"ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებუ­ლი გაუღიმარი თაობები გვყავს“ - კვირის პალიტრა

"ჩვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებუ­ლი გაუღიმარი თაობები გვყავს“

"ჩვენ რომ თუნდაც იმის მეასედი მხარდაჭერა გვქონოდა, რასაც მსოფლიო დღეს უკრაინას უკეთებს, იქნებ დამარცხებულის სინდრომს ასე არ გავეტეხეთ“…

სამშობლოსკენ მიმართულ ნებისმიერ აგრესიას ადამიანი მძაფრად და მტკივნეულად განიცდის. ლამის უკვე ტრადიციად ქცეული ქართველი ერის ლაჩრად მოხსენიება კი არამარტო მტკივნეული, შეურაცხმყოფელიცაა. საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ გამოვლენილი აგრესიის მიზეზებზე საუბარი პროფესორ მანანა ბუკიასთან­ ვარჩიე. ცნობილი კავკასიოლოგი, რომელიც სამშობლოს ერთგულად ემსახურება, თავისი ქვეყნის ნაკლსაც და ღირსებასაც ნათლად ხედავს.

- ქალბატონო მანანა, ერის სულიერ თავისებურებებზე, ალბათ, ყველაზე მეტს ჰუმანიტარები ფიქრობთ. მითხარით, რა მოხდა, რატომ მივყავით ხელი სამშობლოს ლანძღვას? რატომ ვუწოდებთ საკუთარ ხალხს მშიშარა არარაობას?

- მსგავს მოვლენებს ბევრი მიზეზი აქვს, ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთია ის გარემოება, რომ მედიასაშუალებებით და საზოგადოდაც გრძელდება ჩვენი, როგორც არაფრის მაქნისი, უუნარო ერის წარმოჩენა, ჩვენი უძველესი ტრადიციებისა და კულტურული მიღწევების იგნორირება, ამის ნაცვლად კი ზერელე, ჰუმანურ პრინციპებს მოკლებული პრიორიტეტების დამკვიდრება, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ესეც კი ადვილად გადასალახავია იმ ყოვლისმომცველ ნიჰილიზმთან შედარებით, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში ნელ-ნელ და მტკიცედ დამკვიდრდა და მართლაც დიდ საფრთხედ იქცა ჩვენი აწმყოსა თუ მომავლისთვის. როდესაც ისმის კითხვა, რამ გამოიწვია ასეთი მძაფრი ნიჰილიზმი, პასუხი ასეთია: ის გამოიწვია წაგებული ომების დრამატიზმმა, რაც ომში დამარცხებულის სინდრომად მოგვევლინა. უსამართლო, უთანასწორო და წაგებულმა ომებმა ჩვენი ერი შინაგანად ისე გატეხა, რომ მას საკუთარი თავის მიმართ გაუჩნდა აგრესია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სამარცხვინოდ და ლაჩრულად წაგებული ომები. ჩვენ სამარცხვინო სიმხდალე არც აფხაზეთის და არც სამაჩაბლოს ომებში არ გამოგვიჩენია. პირიქით, ამ გამაოგნებლად უთანასწორო ბრძოლებში უმაგალითო ვაჟკაცობა გამოვავლინეთ, ჩემი აზრით, ისეთივე, როგორიც მარაბდის ომში, სადაც, მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ეს დამარცხება ბევრ გამარჯვებას აღემატებოდა. თუმცა ეს მაინც წაგებული ომები იყო და ამ მარცხმა დამთრგუნველი გავლენა მოახდინა ერის ცნობიერებაზე. ყველა თაობასთან მაქვს ურთიერთობა, სტუდენტებით დაწყებული, კოლეგებით დამთავრებული და ვხედავ, რომ ომში დამარცხებულის სინდრომი ყველა თაობას აწუხებს. აწუხებს უთქმელად, ხშირად - გაუაზრებლად, საბოლოოდ კი ეს აღძრავს სკეფსისსა და უიმედობას, რაც სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ხუმრობა ხომ არ არის - ჩვენ 1990-იანი წლებიდან მოყოლებუ­ლი, გაუღიმარი თაობები გვყავს. ჩემს არაერთ ომგამოვლილ ახლობელს დღესაც რცხვენია, რომ ცოცხალი დაბრუნდა, რომ იძულებით დაატოვებინეს მშობლიური ადგილები, სადაც დარჩნენ დახოცილი მეგობრები, რომლებიც მიწასაც ვერ მიაბარეს. ეს ხალხი გარეგნულად თითქოს ჩვეულებრივად ცხოვრობს, მაგრამ შინაგანად არც ერთს არ მიყუჩებია ომში დამარცხების ტკივილი. თავადაც მუდამ დამყვება ომში დამარცხების გაოგნება. იმ ადამიანების თვალები მახსოვს, რომლებიც სოხუმის დაცემის შემდეგ ჩამოვიდნენ ზუგდიდში, სადაც ჩემი სახლიცაა. აქ თითო ოჯახი სულ მცირე ათ ადამიანს იფარებდა. იმ ნაცნობებსა და უცნობებს მასპინძლობდა, რომელთა თვალებში დამარცხებით გამოწვეული გაოგნება ჩანდა. შეუძლებელია, მათი მზერა დაივიწყო - ჯერ ხომ გაოგნებაა, ტკივილი კი გაცნობიერების შემდეგ მოდის. ხანდახან მეჩვენება, რომ ჩვენ ჯერ ამ გაოგნების მდგომარეობიდანაც ვერ გამოვსულვართ. ეს ხალხი აფხაზეთში 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში კოშმარულ პირობებში ცხოვრობდა და ომობდა სრულიად მარტოდმარტო. დიდ პატივს ვცემ უკრაინელებს, მათ ბედს ისე განვიცდი, რომ გაყინული ბავშვების გახსენებაზე შინ თბილად ყოფნის მრცხვენია, მაგრამ ჩვენი ბიჭების მამაცობას ვერავის მამაცობის საპირწონედ ვერ დავდებ. ჩვენი მებრძოლები მარტოდმარტო იბრძოდნენ გამხეცებული მტრის წინააღმდეგ. ღმერთმა გაამარჯვებინოს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ჩვენ რომ თუნდაც იმის მეასედი მხარდაჭერა გვქონოდა, რასაც მსოფლიო დღეს უკრაინას უკეთებს, იქნებ დამარცხებულის სინდრომს ასე არ გავეტეხეთ.…

