ომი რუსეთის მიწას უბრუნდება - უკრაინულმა „ნიანგებმა“ შურისძიების სარაკეტო დარტყმებით ბელგოროდის ნავთობბაზა „ააგიზგიზეს“... - კვირის პალიტრა

ომი რუსეთის მიწას უბრუნდება - უკრაინულმა „ნიანგებმა“ შურისძიების სარაკეტო დარტყმებით ბელგოროდის ნავთობბაზა „ააგიზგიზეს“...

1 აპრილს, დილაუთენია, ბელგოროდის მაცხოვრებლები გამაყრუებელი აფეთქებების ხმებმა წამოყარა საწოლებიდან - რუსეთის ამ, ნახევარმილიონიანი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში ნავთობბაზის საწვავით სავსე უზარმაზარი რეზერვუარები ერთმანეთის მიყოლებით ფეთქდებოდა და ცეცხლის უზარმაზარი ალი ცას სწვდებოდა...

1-potoo-1648801198.jpg
რუსული ქალაქის ეს ნავთობბაზა უკრაინულმა „ნიანგებმა“ ააგიზგიზეს...

ეტყობა რუსეთის ხელისუფლება ბელგოროდის ნავთობბაზის აფეთქებას და ხანძარს მორიგ უბედურ შემთხვევას დააბრალებდა და მიჩქმალვას ეცდებოდა, რომ არა ასობით თუ ათასობით ბელგოროდელი მოწმე, მობილურებით ხელში, რომელთა ვიდეოკამერებმაც კარგად დააფიქსირეს ორი შვეულმფრენის ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა ნავთობბაზის სიახლოვეს და მათ მიერ გაშვებული სარაკეტო ზალპები...

ფაქტია, რომ ბელგოროდის ნავთობბაზის, რომელიც სხვადასხვა მოცულობის 27 ახლოს მდგომი რეზერვუარისგან შედგება, აფეთქება წინასწარგანზრახულად და ზუსტი სარაკეტო დარტყმებით განხორციელდა, მაგრამ ვის შეიძლება ეს „უძლეველი“ რუსეთისთვის გაებედა?

2-potoo-1648801232.jpg
ბელგოროდის ნავთობბაზის თანამგზავრული ფოტო მის აფეთქებამდე, როდესაც მას უკრაინელი პილოტები სამიზნედ ირჩევდნენ...

ნუთუ თავად რუს პილოტებს აერიათ უკრაინის ხარკოვი რუსულ ბელგოროდში, რადგან უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე დღეში რუსეთის გენერალიტეტი მთელ მსოფლიოს და, პირველ რიგში კი, რუსეთის მოსახლეობას უმტკიცებდა, რომ უკრაინის ყველა თვითმფრინავი და შვეულმფრენი ან აეროდრომებზეა განადგურებული ან ჰაერშია ჩამოგდებულიო...

რა თქმა უნდა, რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ნავთობბაზას შურისძიების საჰაერო დარტყმა იმ გმირმა უკრაინელმა მფრინავებმა მიაყენეს, რომლებიც რუსულმა სახელმწიფო პროპაგანდამ უკვე „განადგურებულად“ მონათლა, შურისძიების კი იმიტომ, რომ თვეზე მეტია, რუსეთის ავიაცია სისტემატურად ბომბავს უკრაინული ქალაქების ნავთობბაზებს და სამაგიეროც „მიუფრინდა“...

დილაუთენია დარტყმა რუსული ქალაქის სტრატეგიულ ობიექტზე ორმა უკრაინულმა „მფრინავმა ნიანგმა“ - „მი-24“-ის ტიპის საბრძოლო შვეულმფრენმა განახორციელა „ს-8“-ის ტიპის უმართავი საავიაციო რაკეტების რამდენიმე ზალპით.

4-potoo-1648801274.jpg
უკრაინული დამრტყმელი შვეულმფრენი „მი-24“-ი „ს-8“-ის ტიპის უმართავი რაკეტების ზალპს ახორციელებს...

უკრაინის საზღვრიდან რუსულ ბელგოროდამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 30-ოდე კმ-ია, თუმცა უკრაინული „ნიანგების“ ეკიპაჟებს (თითოეულ საბრძოლო შვეულმფრენში ეკიპაჟის ორი წევრი, მფრინავი და მფრინავ-ოპერატორი იქნებოდნენ, რადგან ბორტტექნიკოსს აეროდრომზე დატოვებდნენ) ბევრად უფრო დიდი მანძილის დაფარვა მოუწევდათ ფრენის მარშრუტის ხშირი ცვლილების გამო.

