"პატარა ბიჭი მეუბნებოდა, რომ გავიზრდები, "ბოევიკი“ უნდა გამოვიდე და რუსები დავხოცოო“ - კვირის პალიტრა

"პატარა ბიჭი მეუბნებოდა, რომ გავიზრდები, "ბოევიკი“ უნდა გამოვიდე და რუსები დავხოცოო“

არსებობენ ადამიანები, რომელთაც ერთდროულად რამდენიმე ნიჭი აქვთ: მწერლობის, მხატვრობის, მუსიკოსობის, მსახიობობის... ასეთია პაატა მოისწრაფიშვილიც - ძალიან საინტერესო პიროვნება, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ის უშიშარი მოგზაურია, რომელსაც შეუძლია დეკემბრის ღამეებში, ფანდურისა და საბიჯგი ჯოხის ამარა მარტომ მოიაროს ომის ცეცხლში გახვეული ჩრდილოეთ კავკასია, მან ეს 1997 წელს გააკეთა. სწორედ მაშინ ნახა რუსებისაგან ისეთივე ნანგრევებად ქცეული გროზნო, როგორიც დღეს უკრაინაა. კავკასიელთა ეს დრამა, რომელიც ამ ადამიანმა მოგზაურობიდან "ჩამოიტანა", დღესაც ისეთივე ცოცხალია, როგორიც მაშინ და იქნებ უფრო მეტადაც.

- ბატონო პაატა, რამ წაგიყვანათ გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩეჩნეთში?­ მაშინ იქ მთელი ჩრდილოეთ კავკასია ომობდა.

- როცა წავედი, მაშინ ჩეჩნეთი დრო­ებით არ იბომბებოდა, რუსეთთან "ხელშე­კრულება" ჰქონდათ დადებული. ორი წლის შემდეგ, 1999 წელს, რუსეთმა ომი გააგრძელა და ჩეჩნეთში ყველაფერი დაანგრია, რაც დარჩენილი ჰქონდა, თუმცა დანარჩენი­ კავკასიაც ცეცხლში იყო გახვეული, - ირგვლივ ყველაფერი იწვოდა, თუმცა ჯერ მოვყვები, რატომ წავედი მაინცდამაინც ჩრდილო კავკასიაში და თან ფეხით. მაშინ საქართველოშიც უმძიმესი დრო გვედგა და სულის ნუგეშად იერუსალიმში ფეხით წასვლა ვპოვე. მოგზაურობა ისეთ გადამრჩენელ­ სასწაულად მომევლინა, მინდოდა გამეგრძელებინა და გადავწყვიტე, აფრიკაში წავსულიყავი. ჰოდა, მეორედ მივედი ჩვენს პატრიარქთან, რომელმაც იერუსალიმში მოგზაურობა აკურთხა და ვთხოვე,­ აფრიკაში წასვლაც მიკურთხეთ-მეთქი. მან მშვიდად შემომხედა და მითხრა, შენ მანდ გასართობად მიდიხარ, მე ამ გზას ვერ გიკურთხებ, რამე ისეთი გამონახე, რომლითაც უფალთან ახლოს ივლიო. დიდი ხნის შემდეგ, სოფელში რომ ვიყავი, ჩათვლემილი­ თითქოს უცაბედმა ფიქრმა გამაღვიძა, პაატა, ჩრდილოეთ კავკასიაში ხომ არ წასულ­იყავი-მეთქი. არ ვიცი, ეს რა იყო. იქნებ­ იმიტომ მომინდა, რომ ეს ხალხი ჩვენი სისხლით ნათესავი იყო, ომობდა და ჩემი დანახვაც ანუგეშებდათ? მოკლედ, ისევ პატრიარქთან წავედი. გაუხარდა და მითხრა, 3000 ცალ სანთელს გაგატან, გზაში ვისზეც გულმა გითხრას, აჩუქე, ჩრდილოკავკასიელები უძველესი ქრისტიანები არიან, მადლიერებით მიიღებენო. მერე ასლან აბაშიძის სახელზე დამიწერა წერილი. სთხოვდა, იქნებ ამ კაცის გზისთვის რამე ფული გამონახოო. ფული უფრო ფეხსაცმლისთვის მჭირდებოდა, რადგან ბათინკებში წყალი შემდიოდა. როდესაც თანაშემწემ წერილი ასლანს შეუტანა, ის გამოვიდა და მითხრა, ფული ახლა არ იქნება, სამი დღის შემდეგ მოდი და მე მოგცემო. ხელი ჩავიქნე, ამ ფულს სამი დღე რომ ველოდო, გამოდის, რომ მაგ ფულის გამო მივდივარ, არაფერი მინდა, უფულოდ წავალ-მეთქი. გემის ბილეთი ვიყიდე ტუაფსემდე, მერე მთელ ჩრდილოკავკასიაში, ადიღედან ყარაჩაი-ჩერქეზეთის გავლით ჩეჩნეთამდე გზას ფეხით დავადექი. ზურგჩანთაში ცოტა კარტოფილი, ნიორი, ხახვი, 3000 სანთელი მქონდა, მხარზე ფანდური მეკიდა, ხელში სასწაული ჯოხი მეჭირა, რომელიც ჩემთვის წმინდაა და არა მხოლოდ ჩემთვის, წასვლისას ახლობლებმა­ მომცეს, გელათის მონასტრის ბზისაგან არის გამოთლილი და ჩემამდე ბევრ ადამიანს ეჭირა ხელში. მივდიოდი და როდესაც ზურგჩანთაში 3000 სანთელი გამახსენდებოდა, ასე მეგონა, 3000 წმინდა ანგელოზი მომყვებოდა მცველად.