ვინ იცის, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ არ იყო იმ ბნელ 90-იანებში ინტერნეტი და ციფრული ტექნოლოგიები, რომ მთელ მსოფლიოს დაენახა, როგორ უთანასწორო ომში ვიბრძოდით და მაინც როგორ გამაოგნებელ გმირობას იჩენდნენ ჩვენი ბიჭები - თითქმის განიარაღებული ქართველი მეომრები, რომლებიც ურჩხულს ებრძოდნენ... მერე ასეთი უმაგალითო თავდადება სამაჩაბლოს ომში გაგრძელდა... დღეს ჩვენი ბიჭები უკრაინაში იბრძვიან და განა მარტო სოხუმისა და სამაჩაბლოს ვეტერანები, მეგობარ ქვეყანაში პატარა ბიჭებიც წავიდნენ, რათა იქაც საქართველოსთვის ებრძოლათ. საკუთარი ქვეყნის დარდმა არ მოასვენათ, შინ ვეღარ გაჩერდნენ და წავიდნენ... მათ შორის ჩემი ახლობლები, უმცროსი მეგობრებიც არიან. ნუთუ ამ ბიჭებს ვეძახით ლაჩრებს?! მერე რა, რომ ვიღაცას რაღაც შეეშალა, თუნდაც მთავრობას?! რა შუაშია აქ ერის სილაჩრე?! ნებისმიერ ერს აქვს შავი, თეთრი და ფერადი დღეები. როგორც ყველა ერს, ჩვენც ერთდროულად გვყავდნენ გმირებიც, ლაჩრებიც და მოღალატეებიც. გეგუთის სასახლეში­ გახიზნული­ რუსუდან მეფე მთავრობა იყო, ბრძოლის ველზე სისხლმდინარე შალვა ახალციხელი კი - ერი. საქართველოში ერთსა და იმავე­ დროს ცხოვრობდნენ ღირსი ამბროსი ხელაია და სერგო ორჯონიკიძე... ზოგჯერ შეიძლება შეცდომებით, შეცოდებებით სავსე ადამიანმა წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინოს და ამის დასტურად ჩვენ დემეტრე თავდადებული გვყავს - გარეგნულად მხიარული, მომლხენი, მონადირე, მონადიმე... მისი ზღვარგადასული საქციელის გამო კათალიკოსი გადადგა, არ მინდა, იმ ქვეყნის სულიერი მამა ვიყო, რომელსაც მეფედ დემეტრე ჰყავსო. ხალხი ლამის წყევლიდა, ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი და ერის წინაშე ამხილა, უწინასწარმეტყველა, რაც მოხდებოდა, თუ ავზნიანობას არ მოიშლიდა. უთხრა, უცხო მიწაზე დაიკვლები, შენი შვილები კი დაიფ­ანტებიანო. აუხდა დემეტრეს მამა ბასილის წინასწარმეტყველება - ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, იავარიქმნა სიმდიდრე მისი, შვილნი მისნი მიმოდაიბნენ... მაგრამ როდესაც ჟამმა მოაწია, სწორედ მან, დემეტრემ, საკუთარი სიცოცხლით საშინელ სისხლისღვრასა დ უბედურებას გადაარჩინა თავისი ქვეყანა...

