქართველები ეშხიანი ხალხია" - კვირის პალიტრა

"უკრაინაში სტუმრად იმყოფებოდა და გაცნობიდან 3 თვეში ოჯახი შევქმენით, ქართველები ეშხიანი ხალხია"

"ომი ბარბაროსობაა როცა მშვიდობიან მეზობელს თავს ესხმიან, მაგრამ ეს წმინდა მოვალეობაა, როდესაც სამშობლოს იცავ", - ამ სიტყვების ავტორი გი დე მოპასანია და ყველაზე კარგად ესადაგება დღეს უკრაინაში არსებულ მდგომარეობას. თითქმის ერთი თვეა, მსოფლიოს თვალწინ ომის საშინელი სურათი ტრიალებს... ომის სისასტიკის გააზრება, ნახვა, გადატანა განსაკუთრებით რთულია სამშობლოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები უკრაინელებისთვის. ჩემი რესპონდენტი უკრაინელი მარია აფინოვიჩი გახლავთ.

- ქალბატონო მარია, სოლიდარობას გიცხადებთ ამ მძიმე დღეებში. მიამბეთ, უკრაინაში მცხოვრები თქვენი ოჯახის წევრები როგორ არიან?

- მშობლები, და, ძმა, სიძე, დისშვილი, ახლო ნათესავები - ყველანი უკრაინაში არიან. უფლის შეწევნით, ჯერ ცოცხლები გახლავან. რაც ომი დაიწყო, დღე და ღამე ვტირი. ძმა ოდესაშია, ჩემი და ოჯახით კიევში ცხოვრობს. 4-5 დღის წინ დატოვა დედაქალაქი, ყველაზე ცხელ წერტილში იყო, ძალიან მეშინოდა და ახლა ცოტათი დავმშვიდდი. მას სამშობლო არ დაუტოვებია, ჩემი მშობლების სახლში დაბრუნდა - ისინი პოლონეთის საზღვართან ახლოს ცხოვრობენ, შედარებით სიმშვიდეა, თუმცა ბომბები იქაც ახლოს ცვივა.

- თქვენმა დამ ეს დღეები თავშესაფარში გაატარა? მასთან დაკავშირებას, ამბის გაგებას თუ ახერხებდით, რას გიამბობდათ?

- ინტერნეტით ვუკავშირდებოდი, საშინელი დღეები გამოიარეს. ერთი პერიოდი აღარ ჰქონდათ დენი, წყალი, ინტერნეტი, საკვები. ბოლოს სარდაფში იმალებოდნენ, ის პერიმეტრი ინტენსიურად იბომბებოდა, უკვე გაჩერება აღარ შეიძლებოდა. გარისკეს და თავშესაფრიდან გამოვიდნენ, კოლონას გადაადგილების საშუალებასაც არ აძლევდნენ. როგორც იქნა, ცხელ წერტილს თავი დააღწიეს. ჩემი ძმა ოდესაშია და მზად არის, ბრძოლაში ჩაებას. ამბობს, არსად წასვლას არ ვაპირებო. ეგ კი არა, დედა 70 წელს გადაცილებულია და საუბრის დროს მითხრა, საჭირო თუ იქნება, მეც ფრონტის ხაზზე გავალო. წარმოიდგინეთ, ხალხი რამდენად გამწარებულია. უკრაინელები სამშობლოსთვის, სიმართლისთვის იბრძვიან, ესაა მათი ძალა.

- უკრაინელებმა მსოფლიოს გმირობის საოცარი მაგალითები უჩვენეს. იქ ყველა ისე იბრძვის, როგორც შეუძლია, ოკუპანტის ტანკს შიშველი ხელებითაც კი წინააღმდეგობას უწევენ. წარმომიდგენია, თქვენთვის ამ ყველაფრის ნახვა რამდენად ამაღელვებელია. უკრაინელი ხალხისგან ასეთ შემართებას ელოდით?

- მეამაყება ჩემი უკრაინელობა. თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს და მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს - ომი მალე დასრულდეს! სიძულვილზე ლაპარაკი არ მინდა, სიძულვილი დამანგრეველია. უკრაინელებმა მეც გამაოცეს, ამავე დროს, მათი თავგანწირვა მოულოდნელი არ ყოფილა. მამაც ხალხს სამშობლო გვიყვარს, ამავე დროს ჯიუტები, შეუპოვრები, უშიშრები ვართ, განსაკუთრებით - დასავლეთუკრაინელები. ისტორიისთვის უკრაინელების გმირობა უცხო არ არის. უკრაინელი მოკვდება და უკან არ დაიხევს, ასეთი ჯიში, ასეთი სული გვაქვს. მეამაყება, ამ ომმა მსოფლიოს უკრაინელების ნამდვილი სახე უჩვენა.

