პირველი მერც-ჰალი ბრიტანეთში - კვირის პალიტრა

პირველი მერც-ჰალი ბრიტანეთში

„მიზანი? რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდეთ პრემიერლიგაში! იქ, სადაც „ჰალი“ ორჯერ უკვე იყო“

შოთა არველაძე პირველი ქართველი მწვრთნელია ინგლისურ ფეხბურთში. შოთამ იანვრის ბოლოს ჩაიბარა რანგით მეორე დივიზიონ ჩემპიონშიფის ბინადარი "ჰალი", რომლის ახალი მფლობელიც არველაძის მეგობარი, თურქი ბიზნესმენი აჯუნ ილიჯალი გახლავთ. ჩემპიონშიფის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე „ვეფხვების“ ("ჰალ სიტის" მეტსახელია) მიზანი დივიზიონში დარჩენაა, პრემიერლიგის საგზურზე ფიქრი კი მომავალი სეზონიდან შეიძლება. რამდენიმე დღის წინ "ჰალის" ქართველი თავკაცი გლაზგოს ესტუმრა და "რეინჯერსის" 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო მატჩში ისეთი გოლი გაიტანა, 49 წლის მწვრთნელი კი არა, ნებისმიერი ასაკის ფორვარდი „მოაწერდა ხელს! შოთა არველაძე პირველი ქართველი მწვრთნელია ინგლისში, პირველი ვრცელი ინტერვიუ კი „"კვირის პალიტრას"“ მისცა:

- შოთა, რას ელოდი და რა დაგხვდა ინგლისის ჩემპიონშიფში?

- ის, რასაც ველოდი კიდეც: ძალიან მაღალი მოტივაცია, ტემპი, ფიზიკური მომზადება, სისწრაფე, თანაც, ეს თვისებები დივიზიონის ყველა გუნდს ბაზისად აქვს, ამის შემდეგ მოდის განსხვავებები მოთამაშეებისა და მწვრთნელების შესაძლებლობებში, ტაქტიკაში და სხვა.

- უკვე ორ თვეზე მეტია, "ჰალის" თავკაცი ხარ. კმაყოფილი ხარ სამუშაო პროცესით? "მოგყვება" გუნდი?

- შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ იყო კარგი მატჩებიც. რაც მთავარია, თანდათანობით ჩემს გუნდს სულ უფრო მეტად ეტყობა, რას ვითხოვ მისგან. ჩემპიონშიფის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებთან 13-ქულიანი უპირატესობა გვაქვს ("ჰადერსფილდთან" მატჩის შედეგი გათვალისწინებული არ არის. - რ.შ.). მიმდინარე სეზონში "ჰალის" მიზანი სწორედ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა - უნდა დავრჩეთ და შევძლოთ ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელსაც მომავალ სეზონში გაცილებით ამბიციური და საინტერესო მიზნები ექნება.

- შენთვის სადებიუტო შეხვედრაში გამარჯვების შემდეგ ზედიზედ წააგეთ რამდენიმე მატჩი. ამას კლუბის ქომაგების ან მფლობელის იმედგაცრუება ხომ არ მოჰყვა?

- პირიქით, გვამხნევებენ, რადგან ყველა ხედავს, როგორ ვმუშაობთ. რაც შეეხება კლუბის მეპატრონეს, სეზონის დასრულების შემდეგ ერთად შევაჯამებთ განვლილ თამაშებს, გაწეულ სამუშაოს და მომავალზე შემდეგ ვილაპარაკებთ. დარწმუნებული ვარ, აჯუნ ილიჯალი ყველაფერში მხარში დაგვიდგება. საერთოდაც, „ჰალში“ პირველივე წუთიდან ძალიან თბილად დამხვდნენ და მადლობელი ვარ კლუბის ყველა წარმომადგენლის, რომელთაგანაც მხარდაჭერას ვგრძნობ.

- სასტარტო თამაში შემთხვევით არ მიხსენებია: წარმატებულმა დებიუტმა პირველივე მატჩისას აამღერა "ვეფხვების" ქომაგები. რას გრძნობდი, როცა ახალ გარემოში, პირველივე მატჩისას გესმოდა შენი გვარის სკანდირება?

- როგორც ჩანს, წინა შემთხვევებში სხვა ენების ლექსიკა, ხმოვანება, რითმა სათანადოდ არ ესადაგებოდა გვარ "არველაძეს". ინგლისური ენა, აქაური საფეხბურთო ტერმინოლოგია კი მეტ შესაძლებლობას იძლევა და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ნიჭიერ გულშემატკივრებს „სიმღერის“ შეთხზვა არ გასჭირვებიათ.

- ფეხბურთელობისას შენი გვარი არაერთხელ მოგისმენია გლაზგოს, ამსტერდამის, ტრაბზონისა თუ ალკმაარის სტადიონებზე. თუმცა, რაც მწვრთნელი გახდი, ალბათ, "არველაძე" ძველებურად ხშირად აღარ გესმის.

arveladze2-1648986966.jpg

- სხვათა შორის, ტაშკენტის "ფახთაქორის" ქომაგები ბევრს მღეროდნენ. ტრიბუნაზე იმდენი გულშემატკივარი არ იყო, რამდენიც გლაზგოში, ამსტერდამში ან ტრაბზონში (მით უმეტეს - პანდემიის ფონზე), მაგრამ ჰქონდათ კარგი სიმღერა და ხშირადაც ასრულებდნენ... თუმცა მთავარი არც სიმღერაა და არც დებიუტი. მთავარია, ეს ყველაფერი გაძლიერდეს და შედეგამდე მივიდეს. მწვრთნელობა ძალიან რთული, ცვალებადი პროფესიაა, დიდ შრომასა და ყურადღებას მოითხოვს.

- და მაინც, რომელ სტადიონზე ან ენაზე მოსმენილი სიმღერა, კომპლიმენტი, ოვაცია გახსენდება ყველაზე სასიამოვნოდ?

- ყველა სასიამოვნოა! არ არსებობს ენა, რომელზეც შენი გვარის სკანდირება გესმის და არ გსიამოვნებს! სადაც ვთამაშობდი ან ვმუშაობდი, მეტ-ნაკლებად, ყველა ენა ვიცოდი. მხოლოდ ისრაელში ვერ ვისწავლე ივრითი, მაგრამ იქ ინგლისურადაც ყველა ლაპარაკობს და არ გამჭირვებია. სასიამოვნო სიტყვას კი ჩინურადაც გავიგებ!

- ალექს მაკლიშმა თქვა, შოთას თავიდანვე ეტყობოდა, რომ მწვრთნელი იქნებოდა - დაბალ ხმაზეც რომ ელაპარაკა, გასახდელში მაინც ყველა უსმენდაო... როდის მიხვდი, რომ მწვრთნელობა გინდოდა?

- აქტიური ყოველთვის ვიყავი, უბრალოდ, პატარაობისას საზიზღარი ხასიათი მქონდა, სულ ვჯაჯღანებდი... როდის გავაცნობიერე, რომ მწვრთნელობა მინდოდა? ალბათ, მას შემდეგ, რაც 30 წლის ასაკს გადავცილდი... როცა მივხვდი, რომ რაღაცებს სწორად ვფიქრობდი და ვაკეთებდი. ჯერ კიდევ მინდორზე ყოფნისას მივხვდი ამას და როცა აცნობიერებ, ეს სტიმულსაც გაძლევს. ხვდები, რომ შეიძლება რაღაც გამოვიდეს. ფაქტია, იმ მწვრთნელებმა, რომლებთანაც მიმუშავია, ძალიან დიდი როლი ითამაშეს ჩემს მსოფლმხედველობაში. ჯერ კიდევ საქართველოში თამაშის დროსაც და მერეც - თურქეთში, შოტლანდიაში, ჰოლანდიაში თუ სხვაგან.

