„ჩვენთვის მთავარია, გამოუვალ სიტუაციაში რუსეთს ასიმეტრიული ომი შევთავაზოთ, როგორიც უკრაინამ შესთავაზა“ - კვირის პალიტრა

„ჩვენთვის მთავარია, გამოუვალ სიტუაციაში რუსეთს ასიმეტრიული ომი შევთავაზოთ, როგორიც უკრაინამ შესთავაზა“

"დღეს საქართველოდან რუსეთს საფ­რთხე არ ემუქრება, რადგან თავისი­ სამხრეთის ჭიშკარი 2008 წლის ომის შედეგად კარგად აქვს ჩარაზული. ის, რაც დღეს მას უკრაინაში სურს, საქართველოში კარგა ხნის წინ გააკეთა. ამიტომ არა მგონია, ახლა ჩვენს ქვეყანას სამხედრო საფრთხე ემუქრებოდეს" - ამბობს ლაშა ქოიავა - თადარიგის­ ვიცე-პოლკოვნიკი, სამხედრო ქირურგი (გამოცდილება: 1992 წლის მაისი-ივნისის საომარი მოქმედებები სამაჩაბლოში; 1992-93 წწ. - აფხაზეთში ეროვნული გვარდიის პირველი ბრიგადის სამედიცინო სამსახურის­ უფროსი; 1997-98 წწ. - აფხაზეთში პარტიზანული მოძრაობის წევრი; 2004 წ. - ცხინვალის ოპერაციის; 2007-2008 წწ. - თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების­ ცალკეული სამედიცინო ბატალიონის (საველე ჰოსპიტალი) უფროსი; 2010 წელს ავღანეთის პროვინცია გჰორის სამედიცინო დაგეგმარების ხელმძღვანელი; საქართველოს სახმელეთო ჯარების სამედიცინო უზრუნველყოფის დოქტრინის ერთ-ერთი ავტორი; დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენითა და მედლით მხედრული მამაცობისთვის).

- თვეზე მეტია, უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. რაც უფრო ხანგრძ­ლივი ხდება ომი, მით უფრო ხშირად გვესმის­ კითხვა: რა ბედი ელით იმ ქვეყნებს, რომლ­ებიც დიდი ხნის წინ აღმოჩნდნენ ასეთივე მდგომარეობაში? მოლდოვასა და საქართველოს­ ვგულისხმობ. თქვენ რუსეთთან ბრძოლის 30-წლიანი გამოცდილება გაქვთ და. როგორ ფიქრობთ, რეალურია, ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდეს სამხედრო საფრთხის წინაშე, რაზეა ეს დამოკიდებული და თუ მაინც არსებობს საფრთხე, რა უნდა გავითვალისწინოთ ძველი გაკვეთილებიდან?

