"მე ბევრი სისხლი და სიკვდილი მინახავს, მაგრამ ყველაზე მძიმე ბავშვების თვალებში ჩამდგარი შიში და მოხუცების უმწეო გამომეტყველებაა“ - კვირის პალიტრა

"მე ბევრი სისხლი და სიკვდილი მინახავს, მაგრამ ყველაზე მძიმე ბავშვების თვალებში ჩამდგარი შიში და მოხუცების უმწეო გამომეტყველებაა“

"ომის ფოტოგრაფები" - ასე უწოდებენ ფოტორეპორტიორებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილში საომარ პროცესებს, ომის შედეგებს მსოფლიოს ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად აცნობენ. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, მათი მუშაობა, თავისუფალი გადაადგილება დაცულია, თუმცა პროფესიულ მოვალეობას არაერთიK ჟურნალისტი, ფოტოგრაფი თუ ოპერატორი შეეწირა.უკრაინაში მედიის არაერთი წარმომადგენელი დაიღუპა, მათ შორის ტელეკომპანია "ფოქსის" ოპერატორი პიერ ზაკშევსკი­ და ალექსანდრა კუვშინოვა. მძიმედ დაშავდა აშშ-ის მაუწყებლის კორესპონდენტი ბენჯამინ ჰოლი; კიევის ტელეანძაზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა KievLive-ის ოპერატორი ევგენი საკუნი. დაშავდნენ დანიელი ჟურნალისტები, Ekstra-Bladet-ის რეპორტიორი სტეფან ვაიკერტი და ფოტოგრაფი­ ემილ ფილტენბორგ-მიკელსენი, მიუხედავად­ იმისა, რომ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ. ისინი დაბომბილი საბავშვო ბაღის გადასაღებად ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, როცა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინის ომის გაშუქება უკანასკნელი აღმოჩნდა ამერიკელი კინორეჟისორისა და ჟურნალისტის, არაერთი ჯილდოს მფლობელი ბრენტ რენოსთვის. როდესაც მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, თავად დაიღუპა, მისი კოლეგა ხუან არედონდო კი დაიჭრა.გარდა ამისა, უამრავი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჟურნალისტები დაიკარგნენ. ამის მაგალითია უკრაინული ტელეარხ "ჰრომადსკეს" ჟურნალისტები ვიქტორია როშჩინა და ოლეჰ ბატურინი. ისინი ომის გაშუქებისას რამდენიმე დღის განმავლობაში მიუწვდომლები იყვნენ.

omi2-1648988541.jpg

უკრაინული ტელეკომპანია აცხადებდა, რომ როშჩინა რუსულმა ძალებმა დაატყვევეს, მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავისუფალია, თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით,­ მას რუსულმა ძალებმა აიძუ­ლეს კამერის წინ ეთქვა, რომ რუსმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს... კიევში დაბომბვისას, სარედაქციო დავალების შესრულებისას დაიღუპა გამოცემა The Insider-ის ჟურნალისტი ოქსანა ბაულინა. რედაქციის ცნობით, ის დანგრეულ შენობებს იღებდა პოდოლსკის რაიონში, რა დროსაც სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა. მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი მოქალაქე და ორი თანმხლები პირი.2014-2016 წლებში დონბასის რეგიონში საბრძოლო მოქმედებების დროს ათი ჟურნალისტი დაიღუპა.

მალაიზიელი ფოტოგრაფი მარკუს იემი, რომელსაც არაერთ ქვეყანაში, მათ შორის სირიასა და ავღანეთში მუშაობის გამოცდილება აქვს, თვეზე მეტია უკრაინის ომს აშუქებს. ამ ხნის განმავლობაში ის სულისშემძვრელ კადრებს იღებდა ზოგჯერ ტყვიების წვიმაში.

- ხშირად მეკითხებიან, რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ფოტოჟურნალისტისთვის ომში?.. ვპასუხობ - ტყვია. ფრონტზე საველე პირობებში მუშაობა ძალიან რთულია, მაგრამ ჩვენ, ფოტოჟურნალისტები, ყოველთვის, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც, ვცდილობთ ადამიანის ემოციის აღბეჭდვას. გასულ დღეებში სამი ჟურნალისტი დაიღუპა. ერთ-ერთს, ზაკშევსკის ვიცნობდი, კეთილი, მზრუნველი ადამიანი იყო. უსაფრთხოების, ევაკუაციის საკითხებში რჩევას გვაძლევდა. ომი საშინელებაა, რამდენიმე წუთში შლის და ცვლის ადამიანების ცხოვრებას, აუბედურებს. ომში მედიის როლი ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. ომის ჟურნალისტების ვალია მსოფლიოს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდონ, ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს. დამოუკიდებელი ჟურნალისტი, ბლოგერი, ოპერატორი თუ ფოტობლოგერი არ უნდა წამოეგოს ემოციურ ანკესს.

- რა არის მთავარი ომის გაშუქებისას?

- უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რადგან არც ერთი კადრი არ ღირს ადამიანის სიცოცხლედ, მიუხედავად იმისა, ომში ყველა სწორად დანახული ფოტო უამრავ რამეს ინახავს და ისტორიას გვიყვება, მაგრამ სიფრთხილე, ადგილის სწორად განსაზღვრა ჟურნალისტისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს. ასევე, მნიშვნელოვანია პირველადი დახმარებისა და უსაფრთხოების სხვა წესების ცოდნა, საბაზისო დონეზე მაინც. გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო ბევრჯერ გააშუქებ კონფლიქტს, მით მეტად გაიცნობ საკუთრ თავს. მიხვდები, რა შეუძლია, როგორი ემოციური გამძლეობა აქვს, შეუძლია თუ არა სტრესის ატანა და ტრავმასთან გამკლავების როგორი უნარი აქვს. ომი ყველგან საშიშია, მაგრამ ყველა ქვეყანაში მუშაობის სპეციფიკა სხვანაირია. უკრაინაში უნდა ეცადო რუს ჯარისკაცებს დაუძვრე. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, ჟურნალისტები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმა არასოდეს არის მისაღები, მეტიც, კონფლიქტის ზონაში ჟურნალისტებზე მიზანმიმართული თავდასხმა ომის დანაშაულად ითვლება, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენი კოლეგები მაინც იღუპებიან. მედიის წარმომადგენლები საფრთხეში იგდებენ თავს, რომ მსოფლიოს ყველა ომის, ამ შემთხვევაში უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდონ... ომი ყველაზე დიდი საშინელებაა, რაც კი კაცობრიობას მოუგონია და ის აუცილებლად ტოვებს კვალს, რასაც შემდეგ სხვადასხვაგვარად ფუთავენ. ჩვენს ენაზე კი მას ომის სინდრომი ეწოდება... გამოცდილება გვასწავლის მეტ სიფრთხილეს, ცივი გონებით მოქმედებას, თავშეკავებას და დაფიქრებას. ომის ქაოსში უამრავი ჟურნალისტი იკარგება, ზოგს პოულობენ, მაგრამ ყველას - ვერა. მე ბევრი სისხლი და სიკვდილი მინახავს, მაგრამ­ ყველაზე მძიმე ბავშვების თვალებში ჩამდგარი შიში და მოხუცების უმწეო გამომეტყველებაა. რას არ დავთმობდი, რომ ეს არასდროს არც ერთ ქვეყანაში არ ენახოს კაცობრიობას.

omi3-1648988541.jpg

უამრავი ადამიანი მინახავს ისეთი, რომელმაც სულით ხორცამდე შემძრა. ყველა ომს ჰყავს თავისი გმირი, რომელიც მთელი ცხოვრება გამახსოვრდება. ხარკოვში გადავიღე ქალი და მამაკაცი, რომლებიც ძლიერი აფეთქების გამო დაშავდნენ. სხვადასხვა ხარისხის დამწვრობები ჰქონდათ, საშინელი სანახავი იყვნენ. არადა, მათ არაფერი დაუშავებიათ, ცხოვრობდნენ, შრომობდნენ, სიცოცხლით ხარობდნენ. უეცრად კი ომმა, რუსეთის თავდასხმამ, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მათი ბედი, სიკვდილის პირისპირ ცხოვრება, მილიონობით ადამიანმა გაიზიარა.

დაუვიწყარია ხარკოვის დაბომბვისას დაღუპული 96 წლის ბორის რომანჩენკოს ამბავი. ის მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებს გადაურჩა და ხარკოვში რუსეთის საავიაციო დაბომბვას ემსხვერპლა. რუსული ბომბი მის საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ვკითხულობდი მის დოსიეს და ვერ ვიჯერებდი - 1942 წელს ნაცისტურმა ჯარებმა ჯერ კიდევ მოზარდი უკრაინიდან გერმანიაში გაგზავნეს. გაქცევა სცადა, რის შემდეგაც ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს. ხედავდა, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები შიმშილით, სიცივით, არაადამიანური პირობებით, მაგრამ გადარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ომის დასრულებამდე პენემუნდეს, დორა-მითელბაუსა და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებები გამოიარა. მისი შვილიშვილი იხსენებდა, რომ უმძიმესი წარსულის მიუხედავად, ძალიან ხალისიანი ადამიანი იყო. ხარკოვის ახლოს პატარა სახლი ჰქონდა, სადაც შვილიშვილებთან ერთად ყოფნა უყვარდა. სამხრეთ უკრაინაში ერთ-ერთი ტაძრის ეზოში დაკრძალეს. ქარი იყო და სანთლებს გვიქრობდა. ძალიან ცოტა ხალხი შევიკრიბეთ, ახალგაზრდა მართლმადიდებელი მოძღვარი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი. საფლავზე თვითნაკეთი ხის ჯვარი დავამაგრეთ. ისტორიის ნაწილი გაქრა. ბიჭი, რომელმაც ადამიანის ბუნებისთვის ყველაზე წარმოუდგენელი, საშინელი რამ, ფაშისტური გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკები გამოიარა, ცხოვრება გააგრძელა, სიბერეში რუსების სისასტიკემ იმსხვერპლა.