რამდენად რეალურია სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში: უღალატებს თუ არა პატრუშევი პუტინს? - კვირის პალიტრა

რამდენად რეალურია სახელმწიფო გადატრიალება რუსეთში: უღალატებს თუ არა პატრუშევი პუტინს?

სტალინის პერიოდშიც არ იყო იზოლირებული საბჭოთა კავშირი ისე, როგორც დღეს რუსეთია. უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და უკრაინის ათასობით მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვამ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იმდენად აღაშფოთა, რომ მათ დიპლომატიური ეტიკეტიც დაივიწყეს: აშშ-ის პრეზიდენტი პუტინს უკვე მოურიდებლად ეძახის: “სამხედრო დამნაშავეს”, “ყასაბს” და ირიბად მის გადადგომასაც ითხოვს. ბაიდენს არც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ჩამორჩება. ამ ვითარებაში ისედაც ეჭვიანი პუტინი ათასჯერ უფრო მეტად ფრთხილობს. ვის ენდობა დღეს ყველაზე მეტად პუტინი? ჩემი აზრით ასეთი სულ რამდენიმე ადამიანია, მათ შორის კი უმთავრესი ფიგურა, ყოველთვის “ჩრდილში” მყოფი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევია.

ხშირად გვჩვევია, სასურველი რეალობად წარმოვადგინოთ. ახლაც ასეა: შინაური, თუ “გარეული” ექსპერტები რუსეთის პრეზიდენტს დღეებს უთვლიან და ხან სახელმწიფო გადატრიალებაზე ოცნებობენ, ხან კი ვინმე “ასასინის” მადლიან ხელზე. თუმცა არც ასე მარტივადაა საქმე. რამდენად რეალურია რუსეთში სახელმწიფო გადატრიალება, პუტინის რეჟიმის დამარცხება ან პუტინის ლიკვიდაცია?

კაცობრიობის ისტორიაში სახელმწიფო გადატრიალება ისეთივე უძველესი მოვლენაა, როგორც სახელმწიფოს ფორმირება. პირველი სახელმწიფო გადატრიალება ალბათ მისი შექმნის მეორე დღესვე მოხდა. დღეისთვის სახელმწიფო გადატრიალების უამრავი მოდელი არსებობს: ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკული, აფრიკული, აზიური, არაბული, სამხრეთ ევროპული და ა.შ. ასე რომ, ვინც ამ საქმითაა დაკავებული, წინ ფართე არჩევანი აქვს. ქართველებმა თავმომწონედ შეიძლება განვაცხადოთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების თეორია და პრაქტიკა ჩვენც გავამდიდრეთ ორი რეალური და მრავალი ფიქტიური “გადატრიალებითა” და “გადატრიალების მცდელობით”. არ დაგვავიწყდეს: ყველა მათგანი “ერთმორწმუნე” რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაგეგმილი და განხორციელებული.

სახელმწიფო გადატრიალების “თეორიებს” თუ გავაანალიზებთ, სულ მცირე ხუთი კომპონენტი მაინც უნდა არსებობდეს, რომ “შეთქმულებმა” ხელისუფლების დამხობა შეძლონ. უპირველესად აუცილებელია მოსახლეობის ფართო მასების რეალური მხარდაჭერა; მძლავრი კონტროლი მასმედიაზე (მინიმუმ ერთი პოპულარული ოპოზიციური ტელეარხი და ორი დიდტირაჟიანი გაზეთი მაინც); ასეულ მილიონიანი ფინანსური რესურსი; ქარიზმატული ოპოზიციური ლიდერი, რომელმაც სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ დანიშნულ არჩევნებში დამაჯერებლად უნდა გაიმარჯვოს და რაც ყველაზე მთავარია: ხელისუფლების მოქმედებებით უკმაყოფილო არმიისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანელების ღია ან ფარული მხარდაჭერა.

როგორ ფიქრობთ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან ამჟამად რუსეთში რომელიმე არის მომწიფებული? პირველი ოთხი კომპონენტი აშკარად არ არსებობს: პუტინმა ყველაფერი გააკეთა, რომ რუსეთში ოპოზიციურად მოაზროვნე პოლიტიკოსი ცოცხალი არ დარჩენილიყო; მასმედიას უკვე დიდი ხანია პუტინი აკონტროლებს; რუსეთის მოსახლეობა კი პუტინის იმპერიული ზრახვებით და დაპირებებითაა გონებადაბინდული. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად, მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელიგენციის თუ უბრალო “მუშა-მუჟიკი”, ყველა თვლის, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობით (მათი აზრით, “ნებაყოფლობითი შემოერთებით”), ისინი “მისიონერულ გმირობას” სჩადიან. მათ მყარად სწამთ, რომ ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინეს და “კულტურა შეიტანეს” აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ხალხებში, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ერებში. ამგვარი მიდგომის მთელი ცინიზმი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ერებს, როგორც წესი, გაცილებით დიდი კულტურული, რელიგიური და საერთოდ სახელმწიფოებრივი ისტორია ჰქონდათ, ვიდრე შედარებით ახალგაზრდა რუს ერს. შემდეგ პუტინი უფრო შორს წავიდა და ყველა ეთნიკურად რუსის, რუსული ენისა და კულტურის “დაცვა” გადაწყვიტა, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ისინი და ირღვეოდა თუ არა მათი უფლებები. რუსული პასპორტების დარიგება პირველი ნაბიჯი იყო სამხედრო ექსპანსიამდე. ასე ნელ-ნელა გაიღვიძა ოდნავ მიძინებულმა “იმპერიალისტურმა ჯინმა” რუსეთში.

