რა უშველის საწვავის ფასს?! - კვირის პალიტრა

რა უშველის საწვავის ფასს?!

"ერთადერთი გამოსავალი არის აქციზის მოხსნა და მთავრობა ამას თუ არ გააკეთებს, პროტესტი გაგრძელდება“

რა ფაქტორები განაპირობებს საქართველოში საწვავის გაძვირებას, არსებობს თუ არა რეალური მექანიზმები ფასების შესამცირებლად და რა ადგილი აქვს ამაში აქციზის გაუქმებას ან აქციზზე მცურავი განაკვეთის დაწესებას.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა ხელისუფლებას საწვავის ფასის შესამცირებლად კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს:

- ჩვენი ინიციატივა ეფუძნებოდა ორ ამბავს. პირველი, ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ბარელი ნავთობპროდუქტების ფასი გაიზარდა და შესაბამისად, ჩვენ არაფერ შუაში ვართო. 2008 წელს, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც "ჯენერალ მოტორსი" გაკოტრდა, 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო და 140 დოლარი ღირდა. უკრაინაში ომის დაწყებამდე კი ბარელი 90 დოლარი ღირდა, შემდეგ ავიდა 110-ზე და ბოლო დღეებში უკვე 3%-ით შემცირდა. 2008 წელს საქართველოში საწვავი ღირდა 1,80-2,20 ლარი და ახლა არის 3,80-4,20. ეს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შEედეგია. მოხდა ეროვნული ვალუტის დევალვაცია. მათ შორის, 2017 წელს მთავრობამ წამოიწყო დედოლარიზაციის კამპანია, რომლის ფარგლებშიც, ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადი გაორმაგდა. დიზელის აქციზი 220 ლარი რომ ღირდა, 440 ლარი გახდა, ბენზინის აქციზი 250-დან გახდა 500 ლარი. როდესაც მთავრობა ამბობს, არაფერ შუაში ვართ, გარე ფაქტორების გამო ხდებაო, ჩვენ გვაქვს მათემატიკურად გაკეთებული კალკულაცია, საიდანაც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიზეზი არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც დღეს მთავრობას გააჩნია, ნავთობპროდუქტებზე საგადასახადო რეჟიმის დროებით მოხსნაა, ვიდრე რუსეთი შეჭრილია უკრაინის ტერიტორიაზე და მსოფლიოში არის კრიზისი.

ლაპარაკია ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის დროებით სრულად მოხსნაზე, ან ე.წ. მცურავი აქციზის რეჟიმში გადასვლაზე, როგორიც მაგალითად აქვს თურქეთს. მცურავი ნიშნავს, რომ თუ ნავთობპროდუქტებზე მსოფლიო ფასი იზრდება, აქციზის გადასახადი იკლებს და პირიქით. ხელისუფლებას დადგენილი აქვს, ნავთობპროდუქტიდან ბიუჯეტში რა თანხა უნდა მიმართოს, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში საბიუჯეტო დანაკლისი არ მიიღოს. ჩვენც ზუსტად ამას ვთავაზობთ ხელისუფლებას, რომ შეუძლია, ნაწილობრივ ან სრულად მოხსნას აქციზის გადასახადი. ეს 1 ლიტრი საწვავის ფასს, შესაბამისად, 05-0,8 ლარით ან 0,8-1 ლარით შეამცირებს.

- ბიუჯეტს შეუძლია ნავთობპროდუქტების აქციზიდან შესული შემოსავლის დაკარგვა?

- აქციზის გადასახადიდან ბიუჯეტში თვეში შედის 50-80 მილიონი ლარი, 100 მილიონს არ სცდება. ეს თანხა რა არის, რომ ვთქვათ, თითქოს ამის გარეშე ბიუჯეტი ჩაგვივარდება. აუდიტის დასკვნები არის, რომ ასეთ თანხებს უწყებები უბრალოდ ფლანგავენ. ამიტომ თუ სრულიად მოხსნის, მთავრობას შეუძლია, ადმინისტრაციული ხარჯები ქამრების შემოჭერით შეამციროს. უარი თქვას ფუფუნების საშუალებებზე, რასაც დღეს იყენებს. თუ მცურავ რეჟიმში გადაიყვანს, დაადგენს მინიმუმს, რაც აუცილებელია ბიუჯეტისთვის და ქამრების შემოჭერას ესეც მოითხოვს. ნავთობპროდუქტების გაიაფება კი აისახება პირველადი მოთხოვნილების, პირველ რიგში სასურსათო პროდუქტების ფასებზე. თუ ამ ინსტრუმენტს ხელისუფლება არ გამოიყენებს, პარლამენტიც დაჩქარებული წესით არ შეიტანს კანონებში ცვლილებას, მსოფლიო კრიზისი შესაძლოა კიდევ გაგრძელდეს და მოსახლეობა ამ წნეხს ვეღარ გაუძლებს.

- კრიზისი რამდენ ხანს გასტანს უცნობია, და მთავრობა როგორ გათვლის, რამდენი ხნით მოხსნას, ან რით ჩაანაცვლოს ხარჯები?

