"არ ვიცი, ეს რა წინათგრძნობა იყო, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი" - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, ეს რა წინათგრძნობა იყო, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი"

"არ მომწონს, როცა რუსი ან უცხოელი არტისტები ამბობენ, მშვიდობა უნდა იყოს და ომი შეწყდესო... მშვიდობა აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ უმთავრესია, სიმართლემ გაიმარჯვოს! შეწყდეს ომი და აღმოჩნდეს, რომ ეს ამდენი დაღვრილი სისხლი, გმირების თავგანწირული ბრძოლა სამშობლოსა და თავისუფლებისთვის ფუჭი ყოფილა? - ეს ჩემზე დამანგრევლად მოქმედებს"... - ამბობს ცნობილი ხელოვანი ნიკოლოზ რაჭველი, რომელსაც უკრაინელ ხალხთან წლების განმავლობაში დიდი სიახლოვე აკავშირებს.

- ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ჩვენი ორკესტრის ბიბლიოთეკარს ვთხოვე, უკრაინის ჰიმნის ნოტები ეშოვა. არ ვიცი, ეს რა წინათგრძნობა იყო, მაგრამ შინაგანად ვგრძნობდი, რომ ამ ჰიმნის აჟღერება მალე მოგვიწევდა... როდესაც რეპეტიციებს ვატარებდი, ყველა მეკითხებოდა, როდის უნდა შევასრულოთო, რაზეც ვერ ვპასუხობდი... მხოლოდ ვამბობდი, ინტუიცია მკარნახობს, მზად უნდა გვქონდეს-მეთქი. 24 თებერვალს, დილით, თვალი გავახილეთ და გავიგეთ, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დაბომბვა და სასტიკი აგრესია დაიწყო. ბუნებრივია, ეს ყველასთვის ძალიან დიდი შოკი იყო. ორკესტრს სამუშაო დღე არ ჰქონდა. სოციალურ ქსელში საერთო ჩათი გვაქვს და იქ დავიწყეთ ერთმანეთისთვის ემოციების გაზიარება... ვიკითხე, ხომ არ შევიკრიბოთ, რაც ხდება, გამოვეხმაუროთ და უკრაინის ჰიმნი შევასრულოთ-მეთქი. რასაკვირველია, ყველა დამთანხმდა. შემდეგ გაირკვა, რომ მთელ მსოფლიოში პირველები აღმოვჩნდით, ვინც მკაფიო, შემოქმედებითი მესიჯით გამოეხმაურა ომის დაწყებას და რუსული აგრესია გააპროტესტა.

