"დღეს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი აპირებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, არ არსებობს“ - კვირის პალიტრა

"დღეს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი აპირებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, არ არსებობს“

"უკრაინა რასაც ითხოვს, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და არავითარ შემთხვევაში ნეიტრალიტეტის სატყუარაზე დათანხმებას, რაზეც მისი წამოგება სურდა რუსეთს“

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხების დოქტორი თენგიზ­ ფხალაძე უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პროცესს აფასებს და ამბობს, რომ "უკრაინა დღეს ქმნის საერთაშორისო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურას".

- რუსეთის ულტიმატუმებს უკრაინა,­ ბუნებრივია, არ დაეთანხმა. მხარეების პოზიციები­ ერთმანეთისგან ძირეულად განსხვავდება, თუმცა რუსეთის რიტორიკა შედარებით შერბილდა, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. რეალურად საკითხი წყდება არა მოლაპარაკების მაგიდასთან, არამედ საომარ­ ველზე. რუსეთის პოზიციის ტრანსფორმაცია დამოკიდებულია მხოლოდ მის სამხედრო მარცხზე. რუსეთს ამოსუნთქვა სჭირდება, რათა მოახერხოს სამხედრო ძალების გადაჯგუფება­ და ამისთვის შესაძლოა მანევრირებას მიმართოს მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი მაქვს, უკრაინა გაითვალისწინებს თავის და საქართველოს გამოცდილებას, მათ შორის ბუდაპეშტის მემორანდუმის დარღვევასაც და არ დათანხმდება რუსეთის შეთავაზებებს.

- ბოლო დღეებში უკრაინა აქტიურად იბრუნებს ტერიტორიებს. ეს სამხედრო წარმატება­ ვერ ჩაითვლება საკმარისად, რომ რუსეთმა მოლაპარაკებაშიც უკან დაიხიოს?

- კი, იბრუნებს, მაგრამ რუსეთიც ხედავს ამას და ამიტომ ახლა მოლაპარაკებით­ დროის გაყვანას შეეცდება, რათა გადაჯგუფება მოახერხოს. რუსეთისთვის რესურსები რთულად მოსაძებნია, მათ შორის სანქციების გამოც და ამიტომ გამოაცხადა, თითქოს კიევის აღება გადაიფიქრა, რეალურად კი ეს იძულებითი ნათქვამი იყო. ის ახლა კონცენტრირებას დონბასზე მოახდენს. დღეს არანაირი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი აპირებს საომარი მოქმედებების შეწყვეტას, არ არსებობს. პირიქით, ცდილობს დრო მოიგოს ახალი შეტევებისთვის.

- სტამბოლში შეხვედრაზე უკრაინას სამი მთავარი შეთავაზება ჰქონდა. განსაკუთრებით საინტერესოა პირველი, რომელიც ეხება უსაფრთხოების გარანტიებს. ის, რომ კონკრეტულმა სახელმწიფოებმა აიღონ უკრაინის უსაფრთხოების დაცვა, ჩაანაცვლებს ნატოს?

- რუსული პროპაგანდა ცდილობს­ ეს საკითხი ისე წარმოაჩინოს, თითქოს უკრაინა ხელს აწერს ნეიტრალიტეტს, მაგრამ ეს სხვა რამაა. უკრაინა ამბობს, თუ დღეს ვერ ახერხებთ ნატოში ჩემს მიღებას, მაშინ დღესვე მომეცით გარანტიები. ასეთი რამ შეიძლება იყოს ორმხრივი ხელშეკრულებები, რომლებშიც გაიწერება, თუ რა უნდა გაკეთდეს უკრაინის უსაფრთხოებისთვის. რეალურად ეს არის ნატოს წესდების მეხუთე პუნქტის ეკვივალენტი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ მუხლის ამოქმედებას­ თუ სჭირდება ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა, ამ შემთხვევაში ეს გაფორმდება ორმხრივ ფორმატში. ცხადია, რომ ეს რთულია, დღეს იმ სახელმწიფოებიდან, რომლებიც შეიძლება რუსეთის სამიზნედ მოიაზრებოდნენ, ამ გარანტიით არავინ სარგებლობს.­ რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა, ძნელი სათქმელია, მაგრამ უკრაინა რასაც ითხოვს, მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და არავითარ შემთხვევაში ნეიტრალიტეტის სატყუარაზე დათანხმებას, რაზეც მისი წამოგება სურდა რუსეთს.

