შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, ორივე მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურა - კვირის პალიტრა

შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, ორივე მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები დაიხურა

შუალედურ არჩევნებში ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა, ორივე მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

დღეს, 2 აპრილს, ორ მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

ცესკო-ს ინფორმაციით, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაში იყო 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი წევრობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მათე ფუტკარაძე და „ქართული ოცნებიდან“ რამაზ ჯინჭარაძე. ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა, რის გამოც მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები დაინიშნა.

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.