ოკუპაციიდან ანექსიამდე?! - კვირის პალიტრა

ოკუპაციიდან ანექსიამდე?!

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტი" ანატოლი ბიბილოვი 10 აპრილის "საპრეზ­იდენტო არჩევნებამდე" მოსახლეობას რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ჰპირდება. მსგავსი განცხადებები ცხინვალის "ლიდერს" არაერთხელ გაუკეთებია. "ოსი ხალხის მთავარი ისტორიული და სტრატეგიული მიზანი რუსეთის ფედერაციაში­ ორი ოსი ხალხის გაერთიანებაა. ამის შესაძლებლობა 2014 წელს გვქონდა, როდესაც მშობლიურ სავანეს ყირიმი დაუბ­რუნდა. მაშინ შანსი ხელიდან გავუშვით, თუმცა ახლა ამას არ დავუშვებთ - რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი დაუბრუნდება ისტორიულ სამშობლოს - რუსეთს", - ნათქვამია ბიბილოვის განცხადებაში.

ბიბილოვის განცხადებას მოსახლეობაში­ აზრთა სხვადა­სხვაობა მოჰყვა. ნაწილის თქმით, ეს ისედაც გარდაუვალი იყო, "სხვა საკითხია, რას მოუტანს ჩვენს რესპუბლიკას რუსეთთან შეერთება და რას ვეტყვით შთამომავლობას, ამისთვის ვიბრძოლეთ 90-იან და შემდეგ 2008 წელს?! ან თუ აღიარა­ რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა, როგორ უნდა მიგვიერთოს, რა პირობებით? ეს იმისთვის გვჭირდება, რომ უკრაინის ომში ჩვენი გამოუცდელი ბიჭების გაგზავნა ლეგიტიმური იყოს? ამბობენ, ზოგი უკან დაბრუნდაო. იმედია, ჩვენი ახალგაზრდები არ აჰყვებიან ომში ჩახოცვის უაზრო მოწოდებას", - წერს ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტი ნური ჩოჩიევა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის აზრით, ბიბილოვის განცხადება სერიოზულად აღსაქმელი არ არის: "გთხოვთ, გაატარეთ ბიბილოვის განცხადება რეფერენდუმთან დაკავშირებით. ამაზე ბოლო 5 წელში ერთხელ, ანუ არჩევნების პერიოდში იწყებს ლაპარაკს, შემდეგ კი, "ამღიარებელ ქვეყნებს" ეძებს... ჩვენს რაიონში ბიბილოვის მორიგ ინიციატივას იუმორით შეხვდნენ, რადგან ეს მისი პიარსვლაა".

ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა არ აპირებს რუსეთის შემადგენლობაში გაწევრებას, მიუხედავად იმისა, რომ მას "მშობლიურ და ახლობელ სახელმწიფოდ"­ აღიქვამს. ე.წ. პარლამენტის სპიკერ ვალერი კვარჩიას თქმით, - "ოსებისგან განსხვავებით, ეს მათი სტრატეგიული მიზანი არ არის". თუმცა აფხაზი მოსახლეობის ნაწილის თქმით, საქმე ასე მარტივად არ არის, რადგან ბჟანია აქტიურად ლაპარაკობს სამხედრო დახმარებაზე.

რუსული პროპაგანდისტული მედია ღუსსია თოდაყ-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი თავის ტელეგრამარხზე წერს, რომ აფხაზეთში ჩავიდა, ასლან ბჟანიას შეხვდა და მედიაცენტრი გახსნა. ის მადლიერია, რომ აფხაზები ახლა რუსეთთან ერთად იბრძვიან და სამარცხვინოდ მიიჩნევს აფხაზეთის საბაჟო-გამშვები პუნქტის არსებობას, რაც მილიონობით რუსეთის მოქალაქის ღირსებას შეურაცხყოფს...