- შესაძლებელია მწვრთნელმა, თუნდაც ისეთმა შედეგიანმა თავდამსხმელმა, როგორიც შოთა არველაძე იყო, ფეხბურთელს ასწავლოს, მაგალითად... ბურთის კარში გატანა?

- ახალგაზრდობაში მეგონა, ამის სწავლა შეუძლებელი იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ყველაფრის სწავლა შეიძლება: ვიღაცას მეტი დრო სჭირდება, სხვას - ნაკლები, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც ყველაფრის სწავლაა შესაძლებელი.

- "ჰალი" თურქმა აჯუნ ილიჯალიმ შეიძინა. კლუბის ახალი მფლობელის უმთავრესი გეგმა პრემიერლიგაში დაბრუნებას უკავშირდება?

- მან კარგად იცის, რომ ეს ურთულესი გზაა. პრემიერშიფში 24 გუნდია, მათ შორის ყოველთვის არის ის 3 კლუბი, რომლებიც პრემიერლიგიდან დაქვეითდნენ და მოჰყვებათ ძალიან ძლიერი ფინანსური რესურსი, რომელსაც აქ "პარაშუტს" ეძახიან. პრემიერლიგაში გამომუშავებული ეს ფული, შეიძლება ითქვას, ათჯერ მეტია პრემიერშიპის დანარჩენი კლუბების ფინანსებთან შედარებით. შესაბამისად, როგორც უნდა მოინდომო, კონკურენტების უკეთეს ბიუჯეტს, უკეთეს ფეხბურთელებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის ილიჯალიც მზად უნდა იყოს და არის კიდეც. რაც შეეხება მიზნებს და ოცნებას - რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდეთ პრემიერლიგაში! იქ, სადაც "ჰალი" ორჯერ უკვე იყო.

- როდის გაიცანი ილიჯალი და რა მასშტაბისაა თქვენი მეგობრობა?

- 1993 წლიდან ვიცნობ. იმ პერიოდიდან, როცა „ტრაბზონსპორში“ ვთამაშობდი, ილიჯალი კი საფეხბურთო გადაცემებს აკეთებდა. თავიდანვე დიდ პატივს ვცემდით ერთმანეთს.

- საქმე და მეგობრობა ერთად შესაძლებელია?

- აქ უფრო ნდობაზეა ლაპარაკი - ითვალისწინებ ადამიანის ხასიათს, პოტენციალს, ცხადია, შედეგებსაც. რეალობის აღქმის უნარს არავინ კარგავს და არც ერთმანეთს მოვთხოვთ არარეალურის შესრულებას, თორემ რაც უნდა დიდ პატივს ვცემდე ადამიანს, რაც არ შემიძლია, იმას ხომ ვერ გავაკეთებ?! ძალიან ბევრი მიწვევა მქონდა კარგი კლუბებიდან, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 1-2 კანდიდატისგანაც კი (რაღაცები იწერებოდა კიდეც და უმეტესობა ტყუილი არ ყოფილა), მაგრამ ილიჯალიმ მთხოვა არ მეჩქარა და საბოლოოდ მის კლუბში წამოვედი. აქ მუშაობა დიდი გამოცდილება იქნება. დიდი „პოდიუმია“ ჩემთვის, იმის მიუხედავად, რომ არც ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ და არც უმაღლეს ლიგაში. დარწმუნებული ვარ, გამოცდილებით გამამდიდრებს ქვეყანა, სადაც ფეხბურთი დაიბადა, სადაც ყველას უნდა მოხვედრა. რამდენად გაამართლებს ჩემი გადაწყვეტილება, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ როგორც ]უნდა იყოს, დიდ გამოცდილებას მივიღებ. ბევრად უფრო ძლიერი და კარგი მწვრთნელი ვიქნები, ვიდრე ვიყავი.

- "ჰალის" მეტსახელია თჰე თიგერს. რას უპირებს ინგლისელ "ვეფხვებს" "ვეფხისტყაოსნის" ქვეყნიდან ჩასული კაცი, რომელსაც შოთა ჰქვია?

- ამ კითხვაზე ანეკდოტი გამახსენდა: პაპანაქება სიცხეა. გამძღარი ვეფხვები მდინარის პირას ჩრდილში წვანან და ისვენებენ, სისხლიან თათებს ილოკავენ... უცებ გადმოხტება ტარიელი! ვეფხვები ერთმანეთს გადახედავენ - ამან ხომ გაგვიხურა საქმე, ახლა ამას ეჭიდავე ამ სიცხეშიო... ფრთხილად უნდა ვიყოთ, ასეთი რამ რომ არ მოხდეს (იცინის).

- ცხადია, ხუმრობით გკითხე. ისიც გასაგებია, რომ შოთა არველაძე ინგლისელ შეგირდებს "ვეფხისტყაოსანზე" არ დაუწყებს ლაპარაკს, მაგრამ ზოგადად კი საინტერესოა: მწვრთნელი არველაძე ფეხბურთელებს მხოლოდ საფეხბურთო საკითხებზე ელაპარაკება?

- როცა რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობ ერთ ადგილზე, ცხოვრებისეული მომენტებიც ჩნდება - რაღაც მაგალითი მოგყავს შენი, ან სხვისი ცხოვრებიდან, ან კარიერიდან, 20-22 წლის ბიჭებს გამოცდილებას უზიარებ. წარმოუდგენელიც არის მხოლოდ ფეხბურთზე ლაპარაკი, როცა ნახევარ დღეს ბიჭებთან ერთად ატარებ. მაგალითად, „ჰალის“ ერთ-ერთმა ფეხბურთელმა მითხრა, ბიძა გარდამეცვალაო და ნებართვა ითხოვა, შეიძლება დღევანდელი ვარჯიში გავაცდინოო? რა თქმა უნდა-მეთქი! გაუკვირდა, ასე იოლად რომ მიიღო თანხმობა, და ბევრი მადლობა მითხრა. ტრავმის გამო ისედაც ბევრი დრო გაუცდა და ფიქრობდა, ორი დღის მოსულ ახალ მწვრთნელს როგორ ვთხოვო გათავისუფლებაო?! მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. საქციელი და ურთიერთობები კი დიდწილად არის დამოკიდებული ერთად გატარებული დროის ხანგრძლივობაზე, ხასიათზე, ქცევაზე... როცა რამდენიმე წელს გაატარებთ ერთად, უკეთ იცი, ვინ როდის არის გულწრფელი, თორემ ერთი დღით ყველა კარგია - ჩემი ჩათვლით!

- არველაძეების იუმორი ცნობილია. შენს თანაგუნდელებში ვინ იყო ყველაზე ხუმარა და მხიარული?

- "რეინჯერსის" ფორვარდი დადო პრშო! "აიაქსშიც" ბევრს ვმხიარულობდით, ყველაზე ხშირად კი ტიჯანი ბაბანგიდას ვეხუმრებოდით. ერთხელ ნიგერიაში უნდა გაფრენილიყო ნაკრებში სათამაშოდ და ისე ჩქარობდა, ამსტერდამის აეროპორტში მინის კარი ვერ დაინახა, მთელი ძალით შეეჯახა და ისე ჩაამსხვრია, ნაკრების მატჩზე ვეღარ გაფრინდა. რამდენჯერმე ბუცები საყინულეშიც კი დავუმალეთ... ტიჯანი ძალიან მხიარული ადამიანია, სულ ხითხითებდა ხოლმე... კარგი იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა რიჰარდ ვიჩგეც: რომელიმე ფეხბურთელის შარვალს დააგდებდა მაგიდაზე და მასზე ყველანი ვაწერდით ხელს. პატრონი გამწარებული ეძებდა ხოლმე და როგორც იქნა, იპოვიდა ავტოგრაფებით აჭრელებულს...