ამჟამადაც ასეა: რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე ღიად თუ ფარულად რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს. ასე რომ, რუსეთში სახელმწიფო გადატრიალებისთვის და პუტინის რეჟიმის დასრულებისთვის დარჩა მხოლოდ ერთი კომპონენტი, დიქტატორებისთვის ყველაზე საშიში და რეალური: “ძალოვანი ბლოკის” მეთაურების შეთქმულება და ამ გზით, პუტინის დამხობა ან “ავადმყოფობის შემდეგ მოულოდნელი გარდაცვალება”. რამდენადაა შესაძლებელი ამგვარი შეთქმულება “რუსეთის მეფის” კარზე? 1998 წლის ბოლოდან მოყოლებული “რუსეთის ძლიერების” (ფაქტობრივად კი იმპერიის) აღდგენის იდეის დახმარებით, პუტინმა ადვილად მოახერხა რუსეთის სპეცსამსახურების და გენერალიტეტის გულის მოგება. 2000 წლიდან რუსეთს სპეცსამსახურები აკონტროლებენ. რუსეთის დიქტატორი ცდილობს ქვეყანა “სტალინურად მართოს”: დღეს რუსეთის მთავარი სპეცსამსახური, ეფ-ეს-ბე აკონტროლებს ყველას და ყველაფერს – მთავრობას, ჯარს, მოსახლეობას. კა-გე-ბეშნიკმა პუტინმა სახელისუფლებო ვერტიკალი საბჭოთა სპეცსამსახურების ასევე ყოფილი თანამშრომლების დახმარებით იმგვარად ააგო, რომ საზოგადოებაში “1937-იანი წლების” საყოველთაო შპიონომანია კვლავ გამოცოცხლდა. “უცხო ქვეყნების ჯაშუშების” გამოვლენა რუსეთში ისეთივე ყოველდღიური მოვლენა გახდა, როგორც რუსი “მუჟიკის” მიერ ცოლისთვის ხელფასის დამალვა. პუტინის ადმინისტრაციისა და მთავრობის ძირითადი წევრები დღესაც კა-გე-ბეს ყოფილი ოფიცრები არიან. რეგიონებში კი გუბერნატორები პირადად პუტინის მიერაა შერჩეულ-დანიშნული. მათი უმრავლესობაც ყოფილი “ძალოვნები” არიან. ამავე დროს, პუტინმა მნიშვნელოვნად გაზარდა “ძალოვანი ბლოკის” დაფინანსება, გაიზარდა ხელფასები და პენსიები. ის არ იშურებს ორდენებსა და უმაღლეს სამხედრო წოდებებს ყველაზე ერთგულებისთვის, ხოლო თუ ვინმეს ამბიციებში ეჭვი შეეპარა, უსწრაფესად იცილებს თავიდან.

ასე დაემართა ყოფილ თავდაცვის მინისტრსა და პირველ ვიცე-პრემიერს სერგეი ივანოვს. 2008 წელს, როდესაც პუტინი “სახელისუფლებო ტრიუკს” ამზადებდა და დროებითი პრეზიდენტის კანდიდატურებს არჩევდა, ერთ-ერთ ვარიანტად სერგეი ივანოვიც განიხილებოდა, თუმცა პუტინი ბოლომდე არ ენდო ივანოვს და პრეზიდენტის პოსტზე მისთვის კარგად ნაცნობი დიმა მედვედევი “დანიშნა”, რომელთანაც ბევრი შავბნელი საქმე აკავშირებდა და მასზე ბევრ კომპრომატსაც ფლობდა. გავიხსენოთ: 1990-1996 წლებში პუტინსა და მის “პეტერბურგულ კლანს”, სადაც ყოფილი თუ მოქმედი კა-გე-ბეშნიკები სჭარბობდნენ, მრავალი ბრალდება წაუყენეს, რომლებიც დღესაც პასუხგაუცემელია. 1990 წლის ბოლოს, ლენინგრადის საბჭოს ორმა დეპუტატმა მარინა სალიემ და იური გლადკოვმა, სპეციალური გამოძიების ჩატარების შემდეგ ვიცე-მერ პუტინსა და მის სამსახურს, სადაც, სხვათა შორის, იურიდიულ საკითხებს მედვედევი წყვეტდა, ძალზე სერიოზული ბრალდებები წაუყენეს. ეს იყო საზღვარგარეთ ძვირფასი ლითონის ექსპორტის ლიცენზიების უკანონო გაცემა, კორუფცია და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. სადეპუტატო გამოძიების ერთ-ერთი ეპიზოდი პეტერბურგში პრივატიზაციის პროცესის, რომელსაც უშუალოდ პუტინი კურირებდა, უკანონოდ ჩატარებას ეხებოდა. რუსული მასმედიის მტკიცებით, ამ დროს გამოიკვეთა პუტინისა და ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტის მიხეილ მირილაშვილის ( “მიშკა კუტაისკი”) ფარული კავშირები.