- მსოფლიო რუსეთისგან მომავალ საფრთხეს მხოლოდ ბოლო პერიოდში არ გრძნობს. ნატო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე სწორედ რუსეთისგან თავდასაცავად შეიქმნა. ჩვენ, საბჭოეთში მცხოვრებ ხალხებს, რაც უნდა თავი მოგვეტყუებინა საბჭოთა კავშირის ძახილით, ცივილიზებულ სამყაროს ის მაინც რუსეთად მიაჩნდა, რადგან ეს მართლაც რუსეთის საბჭოთა იმპერია იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მსოფლიოს მხოლოდ ერთი რამის ეშინოდა - რომ საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე შეიქმნებოდა რამდენიმე ბირთვული სახელმწიფო და ეს შიში საფუძველს მოკლებული არ იყო თუნდაც უკრაინის გამო, სადაც ორი უზარმაზარი ბირთვული დივიზია იდგა (ამიტომაც არის პუტინისთვის უკრაინის ბურთვული პოტენციალი მტკივნეული თემა). ბირთვული­ ნაწილები იდგნენ ბელორუსიასა და ყაზახეთშიც და იმის გამო, რომ ყველა ამ სახელმწიფოსთან საჭირო იქნებოდა ურთიერთობების დამყარება-მოწესრიგება, საბჭოთა კავშირის დაშლა მსოფლიოს ერთი მხრივ შეიძლება­ არც აწყობდა, თუმცა დემოკრატიულმა პროცესებმა მაშინ თავისი­ გაიტანა. ისიც გვახსოვს, ერთი პერიოდი როგორ დათბა ურთიერთობა, რუსეთში გაჩნდა უცხოური კაპიტალი, სამყარომ დემოკრატიულ რუსეთთან თანამშრომლობა დაიწყო, თუმცა ამ დროს გამოჩნდა პუტინი, ერთი შეხედვით,­ ადამიანი არსაიდან, ოღონდ - მსოფლიოში დომინანტობის ამბიციით, რომელმაც ერთ დღეს ძალიან ხმამაღლა განაცხადა, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო. ამით მან ქარაგმების გარეშე მიანიშნა ყველას, რომ რუსეთის საბჭოთა იმპერიის ძველი მასშტაბით აღდგენას აპირებდა. შეიძლება რაღაც ახალი ფორმა მოეძებნა, თუმცა მაშინვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსეთის იმპერიის გაძლიერება მხოლოდ მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე მოხდებოდა და ეს მხოლოდ დროის საკითხი იყო. რა თქმა უნდა, ეს განგაშის სიგნალი იყო და დღის წესრიგში კვლავ დადგა რუსეთის შეჩერების საკითხი, მათ შორის, სამხედრო გზითაც, თუმცა ეს არ არის იოლი, რადგან ერთადერთი შანსი, შეაჩერო რუსეთი, ახლაც და მომავალშიც იქნება მასთან ომი ერთდროულად რამდენიმე მხრიდან.

- უკრაინულმა მხარემ­ ამისკენ არაერთხელ მოგვიწოდა საქართველოსა და მოლდოვას...

- ცივილური სამყარო რომ დაიძრას და ევროპული ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე შევიდნენ, რუსეთს შეუძლია წყნარ ოკეანემდე დაიხიოს უკან - ამის საშუალებას მას ტერიტორია აძლევს. ამხელა მანძილზე შემოსული ევროპული ჯარები ინფრასტრუქტურას ვერ გაშლიან. შენს ჯარისკაცს ხომ უნდა აჭამო მაინც, აღარაფერს ვამბობ ლოჯისტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე და თუ რუსეთი ამას პარტიზანულ მოძრაობასაც­ დაურთავს, მისი დამარცხება, ფაქტობრივად, გამორიცხულია...

მნიშვნელოვანია, რომ ჯერ კიდევ ოტო ბისმარკის დროს გერმანელებმა შეისწავლეს ნაპოლეონის კამპანია რუსეთში და მოგვიანებით სწორედ მისი შეცდომების­ გათვალისწინებით დაიწერა ფაშიზმის­ გეგმა "ბარბაროსა", რომლის თანახმად, გერმანული­ ჯარები რუსეთს ევროპიდან შეუტევდნენ, იაპონია ჩინეთის საზღვრიდან შემოვიდოდა,­ ხოლო გადამწყვეტი დარტყმა უნდა მიეყენებინა თურქეთს, რომელიც კავკასიის გავლით კასპიის ზღვიდან ურალში უნდა მოხვედრილიყო, რაც, ფაქტობრივად, რუსეთის შუაზე გახლეჩას ნიშნავდა - დასავლეთ ნაწილში არის ქარხნები,­ აღმოსავლეთში კი ნედლეული და რუსეთს ომის გაგრძელება გაუჭირდებოდა. მართალია, ამ გეგმამ სხვადასხვა მიზეზის გამო კრახი განიცადა, მაგრამ ის სამხედრო წრეებში მაინც გეგმად რჩება და რუსებმა კარგად იციან კავკასიის როლი ამ გეგმაში. სწორედ ამიტომ აკეთებენ აქცენტს საქართველოზე.

- თურქეთის გამო?

- არა, რა თქმა უნდა. თურქეთი მაშინ მოიაზრებოდა, ახლა კი კავკასიაში ნებისმიერი ქვეყნის ჯარები შეიძლება შემოვიდნენ. ჩვენ ვართ რუსეთის სამ­ხრეთის ჭიშკარი, რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის,­ ვიდრე მოსაზღვრე ყაზახეთი, რადგან საჭიროების შემთხვევაში იქ სასანგრე, ანუ ფრონტალური ომი ექნება, რისთვისაც რუსეთი ყოველთვის მზად არის და ასე ბრძოლაც შეუძლია.

