"ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს მოწამლული ნამცხვრებით და ღვეზელით "გაუმასპინძლდნენ“ - კვირის პალიტრა

"ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს მოწამლული ნამცხვრებით და ღვეზელით "გაუმასპინძლდნენ“

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის იზიუმის რაიონში ადგილობრივები რუს ჯარისკაცებს მოწამლული ნამცხვრებით და ღვეზელით „გაუმასპინძლდნენ“. გარდა ამისა, უკრაინული შეიარაღებული ძალების მიერ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასეულობით ოკუპანტი ალკოჰოლური ინტოქსიკაციით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უკრაინელები ოკუპანტებს ყველა შესაძლო საშუალებებით ეწინააღმდეგებიან. არსებული ინფორმაციით, იზიუმის რაიონის (ხარკოვის ოლქი) ადგილობრივი მცხოვრებლები რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის ჯარისკაცებს მოწამლული ღვეზელებით „გაუმასპინძლდნენ“. შედეგად, ორი მათგანი მაშინვე გარდაიცვალა, კიდევ 28 იმყოფება რეანიმაციაში. მათი ამჟამინდელი სტატუსი ზუსტდება.

„რუსეთის ფედერაციის მე-3 მოტომსროლელი დივიზიის კიდევ 500-მდე სამხედრო მოსამსახურე გაურკვეველი წარმოშობის მძიმე ალკოჰოლური სასმლით მოწამვლის შედეგად საავადმყოფოებში იმყოფება. რუსეთის სარდლობა ამ შემთხვევებს ე.წ. „არასაბრძოლო დანაკარგებად“ აღწერს“, - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებაში.