"ვიღაცები "ნაციონალს“ მეძახიან, რადგან სიმართლეს ვამბობ, მაგრამ სიმართლე ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ვემხრობი“ - კვირის პალიტრა

"ვიღაცები "ნაციონალს“ მეძახიან, რადგან სიმართლეს ვამბობ, მაგრამ სიმართლე ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ვემხრობი“

"შეშლილი ხომ არ ვარ, ომი მომინდეს, მაგრამ ვიცი, რომ ცუდისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ“

"ვერ ამოგვწყვეტენ, რადგან ღმერთს ვუყვარვართ და საქართველოს დაჩოქება ასე იოლი არ არის!" - გვითხრა რეჟისორმა კახა გოგიძემ, რომელსაც საქართველოში შექმნილ სიტუაციაზე ვესაუბრეთ.

- უკრაინის მოვლენებმა მოსახლეობაში შიში გააჩინა. ნებისმიერი აქტივობის საპასუხოდ გვესმის შეკითხვა: "ომი გინდათ?!"

- სამწუხაროდ, რუსული სპეცსამსახურები კარგად მუშაობენ და ათასგვარ ხმას ავრცელებენ, რომელიც ხალხში შიშს აღვივებს. ყველა ჭორისა და სიბინძურის უკან, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში ვრცელდება, სწორედ რუსული სპეცსამსახურები დგანან. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს ომი გვინდა... არავინ ამბობს, ომი დავიწყოთო, მაგრამ ომისთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ იოლად ვერავინ მოგვერიოს და დაგვიმონოს, თუმცა, ვინც ამას ამბობს, ურაპატრიოტებს გვიწოდებენ. იქნებ მიპასუხონ, ომი რატომ უნდა მინდოდეს, როცა შვილი მყავს, როცა ჩემი შვილიშვილი ჯერ მხოლოდ შვიდი წლისაა?! შეშლილი ხომ არ ვარ, ომი მომინდეს, მაგრამ ვიცი, რომ ცუდისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. რუსეთი დიდ ფულს იხდის, რომ საქართველოში ეს შიში დანერგოს. ამ შიშს თესავს ხალხი, რომელიც ერთხმად ამტკიცებს, საქართველოში რუსეთის ჯარი უნდა იდგესო...რუსეთის სპეცსამსახურები ასევე კარგად იყენებენ წლების წინ ეკლესიაში ჩანერგილ სასულიერო პირებს, რომლებიც რუსეთს "ქრისტიანობის მცველად" ასაღებენ. ამაზე დიდი ღვთის გმობა გაგიგიათ? ღმერთს რაში სჭირდება რუსეთი, ან ვინმე, რომ ქრისტიანობა დაიცვას?! კიდევ კარგი, რომ ბევრი ნამდვილი სასულიერო პირი გვყავს, ისინი ჩუმად არიან, ყველაფერს ითმენენ და ამიტომ არ ჩანან.

- რას ფიქრობთ მოსაზრებაზე, რომ უკრაინელები და რუსები ძმები არიან და მათ საქმეში დასავლეთი არ უნდა ჩაერიოს?

- მე ოთხი სპექტაკლი დავდგი ხერსონში და დამიჯერეთ, უკრაინელები სულ სხვა ხალხია... მეამაყება, რომ ამ საოცარმა ხალხმა "უძლეველი" რუსული არმია ერთ თვეში ხერხემალში გადატეხა! მათ გმირობაზე დიდი გულისტკივილით მახსენდება ჩვენი ბიჭები, რომლებიც 2008 წელს და უფრო ადრე, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში, ყოველგვარი დახმარების გარეშე, ლომებივით იბრძოდნენ. ისინი გმირებად დაიხოცნენ. 2008 წელს ჩვენმა ბიჭებმა რუსულ ჯარს თავ-პირი დაალეწეს და რეალური გეგმა, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ, ჩაუშალეს. კონტაქტურ ომში ჩვენ მოვიგეთ, ამიტომ დაიწყეს ის, რაც ახლა უკრაინაში ჩაიდინეს: მარტო ბავშვებს და ქალებს კი არა, უკრაინაში მოხუცთა თავშესაფრები დაბომბეს. ასეთ ჯარზე რა უნდა თქვა?! რომელი რუსული არმიის უძლეველობაზე ლაპარაკობენ ეს ლაჩრები?!

- ზელენსკის შეეძლო ომი თავიდან აეცილებინა? ზოგიერთები მას ამის გამო აკრიტიკებენ...