საქართველოსთვის კავკასიის ქედი ბუნებრივად შექმნილი საფორტიფიკაციო ნაგებობაა, ამიტომ რუსეთს მთაში მოუწევს ომი, რისიც 2008-შიც ეშინოდა. რუსულ სამხედრო წრეებში სერიოზული პანიკა იყო, ჩვენ ომი არ დაგვეწყო კავკასიის ქედზე, რადგან თუ ჩვენ ქედზე ასვლას მოვახერხებდით, ის ვეღარ შემოვიდოდა.

- მაგრამ რატომ უნდა იომოს მთაში, როცა შეუძლია ველზე იომოს როკის გვირაბიდან შემოსულმა?

- როკის გვირაბიდან ლამის თამარაშენამდე გზა მოდის ვიწრო ხეობაში. აქ ჯარი ვერ გაიშლება, ამიტომ საარტილერიო ცეცხლის პირობებში მათი სრულად განადგურება შეიძლება...

- ანუ იმის თქმა გინდათ, რომ მთაში ომი რუსეთის ძლიერი მხარე არ არის? ჩვენი?

- როგორ გითხრათ... საქართველოს 70% მთაა: კავკასიონი, მცირე კავკასიონი, ლიხის ქედი, თრიალეთის ქედი... დაბლობი­ გვაქვს მხოლოდ კოლხეთის და ისიც ჭაობია. გვაქვს რამდენიმე ველი - შიდა და ქვემო ქართლსა და კახეთში, დანარჩენი, ძირითადად, ხეობები და ფერდობები. მთავარი ის არის, რომ ჯარი მთაში არ იშლ­ება. რუსეთი აქ ფრონტალური ომის ტაქტიკას ვერ გამოიყენებს. ამიტომ იყო, რომ ამერიკელები სამხედრო პროგრამებით კომანდოსის პრინციპით მებრძოლ დანაყოფებს გვიმზადებდნენ. ეს არის სპეციალური მომზადების მსუბუქი ქვეითი ნაწილები, რომლებსაც პარტიზანული ომის, მთაში ომისა და დივერსიებისთვის წვრთნიან.

მომავალში, გლობალური­ ომის პირობებში, თუ საქარ­თველოს გამოიყენებენ ლოჯისტიკურ დამხმარე ქვეყნად, გზა უნდა ჩაიკეტოს, რათა რუსეთის ქვეითმა ჯარმა შემოსვლა ვერ შეძლოს. საჰაერო სივრცის ჩაკეტვა პეტ­რიოტებითაც შეიძლება, აღარაფერს ვამბობ რკინის გუმბათზე, რომელიც ისრაელს აქვს, მაგრამ აქ ჩნდება ერთი კითხვა: როგორი პარტნიორი ხარ შენ?

- რას გულისხმობთ?

- ქართველებმა რამდენჯერმე ვაჩვენეთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ არასაიმედოები ვართ. ალბათ, გეხსომებათ, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემ­დეგ, 1992 წელს, ჩვენთან ჩამოვიდა CIA-ს (აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო­ სამმარ­თველოს) აგენტი ფრედ რასელ ვუდროფი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის აწყობაში უნდა დაგვხმარებოდა, მაგრამ 1993 წელს ჩვენ ის მოვკალით და ამერიკულ მხარეს ვუთხარით, რომ თურმე ეროვნული გვარდიის ერთ-ერთ ჯარისკაცს მთის უკან გაუვარდა ავტომატი, ტყვიამ შემოუარა მთას, შევარდა მანქანაში ისე, რომ მანქანა არ დააზიანა, მერე იქცა მაკაროვის ტყვიად და ვუდროფს კეფაში მოხვდა! აი, ასე გამოვიძიეთ ეს საქმე. თავად CIA -ს დირექტორი ჯეიმს ვულზი ჩამოვიდა მაშინ­ საქართველოში. რა თქმა უნდა, ამერიკულმა მხარემ კარგად იცოდა, რომ გამოძიება­ ფარსი იყო, მაგრამ გაჩუმდა­, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლების დროს ჩვენ აღარ გვენდობოდნენ. როცა ამერიკიდან დავით თევზაძე დაბრუნდა, ნდობა კვლავ აღდგა, დაიწყო სხვადასხვა პროგრამის განხორციელება, ჯარის შეიარაღება... სააკაშვილის დროსაც იგივე განწყობა იყო - გაგრძელდა ამერიკელების უზარმაზარი რესურსით სამხედრო სფეროს განვითარება, თუმცა მერე გია ბარამიძე მოვიდა თავდაცვის მინისტრად და მასობრივად­ დაიწყო ჯარიდან სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ნაომარი ოფიცრების გაშვება...

