"ჩვენთან უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ძალიან აქტიურობენ“ - კვირის პალიტრა

"ჩვენთან უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ძალიან აქტიურობენ“

"არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეთი მასშტაბური პროგანწყობები არ არის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ძალიან აქტიურობენ. ამიტომაც არის, რომ ყველა კონფლიქტს, მათ შორის როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ფინანსურ წრეებში, განგრძობადი ხასიათი აქვს“

რუსეთ-უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში ჰიბრიდული ომი მძვინვარებს. ზოგიერთი იმასაც უშვებს, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე შესაძლოა საქართველო გახდეს, სადაც "ველიკაია დერჟავა" ნოყიერ ნიადაგს იქმნის მეხუთე კოლონისა და პროპაგანდის მეშვეობით. რა რისკების წინაშე დგას საქართველო, გააქტიურებულია თუ არა დაზვერვა-კონტრდაზვერვის მუშაობა და რა უნდა გაკეთდეს საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით კუხალაშვილი გვესაუბრება.

- ამა თუ იმ ქვეყანაში შესვლამდე რუსეთი ნოყიერ ნიადაგს ამზადებს და ჰყავს საიმედო დასაყრდენი პრორუსული პარტიებისა თუ მოძრაობების სახით. რა რისკების წინაშე დგას ამ მხრივ დღეს საქართველო?

- რუსეთის ფედერაციას, დიდი ალბათობით, არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჰყავს აგენტურა პოლი­ტიკური დაზვერვის მიმართულებით (რომლის ობიექტებიც არიან პოლიტიკური­ პარტიები,­ არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ლიდერები, სასულიერო ლიდერები და ა.შ.), მეორე მიმართულება გახლავთ ეკონომიკური დაზვერვა, სადაც შედიან ფინანსური წრეების წარმომადგენლები. არის სამხედრო დაზვერვის მიმართულებაც, რომლის ობიექტები არიან თავდაცვის სამინისტროს და საზოგადოდ, უშიშროების სექტორის მიმართულებაზე დასაქმებული პირები, კომპანიები, სამხედრო ნაწილები და ასე შემდეგ... ყველა ამ მიმართულებაზე­ არა მარტო რუსეთის, არამედ ნებისმიერი­ ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს შექმნას­ საკუთარი პოზიციები - ჯერ ზეგავლენა მოახდინოს ამ სექტორზე და შემდეგ შეაღწიოს. ნებისმიერი აქციის წარმატებით­ დასრულება დამოკიდებულია პროპაგანდაზე და როგორც ჩანს, განსაზღვრული ზეგავლენა მიღწეულია - მიდის პირდაპირი დისკრედიტაცია­ ხელისუფლების, სახელმწიფოსი. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება - ფინანსური საშუალებები, რაც აუცილებელია შეღწევადობისთვის. ფინანსური წყაროები შეიძლება იყოს ფულის გათეთრების სექტორები, მათ შორის შეიძლება საქმე გვქონდეს ე.წ. საგრანტო სისტემასთან და გრანტები, რომლებიც კონკრეტული მიზნებისთვის არის გამიზნული, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სადაზვერვო ინტერესებისთვის. ეს სამი სეგმენტი - პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური თუ გამართული აქვს, მზვერავ სახელმწიფოს იოლად შეუძლია თავისი ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს იმ სახელმწიფოში, რომელსაც ერჩის, ხელში ჩაიგდოს მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, სამეცნიერო, ტექნიკური თუ ეკოლოგიური ბერკეტები.

- გარდა აშკარად პრორუსული და აგრესიული სეგმენტისა, არიან თუ არა საქართველოში გამოკვეთილი ის ძალები, რომლებიც პროდასავლურობის იმიჯს ამოფარებული რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან?

- სავსებით შესაძლებელია რომელიმე­ პოლიტიკური ჯგუფი თუ ლიდერი, არასამთავრობო თუ პროფკავშირული ორგანიზაცია რეალურად ემსახურებოდეს რუსეთის ინტერესებს, მაგრამ პროპაგანდის მეშვეობით წარმოდგენილი იყოს როგორც პროევროპული ან პროამერიკული მიმართულების. საქართველოში გამოკვეთილია სამი ძირითადი მიმართულება: პრორუსული, პროამერიკული და პროევროპული, რომელიც განვრცობის მასშტაბურობის კოეფიციენტით, რაც საზოგადოებაშია გავრცელებული, სახელმწიფო ინტერესებისთვის ძალზე დამაზიანებელია. არც ერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში ასეთი მასშტაბური პროგანწყობები არ არის, რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურები ძალიან აქტიურობენ. ამიტომაც არის, რომ ყველა კონფლიქტს, მათ შორის როგორც პოლიტიკურ ასპარეზზე, ისე ფინანსურ წრეებში, განგრძობადი ხასიათი აქვს. სპეცსამსახურებს, რომლებიც უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების­ წინააღმდეგ იბრძვიან, აქვთ შესაბამისი კლასიფიკატორები, შეფასების სისტემები­ და საჯაროდ ამაზე საუბარი, ვინ თამაშობს პროდასავლურობას, არ არის მიზანშეწონილი. თუმცა ერთი რამის თქმა შეიძლება­ - გავითვალისწინოთ ამ ძალების კონტაქტები როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე უცხო ქვეყნების მოქალაქეებთან, საელჩოებთან, უცხო ქვეყნებში ვიზიტები­ და კონტაქტები, განცხადებები - ისინი შინაარსობრივად შეიძლება პროამერიკულ განწყობას გამოხატავენ, მაგრამ ისე აქვთ ყველაფერი გათვლილი, რომ საბოლოოდ არაფრით არ იქნება დადებითი განწყობის შემქმნელი საზოგადოებისთვის. შესაძლოა ეს კეთდებოდეს პრორუსული, პროთურქული, პროსომხური და ა.შ. მიმართულებით. ეს დიდი თამა­შია და სახელმწიფოები, რომელთა ხელისუფლებებს აქტიური სადაზვერვო საქმიანობის არა მარტო პოლიტიკური­ ნება, არამედ მყარი ფინანსური შესაძლებლობებიც აქვთ, შედეგს აღწევენ. მარტო პოლიტიკური ნება საკმარისი არ არის, აუცილებელია დიდი ფინანსური შესაძლებლობებიც.