ვერავინ წარმოიდგენს, როგორი ენით აუწერელი საშინელების მოწმე ვიყავი. ეს იყო სასაფლაო, სადაც დამწვარი სახლების ფონზე წითელი ჯვრის ვაგონები სასახლეებად ჩანდა. ამ ტრაგედიაში­ ვნახე ის, რისთვისაც წავედი - როგორი ძლიერია­ ადამიანი. ეს ხალხი, უსახლკარო და მშიერი, თავის პურს მინაწილებდა. ყარაჩაი-ჩერქეზეთის მონასტრის მღვდელს შევეცოდე და ფეხსაცმელი მაჩუქა. ღმერთსაც ვებრალ­ებოდი, თორემ ამ გზაზე ცოცხალს რა გადამარჩენდა. საშიშროებას რომ ვიგ­რძნობდი, ფანდურს ჩამოვკრავდი და აღარ მესროდნენ. ფანდური მისტიკურია, რადგან უძველესი მოდგმის სულიერი მისია აქვს. ერთხელ კინაღამ მშიერი ძაღლების ხროვამ დამძიძგნა და იქაც უფალმა გადამარჩინა: რომ უნდა მძგერებოდნენ, ჩემმა ტვინმა სამი მაგიური სიტყვა გაიხსენა: "მამით, ძით და სული წმინდით გამშორდით!" და სასწაულიც მოხდა, ძაღლები გამშორდნენ.

- ღამით სად გეძინათ, სასტუმროებში?

- მდიდარი ხომ არ ვიყავი, სასტუ­მროებში დამეძინა?! პურსაც გზად შემხვედრი ხალხი მაძლევდა. ჩემი სასტუმროები იყო ფიცრულები, ბოსლები და თივის ზვინები. ადიღეში ახალ წელსაც კი ზვინში შევხვდი. ეს ავტომატების კაკანმა მამცნო. თივაში ჩანთა შემოვათრიე, გავხსენი, არყის პატარა ბოთლი ამოვიღე და იქიდან­ საქართველო დავლოცე. ღამე ოჯახებშიც გამითევია. განსაკუთრებით ბავშვებს ახარებდათ ჩემი დანახვა, თან საღებავები მქონდა წაღებული და სანამ მეყო, გულებს ვუხატავდი.

- არავინ გითხრათ, რომ გროზნოში საშიში იყო?