- ვიეტნამის ომის სინდრომის გამო ხომ არა, როცა ფიქრობენ, რომ წაგებული ომის ჯარისკაცს მოტივაცია არა აქვს? ერთია, ომი წაგებული გქონდეს სხვა ქვეყნის მიწაზე, სადაც­ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობ და მეორე - საკუთარ ქვეყანაში, შენს მიწაზე, რომლის დაბრუნება და მტერთან რევანშის სურვილი მოტივაციას ერთიორად ზრდის.

- გეთანხმებით. ბარამიძის დროს ოფ­ი­­­ცრ­ებში გაცხრილვის პროცესი ნელა, თანაც­ უღიმღამოდ მიდიოდა. შემდეგ მოვიდა ირაკლი ოქრუაშვილი და ორ თვეში ერთი ხელის მოსმით დაშალა ყველაფერი: სამხედრო დაზვერვა, ამერიკის მომზადებული კომანდოსების 10 ბატალიონი და ა.შ.

- და მიზანი რა იყო?

- ჯარი გახდა ბრძოლის უუნარო.

- წარმოუდგენელია! მაშინ ჯარის­ შეიარაღებასა და აღჭურვაზე მილიონები იხარჯებოდა!

- მერე რა! მივცეთ ვინმეს ჯაველინი და დავაყენოთ ტანკის წინ. რა უნდა ქნას?..

თუ საქართველო შევა ნატოში და თუ ნატოს ჯარი შემოვიდა, გაგ­ვწვრთნა, იარ­აღითაც მოგვამარაგა, გამოყენებაც შეგვიძლია და ბრძოლისუნარიანებიც ვართ, რუსეთისთვის სამხრეთის ჭიშკარი მოფრიალებული იქნება... კავკასიაში ორი რთული გადმოსასვლელია: ერთი - გაგრაში, რომელიც პირდაპირ ზღვაში ჩადის. მთაზე სამანქანო გზაა გაჭრილი და კარგად მომზადებული ოცეულის ჩაყენების­ შემთხვევაშიც კი მეორე მხრიდან ცხვირს ვერავინ შემოყოფს. მეორე არის როკის გვირაბი. ის აშენდა იმისთვის, რომ საბ­ჭოთა კავშირის დროს ნატოსთან (თურქეთთან) ომის შემთხვევაში რუსეთს კავკასიის სამხედრო ოლქში ჯარების გადმოყვანა შესძლებოდა. როკის გვირაბი გათვლილი იყო ბირთვულ იარაღზეც. ახლა თურქეთის ნაცვლად კავკასიაში მნიშვნელოვანი გახდა საქართველო და ვისიც არის საქართველო, ის აკონტროლებს ყველაფერს. საჭიროების შემთხვევაში ქართული მსუბუქი ქვეითი ჯარი ადის უღელტეხილებზე და ამით უზრუნვე­ლყოფს მოკავშირეების ჯარების გადმოსროლას კასპიის ზღვისკენ, რათა ისინი მოხვ­დნენ ურალში. პრივილეგია ის არის, რომ ეს სიმაღლეები­ შენია, რაც აზერბაიჯანმა­ გააკეთა ყარაბაღის ომის დროს. როგორც აღვნიშნე, როკის გვირაბი ჯარისთვის გამოუყენებელია, რადგან იქ მდგარ არტილერიას, რომ იტყვიან, კარის სათითაოდ დახვრეტა შეუძლია.