"აფხაზეთს სრულიად სხვა გზა აქვს არჩეული და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ განვიხილავთ, შესაბამისად, ამაზე არც უნდა იყოს საუბარი. თუ ხელისუფლება ამ თემის განხილვას დაიწყებს, თუნდაც თეორიულ დონეზე და ამ საკითხის ლობირებას შეუდგება, ამას ქვეყნის მმართველობის შეცვლა მოჰყვება. აფხაზი ხალხის ერთადერთი სურვილია სუვერენიტეტი. ყველას, ვინც ამაზე ოცნებობს, შეუძლია ქვეყანა დატოვოს", - წერს აფხაზი ბლოგერი ანრი ნაჭყებია, რაზეც თანამემამულე ლუდმილა მიქაია პასუხობს, რომ ახლო მომავალში ეს საკითხი არ დგას, თუმცა "თუ რუსეთს აფხაზეთის მიერთება დასჭირდება, ამას უპრობლემოდ გააკეთებს, რადგან ყველაფერი ისე სწრაფად მოხდება, გაცნობიერებასაც ვერ მოვასწრებთ".

"როდესაც ომი იყო, სომეხმა ხალხმა­ ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის სისხლი დაღვარა, რადგან სხვაგვარად არ შეგვ­ეძლო, ახლა კი არავინ არაფერს გვეკითხება, თითქოს ამ ქვეყნის უმცირესობა­ ვიყოთ, სინამდვილეში კი უმრავლესობაში ვართ. ჩვენ აფხაზეთში თქვენზე ადრეც ვცხოვრობდით, ამ ქვეყნის ყველა განსაცდელი საკუთარი მხრებით ვატარეთ და თავს ვაძლევთ უფლებას აზრი გამოვთქვათ - აფხაზეთი უნდა შეუერთდეს რუსეთს, რათა გადავრჩეთ. ჩვენი არჩევანია რუსეთთან შეერთება და ამ მოთხოვნას დავაყენებთ", - წერს სოციალურ ქსელში დიანა მკოიანი.

კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის­ აზრით, ამ სიტუაციაში ქართულმა მხარემ უნდა იაქტიუროს: - ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების საკითხი, იმავდროულად კი რეფერენდუმის ჩატარება აბსურდია, რადგან თუ დამოუკიდებელია და ეს არის მისი მიზანი, მაშინ რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებული რეფერენდუმის ჩატარება რა საჭიროა?! წლებია ამაზე საუბრობს ბიბილოვი და მან ამ ინიციატივით ორი "არჩევნების" მოგებაც მოახერხა. პირველად "პარლამენტში" უმრავლესობით შევიდა, მეორედ "საპრეზიდენტო" არჩევნები მოიგო - ხელისუფლებაში ამ სლოგანით მოვიდა. საერთაშორისო კონტექსტი გასაგებია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "არჩევნებია" დაგეგმილი... სხვა მხრივ, ამ ფონზე, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ვგულისხმობ, რამდენად რეალურია რუსეთმა ცხინვალის რეგიონი მიიერთოს, ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია, ამის გასაკეთებლად რუსეთის მხრიდან ყველანაირი სამზადისი ჩატარებულია - ვგულისხმობ რუსულ პასპორტებს, ბაზას... ფინანსურად, ეკონომიკურად თუ სხვა მხრივ რეგიონი მთლიანად რუსეთზეა მიბმული (წლის განმავლობაში 100 მილიონ რუბლამდე იღებენ) და რაც მთავარია, საზოგადოებრივი აზრიც იმისკენ იხრება, რომ რუსეთის ნაწილი გახდნენ. ანუ ტექნიკურად ამის გაკეთება მარტივად შეიძლება. რეგიონის მოსახლეობის წინააღმდეგობას არ წააწყდებიან, მაგრამ საინტერესოა, რუსეთს სჭირდება თუ არა ეს. ამ საკითხს რაციონალურად ვერ შევაფასებთ, ვინაიდან რუსეთი ბოლო ხანებში ლოგიკური ნაბიჯებით არ გამოირჩევა. ამიტომ არც ცხინვალის რეგიონის ანექსია გაგვიკვირდება... ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთთან უკრაინის ომამდე და ახლაც ძალზე თავშეკავებულია. თუმცა რუსეთი, როგორც ჩანს, ამას დიდად არ უფასებს. შესაბამისად, ხელისუფლების სათავეში ვინც უნდა იყოს, მაინც მოუწევს გადახედოს მათ პოლიტიკას, რადგან გაუგებარია, რაზეა დაფუძნებული ურთიერთობის­ ნორმალიზება, ახლა კი არა, გრძელვადიან პერსპექტივაში.­ ახლა "ქართული ოცნების" პოლიტიკა ასე იკითხება:­ მცოცავი ოკუპაცია, ბორდერიზაცია­ და ადამიანის გატაცება კი ხდება, მაგრამ მთლიანობაში მაინც მშვიდობაა, სტატუს კვოც ფორმალურად არ შეცვლილა და, ბოლოს და ბოლოს, ომიც არ არისო. თავის მხრივ, რუსეთი რეგიონის ანექსიას არ ახდენდა იმიტომ, რომ მას საქართველოზე ზეწოლისთვის იყენებდა, ხან მავთულხლართებს ზევით-ქვევით დაათრევდნენ, ხან პრორუსული ჯგუფები რამე "პოზიტიურს" გააჟღერებდნენ. თუმცა ცხინვალის რეგიონის რუსეთისთვის მიერთებით ზეწოლის ეს ინსტრუმენტიც ქრება. ეს იქნება კიდევ ერთი გაკვეთილი, რომ რუსეთთან როგორც უნდა მოიქცე, მას მიზეზი არ სჭირდება აგრესიისთვის. მე მაინც მეჩვენება, რომ ეს ბიბილოვის წინასაარჩევნო პიარია, რასაც შესაძლოა სიმბოლური გამოხმაურება რუსეთიდანაც მოჰყვეს - ე.წ. ოსი პოლიტელიტის ნაწილს ცოტაოდენ ფულს გადაუგდებს­ და ამით დაასრულებს. სხვა მხრივ, პასუხისმგებლობის გარდა, ეს არაფერს მოუტანთ, რადგან მიერთების შემთხვევაში იგივე მიდგომები უნდა გავრცელდეს, რაც ფედერაციის მიმართ. თუმცა რაციონალური შეფასებით, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია.