სხვათა შორის, ასეთებს პოლ გასკოინიც აკეთებდა. როცა მე მივედი "რეინჯერსში", გასკოინი უკვე ინგლისში თამაშობდა, მაგრამ ბიჭები მიყვებოდნენ, თურმე დაავლებდა გაზა ხელს თანაგუნდელის შარვალს, პიჯაკს ან მანქანის გასაღებს და წავიდოდა. მაგრამ ძალიან უყვარდათ, გაზა იყო და პატიობდნენ...

- ხომ არ გწყინდა, შოტლანდიელები Mr. Bean-ს რომ გამსგავსებდნენ ხოლმე?

- რა უნდა მწყენოდა, მე თვითონ მთელი ცხოვრება ვხუმრობ. პირიქით - ფოტოებიც კი მაქვს გადაღებული მისტერ ბინის პატარა მანქანასთან... Mr. Bean სულ დედოფალთან არის და იქნებ მეც მოვხვდე?!

- ინგლისში პირველად მუშაობ, სამაგიეროდ, შოტლანდიაში იცხოვრე რამდენიმე წელიწადს. იქ გატარებული წლებიდან, ფეხბურთის გარდა, რა გახსენდება?

- სიყვარული მახსოვს, ფეხბურთისადმი მიდგომა, მოლოდინი, როცა საყვარელი გუნდის თამაში ახლოვდება და მთელი ოჯახი ემზადება სტადიონზე წასასვლელად. მახსოვს ჩემი ბავშვობა. მახსოვს და ბედნიერი ვარ ამით. რამდენჯერმე, როცა ეს ვთქვი, საბჭოთა კავშირი გენატრებაო?! ვერ იგებენ, რომ ბავშვს ბავშვობა უყვარს, სკოლის, პირველი სიყვარულის, თამაშის, უზრუნველობის წლები, შაბათს ფეხბურთზე წასვლა... და როცა ამის კოპირებას უკვე ზრდასრული ხედავ რომელიმე ქვეყანაში, როცა ხედავ, როგორ ემზადებიან და მიდიან სტადიონზე ბაბუა და შვილიშვილი, შენს ბავშვობას გახსენებს და გსიამოვნებს. მომწონს ის სიყვარული, ის კულტურა, რაც ბრიტანეთში სპორტის, ფეხბურთის მიმართ არსებობს. როცა წაგებული მატჩის შემდეგაც ყველა დგას და ტაშს უკრავს, გამარჯვებას მთელი ქალაქი აღნიშნავს, ისე, როგორც თბილისის "დინამოს" გამარჯვების შემდეგ, ყველა ზეიმობდა, აღნიშნავდა, შრომის ნაყოფიერება იზრდებოდა. ეს მახსოვს და მიყვარს შოტლანდიიდანაც, თორემ „ბენტლით“ ან „ფერარით“ რომელიმე ფეხბურთელის ვარჯიშზე მოსვლა არასდროს გამკვირვებია.

- ინგლისს დავუბრუნდეთ: იმედია, მომავალ წელს მაინც მოიპოვებთ პრემიერლიგის საგზურს. პრემიერლიგაში მუშაობენ გვარდიოლა, კლოპი, ტუხელი, კონტე, მოიესი, ჯერარდი... რომელი მწვრთნელის სტილი და ფილოსოფია მოგწონს, რომელი მათგანია შენთვის ყველაზე საინტერესო?