- საქართველოში გააქტიურდა რუსული­ მეხუთე კოლონა და, ალბათ, სახელმწიფოს უპირველესი ამოცანა მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლა უნდა იყოს.

- ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლის კანონმდებლობა. თავისუფალი აზრის გამოთქმისათვის ადამიანები არ უნდა იდევნებო­დნენ, მაგრამ თუ მათ ქმედებაში არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები,­ ისინი უნდა დაექვემდებარონ რეაგირების ზომებს. თუ სახელმწიფო აღიქვამს, რომ განსაზღვრული ძალები ქმნიან დესტაბილიზაციას და ატარებენ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესებს ეროვნული ინტერესების დაზიანების ხარჯზე, აუცილებელია, რომ კანონი გამკაცრდეს, რათა დაცულ იქნეს ქვეყნის კონსტიტუციური წყობილება. 1918-21 წლების საქართველოში­ არსებობდა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ქვეყნიდან აძევებდნენ იმ პირებს, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწეოდნენ. პროპაგანდის წინააღმდეგ მხოლოდ კონტრპროპაგანდა არ იქნება დიდი შედეგების მომტანი. მეხუთე კოლონა იქნება­ თუ მესამე, ეს ვიცით, დანარჩენი, რაც ხილული არ არის, ზუსტად პროპაგანდის საშუალებით არის გადაფარული. ვერ გეტყვით, რომ ყველა სახელმწიფო, რომლებთანაც ურთიერთობა გვაქვს, დაინტერესებულია ჩვენი კეთილდღეობით. ყველა უცხო სახელმწიფოს აქვს საკუთარი ინტერესები და მხოლოდ მათი ინტერესების თავსებადობის შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ სარგებელი. ამიტომაა აუცილებელი სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო სისტემების არსებობა.

- მიუხედავად უკრაინასთან ომისა, რუსეთს შესაძლოა მაინც შემორჩეს საქართველოში დიდი პროვოკაციის მოწყობის საშუალება. უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით რა უნდა გააკეთონ დაზვერვის, კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებმა ესკალაციის თავიდან ასაცილებლად?

- დარწმუნებული ვარ, ამ სამსახურებში­ დასაქმებულებს მაღალი დონის ინტელექტუალური შესაძლებლობები აქვთ, მაგრამ აუცილებელია დაფინანსების არსებითად გაზრდაც და ამ სამსახურების მნიშვნელოვანი ტექნოლოგიით გადაიარაღება. უპირველესად კი საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რაც ხელს შეუწყობს ამ სამსახურების უფრო აქტიურად მოქმედებას კანონის შესაბამისად, მყისიერ რეაგირებას საფრთხეებზე. დღეს ჩვენ ვუყურებთ სახელმწიფოს აქტიურ ბრძოლას სადაზვერვო პროპაგანდის წინააღმდეგ არასრულყოფილი და არსებულ სიტუაციასთან არათავსებადი საკანონმდებლო ბაზით. ამიტომ საკანონმდებლო ორგანომ აუცილებლად უნდა გაააქტიუროს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც მიიღო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებამ.

- მას შემდეგ, რაც მსოფლიოს რიგმა­ ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, ათასობით რუსეთის მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. არ არის გამორიცხული, მათ შორის ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი იყოს. შეძლებენ სპეცსამსახურები მათ გაკონტროლებას?

- ისევ მივდივართ საკანონმდებლო უზრუნველყოფამდე - ქვეყანამ უნდა გაამკაცროს ის რეჟიმები, რომლებიც უკავშირდება საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფოების მოქალაქეების შემოსვლას. თუ ის პირთა ჯგუფები, რომლებიც შემოსული არიან სახელმწიფოში და ჯერ ბინადრობის უფლებას, შემდეგ კი მოქალაქეობას მიიღებენ, შესაძლებელია ისინი უცხო სახელმწიფოებმა საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენონ. ეს რომ არ მოხდეს, საჭიროა მუშაობა, რათა ჩვენი ქვეყნის ინტერესები არ შეილახოს.