- აფხაზურმა მხარემ განაცხადა, რომ არ აპირებენ რუსეთთან მიერთებას...

- დიახ, ვალერი ვარჩიამ განაცხადა ამის შესახებ და სოციალურ ქსელში რამდენიმე აფხაზმაც დაწერა, რომ ისინი არ აპირებენ რუსეთთან მიერთებას. ასეთი შინაარსის გზავნილები ადასტურებს, რომ აფხაზებთან მეტი უნდა ვიმუშაოთ. ხალხის განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. აფხაზეთის ანექსია, სადაც რუსეთი არ სურთ, ქართველი საზოგადოებისთვის­ გზავნილია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთან ცხოვრება უნდათ. რეგიონში უკვე რთული ეკონომიკური ვითარებაა და უფრო გართულდება. სანქციები უკვე შეეხო ფრენებს, რუსული პასპორტების გამოყენებას, შემცირებულ ფულად დახმარებას და სხვ... ანუ ოსებისგან განსხვავებით, აფხაზები აქეთ-იქით იყურებიან. ამ სიტუაციას კი გამოყენება უნდა, რადგან მათ რუსეთის დანაკლისის შევსება მოუნდებათ და შეიძლება გარკვეული შეთავაზებები გავუკეთოთ, ეკონომიკური, სოციალური, განათლების მიღების კუთხით, ოღონდ ეს ცალმხრივი არ უნდა იყოს. ჩვენც უნდა მოვითხოვოთ გალში ადამიანის უფლებების დაცვა, სკოლებში ქართული ენის დაბრუნება და ასე შემდეგ. საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო სექტორთან ერთად უნდა მუშაობდეს. ბოლოდროინდელი განცხადებები საკმაოდ კარგი იყო, კონფლიქტების მოგვარებას საომარი გზით არ ვაპირებთო, მაგრამ ახლა ის დროა, როცა ლოზუნგებს უნდა გავცდეთ. თუმცა არა მაქვს იმედი, რომ ჩვენი მთავრობა გააქტიურდება, რადგან ყველა სხვა მიმართულებით პასიურობს.