- პრემიერლიგა იმით არის საინტერესო და მრავალფეროვანი, რომ ასეთი განსხვავებული მწვრთნელები მუშაობენ, ყველას თავისი სტილი და ხელწერა აქვს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, სად მუშაობ, შენს მისვლამდე როგორ თამაშობდა გუნდი, რა ტრადიციები და სტილი ჰქონდა და აქვს. ბოლო 15 წელიწადია, ეს საფუძველი ჩაყარეს მწვრთნელებმა ინგლისში - მოურინიომ, კლოპმა, გვარდიოლამ და სხვებმა... ფაქტია, პირველივე დღიდან ყველაფრის გადაკეთება ძალიან რთულია. რაც შენამდე იყო, იმას შენეული რაღაცაც უნდა შემატო! თუ დიდხანს მომიწევს კლუბში მუშაობა, მეც აუცილებლად დავტოვებ ისეთ რაღაცას, რასაც შემდეგი მწვრთნელიც დაინახავს.

- ჯერარდი ვახსენეთ. თუნდაც ზიდანი და სხვა მათნაირი მასშტაბის ფეხბურთელების გამოცდილება, სახელი, თუნდაც ქარიზმა - სამწვრთნელო წარმატებაშიც ხომ საფეხბურთო ცოდნასა და ინტელექტზე არანაკლებ როლს თამაშობს?

- რა თქმა უნდა. ორივე მნიშვნელოვანია, რადგან ერთია, რას გეუბნებიან და მეორე - ვინ გელაპარაკება! ვიღაცას რომ სამი თვე სჭირდება შენს დასარწმუნებლად, ზიდანი რამდენიმე დღეში დაგარწმუნებს!

- ზამთრის შესვენებისას "ჰალმა" ახალი ფეხბურთელები დაიმატა. ახალწვეულებით კმაყოფილი ხარ?

- ზოგის კმაყოფილი ვარ, ზოგიერთისგან მეტს ველოდი... ეს ბუნებრივი პროცესია.

- დაიწერა, თითქოს "ჰალი" მესუთ იოზილის გადაბირებაზე მუშაობდა. იოზილი და ილიჯალი ერთმანეთს შეხვდნენო.

- იოზილს და „ჰალს“ არაფერი აკავშირებთ იმის გარდა, რომ მესუთი და აჯუნ ილიჯალი მეგობრობენ. რა გასაკვირია, მეგობრებს ერთმანეთი ენახათ?! მე რომ გიოს (ქინქლაძე) შევხვდე, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ "ჰალში"“ მომყავს სათამაშოდ?

- ისე, კი დაგხატავდათ 25 წლის წინანდელი "ქინქKINGლაძე"

- გიო ყველას "დახატავდა“...

- ქინქლაძე ინგლისში 90-იანებში ბრწყინავდა. დღევანდელი ქართული ფეხბურთის მთავარი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით კი რამდენიმე ინგლისური კლუბი იყო დაინტერესებული. ლაპარაკობენ "ნაპოლის" სერიოზულ ინტერესზეც... მაგრამ ახლა, როცა "ჰალს" ქართველი მწვრთნელი ჰყავს, კვარაცხელიას გადაბირების მსურველებს იორკშირული კლუბიც ხომ არ შეემატა? ინგლისში ახალი ჩასული იყავი, როცა მითხარი, ხვიჩასთან სიამოვნებით ვიმუშავებდიო, მაგრამ...

