"ჩემი 10 თვის შვილი იწვა საწოლში, როცა ფანჯარაში შემოვარდა ჭურვის ანასხლეტი..." - კვირის პალიტრა

"ჩემი 10 თვის შვილი იწვა საწოლში, როცა ფანჯარაში შემოვარდა ჭურვის ანასხლეტი..."

"ომი ცხოვრებაზე შეხედულებებს გიცვლის..."

უკრაინის ომი და იქ მიმდინარე პროცესები დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. ტელევიზორს მიჯაჭვულები ვუსმენთ ახალ ამბებს და წარმოუდგენელია ემოციების გარეშე ამ ყველაფრის ყურება. გამუდმებით ფიქრობ იმაზე, როდემდე უნდა გაგრძელდეს უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ვინ აგებს პასუხს ამ გენოციდზე, რომელიც უკრაინელ ხალხს აგრესორმა რუსეთმა მოუწყო. უკრაინიდან მოვლენებს აშუქებენ იქ მყოფი ქართველი ჟურნალისტები. ისინი სიცოცხლის რისკის ფასად უახლოეს ამბებს გვაწვდიან. 2 კვირაზე მეტხანს იმყოფებოდნენ ყველაზე ცხელ წერტილში, კიევში ჩვენი მეგობარი, ჟურნალისტი რუსა შელია და ოპერატორი გოგა წულაია. გოგას გადაღებულ უმძიმეს კადრებს მაყურებელი ყოველდღე ხედავს. როგორც წესი, ოპერატორები კადრს მიღმა რჩებიან და ამჯერადაც კადრის მიღმა დარჩენა ისურვა გოგამ.

რუსა შელია, ჟურნალისტი:

- რუმინეთიდან მანქანით მოლდოვაში გადავედით, რადგან მოლდოვას ცა ჩაკეტილია. საზღვართან გაშლილი კარვები დაგვხვდა, პირველი დიდი ემოცია ჩემთვის ეს იყო. ხედავ ბავშვებს და მათ მშობლებს, რომლებიც ომს გამოქცეულები, ამ გაშლილ კარვებში სხედან. უყურებ ხანში შესულებს, როგორ დგანან ჩემოდნებით საზღვართან, ჰუმანიტარულ დახმარებას იღებენ და მათ შეშინებულ, გაოგნებულ მზერაში დაბნეულობა მოჩანს. 4 წლის ბიჭმა მიიქცია ჩემი ყურადღება, ჩანთებზე იჯდა, "პეჩენიას" ჭამდა... უკრაინიდან გამოსული ახალგაზრდა გოგო თოთო ბავშვით საზღვართან ვნახე, - არ ვიცი, ბავშვს რა ვუყო, საერთოდ რა გავაკეთო. ჩემი ქმარი ვერ გადმოვა საზღვარზე, იქ დავტოვე და არც ის ვიცი, როდემდე ვერ ვნახავ, არც ის, წინ წავიდე თუ ისევ უკან დავბრუნდეო. ეტყობოდა, ახალდაქორწინებულები იყვნენ. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ხალხი. იმდენი ემოცია მაქვს მოწოლილი, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მართლა ურთულესი სიტუაციაა. ომი რას ნიშნავს, - აქ ამას შენი თვალით უყურებ. როცა ეთერში ერთვები, ჟურნალისტს არ გაქვს უფლება, ადამიანური განცდები და ემოციები გადასცე მაყურებელს, მას აინტერესებს მშრალი ინფორმაცია, შენ ამას აწვდი, მაგრამ ეს რომ მთავრდება, მერე ხვდები, შიგნიდან როგორ გაწვება ეს დაგროვილი ემოცია, ადამიანური განცდები, რომელიც ხეთქავს ყველაფერს.

