"რეჟისორობაში ვცადე ბედი..." - რას ჰყვება თორნიკე გოგრიჭიანი "ნეტფლიქსის" "Extraction 2"-სა და საკუთარ ფილმზე? - კვირის პალიტრა

"რეჟისორობაში ვცადე ბედი..." - რას ჰყვება თორნიკე გოგრიჭიანი "ნეტფლიქსის" "Extraction 2"-სა და საკუთარ ფილმზე?

"ნეტფლიქსის" პოპულარული ფილმის "Extraction"-ის მეორე ნაწილი - "Extraction 2" მალე ტელეეკრანზე გამოვა. მისი გამოსვლის თარიღად 2022 წლის მაისი დასახელდა.

კინოსურათში სამი ქართველი მიიღებს მონაწილეობას - თორნიკე გოგრიჭიანი, თინა დალაქიშვილი და დათო ბახტაძე.

ცნობილი გახდა, რომ ქართველი მსახიობები ფილმშიც ქართველებს განასახიერებენ. თინა დალაქიშვილის გმირს ქეთევანი ერქმევა, დათო ბაქრაძის გმირს - ავთანდილი, თორნიკე გოგრიჭიანისას კი - ზურაბი.

ფილმის პირველი ნაწილი 2020 წელს გამოვიდა და "ნეტფლიქსზე" 99 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

თორნიკე გოგრიჭიანი:

- რასაკვირველია, მეც ძალიან გახარებული ვარ! დიდი წარმატებაა, ბოლოს და ბოლოს ისე მოხდა, რომ ერთხელ ჩვენც რაღაც ისეთი გავიტანეთ, რასაც მსოფლიო აღიარება მოჰყვა... წინ კიდევ ძალიან ბევრი სამუშაოა. როგორც იტყვიან - გასაკეთებელი კიდევ ბევრია!

კიდევ არის ახალი, მნიშვნელოვანი შემოთავაზებები, რაზეც შემდგომში ვისაუბრებ...

- რა უძღოდა წინ, რასაც ამ თქვენს დიდ წარმატებას უმადლით?

- უპირველესად უნდა აღვნიშნო, რომ ეს რეჟისორების დიდი დამსახურება იყო... მსახიობები, სცენარისტები ძალიან ჩართულები ვიყავით... ყველა ერთ მუშტად ვიყავით შეკრული, თავდაუზოგავად ვიმუშავეთ და შედეგიც დაიდო... ღამეებს თეთრად ვათენებდით, ყველაფერი რომ მაღალ დონეზე ყოფილიყო და შრომამ გაამართლა.

ყველაფერი პროფესიონალიზმზეა დაფუძნებული... შეიძლება არ იყოს გმირის როლი, ბოროტი ადამიანის როლი გერგოს, მაგრამ მაღალპროფესიონალურად განასახიერო და საინტერესო იყოს... როლებზე მეტს წინასწარ ვერ გეტყვით, პრემიერა იქნება და მაყურებელმა შეაფასოს.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო, გარკვეული შეფერხებები იყო, იმედია, მალე დამთავრდება და გადაღებები აქტიურად დაიწყება... გადაღებები იქნება სლოვაკეთში, ჩეხეთში, სხვა ქვეყნებში...

netflix-1648976448.jpg

- როგორც ვიცი, თავადაც ძალიან მნიშვნელოვან ფილმზე მუშაობთ...

- დიახ, ამ ბოლო დროს, რეჟისორობაში ვცადე ბედი, ფილმს ვიღებ... საქართველოში ხელოვანებს ძალიან რთული პერიოდი დაგვემთხვა... უკიდურესი სიდუხჭირეა, დაფინანსება ჭირს და მუდმივად სპონსორის ძებნაა საჭირო.

- თქვენი გმირები რომ გაგვაცნოთ... ხომ არ იქნება ქართველებისთვის საჩოთირო როლები?

- ამ როლებით საქართველოზე მსოფლიოში ძალიან ბევრი ადამიანი გაიგებს და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს... გმირებზე მეტს ვერაფერს გეტყვით, იმის გარდა, რომ გაგანდობთ და გეტყვით, რომ დადებითი პერსონაჟებია...

სცენარისტი, მწერალი - მაშო კახიშვილი:

- იტალიიდან დროებით ჩამოვედი, იმ ფილმის სცენარზე ვმუშაობ, რომელსაც თორნიკე გოგრიჭიანი იღებს... ჩვენ მეგობრები ვართ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული ფილმი იქნება, რომელსაც დიდი წარმატებაც მოჰყვება...

როგორც მოგახსენეთ, მოწვეული სცენარისტი ვარ, ისე მოხდა, რომ დაემთხვა ფილმის - "Extraction 2"-ის სცენარის დამუშავება, რამდენჯერმე გადავიკვეთეთ და ძალიან უმნიშვნელო კორექტივები შევიტანე...

სამი ქართველი მსახიობის მიწვევა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა! საქართველოს წინა პლანზე აუცილებლად წამოწევს! ეს იქნება გზა ჰოლივუდისკენ! ჩვენ კიდევ გვყავს უძლიერესი მსახიობები და სხვებსაც გზები გაეხსნებათ... ერთი კარგად გადაღებული ფილმი ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნით დაინტერესდნენ! ეს მოწმობს, რომ საქართველოსაც შეუძლია მაღალი დონის ფილმების შექმნა!

(სპეციალურად საიტისთვის)