ამასთან, მათ ასეთი მნიშვნელოვანი საბრძოლო დავალების შესრულებისას ფრენა ძალიან დაბალ, 30-50 მ-ის სიმაღლეზე მოუწევდათ (რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რადიოლოკატორებს ადრეულად რომ არ აღმოეჩინათ), თანაც - ღამის სიბნელეში (საჰაერო დარტყმა დილის 5 საათისთვის განხორციელდა), რაც უკრაინელი „ნიანგების“ ეკიპაჟებისგან მაღალ საფრენოსნო ოსტატობას მოითხოვდა.

დიდი ალბათობით, უკრაინელი მფრინავები აღჭურვილნი იყვნენ ღამის ხედვის თანამედროვე ოპტიკური ხელსაწყოებით, რომლებიც, სავარაუდოდ, დასავლეთმა მიაწოდა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.

ომის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საჰაერო დარტყმის სამიზნის ამორჩევას - ხანდახან არ ღირს ძვირადღირებული შვეულმფრენის თუ თვითმფრინავის, ასევე - მისი ეკიპაჟის საფრთხეში ჩაგდება ნაკლებად მნიშვნელოვანი სამიზნის დასაბომბად გასაგზავნად.

ზოგჯერ კი ისეთი სამიზნის განადგურება უფრო მომგებიანია, რომელსაც უდიდესი რეზონანსი მოჰყვება, მათ შორის, პირველ რიგში, მსოფლიო მასმედიაში.

უკრაინულ „ნიანგებს“ რუსულ ბელგოროდში სარაკეტო დარტყმა შეიძლება რომელიმე სამხედრო ნაწილზეც მიეტანათ და აეფეთქებინათ ერთი-ორი ჯავშანტრანსპორტიორი, რის შესახებაც ბევრი თვით ამ ქალაქშიც ვერ გაიგებდა, მაგრამ უზარმაზარი ცეცხლის ალით საათობით მოგიზგიზე, თანაც - დროდადადრო ფეთქებადი ნავთობბაზა, სულ სხვა რამ არის - მას არა მარტო რუსეთში, მთელ მსოფლიოშიც „დაინახავენ“და იტყვიან, - მის წამომწყებს ომი უკან უბრუნდებაო...

პ.ს. ბელგოროდის ოლქი ერთ-ერთი მიმართულება იყო იმ შვიდიდან, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა.

ბელგოროდიდან რუსმა ოკუპანტებმა შეტევები განახორციელეს უკრაინული ხარკოვის მიმართულებითაც, რომელთა შორის პირდაპირი ხაზით სულ რაღაც 60 კმ თუა, ასე რომ, ბელგოროდელებს კარგად მოეხსენებოდათ, თუ რატომ იყრიდა ომის დაწყებამდე მთელი თვის განმავლობაში მათი ქალაქის სიახლოვეს თავს რუსეთის არმიის ათი ათასობით სამხედრო და ათასობით ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა, ჯავშანტრანსპორტიორი თუ საარტილერიო დანადგარი.

უნდათ თუ არა, უკრაინის მოსაზღვრე იმ რუსული ქალაქებისა და სოფლების, საიდანაც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, მაცხოვრებლები ადრე თუ გვიან, ასევე, აღმოჩნდებიან ომის ქარცეცხლში და ტელევიზორის ეკრანზე ნანახი ჭურვებით დანგრეული ხარკოვის შედარება რაკეტებით ჩამოშლილი ბელგოროდის სახლებთან, მინაჩამსხვრეული საკუთარი ფანჯრებიდან მოუწევთ...

საგულისხმოა, რომ ბელგოროდის ნავთობბაზაზე სარაკეტო დარტყმების მიტანამდე, 23 მარტს, ბელგოროდის ერთ-ერთმა სოფელმა უკვე იწვნია უკრაინული ჭურვების „სიმხურვალე“, ხოლო 29 მარტს კი ბელგოროდთან შეიარაღების საწყობი აფეთქდა, „ლამაზი“ სარაკეტო ფოიერვერკების გატყორცნით...