პირველად ვარ ომის ხაზზე. მოლდოვiდან ოდესაში წავედით, იქიდან მიკოლაევში. მიკოლაევი ამაგრებს ოდესის ოლქს. ფაქტობრივად, ხერსონი მიწასთან გასწორებულია და რუსები ახლა უტევენ მიკოლაევს, რომ ამ გზით ოდესაში გადავიდნენ. პატარა ქალაქია მიკოლაევი, 500 000 ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად, ღობესავითაა, ქალაქი ყველა მხრიდან ალყაშია. ერთადერთი, ოდესის გზაა დარჩენილი, საიდანაც ადამიანებს შეუძლიათ სამშვიდობოს გავიდნენ. ქალაქი აჩერებს მტერს, რომ ოდესაში არ შემოვიდნენ, ოდესის დაცვა კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიკოლაევში ყველგან ბლოკპოსტი დაგვხვდა, ძალიან დაცული იყო ქალაქი, ცენტრიდან 12 კილომეტრში აქტიური ბრძოლები მიმდინარეობდა. ერთადერთი სასტუმრო მუშაობდა ცენტრში და იქ დავბინავდით. პირველ დღეს შორიდან ისმოდა ხმები, სირენები ირთვებოდა და ამ დროს უნდა ჩახვიდე თავშესაფარში. რომ დაღამდება, შუქის ანთების საშუალება არ გაქვს, თორემ შეიძლება სამიზნე გახდე. მთელ ქალაქში გამორთულია გათბობის სისტემა, არადა, ყინავს. ქალაქში რომ ჩავედით, თავიდან პანიკა არ მიგრძნია, ხალხი ქუჩაშიც მოძრაობდა. ამბობდნენ, არსად წავალთ იქამდე, სანამ დარჩენა შესაძლებელიაო. გადაღებებზე რომ დავდიოდით, პირველ დღეს ბავშვებიც ვნახეთ, მერე წავედით იქ, სადაც აქტიური ბრძოლები მიდის, ქალაქის ცენტრიდან 6-7 კილომეტრში უმძიმესი კადრები დაგვხვდა. განადგურებული დასახლებული პუნქტები, სადაც ჭურვებისგან გაჩენილი ორმოებია. დანგრეულ სახლებთან რომ ვიდექი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს დაბომბვის დროს თავიანთ სახლებში იყვნენ ადამიანები. უყურებ, მანქანა არ არის ეზოდან გაყვანილი, ბავშვების სარეცხი და ტანსაცმელი ჩამოკიდებულია გასაშრობად და ამ დროს სახლები მთლიანად დანგრეულია. ძალიან ცოტა დრო მოგვცეს ამ უმძიმესი კადრების გადასაღებად. გვითხრეს, რუსი სნაიპერები არიან განლაგებული და ესვრიან ყველას, არავის ინდობენო.

- ხალხი პირად საუბრებში რას ამბობს?

- ბევრი ამბობდა, წასასვლელიც არ მაქვს, აქ უნდა დავრჩე ბოლომდე, სად წავიდეო? უმძიმესი იყო მიკოლაევიდან სანამ გამოვიდოდით ის ღამე. წინადღესაც გაგვაფრთხილეს, უნდა გახვიდეთ, თორემ უკვე საშიშიაო, მაგრამ ერთი ღამით კიდევ დავრჩით და მართლა უმძიმესი ღამე იყო. თავიდან სასწაული სიჩუმე სუფევდა; ისეთი სიჩუმე, რომ გაშფოთებს. ხალხიც აღარ დადიოდა ქალაქში. შეგრძნება გაქვს, რომ რაღაც ძალიან დიდმა უნდა იფეთქოს. 12 საათიდან სირენები ჩაირთო. უკვე ისე ახლოს გვესმოდა ავტომატიდან სროლებიც, დაბომბვის ხმაც, თითქოს ერთ კილომეტრში ხდებოდა ეს ყველაფერი. სასწრაფოდ უნდა დაგვეტოვებინა იქაურობა. მოსახლეობასაც ურჩიეს ქალაქის დატოვება და დიდი კოლონა დაიძრა იმ ერთადერთი გზით, რომელიც ოდესასთან აკავშირებს. ჩვენც გამოვყევით ამ კოლონას...