- რამდენი წელია, რაც საქართველოში იმყოფებით?

- 32 წელია. 19 წლის ვიყავი, რომ გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე უკრაინაში სტუმრად იმყოფებოდა, ერთმანეთი გავიცანით, კარგად გავუგეთ და გაცნობიდან 3 თვეში ოჯახი შევქმენით. ჩემი გულის მოგება არ გასჭირვებია, ქართველები ეშხიანი ხალხია. ხასიათითაც ერთმანეთს ძალიან იოლად გავუგეთ. 1990 წელი იდგა, საქართველოში რომ გამოვყევი. მოგეხსენებათ, მაშინ დაძაბული პერიოდი იყო. მერე აფხაზეთის ომი, სოხუმის დაბომბვა, საშინელი პერიოდი დაგვემთხვა. ჩემი მეუღლე მალხაზ ოქრომჭედლიძე გახლავთ, ხარაგაულიდანაა, სოფელ კიცხში ვცხოვრობთ.

- მანამდე საქართველოზე რა იცოდით?

- ნამყოფი არ ვიყავი, მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობა ვიცოდი და ის, რომ უკრაინასთან ერთად საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შემავალი ქვეყანა იყო. უკრაინიდან საქართველოში გათხოვება ადვილი არ არის, სიყვარულთან ერთად გამბედაობასაც მოითხოვს. როგორც ჩანს, შეყვარებულიც ვიყავი და გაბედულიც.

- პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?

- ძალიან თბილი, მოსიყვარულე, სტუმართმოყვარე ხალხი დამხვდა, პირველი ეს იყო, რაც ვიგრძენი.

- უცხო გარემოსთან შეგუება არ გაგიჭირდათ?

- თავიდან გამიჭირდა, ვტიროდი, მაგრამ გარემოს მალე შევეგუე, მერე ენაც ვისწავლე და აქაურობას ძალიან მივეჩვიე.

- რამდენი შვილი გყავთ?

- ორი: ბიჭი და გოგო.

- პროფესიით ექთანი ხართ, არა?

- დიახ, ხარაგაულში, სოფელ წყალაფორეთის ამბულატორიაში ვმუშაობ და პარალელურად, ქუთაისში, კლინიკაში. ამ პერიოდში უკრაინაში წასვლაზე არაერთხელ ვიფიქრე, იქ ჩემი პროფესიის ადამიანები სჭირდებათ, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო უკან ვიხევ. 3 პატარა შვილიშვილს ვზრდი. ჩემი ფიქრი და გონება სულ უკრაინაში ტრიალებს. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. როცა ვსაუბრობთ, კატეგორიულად ეკრძალებათ დაასახელონ, სად არიან, რა ადგილზე იმყოფებიან. ბევრჯერ, ღამე რომ ვლაპარაკობდით, ისინი სინათლეს არ რთავდნენ და ჩაბნელებული ოთახიდან მელაპარაკებოდნენ. ეს დამთრგუნველია, მაგრამ ამაზე მეტად გამანადგურებელია ბავშვების ხოცვა. არავინ იცის, რამდენი ბავშვია მშობლების გარეშე თავშესაფრებში დარჩენილი, ზოგიერთს საკვებიც კი არ ჰქონდა. ვერაფერს ვშველი, გული მისკდება, ჩემი ქვეყნის გამო სულ მეტირება. ორი სიტყვის გაგონებას ვნატრობ - "ომი დასრულდა".

- ზელენსკის ქმედებებს როგორ შეაფასებთ?

- მას დიდ პატივს ვცემ, მეამაყება ჩემი პრეზიდენტი.

- ქართველების თანადგომას რამდენად გრძნობთ?

- დიდ თანადგომას ვგრძნობ - მეზობლები, ახლობლები, თანამშრომლები სულ მირეკავენ, ჩემების მდგომარეობით ინტერესდებიან, მამხნევებენ... ეს მხარდაჭერა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

- ქართველებსა და უკრაინელებს შორის რა მსგავსებას ხედავთ?

- ორივე ერს გვიყვარს თავისუფლება, ვისწრაფვით განვითარებისკენ, გვინდა კარგად ვიცხოვროთ... ერთი ბედის ხალხი ვართ, ორივეს ტერიტორია ოკუპირებულია, ორივეს ერთი მტერი გვყავს, რუსეთი არაფრად გვაგდებს, არ გვასვენებს, ჩვენს სუვერენულ უფლებას არად აგდებს. რუსეთს ამისთვის პასუხი უნდა მოეთხოვოს. დარწმუნებული ვარ, ჩემი ხალხი მტერს შეაკვდება, მაგრამ უკან არ დაიხევს.

- მადლობა ინტერვიუსთვის! მშვიდობა უკრაინას!

- დიდი მადლობა თანადგომისთვის!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"