სოციალურ ქსელში დავწერეთ, რასაც ვაპირებდით და იმავე დღეს, ხუთ საათზე, ჩვენს სარეპეტიციო დარბაზში ორკესტრის წევრებთან ერთად თავი ძალიან ბევრმა ადამიანმა მოიყარა. სრულიად უცნობი ადამიანები მოდიოდნენ უკრაინის მხარდასაჭერად, ემოციის გამოსახატავად: მუსიკოსები, არტისტები, მსახიობები, პოლიტიკოსებიც კი... გიორგი ცაგარელს, ბექა გოჩიაშვილს და ნინო ქათამაძეს ვთხოვე, მონაწილეობა მიეღოთ ჩვენს აქციაში და 24 თებერვალსვე, ხუთ საათზე, ჩვენ უკვე პირდაპირ ეთერში გავედით. აქციაზე შევასრულეთ უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები და კიდევ ორი ნაწარმოები. უკრაინული სიმღერა "ჩერნობრივცი" ჩემი ორკესტრირებით კიევში გვაქვს შესრულებული. მოგეხსენებათ, ნინო ქათამაძე ამ სიმღერას რაოდენ შესანიშნავად მღერის - უკრაინელები გიჟდებიან, ახლა კი ძლივს მოახერხა ემღერა, ცრემლები მოსდიოდა და ყელში ბურთი ისე ეჩხირებოდა, ვეღარ სუნთქავდა; ბექა გოჩიაშვილსა და გიორგი ცაგარელთან ერთად კი გია ყანჩელის "ჰერიო ბიჭებო" შევასრულეთ, რომელიც პატრიოტულ თემაზეა და ომის სულისკვეთებას გამოხატავს. ამ კომპოზიციებით თითქოს ოდნავ ამოვისუნთქეთ, რადგან ძალიან ძნელია, როცა რაღაც გინდა გამოხატო და შენი იარაღი მხოლოდ მუსიკაა. ომის დაწყების მესამე დღეს უკრაინის ტელევიზიის თხოვნით რუსთაველის გამზირზე ორკესტრის წევრებთან, ნინო ქათამაძესთან, პაპუნა შარიქაძესთან ერთად აქცია გავმართეთ. ჩვენი მიზანი იყო საქართველოში მყოფი უკრაინელების გამხნევება. სიგნალი უკრაინაში გადაიცემოდა, საიდანაც დიდი მადლიერება იგრძნობოდა. აქციას საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და სოციალურ ქსელში გაგვაკრიტიკეს კიდეც. აქცია 26 თებერვალს ჩავატარეთ. სამწუხაროდ, კიევში იმ დღეს უფრო გააქტიურდა საომარი ვითარება, მსხვერპლი გაიზარდა და გაჩნდა მოსაზრება, რომ ასეთ დროს აქ კონცერტი უადგილო იყო. შეიძლება მართლაც ცუდ დროს დაემთხვა, მაგრამ კიდევ დავაზუსტებ, რომ არც ერთს არ გვეკონცერტებოდა და ეს კონცერტი არც იყო, ეს იყო მიძღვნა და ტკივილის გაზიარება.შემდეგ "ლენო რექორდსში" გიორგი გვარჯალაძემ მარათონი გამართა და იქაც მივიღეთ მონაწილეობა. თანხა მთლიანად უკრაინის დასახმარებელ ფონდში გადაირიცხა. ახლა ამ ყველაფერმა მთელ მსოფლიოში რეგულარული ხასიათი მიიღო - აქციები, შემოქმედებითი ღონისძიებები ყველგან­ ტარდება. მე და თეო ჯორბენაძე ჩვენი ფეისბუკგვერდებით ვაშუქებდით, მსოფლიოს სიმფონიურმა ორკესტრებმა, საოპერო, დრამატულმა თეატრებმა როგორ აქტიურად დაიწყეს გამოხმაურება. ყველგან უკრაინის ჰიმნი სრულდება, უკრაინის დროშა ეშვება... ეს ძალიან მიხარია.ყველამ გააცნობიერა, რომ ხელოვანები არა მხოლოდ პაციფიზმის, არამედ სიმართლის გამარჯვების მხარდამჭერები უნდა ვიყოთ!

- პირადად თქვენ უკრაინასთან, უკრაინელ ხალხთან რა გაკავშირებთ?

- ძალიან ბევრი რამ... საქართველოს დამოუკიდებლობის დღე 26 მაისი ხშირად კიევში მაქვს გატარებული, რადგან იქ კონცერტებს ვმართავდით. მეტწილად ნინო ქათამაძის კონცერტები იმართებოდა. Iიმედია, მომავალშიც ასე გაგრძელდება.

გარდა ამისა, 2012 წელს, როდესაც დედაჩემი გარდაიცვალა, დედის ხსოვნისადმი მიძღვნილი დიდი სიმფონიური ნაწარმოები დავწერე. პრემიერა საქართველოში, რუსთაველის თეატრში შედგა. შემდეგ კიევის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შესრულებით გაიმართა მეორე პრემიერა. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კიეველმა მუსიკოსებმა ძალიან შეიყვარეს ჩემი მუსიკა და მას შემდეგ რასაც ვქმნი, ყველაფერში ინტენსიურად არიან ჩართული...

მე, ნინო ქათამაძეს, ჩემი ორკესტრის ნაწილს რამდენჯერმე გვაქვს მოვლილი უკრაინის ყველა ის ქალაქი, სადაც საოპერო თეატრი თუ საკონცერტო დარბაზია. ოკუპაციამდე ყირიმშიც ვართ ნამყოფი. უკრაინის ყირიმი გადასარევი იყო და აუცილებლად მოვა დრო, როცა ისევ უკრაინის იქნება!