პირველ დღეს მიკოლაევში ისეთ განწყობაზე ვიყავი, რომ მინდოდა მაქსიმალურად ყველაფერი გამეშუქებინა, ბოლო ღამეს კი უკვე შიში ვიგრძენი. მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, ალბათ სულ ერთი საათით შევძელი დაძინება. თუმცა, ახლა ემოციებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. მთავარი, რაც ამ ქალაქმა მასწავლა, ის არის, რომ შიშის გამო არასდროს არავინ უნდა განვიკითხო. ყველაზე მამაცი ადამიანისგანაც არ გამიკვირდება შიში, პირიქით, ძალიან ბუნებრივი ინსტინქტი ყოფილა და მეტიც, აუცილებელიც... ღამე დაბომბვის ხმა უფრო და უფრო რომ ახლოვდებოდა, ძალიან მეშინოდა.…ოღონდ, იმიტომ კი არა, რომ საკუთარ თავს ვდარდობდი,…შიშმა ამიტანა და ფიქრებმა წამიღო, ხომ ისევ შევძლებდი შვილის ნახვას, დედის ჩახუტებას... დედა რომ ყოველ წუთას გირეკავს, ოჯახის წევრები გიყურებენ ტელევიზორში, სულ აინტერესებთ როგორ ხარ, რა ხდება. ყველაფერი იმაზე რთულად არის, რაც შორიდან ჩანს. ტელევიზორში ომის კადრებს რომ უყურებ, ხომ შემზარავია, მაგრამ როცა თვითონ ხარ ეპიცენტრში, შენი თვალით ხედავ, ეხები ამ ყველაფერს, სხვანაირად გრძნობ. სხვა ადამიანი ჩამოვედი მიკოლაევში და სულ სხვა ფიქრებით გამოვედი იქიდან. იქ ჯერ კიდევ დარჩნენ ქალები, მოხუცები, ბავშვები...…

- ბევრი ადამიანია გარდაცვლილი? ამბებს ხომ ვერ მოგვიყვები?

- ერთ-ერთი ღამის დაბომბვის შემდეგ საავადმყოფოში მივედით, რომ გაგვერკვია, რამდენი ადამიანი დაიჭრა. იქ ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს სრული შოკი იყო. არ შეგვიშვეს საავადმყოფოში, მაგრამ მთავარი ექიმი გარეთ გამოვიდა და მოგვაწოდა ინფორმაცია. ყველაზე უმძიმესი სინქრონი, რაც ოდესმე ჩამიწერია, ეს იყო. ეზოში უმძიმესი სურათი დაგვხვდა, შავ პარკებში გახვეული ცხედრები. იმდენი ადამიანი იყო გარდაცვლილი, ვერ ასწრებდნენ კატაფალკებით მათ გადაყვანას. მერე მორგის ნაწილი ვნახეთ, დიდი ოთახი, სადაც დასახიჩრებული ცხედრები ერთმანეთზე იყო დაყრილი... ექიმმა გვითხრა, მიკოლაევიდან იმ ღამით 100 ცხედარი მოიტანესო... ორი ბავშვი, 2 და 7 წლისები ორი წუთით ამოვიდნენ თავშესაფრიდან და ამ დროს დაიბომბა ის ადგილი, მათი ცხედრებიც იქ ესვენა. კოშმარი იყო. ვიდეო კი გადავიღეთ, მაგრამ ამ კადრებს მაყურებელს ვერ მივაწვდით, ვერ დავზაფრავთ. უყურებ ამ ყველაფერს და თან იმაზე ფიქრობ, როგორ გააშუქო. სამხედრო ადმინისტრაციის პირველმა მოადგილემ გვითხრა მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლი უფრო დიდია, ვიდრე სამხედროების, რადგან იბომბება აქაურობაო.

- ქართველები არ იყვნენ მიკოლაევში?

- ერთი საოცარი ოჯახი გავიცანი. ზურა ქართველი მეომარი ბიჭია, აფხაზეთში და ოსეთში იბრძოდა 90-იან წლებში. მიკოლაევიდანაა მისი მეუღლე, იქ ცხოვრობენ. 16 წლის შვილი ჰყავთ. როცა ამ ქალაქში მივდიოდი, ჩვენმა საერთო მეგობარმა მითხრა, - იქ ერთი ქართველია, თუ დაგჭირდა, დაუკავშირდი და ზუსტად ვიცი, ყველაფერში დაგეხმარებაო. ამ ქართველმა ბიჭმა საოცრად მოგვხედა. "მადლობა" არ არის ის სიტყვა, რაც უნდა უთხრა ამ ადამიანს. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა: ამ ქალაქში ვიცხოვრე ამდენი წელი, ერთად ავაშენეთ ეს სახლი და ამ ადგილს ვერ დავტოვებთო. სასწაული ქართველია, 24 საათი ჩვენ გვერდით იყო, რომ პრობლემა არ შეგვქმნოდა. საოცრად ზრუნავდა ჩვენზე. ასეთ რთულ დროს ცოლ-შვილს რომ დატოვებს თავშესაფარში და შენთან არის, რათა დაგიცვას, ეს მართლა გმირობაა. ვინაობის გამხელაზე უარი მითხრა, - ამას იმიტომ არ ვაკეთებ, რომ ტელევიზორში გამოვჩნდეო. სანამ წამოვიდოდით, ქალაქში შუქი გაითიშა, ინტერნეტით კონტაქტი ჭირდა; იბომბება იქაურობა და კიდევ შენ გირეკავს, ოდესაში როგორ ჩახვედითო? კიდევ ჩვენზე ფიქრობდა...

