"ონლაინ ე.წ. "ქურდულ გარჩევაში" თურმე 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში და უმძიმეს შედეგში გადაიზარდა" - კვირის პალიტრა

"ონლაინ ე.წ. "ქურდულ გარჩევაში" თურმე 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა, კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში და უმძიმეს შედეგში გადაიზარდა"

თბილისის ცენტრში მომხდარი ე.წ. ქურდული საქმის გარჩევა სისხლისღვრით დასრულდა.

2 აპრილს, საღამოს, თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე საქმის გარჩევა სისხლისღვრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ორი მხარე ბიზნესის წილების გამო დაუპირისპირდა ერთმანეთს. როგორც ირკვევა, საქმის გარჩევაში ე.წ. კანონიერი ქურდები მონაწილეობდნენ და ისინი თურქეთიდან საქმეს ონლაინ, ვიდეო ჩართვით არჩევდნენ. ე.წ. ქურდულ გარჩევაში თურმე 10-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მხარეებს შორის დაწყებული კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში და უმძიმეს შედეგში გადაიზარდა, რასაც კონფლიქტში მონაწილე 2 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 5 პირი კი სხვადასხვა სახის დაზიანებით, სხვადასხვა კლინიკაშია გადაყვანილი. მათგან ორი დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

ცნობილია იმ 2 ბიზნესმენის ვინაობა, ვინც გუშინ ე.წ ქურდული გარჩევის დროს მოკლეს - ვახტანგ გურგენიძე და კონსტანტინე ქობულია.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორ "კანონიერ ქურდს" შორის მოხდა. სახელდებიან ზუგდიდელი ე.წ. ქურდები ირაკლი ყალიჩავა და ლევან მარღია. როგორც ამბობენ, თბილისში საქმის გარჩევას ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელი, ხვიჩა ცხაკაია ხელმძღვანელობდა. ცხაკაია ადრე ნასამართლევია ნარკოდანაშაულისთვის. სწორედ მან დაგეგმა ეს შეხვედრა. ცხაკაია ამ ფაქტამდე თურმე ირაკლი ყალიჩავასთან სპეციალურად ჩავიდა თურქეთში, იქიდან რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და საქმის გასარჩევად ლევან მარღიას მხარეს შეხვდა და მათ შორის მოხდა ეს დაპირისპირებაც.

როგორც ირკვევა, საქმის გარჩევა დავით შენგელიას ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება, მას ლევან მარღია, მეტსახელად "ლევა ზუგდიდსკი" სთხოვდა თურმე ბიზნესში წილს. შენგელიამ მასთან პრობლემა რომ ვერ მოაგვარა, როგორც ჩანს, დასახმარებლად თურქეთში მყოფ ირაკლი ყალიჩავას მიმართა, ყალიჩავამ კი საქმის მოგვარება თავის მხრივ ხვიჩა ცხაკაიას დაავალა.

მართალია, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონფლიქტი დათო შენგელიას ბიზნესსაქმიანობას უკავშირდებოდა, მაგრამ თავად შენგელია ამ ფაქტს უარყოფს. თუმცა დაჭრილ ხვიჩა ცხაკაიასთან მეგობრობას ადასტურებს: "ცხაკაია არის ჩემი მეგობარი, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა თბილისში, მე ვარ ზუგდიდში და იქ რა მოხდა, ჩემთვის უცნობია. ჩემს საქმეს მე ვაგვარებ თუ მოსაგვარებელია, ასე რომ, არაფერი საქმე არ მაქვს არც კანონიერ ქურდებთან, არც კრიმინალებთან. ვინც აქ დაბადებულია, ყველა მიცნობს და ყველას ვიცნობ, მაგრამ მომხდართან არაფერი მაკავშირებს", - ამბობს იგი.

დაჭრილია თავად ხვიჩა ცხაკაია. მას ჭრილობა ზურგის არეში აქვს მიყენებული და რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები.

შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებული ვიდეოკამერის ჩანაწერები უკვე ამოღებულია. როგორც ამბობენ, ეს ფაქტი "ჯივიპის" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და სწორედ ამ დაწესებულების კამერების ჩანაწერებია უკვე ამოღებული. შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მაცხოვრებლები ამბობენ, რომ ღამით რამდენიმე გასროლის ხმა და ყვირილი გაიგეს, თუმცა აცხადებენ, რომ მომხდარის დეტალები მათთვის უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, დააკავეს თუ არა უშუალოდ მკვლელობაში დამნაშავე პირები. შსს-ში გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. 236-ე და 109-ე მუხლებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

რა დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, ამ და სხვა დეტალებს იმედია სამართალდამცველები დაადგენენ.

(სპეციალურად საიტისთვის)