- საშიში არა, რადგან აღარ ბომბავდნენ, მაგრამ შემზარავი კი იყო, ისეთი შემზარავი, რომ მის დანახვაზე სუნთქვა გამიჩერდა და მეგონა, გულის შეტევა დამემართა. ნანგრევზე ჩამოვჯექი და ათასი წყევლა შევუთვალე რუსებს, ყველაფერი მიწასთან იყო გასწორებული. ხალხი ყინვაში­ ფიცრულებში ცხოვრობდა, საიდანაც დამწვარი საბურავების შავი ბოლი გამოდიოდა. მკვდარ ქალაქში აღმოვჩნდი, სადაც ნახევრად დანგრეულ შენობაში ჩეჩნეთის მთავრობა ვიპოვე. პატივისცემით შემხვდნენ. სინანულიც კი გამოხატეს იმის გამო, რომ აფხაზეთში ჩეჩნები ქართველების წინააღმდეგ ომობდნენ. მაშინდელმა ჩეჩნეთის კულტურის მინისტრმა ღამის გასათევიც შემომთავაზა რომელიღაც ოჯახში, მაგრამ უარი ვუთხარი - ერთი ჭუჭყიანი მოგზაური ვარ, არ მინდა, ვინმე შევაწუხო, თავშესაფარს თავად მოვძებნი-მეთქი. სიბნელეში გზაზე პატარა ბიჭი გამოვარდა და ის დამეხმარა თავშესაფრის პოვნაში. ასე 6-7 წლის იყო. მეუბნებოდა, რომ გავიზრდები, "ბოევიკი" უნდა გამოვიდე და რუსები დავხოცოო. გამწარებული იყო ამდენი საშინელების ნახვით...

- რით ირჩენდა ეს მიწასთან გასწორებული ქალაქი თავს, მათ ხომ არავინ ეხმარებოდა.

- ვერ წარმომედგინა, თუ აქ ყველა ეზოში პატარა ნავთობის ჭა იქნებოდა, საიდანაც ამოღებულ ნავთს ისე ამუშავებდნენ და ყიდდნენ, როგორც ჩვენ არაყს ვხდით და ვყიდით­. მაშინ მთავრობის ბრძანებით ეს ნებადართული იყო, რომ ხალხი შიმშილით არ დახოცილიყო... ყველგან რუსების დამწვარ-დამდნარი ბე-ტე-ერები და ტანკები იყო მითრეული, რომლებზეც ქათმები დადიოდნენ. ამის ნებართვაც მთავრობისაგან ჰქონდათ: შეეძლოთ ტექნიკა დაეჭრათ და ჯართად გაეყიდათ. ამ ჩაშავბნელებულ დანგრეულ ჯოჯოხეთს ორი დღე ვუყურე და მერე შინისკან გამოვბრუნდი. დარუბანდთან მისულს, ის იყო, სიხარულისაგან უნდა მეყვირა, აი, მოვედი, ახლოა საქართველო-მეთქი, რომ უკნიდან საშინელი დარტყმა ვიგრძენი და გონი დავკარგე. დღესაც ვერ ვხვდები, ამხელა გზაზე როგორ მიპოვა იმ ერთადერთმა ჟიგულმა, რომელიც იქ დადიოდა. გონს მახანჩყალის საავადმყოფოში მოვედი, სადაც თურმე ჟიგულის მძღოლს მივუყვანივარ. ექიმი მეუბნებოდა, ოპერაცია უნდა გაგიკეთოთ, თორემ ფეხს დაკარგავო. ჩემი ჯოხი მოვიკითხე. მითხრეს, ჩვენამდე არ მოსულა, ალბათ, იმ ადგილას დარჩა, სადაც მანქანა დაგეჯახაო. მაშინ მირჩევნია, ფეხი მომაჭრან, მაგ ჯოხის გარეშე ოპერაციას არ გავიკეთებ-მეთქი! წავიდნენ, ჯოხი მოძებნეს და მომიტანეს. ოპერაცია გამიკეთეს, საავადმყოფოში ორი თვე გამაჩერეს და შინ გამომიშვეს.

როგორ­ გამოვხატო ის ღვთის მადლი, რაც ამ მოგზაურობიდან საქართველოში ჩამოვიტანე!­ ალბათ, ის პატარა ბიჭიც გაიზრდებოდა,­ გროზნოს ქუჩებში რომ შემხვდა. მინდა, "ბოევიკობა" გადაფიქრებული ჰქონდეს, რადგან მინდა იცოცხლოს, როგორც მთელმა კავკასიამ, რადგან უფრო ლამაზი და უფრო სამართლიანი ხალხი დედამიწის ზურგზე არ მეგულება!