"რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება­! “ - კვირის პალიტრა

"რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება­! “

"ახლა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი ხდება, რომ რუსეთის აგრესია მიმართულია არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც“

30 მარტს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა­ განაცხადა, რომ მისი რეჟიმი უახლოეს მომავალში სათანადო სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან მიერთების მიზნით. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის მიერ რეგიონის მიერთებამდე რეფერენდუმი უნდა გაიმართოს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საპასუხოდ განაცხადა: "მიუღებელია ყოველგვარ რეფერენდუმებზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული". რას ემსახურება ბიბილოვის განცხადება, როგორი უნდა იყოს ამ ვითარებაში საქართველოს პოზიცია და არის თუ არა დაკავშირებული ეს საკითხი უკრაინა-რუსეთის კონფლიქტთან, ამ და სხვა თემებზე "კვირის პალიტრას" კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ესაუბრება.

- რაც რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთში გააკეთა, იყო ოკუპაცია. თუ შეიერთებს, ეს იქნება ანექსია?

- დიახ, თუ მიიერთებს, თავის სახელმწიფოს ნაწილად აქცევს და ამ შემთხვევაში რუსეთ-საქართველოს საზღვარი გორთან გაივლის.

- ანუ ჩვენი მიწის დაბრუნება რომ მოვინდომოთ, ეს რუსეთზე თავდასხმად ჩაითვლება?

- დიახ, ჩვენ რომ მოვინდომოთ საომარი მოქმედებებით ტერიტორიის დაბრუნება, ეს იქნება რუსეთზე თავდასხმა.

- რეალურად გეჩვენებათ, რომ ბიბილოვის განცხადებას შედეგი მოჰყვეს?

- ბიბილოვი დიდი ხანია ამ იდეის ავტორია, თუმცა არჩევნების წინ ამაზე ხმა არ ამოუღია, არ უხსენებიათ რუსეთ­თან­­ მიერთება, ანუ ეს არ იყო აქტუალური,­ უცებ კი აქტუალური გახდა. რუსეთს ამ ტერიტორიის მიერთება რომ უნდოდეს, 10 აპრილი კარგი შანსია, რადგან ყველაფერი გამზადებულია - მარტო არჩევნები­ იქნება­ თუ რეფერენდუმსაც ჩაატარებენ, მაინც ორი კაპიკი დაჯდება. საჭიროა მხოლოდ დაიბეჭდოს დამატებითი ბიულეტენები, მაგრამ რუსეთი არ ჩქარობს, რეფერენდუმი ჩაატაროს, რადგან ეს თემა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება. სხვათა შორის, ზალკალიანისა და დავითულიანის განცხადებები ძალიან ზედაპირული იყო და მგონია, რომ რაღაც იციან. ვფიქრობ, რეფერენდუმი არ იქნება და ამიტომ ამბობენ ასე თამამად, პროვოკაციებს არ წამოვეგებითო. ჩაივლის აპრილი,­ მაისი, ივნისი, მერე კი იტყვიან, აბა, სად არის რეფერენდუმი? ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და რეფერენდუმი არ დავუშვით, აი, რა შედეგი მოაქვს ფრთხილ პოლიტიკასო და ჩაიწერენ ქულებს. ეს ერთი ვარიანტია. მეორე ვარიანტით, ჩატარდა რეფერენდუმი და ოსმა ხალხმა გამოხატა რუსეთთან მიერთების ნება - ამას სულ ცოტა ერთი წელი მაინც დასჭირდება. ეს შედეგი დუმამ უნდა განიხილოს, მაგრამ ამას მაშინვე არ გააკეთებენ, დაელოდებიან შესაფერის მომენტს, ამასაც საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის გამოიყენებენ და, სულ ცოტა, მთელი წელი დაგვადუმებენ. ამასობაში უკრაინაში რაღაცები გაირკვევა­ და ჩვენ არავის ვემახსოვრებით... მგონია, ეს უფრო ლოგიკურია­, ვიდრე მესამე ვარიანტი - ჩატარდეს რეფერენდუმი და რუსეთმა მაშინვე მიიერთოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი,­ რასაც ჩვენთან გამოსვლები მოჰყვება, ჩამოაქცევენ "ოცნებას",­ რუსეთი დაკარგავს­ მთელ საქართველოს და ხელში შერჩება მხოლოდ ე.წ. სამხრეთ ოსეთი, რაც ისედაც აქვს. აი, ყირიმს ვერ აკონტროლებდა, ამიტომაც სჭირდებოდა სასწრაფოდ მისი ანექსია, ლუგანსკისა და დონეცკის საკითხი კი ჰაერში გამოკიდა და უკრაინასთან დაიწყო ვაჭრობა. ზელენსკი არ აღმოჩნდა ის ადამიანი, რომელიც მას აწყობდა, ამიტომ მერე ეს რეგიონები აღიარა და ჯარიც შეიყვანა.