- ამ ხალხს ერთ შეკითხვას დავუსვამ: წლების წინ რატომ მოუწყვეს უკრაინელებს "გოლოდომორი", რომლის დროსაც 9 მილიონი უკრაინელი დაიღუპა? მაშინ უკრაინა რუსეთთან არ ომობდა, მაგრამ მაინც მოუწყვეს! საუბედუროდ, რუსეთმა 200 პატარა ერი ამოწყვიტა, ჩეჩნების გენოციდი მოაწყო და 40 ათასი ჩეჩენი ბავშვი შეიწირა. ამერიკის ელჩი აქ რომ ჩამოდის, ლაპარაკს ქართულად იწყებს, რუსები კი შემოვიდნენ და ქართული ყველაფერი აგვიკრძალეს. ეს ქვეყანა იმისთვის არსებობს, რომ სხვები დახოცოს. ამაში არც მოლაპარაკებები უშლის ხელს და არც ბაბაიას ძახილი!როგორც კი რომელიმე ქვეყანაში ეროვნული მთავრობა მოდის, მაშინვე იწყებენ მის წინააღმდეგ კომპრომატების ძებნას და ჭორების გავრცელებას. ასე აუგორეს ჭორები ზვიად გამსახურდიას, წინა მთავრობის ლიდერებს როგორ მოექცნენ, საკუთარი თვალით ვნახეთ, ახლა ზელენსკის ებრძვიან. ერთი და იმავე სცენარით მოქმედებენ და ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. ისინი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობენ - როგორ მოსპონ თავისუფალი ერები.

- მიუხედავად ამისა, ჩვენი საზოგადოების ნაწილი რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეა.

- მგლის თავზე დღედაღამ სახარება რომ იკითხო, თუ მოშივდება, მაინც დაგგლეჯს. ამ ქვეყანას რაც უნდა ელაპარაკო, კიდეც რომ დაუწვე, თუ უნდა, მაინც გაგანადგურებს. ჩვენს წინაპრებს მარტო შიშით რომ ეხელმძღვანელათ, დიდგორის ომს მოიგებდნენ? აღა-მაჰმად-ხანის შემოსვლამდეც დარბოდნენ თბილისში და ხალხს მოუწოდებდნენ, არ შევებრძოლოთ, გავჩუმდეთ, თორემ გაგვანადგურებენო. ასი ათასი მოწამე რომ მოკლეს, ხატებზე ფეხი რომ დაებიჯებინათ, სწორი იქნებოდა?!

ეს მშიშარა ხალხი ჩვენც ღალატისკენ და სიწმინდეზე ფეხის დაბიჯებისკენ მოგვიწოდებს. ხელისუფლებამ უკრაინის ომის მიმართ ნეიტრალური პოზიცია იცით, რატომ შეინარჩუნა? - შიშის გამო. იმის უნარიც არა აქვთ, რომ თანადგომა სიტყვით მაინც გამოხატონ. როცა ქვეყანას ასეთი მშიშარა ხალხი მართავს, მათ ნებისმიერ რამეს გააკეთებინებ.

- ხელისუფლების მომხრეები ამტკიცებენ, რომ ომის დაწყება "ნაციონალებს" სურთ. ამის გამო მათ "ომის პარტიაც" კი დაარქვეს...

- რატომ ეძახიან "ომის პარტიას", რუსეთს ომი გამოუცხადეს? ისე ეშინიათ, რომ ყველგან "ნაციონალები" ელანდებათ. მათ რომ ჰკითხო, ზელენსკიც "ნაციონალია" და არახამიაც. მალე, ალბათ, სალომე ზურაბიშვილიც "ნაცი" გახდება. ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველაც "ნაციონალები" იყვნენ, რადგან ლიბერალურ იდეებს ემხრობოდნენ. ვიღაცები მეც "ნაციონალს" მეძახიან, რადგან სიმართლეს ვამბობ, მაგრამ სიმართლე ერთადერთი პარტიაა, რომელსაც ვემხრობი.

- დაბოლოს, რას ეტყოდით ჩვენს მკითხველს ლოგიკურ მოსაზრებაზე: "რუსეთმა რომ მოინდომოს, ერთ დღეში ამოგვწყვეტს"?

- ვერ ამოგვწყვეტენ, რადგან ღმერთს ვუყვარვართ და საქართველოს დაჩოქება ასე იოლი არ არის. რატომ ვუყვარვართ? ასი ათასი მოწამის გამო, 6 ათასი წამებული ბერის გამო, ექვთიმე თაყაიშვილის გამო, რომელმაც ამხელა საგანძურს ერთი მძივიც კი არ მოაკლო... ასე რომ, ყვარყვარიზმის მიმდევრებს ვთხოვ, თვალში ნაცარს ნუ გვაყრიან!

ხათუნა ჩიგოგიძე