"სამართლიანი არჩევნები“ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ  ინფორმაციას აქვეყნებს - კვირის პალიტრა

"სამართლიანი არჩევნები“ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ  ინფორმაციას აქვეყნებს

"სამართლიანი არჩევნები“ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის მიერ მომზადებულ ინფორმაციას აქვეყნებს. "სამართლიანი არჩევნების“ განმარტებით, გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. რუსთავი-გარდაბნის #12 მაჟორიტარულ ოლქში კი, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

,,სამართლიანი არჩევნების" სადამკვირვებლო მისია 9 მობილური ჯგუფის, საუბნო საარჩევნო კომისიის 20 და საოლქო საარჩევნო კომისიის 3 დამკვირვებლისაგან შედგება. ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს მონაცემთა გადამოწმებისა და ინციდენტის ცენტრები.

,,სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლები არჩევნების დღის პროცესებს სრულად, საარჩევნო უბნების გახსნიდან შედეგების შეჯამების დასრულებამდე აკვირდებიან.

"სამართლიანი არჩევნები” ასევე სრულად აკვირდებოდა შუალედური არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდს.

ძირითადი მიგნებები- ამ დროისთვის, "სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოვლენილი დარღვევები და ხარვეზები კვლავ ბათუმში მიმდინარე შუალედურ არჩევნებს უკავშირდება.

განსაკუთრებით პრობლემური იყო ბათუმის #69, #77, #79, #89 და #100 საარჩევნო უბნების მიმდებარე პერიმეტრი, სადაც დამკვირვებლებმა დააფიქსირეს სიტყვიერი დაპირისპირების, ამომრჩეველთა მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები. ამომრჩეველთა მობილიზებასა და აღრიცხვას ძირითადად აწარმოებდნენ "ქართული ოცნების“ კოორდინატორები და პარტიული მიზნით მოქმედი დამკვირვებლები.

ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ გამოვლინდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევა "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებლის მიერ.

კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას, ბათუმის ოლქის საარჩევნო უბნებზე გამოიკვეთა ხმის მიცემისა და საარჩევნო უბნის მოწყობის წესის დარღვევის, საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოებისა და ამომრჩეველზე შესაძლო ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შემთხვევები.

ბათუმის #89 საარჩევნო უბნის გარდა, ამომრჩეველთა რაოდენობა 1500-ს აჭარბებს #23 (1710 ამომრჩეველი), #58 (1616 ამომრჩეველი), #69 (1505 ამომრჩეველი), #76 (1788 ამომრჩეველი), #92 (1566 ამომრჩეველი), #104 (1624 ამომრჩეველი) საარჩევნო უბნებზე.

რუსთავი-გარდაბნის #12 მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

საარჩევნო უბნებზე გამოვლენილი დარღვევები (13:00-20:00 სთ) "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ბათუმში გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

ხმის მიცემის წესის დარღვევა -ბათუმის #89 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს რეგისტრატორმა ხმა უბანშივე მიაცემინა.

საარჩევნო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა - ბათუმის #76 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა პირებმა დააბრუნეს ერთით ნაკლები გამოუყენებელი ბიულეტენი. კომისიის წევრები ამბობენ, რომ არ იციან, სად არის ბიულეტენი.

საარჩევნო უბნის მოწყობის წესის დარღვევა - ბათუმის #76 საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 1788 ამომრჩეველი, და კანონით გათვალისწინებული 4 საარჩევნო კაბინის ნაცვლად (1 საარჩევნო კაბინა 500 ამორჩეველზე), უბანზე განთავსებულია მხოლოდ 3 საარჩევნო კაბინა.

ამომრჩეველზე გავლენის მოხდენის შესაძლო მცდელობა -ბათუმის #78 საარჩევნო უბანზე უბნის თავმჯდომარემ ერთ-ერთ ამომრჩეველს რეგისტრატორთან ვერიფიკაციის პროცედურის გავლის დროს მიმართა შემდეგი სიტყვებით: "ხო იცი ვის უნდა მისცე ხმა“. "სამართლიანი არჩევნების“ მიერ საჩივრის რეგისტრაციის პროცესში კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს დააწერინა ახსნა-განმარტებებს ფაქტის უარყოფის შესახებ.

საარჩევნო უბნის მიმდებარე პერიმეტრზე დაფიქსირებული ტენდენციები (08:00 - 20:00 სთ)

ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან, როგორც კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე, ისე 100 მეტრის ფარგლებს მიღმა, დაფიქსირდა პირთა საეჭვო შეკრება. ბათუმის #69 და #91 საარჩევნო უბნებთან შეკრება გამოვლინდა მხოლოდ კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრზე მეტი დაშორებით.