დეპუტატებმა ქალაქის მერს ანატოლი სობჩაკს პუტინის თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს, პარალელურად, მათ რუსეთის პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ მიმართეს. პუტინის, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო ფინანსური ოპერაციების ერთ-ერთ შემსრულებლად სწორედ დიმა მედვედევი სახელდებოდა. თუმცა დეპუტატების მოთხოვნა ფარატინა ქაღალდად დარჩა. ამ საქმის ირგვლივ მოკვლევა ლენინგრადის ეფ-ეს-ბეს ერთ-ერთი სამსახურის უფროსს დაევალა, რომელმაც ამ ბრალდებებში დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახა. არ გაინტერესებთ ვინ იყო ის პიროვნება ვინც პუტინის ეს და სხვა ბევრი საიდუმლო იცის? ალბათ ვერ გამოიცანით. ეს გახლდათ პოლკოვნიკი ნიკოლაი პატრუშევი, ასე რომ: “ხელი ხელს ბანს, ორივე კი პირსო”. პატრუშევს ამაგი დაუფასდა და უკვე ოცდაათი წელია ორი “პ” ერთად მოდის.

22-1648809829.jpg
ასე იწყებდნენ: პატრუშევი და პუტინი

ასე იწყებდნენ: პატრუშევი და პუტინი

1998 წელს დაწინაურებულმა პუტინმა პატრუშევიც “ჩაიბა”, 1999 წლის 16 აგვისტოს, როდესაც ეფ-ეს-ბეს დირექტორი პუტინი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს, მან თავის “მემკვიდრედ” პატრუშევი დატოვა. ამის შემდეგ, ის პუტინის “დანაშაულებრივი კლანის” შეუცვლელი წევრი გახდა. ამჟამადაც, რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, არმიის გენერალი ნიკოლაი პატრუშევი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული “მებრძოლი” და მისი დავალებების შემსრულებელია. ის ცხრა წლის (1999-2008) მანძილზე ხელმძღვანელობდა ეფ-ეს-ბეს. შემდეგ კი, 2008 წლის 12 მაისს, რუსეთის ახალ“არჩეულმა” პრეზიდენტმა მედვედევმა, პატრუშევი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად და ფაქტობრივად ყველა სპეცსამსახურის კურატორად დანიშნა. დიდი ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, რეალურად კი კვლავ რუსეთის დიქტატორის, პუტინის მიერ იყო მიღებული. მან თავისი ერთგული კაცი “ჩაუსვა” ახალ პრეზიდენტს, რათა მედვედევს თანამდებობა ძალზე არ გასტკბობოდა. პატრუშევი იყო და არის პუტინის ყველაზე საიდუმლო დავალებების შემსრულებელი.

01042022-1444-1648809914.36_REC.png
იმედია ისევე დაამთავრებენ, როგორც ლიბიის პრეზიდენტი მოამარ კადაფი

სავარაუდოდ, პუტინ-პატრუშევის “დუეტს” ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი, მათ შორის, საქართველოშიც. ერთ-ერთი შესაძლოა 1995-2002 წლებში საქართველოში უდიდესი რეალური ძალაუფლების მქონე პიროვნების, უშიშროების საბჭოს მდივნის ნუგზარ საჯაიას მოულოდნელ გარდაცვალებასაც უკავშირდებოდეს. ფაქტები კი ასეთია. ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა 2003 წლის აგვისტოში გაავრცელეს გერმანიის ტელევიზიის - “დოიჩე ველეს” პოლიტიკური გადაცემების ხელმძღვანელის ქრისტიან ტრიფეს ვერსია ნუგზარ საჯაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. კერძოდ: “მან (ტრიფემ- ბ.ა.) თქვა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე საჯაიას საიდუმლო სამდღიანი შეხვედრები ჰქონია ნიკოლაი პატრუშევთან (მაშინ რუსეთის ეფ-ეს-ბეს დირექტორთან- ბ.ა.) და რუსი ფსიქოანალიტიკოსების ვარაუდით, საჯაიას თვითმკვლელობა სწორედ ამ შეხვედრის დეტალებს უნდა მივაწეროთ. ტრიფე ამბობს, პატრუშევმა ისეთი რამ შესთავაზა საჯაიას, რომ უშიშროების საბჭოს მდივანმა “სხვა გამოსავალს თვითმკვლელობა არჩიაო” (მთავარი გაზეთი, 2003 წლის 22 აგვისტო).