ყველგან, სადაც ჩავდიოდით, იქაურ ორკესტრთან მიწევდა თანამშრომლობა. უახლოესი მეგობრები მყავს ხარკოვის, ლვოვის ორკესტრებში. ვიცოდი, რომ ლვოვის საოპერო თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ივან ჩერედნიჩენკო სასოწარკვეთილი იყო, რადგან მშობლებს ვერ უკავშირდებოდა - ისინი ირპენში ცხოვრობდნენ, ახლახან კი შევიტყვეთ სამწუხარო ინფორმაცია, რომ ივანის მშობლები გარდაცვლილი იპოვეს. რაც ომი დაიწყო, ყველა ნაცნობ მუსიკოსს ყოველ დილით ვუკავშირდები და მათ ამბებს ვიგებ. კიევის კონსერვატორიის პედაგოგი და დირიჟორია ქართველი ილია ინეიშვილი, რომელიც ამჟამად რომელიღაც სოფელში აფარებს თავს. ძალიან ვღელავ ჩემი ნაცნობების გამო. გამუდმებით ვცდილობ მათთან დაკავშირებას და თითოეულის პასუხი ნიშნავს, რომ ცოცხალია, სუნთქავს...უკრაინელები, გარდა იმისა, რომ გმირი ხალხია, ძალიან კარგი ადამიანები არიან! რუსეთშიც მქონია კონცერტები, რუსებსაც ვიცნობ და შემიძლია შევადარო... კონცერტზე დასასწრებად მოსული ადამიანი უკვე კულტურულია, მაგრამ რუსები ქედმაღალნი არიან და ეს სიყვარულის გამოხატვის დროსაც იგრძნობა. უკრაინელები კი საოცრად გულთბილი, თავმდაბალი ხალხია. ნინო ქათამაძე უკრაინაში ძალიან უყვართ, მათთვის ის ვარსკვლავია. სხვადასხვა ქალაქში რომ ჩავდიოდით, ბებიები მოდიოდნენ და საოპერო თეატრების სამსახურებრივ შესასვლელთან საკუთარი ხელით გამომცხვარ ტკბილეულს ახვედრებდნენ...

- რუსეთისგან არაერთი თავდასხმა გადავიტანეთ. როგორ გახსენდებათ უკრაინის სოლიდარობა საქართველოს მიმართ?

- 2008 წელს პრაღაში ვიყავი - მუსიკა დავწერე ფილმისთვის... პრაღაში რამდენიმე ადგილი ვიცოდი, სადაც უცხოური გამოცემები იყიდებოდა, "ნიუ-იორკ თაიმსით" დაწყებული და მათ ყოველ დილას ვყიდულობდი. პირველ გვერდზე ყველგან საქართველოს შესახებ ეწერა. ძალიან ვღელავდი იმაზე, რაც საქართველოში ხდებოდა და უფრო იმიტომ, რომ საზღვარგარეთ ვიყავი. Gგამუდმებით ვრეკავდი მეგობრებთან... ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაშინ საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის ჩამოსვლა. გაგანია ომის დროს სხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად მისი თბილისში ყოფნა ერთგვარი დამცავი ნაბიჯი იყო. იუშჩენკოს ვიცნობ, იგი კიევში ჩემს არაერთ კონცერტს დასწრებია. მეგობრული ურთიერთობა არ გვაქვს, მაგრამ მან იცის, ვინ ვარ და ის ვინც არის, მთელმა მსოფლიომ იცის. კონცერტების შემდეგ მოდიოდა და პირადად მილოცავდა წარმატებას, რაც ძალიან სასიამოვნო იყო. მასაც, როგორც ყველა უკრაინელს, საქართველო განსაკუთრებულად უყვარს. უკრაინელები სულ გრძნობდნენ, რომ მოძმე ქვეყნები ვართ, ძალიან სახარბიელო ტერიტორიებით რუსეთისთვის, რომელიც ვერ იტანს ჩვენს მისწრაფებას ევროპული ოჯახისკენ და ვერაფრით შეეგუა ჩვენს დემოკრატიზაციის პროცესს, რადგან რუსეთში დემოკრატია არ არის! რუსეთში 2008 წლამდე ხშირად მქონდა კონცერტები და ვერ ვიტყვი, რომ ყველა რუსის ხასიათში იმპერიალიზმი იგრძნობა. მყავს მეგობრები, რომლებიც საღად აზროვნებენ. მათ 2008 წელსაც გამოხატეს პროტესტი და ახლაც. ეს ის ხალხია, ვინც ქუჩაში გადის და, მიუხედავად იმისა, რომ იცის, რაც დაემართება, სათქმელს მაინც ამბობს, თუმცა ეს მოსახლეობის ძალიან მცირე პროცენტია. უფრო მეტია, ვინც სიმართლე იცის, მაგრამ ხმამაღლა თქმის ეშინია, თუმცა ეს შიშიც მესმის - 15-წლიანი პატიმრობა ემუქრება ყველას, ვინც უკრაინაში შეჭრას ომს უწოდებს!