რუსეთს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ჩვენთან სავაჭროდ სჭირდება­ - როცა უნდა, მაშინ წაიღებს უკან მის აღიარებას, ანექსირების შედეგი კი უკვე კონსტიტუციის ნაწილი იქნება. ამასთან, თუ რუსეთის რეგიონი იქნება, მეტი ფული უნდა დახარჯოს, რადგან იკითხავენ, თუ ჩეჩნეთს ეხმარები, მე რატომ არ მეხმარებიო, დღეს კი ამას ვერ იტყვის, რადგან რუსეთი შეახსენებს, შენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ხარ და ხელი გაანძრიეო... ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მართვა უფრო იოლია,­ თანაც ის რჩება საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის საშუალებად. ახლა მთელი მსოფლიოსთვის ნათელი ხდება, რომ რუსეთის აგრესია მიმართულია არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოს წინააღმდეგაც. თუ რუსეთი ამ რეგიონის ანექსიას მოახდენს, მოხვდება მსოფლიოს დღის წესრიგში, რეზოლუციებში... რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციები გამკაცრდება და მას მოსთხოვენ, უარი თქვას ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ისევე, როგორც ყირიმის ანექსიაზე. ანუ ჩვენ გავხდებით მსოფლიოს დღის წესრიგის ნაწილი. მსოფლიო მიხვდა, რომ საჭიროა რუსეთის დამარცხება და სწორედ აქეთ მიდიან, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია კი მათთვის დამატებითი არგუმენტი­ იქნება. ასე რომ, ახლა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ანექსია მე რუსეთისთვის უფრო საზიანო მგონია, თუმცა მათთვის ხელსაყრელი იქნება, თუ ამ საკითხს ჰაერში გამოკიდებენ. რუსეთს ცხინვალი ისე არ სჭირდება, როგორც უკრაინა. ცხინვალის მიერთებით საქართველოს მთლიანად კარგავს, დღეს კი, უხეშად რომ ვთქვათ, მთელი საქართველო მისია, ან - პოტენციურად მისი. პუტინი როგორც კი ე.წ. სამხრეთ ოსეთს წაგვართმევს, საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება. რომ არ შეიცვალოს, რა პირით დაელაპარაკება "ოცნება" ქართველ ხალხს, რისთვის იყო ასეთი ფრთხილი, რა მიიღო ამ სიფრთხილის შედეგად?! ამიტომ "ოცნებასაც" მოუწევს, გახდეს უფრო მკაცრი.

- რეალურია, იგივე მოხდეს აფხაზეთში?­ კი თქვეს აფხაზებმა, ჩვენ შეერთება არ გვინდაო, მაგრამ პუტინმა თუ მოინდომა, არც შეეკითხება აფხაზებს. ასეთ შემთხვევაში იქნება შანსი, რომ აფხაზებმა ჩვენსკენ გამოიხედონ?

- რა უნდა დაინახონ საქართველოში?­ თუ არაფერი შევთავაზეთ, აქეთ არც გამოიხედავენ. რუსეთს აფხაზეთთან სხვა პოლიტიკა ექნება: დაიწყება ლაპარაკი მიწის საკუთრებაზე, დაიწყებს აფხაზეთის ეკონომიკურ მოგუდვას, აიძულებს, გაყიდონ მიწა, უძრავი ქონება და ა.შ. ყველამ კარგად იცის, რომ აფხაზეთი ყოველთვის წინააღმდეგი იყო, დაეთმო თუნდაც ის ფორმალური დამოუკიდებლობა, რომელიც ახლა აქვს, რუსეთი კი ამაში მიყვება და არ აღიზიანებს. რუსეთის მთავარი ამოცანაა, მსოფლიოს შეუქმნას განცდა,­ რომ აფხაზები და ოსები რუსეთის იმედად არიან, უყვართ ის და როგორც კი რუსეთი შეუტევს მათ და მოინდომებს, დამოუკიდებლობა წაარ­თვას, აფხაზები ხმაურს დაიწყებენ. მაგრამ საქართველოსკენ არ გამოიხედავენ, თუ არ შევუქმენით პირობები და არ დავარწმუნეთ, რომ თუ გაუჭირდათ, დავეხმარებით, მაგრამ ასეთი იმპულსები ჩვენგან არ მიდის.