- მაგრამ ავიაცია?

- ავიაციას გამოიყენებს, მაგრამ ავიაცია მთაში კარგად ვერ მოქმედებს, თანაც­ ­ჩვენი მთა ტყიანია. ამ საფრთხეების­ გათვალისწინებით რუსეთი შემოვიდა საქართველოში­ და აქ მას დახვდა მომზადე­ბული ჯარი, თუმცა, რა თქმა უნდა, მართვის რგოლის­ გარეშე. ცხადია, მაშინაც გვყავდნენ კარგი ოფიცრები, მაგრამ იქ, ძირითადად, შეყრილი იყვნენ ხელისუფლების პოლიტბიუროს წევრები. თავად კეზერაშვილი რა უფლებით ხელმძღვანელ­ობდა საომარ მოქმედებებს, კაცმა არ იცის!­ გენერალური­ შტაბის უფროსად პოლიციელი გვყავდა! რა თქმა უნდა, ზაზასთან (გოგავა - ავტ.) ცუდი ურთიერთობა არც დღეს მაქვს, მაგრამ გენშტაბის უფროსად მაინც ვერ წარმომედგინა. ომის დროს არავინ გვყავდა ისეთი, ვინც იცოდა გენშტაბის მართვის პრინციპები.

2008-ში გეგმა იყო ძალიან ამბიციური და თავხედური, ახალგაზრდა ბიჭების დაწერილი. მათ შორის რამდენიმე გამჭრიახი იყო, მაგალითად, მამუკა ბალახაძე. რომ არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, კერძოდ, კუდ-ი, რომლის წყალობითაც რუსებმა­ ყველაფერი იცოდნენ, შეიძლებოდა ამ გეგმას ემუშავა, იმ პირობებშიც კი, რომ ეს ომი მოსკოვში დაიგეგმა. მათ უნდოდათ, ჩვენი ჯარი დაშლილიყო. ჯარს თავზე უნდა დასჯდომოდა რეპრესიული მანქანა, რაც გააკეთეს კიდეც სამხედრო პოლიციის სახით, რომელიც სამხედრო პოლიცია კი არა, სმერჩი იყო, 37 წლის მსგავსად და მუშაობდა პრინციპით: "გააფუჭე ოფიცერი, დააჩმორე ჯარისკაცი". 2008 წლის ომის წინ ეს იყო კარგად ჩაცმული, კარგად ნაკვები და კარგად შეიარაღებული, უსულისკვეთებო, სრულიად მართვამორღვეული ჯარი და, აი, რატომ: როცა გაუშვეს უფროსი ოფიცრები, რომლებსაც ახალგაზრდებისთვის უნდა ესწავლებინათ (ლეიტენანტს უნდა ასწავლოს პოლკოვნიკმა და ეს ცვლა მუდმივად უნდა გრძელდებოდეს), ახალგაზრდებს მიაწებეს პოლკოვნიკებისა და მაიორების წოდებები.

ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა მოგვცა ყველაფერი, მათ შორის, კავშირგაბმულობის ხარისხიანი საშუალებები, მაგრამ გენშტაბში იჯდა კავშირგაბმულობის­ უფროსი, პოლიციელი, რომლისთვისაც­ კავშირგაბმულობა მხოლოდ ტელეფონი იყო. იქ იყვნენ ბიჭები, რომლებიც კარგად­ ფლობდნენ კომპიუტერს და კომპიუტერის საშუალებით როგორღაც ახერხებდნენ დალაპარაკებას, არადა, კავშირგაბმულობა მთელი სისტემაა, სადაც სწორად უნდა დამუშავდეს მიღებული ინფორმაცია და მოხდეს ოპერატიული რეაგირება.­ ომში ამ სამსახურზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

- მაგრამ ჯარმა კარგად იომა და ჩვენ გმირობის არაერთი მაგალითი ვნახეთ.

