"ლარის გამყარებით არა მარტო საწვავის ფასი შემცირდება, არამედ სხვა პროდუქტებისაც“ - კვირის პალიტრა

"ლარის გამყარებით არა მარტო საწვავის ფასი შემცირდება, არამედ სხვა პროდუქტებისაც“

ვანო მთვრალაშვილი, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე:

- საწვავზე კატასტროფულად მაღალი ფასია. ასეთი ფასი არასდროს ყოფილა. პრობლემა ის არის, რომ ფასი ნახტომისებურად მხოლოდ საქართველოში კი არ იზრდება, არამედ ყველა ქვეყანაში, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული. გაძვირების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ომია. ქვეყანაში ნავთობპროდუქტებზეც ბოლო ერთ თვეში ფასი თითქმის 1 ლარით გაიზარდა, რაც უფრო აძვირებს პროდუქციას და, რა თქმა უნდა, მოსახლეობის გულისწყრომას იწვევს. მოსახლეობის აბსოლუტურად სოლიდარული ვარ, მაგრამ მეორე საკითხია ობიექტური რეალობა მსოფლიოში. მაგალითად, 1 ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი, სააგენტო "პლატსის" მიხედვით, ბოლო ერთ თვეში, ომის დაწყებიდან დღემდე, საშუალოდ 45%-ით არის გაზრდილი. მეტადაც იყო მომატებული, მაგრამ ბოლო დღეებში ფასების შემცირების გამო მცირედით დაიკლო. ამას ემატება ლარის გაცვლითი კურსი, გადასახადები და საბოლოოდ ვიღებთ ასეთ ფასს. თუმცა ეს ფასი არ არის ერთგვაროვანი, არაბრენდირებულით დაწყებული და ბრენდირებულით დამთავრებული.

- აქციზის გადასახადის დროებითი მოხსნა ან რეჟიმის შეცვლა რამდენად მოხსნის ამ პრობლემას?

- საწვავზე გადასახადის შემცირება მომენტალურ ეფექტს იძლევა, მაგრამ გააჩნია, რამდენით და რა ხნით შეამცირებ. დღეს ბარელი ნავთობის ფასი სადღაც 110 და 150 დოლარი რომ გახდეს, საცალო ფასი არ მოიმატებს? ცხადია, მოიმატებს, ოღონდ ყოველთვის იქნება იმდენით ნაკლები, რამდენსაც გადასახადების შემცირება განაპირობებს. ან ლარის კურსი რომ გამყარდეს დოლარის მიმართ, რა თქმა უნდა, საწვავის ფასის ზრდას შეაკავებს. მაგალითად, 2008 წლის აპრილ-მაისში, "პლატსის" მიხედვით, დღევანდელის მსგავსი საერთაშორისო ფასები იყო, მაგრამ მაშინ ლარის გაცვლითი კურსი იყო 1,60, გადასახადები იყო ახლანდელის ნახევარი, ამიტომ საწვავის ფასიც 1,8-2 ლარი იყო. ამდენად, გადასახადებთან ერთად, ლარის კურსსაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

- იმის თქმა თუ შეიძლება, შენარჩუნდება "პლატსის" ფასის ზრდის ტენდენცია თუ შემცირებაა მოსალოდნელი?

- დღეს ამის გათვლა არავის შეუძლია, რადგან ეს ომიდან გამომდინარე კრიზისის გამოა და ომი როგორ უნდა გათვალო? გარდა ამისა, ომი ხვალ რომც დამთავრდეს, რუსეთი მსოფლიოში მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა და არა მგონია, სანქციები რუსეთს მოუხსნან. ამიტომ პროგნოზირება, ერთ თვეში ფასი გაიზრდება თუ მოიმატებს, წარმოუდგენელია.

- უფრო ზუსტად, რა დოზით მოაგვარებს ან ვერ მოაგვარებს საწვავის გაძვირების პრობლემას აქციზის გაუქმება?

- დღეს აქციზი რომ გავანულოთ, საწვავიც საშუალოდ 1 ლარით ნაკლები ეღირება, მაგრამ ხვალ თუ "პლატსის" ფასი გაიზრდება, აქ საწვავზე ფასიც მოიმატებს. თუმცა იქნება ისევ ლარით ნაკლები, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, აქციზი რომ არ გაუქმებულიყო.

- გამოდის, აქციზის გაუქმება პრობლემას ნაწილობრივ აგვარებს. რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ფასი სტაბილურად იყოს ისეთი, მოსახლეობის ასეთ უკმაყოფილებას არ იწვევდეს?

- ერთი მიმართულებაა ლარის გამყარება, მაგრამ მუდმივად დაბალ ფასს ვერც ეს განაპირობებს. მთავარია, საერთაშორისო ფასი. ისიც შესაძლებელია, გადასახადი საერთოდ არ შემცირდეს, მაგრამ მაშინ ლარი უნდა გამყარდეს. წარმოიდგინეთ, დღეს ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 3,1 და 2 რომ გახდეს, საწვავზე ფასი 1 ლარით შემცირდება. რაც მთავარია, ლარის გამყარებით არა მარტო იმპორტირებული საწვავის ფასი შემცირდება, არამედ სხვა პროდუქტებისაც.

- რამდენად მისაღებია აქციზის მცურავი განაკვეთი და რომელი გზა უფრო შედეგიანი იქნება, აქციზის გაუქმება თუ მცურავი განაკვეთის დაწესება?

- დროებითი ეფექტი ერთნაირი იქნება, თუმცა მცურავი უფრო ნაკლებად გააიაფებს, რადგან გადასახადის განსაზღვრული წილი დარჩება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ორივე შემთხვევაში ერთნაირი პრობლემა დგება - "პლატსის" ფასი გაიზრდება და აქაც ყველა შემთხვევაში გაძვირდება. მეორე საკითხია, ინფლაციასა და ეკონომიკურ განვითარებას ეს ფასები რას უზამს და ესეც მოსახლეობის ჯიბიდან ამოდის. ამიტომ ამ პრობლემას სისტემური მიდგომა სჭირდება. ბევრ ქვეყანაში ამას დროებით აკეთებენ და ვითარება რომ სტაბილურდება, ხსნიან. ექსტრემალურ ვითარებაში მცურავი განაკვეთი კარგად გამოსაყენებელია. ასეთი რყევა მუდმივად ვერ იქნება, მსოფლიო ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. როდესაც კრიზისი პიკურ მომენტშია, უნდა ვიფიქროთ მის ჩაქრობაზე. ეს შესაძლებელია ერთხანს ქამრის შემოჭერით და დასტაბილურების შემდგომ ისევ შეგიძლია მოუშვა ქამარი. ამიტომაც ვფიქრობ, რომ მცურავი განაკვეთის დაწესება უფრო ხელსაყრელია.

- ანუ უფრო მცურავი განაკვეთის დაწესებას უჭერთ მხარს?

- ახლა გინდ იმას დაუჭირე მხარი, გინდ ამას, მნიშვნელობა არა აქვს. მე მხარს ვუჭერ იმას, რომ სახელმწიფომ იმუშაოს ლარის გამყარებაზე. თუ ლარი გამყარდება, ეს იქნება ისეთი მექანიზმი, რომ არა მარტო საწვავის ფასს დასწევს, არამედ ინფლაციას შეაჩერებს, ჯაჭვურად ყველაფერზე გადავა და ეკონომიკის ზრდასაც შეუწყობს ხელს.

რუსა მაჩაიძე