- დიახ, ჩემს კლუბში დიდი სიამოვნებით წამოვიყვანდი, მაგრამ ეს არარეალურად მიმაჩნია. მაშინაც ვთქვი - თანხას რომ თავი დავანებოთ, ისიც არ ვიცი, თვითონ ხვიჩა თუ იქნება მოტივირებული, უმაღლესის ნაცვლად, პირველ ლიგაში ითამაშოს-მეთქი? მით უმეტეს, ახლა, როცა ფეხბურთელს "ნაპოლიში" და პრემიერლიგის გუნდებში გადასვლის შანსი აქვს, ჩემთან რატომ უნდა წამოვიდეს?! კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩემთან განა იმიტომ არ წამოვა, რომ არ უნდა - ბევრად უკეთესი გუნდების ვარიანტები აქვს! რადგან ქართველი ფეხბურთელი ვახსენეთ, იმასაც ვიტყვი, რომ ბევრ სისულელეს წერდნენ, თითქოს ვატო (ვატო არველაძე - შოთას ძმის, რევაზ არველაძის შვილი, რომელიც, ამჟამად თურქეთის სუპერლიგის კლუბ "ფატიჰ კარაგუმრუკის" ფეხბურთელია. - რ.შ.) მომყავს "ჰალში". მთვარეზე რომ წავიდე სამუშაოდ, ვატოს იქაც წავიყვან, მაგრამ მხოლოდ სურვილი ხომ არ არის საკმარისი? აუცილებელია ბრიტანეთის სამუშაო ვიზა, სანაკრებო მატჩების გარკვეული რაოდენობა და ა.შ.

- ისე, ინგლისური ფეხბურთი რამდენად ესადაგება ხვიჩა კვარაცხელიას სტილს და მონაცემებს?

- ხვიჩა ინდივიდუალისტია და ასეთი ტიპის ფეხბურთელებისთვის ინგლისში თამაში უფრო მარტივი იქნება, ვიდრე ისეთი მოთამაშეებისთვის, ვისაც გუნდი "სჭირდება", ვისთვისაც პასის მიმცემი თანაგუნდელია აუცილებელი. კვარაცხელია ინდივიდუალისტია - სადაც ჩასვამ, იქ ითამაშებს! „გიორგი სააკაძეა“ - ხმალი მიეცი და ბრძოლაში გაისტუმრე!

- რამდენიმე დღის წინ "გლაზგო რეინჯერსის" 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საქველმოქმედო მატჩში ულამაზესი გოლით გამოიჩინე თავი... იმ დღიდან რა გახსენდება ყველაზე ემოციურად?

- ყველაფერი: საყვარელი ქალაქი, სავსე სტადიონი, მონატრებული გოლი... ლამაზი გოლი იყო, მაგრამ ყველა გატანილ ბურთს ასე ხომ არ აღნიშნავ? გულშემატკივარს ისე გაუხარდა, თითქოს ფინალი იყო ან ჩემპიონთა ლიგის მატჩი! ისეთი ხმა და ოვაცია წამოვიდა მაყურებლისგან,ს ისეთი ენერგია, რომ ინსტინქტურად მივირბინე ტრიბუნებთან. ენით აღუწერელი ემოცია იყო, 30 წლით უკან დამაბრუნა... დღემდე გლაზგოში ჩემთვის „აიბროქსზე“ მაგარი და ჯადოსნური ადგილი არ არსებობს!

- შენს ულამაზეს გოლს "ჰალის" ქომაგების კომენტარებიც მოჰყვა: "ჩვენი მწვრთნელი "ჰალის" ყველა შემტევს სჯობს!", "შოთა, ბუცები ჩაიცვი, თამაშის დროა!" და სხვ. კლუბში რა გითხრეს?

- გაკვირვებულები იყვნენ და მომილოცეს - ყოჩაღ, მაგრად ითამაშეო!

- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებზე რას იტყვი?

- ბოსნიასთან მატჩისას შოტლანდიიდან ვბრუნდებოდი და იმ თამაშს ვერ ვუყურე. რაც შეეხება ალბანეთს და ზოგადად ბოლო შეხვედრებს, კარგია, რომ არ ვაგებთ, კარგია, რომ მწვრთნელმა გარკვეული სქემა აირჩია და ბოლო მატჩებში სულ მას იყენებს. ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, მაგრამ კარგია, როდესაც გუნდს სქემა, მიმართულება აქვს. ჩვენ არ ვართ იმ დონეზე, ხშირად ვცვალოთ სათამაშო სქემები.

- საუბრის ბოლოს ისევ ინგლისს დავუბრუნდეთ: დიდ გამოცდილებასთან ერთად, ფეხბურთის სამშობლოში მუშაობა სერიოზული გამოცდაც იქნება შოთა არველაძისთვის...