- რუსეთში მცხოვრები ქართველი ხელოვანებიც უჭერენ მხარს პუტინს...

- არ მგონია, თამარ გვერდწითელი პუტინს მხარს უჭერდეს. როგორც ვიცი, მან ომი გააპროტესტა, მონაწილეობა არ მიიღო რუსეთში გამართულ კონცერტში. სოსო პავლიაშვილმა იმღერა, მაგრამ, მგონია, რომ სოსო აღარ არის ქართველი, ისევე, როგორც თიკა კანდელაკი. არ მაქვს განცდა, რომ თიკა ჩემი თანამემამულეა. მხოლოდ სახელი და გვარი ეროვნებას არ ნიშნავს. ყველაზე მეტად ვალერი მელაძის პოზიციამ გამაკვირვა და გამახარა. მოგეხსენებათ, იგი რუსეთში ძალიან ცნობილი ხელოვანია და ეს ომი რომ მკაცრად დაგმო, გამიკვირდა, არ ველოდი. იგი ქართულადაც კი ვერ ლაპარაკობს, ისე იყო ინტეგრირებული რუსულ სამყაროში... თუმცა მაინც არ მინდა, ვინმე განვსაჯო. ყველას ექნება გულში თავისი სიმართლე. ალბათ, ისინი ისეთი მადლიერი არიან იმ ქვეყნის, მიაჩნიათ, რომ სწორედ ასე უნდა მოიქცნენ.

- ალა პუგაჩოვამ გააპროტესტა, რაც ხდება. მას პირადად იცნობთ?

- 2003 წელს შევხვდი... ძალიან დიდ პატივს ვცემ, სერიოზული არტისტი და ისტორიული ფიგურაა. კარგია, რომ სწორი პოზიცია დაიჭირა და ეს არც გამკვირვებია...რუსეთი ძალიან მძიმე ქვეყანაა და დიქტატურის პირობებში ადვილი არ არის თავისუფალი აზრის გამოთქმა, ამიტომაც ყველას საკუთარი მოსაზრების გამოხატვის თავისებური ფორმა აქვს. ვიღაც ამას ძალიან რბილად აკეთებს, ვიღაც - მკაცრად. ვინც რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, მას იმედი აქვს, რომ დაცული იქნება ან, ბოლოს და ბოლოს, რისკავს, რადგან იცის, რომ შეიძლება დააპატიმრონ. ზოგს აქვს გმირობის ძალა და სურვილი, ზოგს - არა...

მე არ მომწონს, როცა რუსი ან უცხოელი არტისტები ამბობენ, მშვიდობა უნდა იყოს და ომი შეწყდესო... მშვიდობა აუცილებელი კომპონენტია, მაგრამ უმთავრესია, სიმართლემ გაიმარჯვოს! შეწყდეს ომი და აღმოჩნდეს, რომ ამდენი დაღვრილი სისხლი, გმირების თავგანწირული ბრძოლა სამშობლოსა და თავისუფლებისთვის ფუჭი ყოფილა? ეს ჩემზე დამანგრევლად მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია, გმირების თითოეული სისხლის წვეთი სწორედ უკრაინის გამარჯვებას მოხმარდეს...