- ორმხრივი ხელშეკრულების მონაწილეებად რამდენიმე ქვეყანა დასახელდა. არსებობს მოსაზრება, რომ რუსეთის შემაჩერებელი მხოლოდ­ ამერიკაა. თუკი აშშ გარანტორი არ იქნება, უმისოდ შესაძლებელია უკრაინის უსაფრთხოების დაცვა?

- საუბარია ისეთ ქვეყნებზე, რომელთაც საამისო რესურსი აქვთ და უპირველესად ეს სწორედ ამერიკაა. ეს შეიძლება იყოს ბრიტანეთიც. ეს არ არის ის, რაზეც ოცნებობდა რუსეთი, მეტიც, შესაძლოა ეს მისთვის უარესიც კი აღმოჩნდეს. იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა ამას მიაღწევს, ის მხოლოდ გაძლიერებული­ გამოვა, თუ ვერ მიაღწევს, უნდა მიიღოს სხვა გარანტიები და ნატოს გარდა, ასეთი სხვა არაფერია. ზელენსკიმ ამერიკის კონგრესში მიმართვისას ილაპარაკა ე.წ. "უკრაინა 24-ის" იდეაზე,­ ანუ საფრთხის შემთხვევაში უკრაინამ 24 საათში უნდა მიიღოს დახმარება. ერთი რამ არის მთავარი - უსაფრთხოების არქიტექტურა ხელახლა უნდა შეიქმნას, მას ქმნის უკრაინა და ცხადია, მასთან ერთად დასავლეთიც. დღეს ნატოს წევრი ქვეყნები უპრეცედენტო სამხედრო დახმარებას უწევენ არაწევრ­ ქვეყანას. იმავდროულად, რუსეთს ისეთი უპრეცედენტოდ მასშტაბური სანქციები დაუწესეს, რაც არასოდეს არც ერთი ქვეყნისთვის არ დაუწესებიათ. ეს ყველაფერი ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს. შესაბამისად, საბოლოო შედეგი დამოკიდებულია ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატებასა და დასავლეთის მზარდ დახმარებაზე. გარდა ამისა, უფრო გაძლიერდება ზეწოლა რუსეთზე. ამიტომ მოლაპარაკებაში გარდატეხა მოსალოდნელია მაშინ, როცა პუტინი დაინახავს, რომ სხვა გამოსავალი არა აქვს და იძულებული­ იქნება ხელი მოაწეროს იმას, რაც ძალიან არ სურს.

- რა შანსია, რომ პუტინმა ხელი მოაწეროს და მერე შეასრულოს?

- პუტინი რასაც დღეს ხელს მოაწერს, აუცილებლად დაარღვევს, მაგრამ ზეწოლის შედეგად ბევრი რამ შეიცვლება რუსეთსა და მის ლიდერშიფშიც. ცხადია, რომ გარანტიებიც უნდა იყოს ძალიან მყარი. ვფიქრობ, დასავლეთმაც დაშვებული შეცდომებიდან ბევრი რამ ისწავლა და რუსეთის მხოლოდ სიტყვას აღარ დაუჯერებს.

- ცხინვალში­ დაიწყეს რუსეთთან მიერთებაზე ლაპარაკი. არსებობს შანსი, რომ უსაფრთხოების გარანტია ჩვენც მოვითხოვოთ?

- უკრაინამდე რუსეთმა არაერთხელ ჩაიდინა და დღესაც სჩადის უკანონობას, რისთვისაც ჯერ პასუხი არ უგია. ამიტომ ეს არის ის საკითხი, რომელიც მუდმივად უნდა დავაყენოთ დღის წესრიგში. რაც შეეხება ფორმატს, თუ აშშ იტყვის, საქართველოზე თავდასხმა აღიქმება ამერიკაზე თავდასხმადო და მიიღებს ყველა ზომას საქართველოს დასაცავად, შესანიშნავი იქნება.

რუსა მაჩაიძე