ბათუმის #77, #79, #89 და #100 საარჩევნო უბნების მიმდებარედ, "ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზება შეინიშნებოდა. #79 და #100 საარჩევნო უბნებთან, ასევე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორებიც იმყოფებოდნენ. ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან მიმდინარეობდა ამომრჩევლეთა სახელობითი აღრიცხვა "ქართული ოცნების“ კოორდინატორებისა და, სავარაუდოდ, პოლიტიკური მიზნით მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციის აკრედიტებული დამკვირვებლების მიერ, რომელთა შორისაა: "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, "საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“ და სხვ.

ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მყოფი "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ დამკვირვებელი აწარმოებდა საარჩევნო აგიტაციას. იგი ამომრჩეველს მოუწოდებდა #41-ის ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატის რიგითი ნომერი) გაფერადებისკენ. ამავე უბნიდან 100 მეტრის მოშორებით მყოფი აგიტატორები აჩერებდნენ ამომრჩეველს და ეუბნებოდნენ, ბიულეტენში გაეფერადებინათ #41. სავარაუდოდ, აგიტაცია ხორციელდებოდა #91 საარჩევნო უბანთანაც. კენჭისყრის შენობიდან დაახლოებით 200 მეტრში, დილიდან განთავსებულ ავტომანქანაში მყოფი პირები, პერიოდულად, ხმის მისაცემად მოსულ ამომრჩევლებთან კომუნიკაციაში შედიოდნენ.

ბათუმის #77 და #89 საარჩევნო უბნების მიმდებარედ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებას ან/და მუქარას. #77 საარჩევნო უბანთან კამათი მოჰყვა, "ქართული ოცნების“ კოორდინატორის მიმართ მოქალაქის მიერ გამოთქმულ შენიშვნას, მის მიერ ამომრჩეველთა მობილიზების შესახებ. ინციდენტი აღმოიფხვრა მას შემდეგ, რაც პოლიციამ ორივე პირს დაატოვებინა ტერიტორია. ამავე უბანთან ტელეკომპანია "ფორმულას“ ჟურნალისტების მიმართ გამოვლინდა ზეწოლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ინციდენტის დროს გამოძახებული იქნა პოლიციის დამატებითი ჯგუფი, რომელმაც განმუხტა სიტუაცია. #89 საარჩევნო უბანთან მყოფი პირების მხრიდან "ტვ პირველისა“ და "25-ე არხის“ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ დაფიქსირდა მუქარა და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ბათუმის #79 და #89 საარჩევნო უბნებთან შეინიშნებოდა ამომრჩეველთა ორგანიზებული (არაერთჯერადი) მობილიზება/ტრანსპორტირება ხმის მისაცემად. პროცესში ჩართულნი იყვნენ "ქართული ოცნების“ კოორდინატორები და მათთან დაკავშირებული დამკვირვებლები სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომელთა შორისაა: "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერი“, "საქართველოს ერთიან ახალგაზრდათა კავშირი“, "ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია“, "ნიუ აჭარა“, "ალტერნატივა ნჯო“ და სხვ. მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნებთან ამომრჩეველთა რიგები აღარ შეინიშნებოდა, კოორდინატორები ურეკავდნენ იმ ამომრჩევლებს, რომლებსაც ჯერ არ ჰქონდათ ხმა მიცემული და საარჩევნო უბანზე მისვლას სთხოვდნენ.

ბათუმის #79 საარჩევნო უბანთან მიმდინარეობდა ამომრჩეველთა მობილიზება სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობითაც. პროცესს ხელმძღვანელობდა "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი.

ბათუმის #79 საარჩევნო უბნის მიმდებარედ შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული ვერბალური კომუნიკაცია. საუბარი უკავშირდებოდა ამომრჩევლებისთვის საწვავის ტალონის გადაცემის შესახებ დაპირებას. "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ დაფიქსირებული კომუნიკაციის თანახმად, ტალონებს მათ მოგვიანებით გადასცემდა "პოლიტიკისა და სამართლის ობსერვერის“ სახელით აკრედიტებული დამკვირვებელი.

საჩივრები, განცხადებები -ამ დროისათვის, "სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ბათუმის #79.04 საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 6 საჩივარი, საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიწერა 6 საჩივარი და ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 5 შენიშვნა.