- ავღანეთის მაგალითს მოვიყვან... ბიჭები მიდიოდნენ პატრულირებაზე და მოვალეობის შესრულების დროს დაინახეს, რომ თალიბები თავს ესხმოდნენ გერმანიის საელჩოს. ჩვენებმა უცებ დასცხეს თალიბებს და იქვე გაანადგურეს. ზარალი არ მიუღიათ არც გერმანიის საელჩოს და არც - ქართველებს. ეს სასწაული იყო, მაგრამ იმიტომ კი არ მოხდა, რომ ყველაფერი­ გათვლილი და დაგეგმილი­ იყო! არა! ომი სისხლში აქვს ქართველს! ასე მოხდა შინდისის ბიჭების შემთხვევაშიც. რა თქმა უნდა, მათი გმირობა ჯარსაც მხოლოდ მაშინ გადაედებოდა, მათ დავალება რომ ჰქონოდათ, სამხედრო ნაწილების უკან დახევის დროს დარჩენილიყვნენ და უსაფრთხოდ დახევისთვის ხელი შეეწყოთ. უკან რომ დარჩნენ, ეს მათი გმირული არჩევანი იყო და ასეთი მაგალითი ბევრი გვაჩვენეს ქართველმა ჯარისკაცებმა. მართლაც, რომ იტყვიან, ჯიგრულად იომეს, თუმცა ამას საერთო არაფერი აქვს ჯარის მართვასთან, როგორც ჩვენთან ჰგონიათ ხოლმე.

- დღეს ვართ მზად, ავირიდოთ სამხედრო საფრთხე?

- დღეს საქართველოდან რუსეთს საფ­რთხე არ ემუქრება, რადგან თავისი­ სამხრეთის ჭიშკარი 2008 წლის ომის შედეგად კარგად აქვს ჩარაზული. ის, რაც დღეს მას უკრაინაში სურს, საქართველოში კარგა ხნის წინ გააკეთა. ამიტომ არა მგონია, ახლა ჩვენს ქვეყანას სამხედრო საფრთხე ემუქრებოდეს. თუმცა იმასაც ვერ გეტყვით, რომ ამისთვის მზად ვართ. უკვე ყველამ იცის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორებიდან რუსეთმა თავისი ნაწილები უკრაინის მიმართულებით გადაისროლა, დარჩენილი ნაწილების სომხეთის მიმართულებით გადაადგილება რომ სურდეს, ჩვენ მას წინააღმდეგობას ვერ გავუწევთ. ან, პირიქით, სომხეთიდან რომ მოინდომოს ხმელეთით უკრაინაში ძალების გადასროლა, ამ სახმელეთო გზის ნაწილი ჩვენც ვართ და ვერც აქ გავუწევთ წინააღმდეგობას. ჯარი მარტო ავტომატიანი კაცი არ არის, ჯარი იწყება ლოჯისტიკით... არის საკითხები, რომლებზეც ვერ ვილაპარაკებთ... ჩვენთვის მთავარია, გამოუვალ სიტუაციაში რუსეთს ასიმეტრიული ომი შევთავაზოთ, როგორიც უკრაინამ შესთავაზა და ცხადია, რუსეთი ასიმეტრიულ ომს ვერ მოიგებს.

- ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ხელიდან ვუშვებს შანსს, დავიბრუნოთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ეს შანსი რეალურია?

- ახლა ეს შეუძლებელია და ჩვენთვის წამგებიანიც კი, თუმცა გამალებით უნდა ვემზადებოდეთ იმ მომენტისთვის, როდესაც რუსეთი საბოლოოდ დასუსტდება. ადრე თუ გვიან, ეს დრო დადგება, რადგან, როგორც ჩანს, უკრაინაში ომი გაჭიანურდება და ის რუსეთისთვის შეიძლება მეორე ავღანეთად იქცეს. როგორც თავის დროზე ავღანეთზე დაიფშვნა საბჭოთა კავშირი, შესაძლოა, იგივე ელოდეს რუსეთს უკრაინაში და ჩვენ ამ დროისთვის მზად უნდა ვიყოთ - მოვამზადოთ ჯარი ისეთი ტაქტიკით, როგორც თავის დროზე იაპონიამ და გერმანიამ გააკეთეს, როცა ჯარის აკრძალვის პირობებშიც კი მათ საიმედო და უძლეველი შენაერთები შექმნეს.