კითხვები კი მართლაც ძალზე ბევრია: რა კონკრეტულ მიზანს ისახავდა პატრუშევის ვიზიტი, რომელიც რამდენიმე დღით ადრე შედგა საქართველოში ნატოს პირველი სწავლების დაწყებამდე? უკავშირდებოდა თუ არა პატრუშევის ჩამოსვლა ზოგიერთი ქართული გაზეთის მიერ იმ დღეებში წამოწყებულ საჯაიას კომპრომეტირების პროცესს? მიაღწია თუ არა დასახულ ამოცანას? რა კავშირში იყო ეს ვიზიტი ნუგზარ საჯაიას გარდაცვალებასთან? საჯაიამ თავი მოიკლა, თუ მოკლეს? 2002 წლის მარტი-აპრილიდან იგეგმებოდა საქართველოში ნატოს პოლიტიკური და სამხედრო ღონისძიებების გააქტიურება. ამ პროცესების კოორდინაცია კი უშუალოდ ნ. საჯაიას ეხებოდა. რას ითხოვდა პატრუშევი საჯაიასგან? ყველა ამ კითხვაზე პასუხი ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა, თუმცა სამწუხაროდ ბევრ სხვა საიდუმლოსთან ერთად სამარეში გაიყოლა. გამოძიება ჯერ დაწყებულიც არ იყო, რომ ნუგზარ საჯაიას თვითმკვლელობაზე საუბრობდა მაშინდელი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც. სამი წლის შემდეგაც იგივე განმეორდა: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ვერსიაც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. ეს ტრაგიკული შემთხვევები ჯერ კიდევ ბოლომდე გამოუძიებელ მოვლენათა იმ დიდი სიიდანაა, რომლებმაც შესაძლოა საქართველოს უახლოესი ისტორიის გეზი შეცვალეს... ნიკოლაი პატრუშევი პუტინის სრული ნდობით სარგებლობს, ეს იქიდანაც ჩანს, რომ პატრუშევის უფროსი ვაჟი დიმიტრი, 2018 წლიდან რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრია. დღეს პატრუშევი იმ “სახელმწიფო-მაფიოზური კლანის” ერთ-ერთი მთავარი წევრია, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს და მას ევალება რუსეთის სპეცსამსახურების ოპერატიული კოორდინაცია. დამერწმუნეთ პატრუშევმა ყველა პოლიტიკური მკვლელობის დეტალი იცის, რაც კი რუსეთის სპეცსამსახურებს შეუსრულებიათ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ: ზოგჯერ თავად იქნებოდა ორგანიზატორი, ზოგჯერ კი თანამონაწილე.

2016 წლის 21 იანვარს დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე სერ რობერტ ოუენმა ალექსანდრე ლიტვინენკოს საქმის საჯარო გამოძიების შედეგების გამოცხადებისას აღნიშნა: სასამართლომ დაადგინა, რომ ლიტვინენკო მოკლეს “რუსეთის ხელისუფლების აგენტებმა” ანდრეი ლუგოვოიმ და დიმიტრი კოვტუნმაო.

33-1648809957.jpg
სერ რობერტ ოუენი

ყველაზე მთავარი კი ის იყო, რაც ოუენმა შემდეგ განაცხადა: ლიტვინენკოს მკვლელობა, სავარაუდოდ, დაამტკიცეს პირადად ეფ-ეს-ბეს ხელმძღვანელმა ნიკოლაი პატრუშევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმაო... პატრუშევი პუტინზე ერთი წლით უფროსია და თავისი “პატრონის” გარეშე არანაირი “მშვიდობიანი” მომავალი არა აქვს, ამიტომაც ის ბოლომდე პუტინის ერთგული დარჩება. მათ ჩადენილი დანაშაული აერთიანებთ.

პ.ს. კარგად მახსოვს ნუგზარ საჯაიას დაკრძალვაზე რუსეთის დელეგაციას მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილო ხელმძღვანელობდა. პატრუშევი კი ბუნებრივია არსად ჩანდა: “მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია წავიდეს”?