- ალბათ, ხშირად გეკამათებიან, როდესაც წარსული მოგყავთ მაგალითად; დაობენ იმის შესახებ, რომ წარსულის მაგალითებით ცხოვრება სიბნელეა...

- კი, მეკამათებიან, რას გადაგვაყოლეთ დავით­ აღმაშენებელს, დარწმუნებულიც კი არ ვართ, ნამდვილად თუ იყო და მას რატომ­ უნდა მივბაძოთო. როგორ? მაშ, საიდან მოვედით? მაშ, დღეს იმისთვის რატომ­ ვიბრძვით, რისთვისაც დავით აღმაშენებელი იბრძოდა? კარგი, ბატონო, დავით აღმაშენებელი შორეული წარსულია. ჩვენი შინდისელი ბიჭები, მტერიც რომ გააოგნეს ვაჟკაცობით?! ეს ხომ გუშინდელი დღეა და ისინი რისთვის დაიხოცნენ? ვინ იყვნენ ოთხოზორია და ანწუხელიძე?! ასე რომ, ჩვენ ბევრი გმირი გვყავს და ბევრი მომავალი გმირიც იმ პატარა გოგო-ბიჭებში, დღეს რომ ჩვენ გარშემო დარბიან და მთელი ერის ლაჩრად მოხსენიებით იქნებ მათში სწორედ ამ გმირებს ვხოცავთ?!

- კავკასიოლოგი ბრძანდებით. ვხედავთ, როგორ ეძებს უკრაინა მოკავშირეებს და იქნებ ამან უძველეს კავკასიურ ერთიანობაზე დაგვაფიქროს? რა ხდება დღეს კავკასი­ელებში.

- კავკასია ჩვენი ტკივილი და იმედია. ჩვენ ერთმანეთზე ახლო ნათესავი არ გვყავს. საუკუნეებია, ერთად მოვდივართ. ხან ერთად ვიბრძვით, ხან კი ერთმანეთს ვებრძვით. საოცარი ურთიერთობა გვქონდა ჩრდილოეთ კავკასიელებთან. სვანებს გეოგრაფიული მდებარეობის გამო ჩერქეზებთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ, ვიდრე - ბარის საქართველოსთან. სამეგრელოში ვაჟკაც კაცს აფხაზაჯგურა კოჩის - აფხაზივით კაცს ეძახდნენ. დაღესტანში აღმოჩენილია 100-ზე მეტი ქართული ლაპიდარაული წარწერა და ხელნაწერები, რომლებიც მე-8 საუკუნით თარიღდება. სიყვარული და ერთობა რომ არ ყოფილიყო, რა უნდოდა დაღესტანში ქართულ წარწერებს? მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენმა ბოროტმა ჩრდილოელმა მეზობელმა ამ ურთიერთობებს წყალი შეუყენა, ერთმანეთის მტრად გვაქცია. ახლა მხოლოდ სიყვარულითა და სინანულით შეიძლება ჩვენი ერთად ყოფნა. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ თუ აფხაზებსა და ოსებს შეეშალათ ჩვენთან, ჩვენც შეგვეშალა მათთან და ეს სინანულად უნდა მივიღოთ. გვიკიჟინებენ, დაკარგულ ტერიტორიებზე ომით შევიდეთო. ასე ჩვენი ურთიერთობა არ გამოვა. არადა, იცით, როგორი მტკივნეულია ჩემთვის, როდესაც ზუგდიდში ვარ და მანცხვარკარიდან გავყურებ სათანჯოს მთას... მგონია, ხელებს თუ გავშლი,­ გულში ჩავიხუტებ, არადა, დღეს მონბლანზე უფრო შორია ჩემთვის, რადგან საფრანგეთში შემიძლია წავიდე, აქვე, ექვს კილომეტრში, სამურზაყანოში მდებარე სათანჯოზე კი ვერ ავდივარ. იცით, ეს როგორი განცდაა?­ აგერ, ღელის იქით შვილი რომ გყავდეს, უყურებდე და გულში ვერ იხუტებდე... როდის გაქრება ეს მანძილი? როდესაც ისეთები გავხდებით, როგორიც უფლისთვის იქნება სათნო. ხშირად მესმის, რაც გვჭირს, უფლის სასჯელია. არა, კი არ გვსჯის, ამ კატაკლიზმებით გვაფხიზლებს, გვახსენებს, როგორები უნდა ვიყოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ნათქვამია, მთა საუკუნეში ერთხელ ამოხეთქავს და იქთიოზავრს ამოაგდებს, სხვა დროს კი მის კალთაზე ცხვარი მშვიდად ბალახობსო. მჯერა, მოვა დრო, როდესაც მთა ამოხეთქავს და საქართველო დაიბრუნებს თავის ღირსებას და ადგილს მსოფლიოს რუკაზე. დიახ, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს დრო აუცილებლად დადგება.