- დღეს როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა?

- "ოცნება" მოიქცევა ისე, როგორც თქვა ზალკალიანმა, ანუ ვნახოთ, რა მოხდება, ჩვენ არ გვეშინია რეფერენდუმის, რადგან­ ეს არის უკანონობა, მერე კი ვიმოქმედოთო. ჩემი აზრით, ბიბილოვის მხრიდან ენის დასველებაც კი, ჩვენ ჩავატარებთ რეფერენდუმსო, საკმარისია, რომ საქართველომ რუსეთს უთხრას: უკაცრავად, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რომ შენი გაღიზიანება არ გამოვიწვიო, ოპოზიცია მიტევს­, საზოგადოებაში არაპოპულარული­ ვარ, ყველა მაკრიტიკებს, მე კი, მიუხედავად ამისა, პრინციპულად მიმაჩნია შენთან კარგი ურთიერთობა და შენ რას მიშვრები? რასა ჰგავს ბიბილოვის ქცევა?! ეს არის ის, რისთვისაც მოგწონდი? კარასინმა რომ თქვა, კარგად იქცევიან ქართველებიო, ეს არის ამაზე პასუხი? არ შეგიძლია, შენი მარიონეტი ბიბილოვი გააჩერო? ამიტომ მე აღარ მჯერა რუსეთთან ფრთხილი პოლიტიკის და გადავდივარ ნათელ მხარეს, ვუერთდები დასავლეთის სანქციებს და მოვითხოვ დასავლეთისგან, არათუ არ დაუშვას რეფერენდუმი, მკაცრად დასაჯოს რუსეთი - გაუმკაცროს სანქციები და არ მოუხსნას მანამ, ვიდრე არ გაიყვანს ჯარებს საქართველოს ტერიტორიიდან იმ პირობებით, რაც აიღო 2008 წლის 12 აგვისტოსო.

უკრაინისა და საქართველოს მიმართ უნდა იყოს თანაბარი პირობები. რუსეთმა უნდა შეასრულოს საქართველოსთან დადებული პირობა, ისევე, როგორც უნდა შეასრულოს უკრაინასთან შეთანხმების პირობები! - აი, ამას უნდა ამბობდეს "ოცნება".

ბიბილოვმა კარგად აუგდო "ტოპკა" - ანუ კარგი შანსი მისცა "ოცნებას", ახლა მაინც მოიწმინდოს სინდისი, მაგრამ ის ამას არ გააკეთებს... რუსეთს უნდა, საქართველო როგორმე მოტეხოს, რომ ის არ ჩანდეს. წარმოაჩინოს, თითქოს ეს მხოლოდ რუსეთ-უკრაინის პრობლემებია, იქ ნაცისტები­ არიან და დენაციფიკაცია განახორციელა. ჩვენთან ეს არ უქნია, კოსოვოს აღიარების ჯიბრით იმოქმედა და არც ნატოზე ამოუღია ხმა. რუსეთი ამბობს, საქართველოსთან პრობლემები ოდესღაც მქონდა, მაგრამ ახლა მოგვარებულია, ნახეთ, ქართველები როგორ ჩუმად არიანო. თუ ჩვენ ავხმაურდებით, გავაძლიერებთ უკრანასაც და დასავლეთსაც. უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ჩვენივე მხარდაჭერა. თუ ჩვენს თავს არ დავეხმარეთ, არც დასავლეთი დაგვეხმარება და არც არავინ, ამიტომ საჭიროა გამოვიდეთ რუსული ნარატივიდან, რომ ყველაფერი კარგად არის. არ არის ყველაფერი კარგად. ყველაფერი ცუდად არის და რუსეთმა თავის ნაბიჯებზე პასუხი უნდა აგოს.