- საქართველოს ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი უკრაინას?

- ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობამ, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა ქართველმა ხელოვანებმა, ქვეყნის პრეზიდენტმა და არაერთმა პოლიტიკოსმა უკრაინისადმი სწორი დამოკიდებულება გამოავლინეს. ჩვენს მეგობარ ქვეყანას აჩვენეს სოლიდარობა, თანადგომა. ამ ომში უკრაინასთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან ერთად მთელმა დემოკრატიულმა სამყარომ უნდა გაიმარჯვოს!

- როგორია თქვენი, როგორც შემოქმედის, დღევანდელობა?

- ახლა 9 აპრილის კონცერტისთვის ვემზადებით. გადავწყვიტეთ, ეროვნულმა ორკესტრმა სოლიდარობის აქცია თბილისის ოპერის თეატრში გავმართოთ. შევაგროვებთ თანხას უკრაინელი მუსიკოსების ოჯახების დასახმარებლად. ძალიან სევდიანი და სიმბოლური რეპერტუარი იქნება. შესრულდება ჩემი ნაწარმოები, რომელიც ბესლანის ტრაგედიის განცდამ დამაწერინა და რომლის პრემიერა წლების წინ ჰამბურგის ფილარმონიაში შედგა. ეს კონცერტი იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც ოსები, რუსეთის დავალებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს არ გვიბრუნებდნენ. ჰამბურგის ფილარმონიაში რამდენიმე ათასი ადამიანი ეტევა. მე აუდიტორიის წინაშე გამოვედი და გერმანელ პუბლიკას მოვუყევი გმირ არჩილ ტატუნაშვილზე, ბესლანის ტრაგედიაზე და გამოვთქვი ჩემი მოსაზრება, როგორია კრემლის რეჟიმი.9 აპრილის კონცერტზე შესრულდება ჩემი თაობის უკრაინელი კომპოზიტორის სიმფონიაც, რომელსაც "სიმფონია ომის შესახებ" ჰქვია და რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მე და ჩვენს ორკესტრს მოგვიძღვნა. სიმფონიის დასასრულს გამარჯვების თემაა და ამიტომაც ეს მხოლოდ ტრაგიკული ნაწარმოები არ არის.

მეორე ნაწილში შევასრულებთ გია ყანჩელის "სევდის ანგელოზებს", რომელიც მან კონცერტისთვის დაწერა და 2013 წელს ჩემი დირიჟორობით ბერლინის ფილარმონიაში შესრულდა. მაშინ ეს კონცერტი-აქცია პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული და მასში კლასიკური მუსიკის მსოფლიო დონის არტისტები მონაწილეობდნენ. ყველა გაერთიანებული იყო კრემლის პოლიტიკის გასაპროტესტებლად. ღონისძიება ნობელის პრემიის ლაურეატ მწერლებს მიჰყავდათ, რომლებიც თავიანთ მკაცრ მოსაზრებებს უზიარებდნენ საზოგადოებას. მონაწილეობდა უკრაინის გოგონათა გუნდი და ეს ძალიან სიმბოლურია, რადგან ის ბავშვები ახლა ბომბებს თავშესაფრებში ემალებიან. 9 აპრილი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დღეა. დედამ წამიყვანა და ცხრა წლის ასაკში ჩემი თვალით ვნახე რუსთაველზე რუსული ტანკების შემოსვლა. როგორღაც გადავრჩით და გამოვასწარით, თუმცა, მიმაჩნია, რომ ჩემმა იქ ყოფნამ განსაზღვრა ჩემი დამოკიდებულება მუსიკის, ადამიანების, სამშობლოს, სამყაროს მიმართ!

რუსეთის სისასტიკე არა და არ დამთავრდა და ამიტომაც არის ახლა უმნიშვნელოვანესი უკრაინის გამარჯვება, რაც ბოროტების დასასრულის დასაწყისი იქნება!