- ჩვენ გვაქვს კვარტალური ბუღალტრული აღრიცხვა, შეგვიძლია, ერთი კვარტალი ავიღოთ და დაითვალოს მთავრობამ, ამ პერიოდში რა შემოსავალი უნდა მიეღო საწვავის აქციზიდან და მისი კომპენსირება მოხდეს ზუსტად ადმინისტრაციული, წარმომადგენლობითი და კაპიტალური ხარჯების შემცირებით. ანუ, შეიმცირონ კვებისა და რესტორნების ხარჯები, რისთვისაც ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა აქვთ გაწერილი. ბიუროკრატიის მომსახურებაში 6 მილიარდზე მეტს ვხარჯავთ და ამ ბიუროკრატიაში უამრავი პარტიული ადამიანია დასაქმებული, რომლებიც სამსახურებშიც არ დადიან... ამაზე უნდა ვთქვათ უარი.

- მცურავი აქციზი რამდენად მოხსნის პრობლემას, გადასახადი ხომ ნაწილობრივ მაინც დარჩება? იგრძნობს მოსახლეობა გაიაფებას?

- მცურავი რეჟიმი უფრო მომგებიანია და უნდა იყოს სტაბილურიც, რადგან აღარ ვიქნებით მსოფლიო ფასზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული. დაფიქსირებული იქნება აქციზის გადასახადი და საერთაშორისო ფასი თუ გაიზრდება, აქციზი არ მოიმატებს, ხოლო თუ საერთაშორისო ფასი შემცირდება, ამ შემთხვევაში აქციზი გაიზრდება. რამდენით შეამცირებს, ეს მთავრობამ უნდა განსაზღვროს. მთავარია, რომ ეს იყოს არსებითი, რათა მოსახლეობამ იგრძნოს. აქვე მინდა ვთქვა, რომ ახლა, როდესაც მსოფლიო რუსეთის ნავთობპროდუქტებზე სრულად უარის თქმას აპირებს, საქართველოს აქვს შანსი, გახდეს შუა აზიიდან ევროპაში ნავთობპროდუქტების გამტარი. სწორი პოლიტიკა რომ გვქონდეს და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ყოველწლიურად გამოყოფილ მილიარდებს სწორად ვხარჯავდეთ, ახლა უკვე ენერგეტიკული მატარებლების მნიშვნელოვანი სატრანსპორტო დერეფანი ვიქნებოდით და არც ეს პრობლემები გვექნებოდა.

- აქციზი რომ მოხსნან, მსოფლიო ფასი კი ისევ გაიზარდოს, ან უფრო მეტად გაუფასურდეს ლარი, მერე რა უნდა ქნან, აქციზი აღარ იქნება და რა დარჩება მოსახსნელი?

- მსოფლიოში არის ოპეკი, რომელიც ნავთობის მომპოვებელ ქვეყნებს აერთიანებს და მოპოვების მოცულობებით 1 ბარელი ნედლი ნავთობის ფასს განაპირობებს. ასევე არის "პლატსის" ფასები, რომელსაც ეს საინფორმაციო სააგენტო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბირჟებზე ვაჭრობის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფასები გაზრდილია "პლატსის" ნაწილში, რადგან ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს რუსეთში სანქცია დაედო. აშშ-მა და სხვა ქვეყნებმაც გადაწყვიტეს, ბაზარს მეტი საწვავი მიაწოდონ, ანუ რუსეთს ნაწილობრივ ჩაანაცვლონ. ამიტომ "პლატსის" ფასიც აღარ გაიზრდება და სულ უფრო შემცირდება. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეს პროცესი უკან სწრაფი ტემპებით არ წამოვა და ამიტომ არის ახლა საჭირო ხელისუფლების სწრაფი რეაგირება, რომ სათანადოდ უპასუხოს ჩვენი მოსახლეობის პრობლემებს. ვიმეორებ, ბიუჯეტის ნაწილში აქციზის გადასახადი არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ეს ვერ დავაკომპენსიროთ.

- თუ ხელისუფლება თქვენს შეთავაზებას არ გაითვალისწინებს, რას აპირებთ?

- თუ საქართველოს მთავრობა ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, პროტესტი გაგრძელდება. აქციის მონაწილეები სოციალურ სამართლიანობას ითხოვენ და "ქართული ოცნების" დაპირება 2012 წელს ზუსტად სოციალური სამართლიანობის აღდგენა იყო. იმ ოლიგოპოლიას, რომელიც ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით არსებობდა და ახლაც არსებობს, დაშლიდა. მაგრამ რეალურად ჩვენ მივიღეთ ისეთი სურათი, როდესაც თავად "ოცნების" ეკონომიკურმა გუნდმა ნავთობპროდუქტზე ტარიფი გაზარდა და ეროვნული ვალუტის დევალვაციის ფონზე მივიღეთ ძალიან მაღალი ფასები, რაც მოსახლეობის მდგომარეობას კატასტროფულს ხდის. გაითვალისწინეთ, რომ აქციზის გადასახადს კიდევ დღგ-ის გადასახადი ემატება 18%-ის ოდენობით. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი არის აქციზის მოხსნა, რაც ამ 18%-იან წილსაც შეამცირებს საწვავის ღირებულებაში და მომხმარებელს საშუალოდ 80 თეთრამდე გაუიაფდება საწვავი.

რუსა მაჩაიძე