- საქმეში მთელი გულით, ენერგიითა და გამოცდილებით ვარ ჩართული. თუმცა ფეხბურთი ის სახეობაა, სადაც მოწინააღმდეგე ხელს გიშლის. სიმღერისას არავინ შეგიშლის, ხელს არ გკრავენ, არ ჩაგარტყამენ. მაქსიმუმ, მიკროფონი გაფუჭდეს და ან ახალს მოგიტანენ, ან მიკროფონის გარეშე გააგრძელებ მღერას. ფეხბურთი კი ის თამაშია, სადაც ყველა იბრძვის, ყველას გამარჯვება უნდა და მეც ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. რაც უნდა მოხდეს, ფეხბურთის სამშობლოში გატარებული პერიოდი ყველა შემთხვევაში უდიდესი გამოცდილება იქნება ჩემთვის.

- "ჰალში" დანიშვნამდე წელიწადზე მეტხანს უმუშევარი იყავი. როცა არ მუშაობს, ფეხბურთელის მსგავსად, "ფორმას" მწვრთნელიც კარგავს?

- რა თქმა უნდა. უკლუბოდ ყოფნისას მთლად უსაქმოდაც არ ვყოფილვარ - ვმუშაობდი ინგლისურის ტესტებზე, მქონდა მასტერკლასები, თამაშებს ვესწრებოდი, ანალიზს ვაკეთებდი... პანდემია რომ არა, აუცილებლად დავათვალიერებდი უფრო მეტ ადგილს...

რა შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში ახალმა კორონავირუსმა? ძალიან ბევრი რამ: შებოჭა და შეაშინა უამრავი ადამიანი, თუმცა, იმავდროულად, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ წარმოუდგენელია ერთმანეთის გარეშე ცხოვრება, დაგვანახა, რომ ადამიანებს ენატრებათ ერთად ყოფნა, ის ხალხიც კი, რომლებიც არაპანდემიურ ცხოვრებაში ცუდად ექცეოდნენ... გვიჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ადამიანი... სამწუხაროდ, ორწლიანი ცუდი ამბების შემდეგაც კი ადამიანებს ეხვეწებიან და ვერ გააკეთებინეს პირბადე, რომელიც 3 გრამიც კი არ არის...

- თუმცა თვეზე მეტია, პანდემია უკრაინის ამბებმა დაგვავიწყა. ბრიტანელები ხშირად ლაპარაკობენ ამ თემაზე?

- აქ ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით უკრაინის დროშას. შოტლანდიაშიც, "რეინჯერსის" თამაშზე, გუნდის კაპიტან ფერგიუსონს უკრაინის დროშისფერებიანი სამკლავური ეკეთა.

- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვი, ფეხბურთელის რანგში, ბევრი ოცნება ავისრულე, როგორც მწვრთნელს კი ოცნება ჯერ არც მომიფიქრებიაო. დღესაც ასეა თუ "ჰალის" თავკაცმა შოთა არველაძემ უკვე "მოიფიქრა" ოცნება?

- ზოგიერთი ოცნება კი ავისრულე, მაგრამ მინდოდა "ოქროს ბურთის" მოგება, ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში... რაც შეეხება მწვრთნელ შოთა არველაძეს. აქ, ალბათ, უფრო მეტი დრო მაქვს, არ ვიცი... თან ვანგარიშობ, რამდენი წლის ვარ და კიდევ რამდენ ხანს შეიძლება ვიყო მწვრთნელი... ვნახოთ. ოცნებას არავინ მიშლის და არც სხვა ვინმე სჭირდება - შენს თავთან ხარ და ოცნებებში ყველგან შეგიძლია „გაფრინდე... მეოცნებე ყოველთვის ვიყავი და ვიოცნებებ - ამით ვის რა დააკლდება?!