ბევრს წასვლა არ უნდოდა... კოლონას რომ მოვყვებოდით, კიდევ ვხედავდი იქ დარჩენილ ბავშვებს, მოხუცებს. ისეთებიც არიან, რომლებსაც წასასვლელი ფულიც არ აქვთ. ამბობდნენ, ვისაც ფული ჰქონდა, პირველივე ნაკადს გაჰყვაო. სამწუხაროდ, აქ სამიზნეა საცხოვრებელი სახლები, რაც აღმაშფოთებელია. ოდესის ხიდი რომ ჩაიკეტოს, სხვები იქიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ. უშუქობაში, სიცივეში, გათბობის გარეშეა ხალხი დარჩენილი, დაცარიელებულია დახლები, მაღაზიებიც დაკეტილია. ვღელავ იმ ქართველის ოჯახზე და იქ დარჩენილებზე.

ჩემმა საოცრად მაგარმა ოპერატორმა გოგა წულაიამ უმძიმესი კადრები გადაიღო დანგრეული სახლების. ხომ იცით, ოპერატორი კიდევ სხვა თვალით უყურებს ყველაფერს და ჟურნალისტის მთავარი დასაყრდენია. ასეთ დროს კადრებია მთავარი. გოგა თავისი საქმის პროფესიონალია. ოპერატიულად იღებდა კადრებს, ჩვენს განცდებზე ერთმანეთს არ ველაპარაკებოდით. არადა, მასაც შვილი ელოდება სახლში...

ერთ-ერთ დაბომბილ სახლს ვიღებდით, ეს უკვე სხვა ლოკაციაზე, მიკოლაევის ცენტრთან ახლოს. რომ დაგვინახეს ჟურნალისტები, ხალხი გამოვიდა. ამ დაბომბილი სახლის მეპატრონემ გვიჩვენა ჭურვის უდიდესი ნაწილი, რომელზეც ჩანდა ნომერი. გვითხრა, ჩემი 10 თვის შვილი იწვა საწოლში, როცა ფანჯარაში შემოვარდა ამ ჭურვის ანასხლეტი და ბავშვის ბალიშს მოხვდა, ბალიშმა დაიჭირა და გადარჩა ჩემი შვილიო. ხელში მეჭირა ეს ანასხლეტი, რომელიც ძალიან მჭრელია და წარმოდგენაც არ მინდა, ბავშვს რომ მოხვედროდა, რა მოხდებოდა...

საოცარია, ალყაში მოქცეულ ადამიანებს, რომლებიც ყოველ წამს ელოდებიან სიკვდილს, როგორ ღირსეულად უჭირავთ თავი. ცხოვრებაზე შეხედულებას გიცვლის ეს ყველაფერი, პრიორიტეტებს სხვანაირად გაჩვენებს. საავადმყოფოში რომ ვიღებდით უმძიმეს კადრებს, ერთი შვილმკვდარი დედა ჩავწერეთ, რომელმაც იმ ცხედრებში თავისი 22 წლის ვაჟი ამოიცნო. აკადემიაში სწავლობდა, ერთადერთი შვილი მყავდა და მალე ცოლი უნდა მოეყვანა. ახლა მისი ცოლი არის სიკვდილი და მისი საქორწილო პიჯაკი ეს შავი ცელოფaნის პარკი გახდა, რომელშიც არის ჩასვენებული. მიწაც ვერ ეღირსაო ნორმალურად, - დასტიროდა. ძნელია ამ ყველაფრის გაშუქებაც კი... აქ სიცოცხლის ფასს ხვდები.

თეა ხურცილავა

ჟურნალი "გზა"