"მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გითვალთვალებს" - ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის საიდუმლო მიმოწერა - კვირის პალიტრა

"მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გითვალთვალებს" - ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის საიდუმლო მიმოწერა

ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა 1863 წლის იანვარში გაიცნეს ერთმანეთი. მათი სიყვარულის ამბავი იმჟამინდელი საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი. ოლღას შეძლებული მამა ჰყავდა. მისი მამულები ავჭალამდე ყოფილა გადაჭიმული. ილიას და ოლღას ჯვრისწერა საიდუმლოდ მოხდა, 1863 წლის 10 აპრილს. ჯვრისწერის შემდეგ ოლღას მამა ავჭალაში დასახლდა, საგურამოს მამულები კი ქალიშვილებს - ოლღასა და ეკატერინეს დაუტოვა მზითვში. ოლღას ძალიან უყვარდა ილია, გაცნობის მერე ინიციატივა თავად გამოუჩენია. მან თავისი მეგობრის, ნინო ორბელიანის (ყაფლანაშვილის) ხელით ილიას წერილი გაუგზავნა, რაზეც შემდეგი პასუხი მიიღო:"მითხარით, სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ. ი. ჭ." (16 იანვარი, 1863 წ.). ეს არის პირველი წერილი ილია ჭავჭავაძის მიერ სხვა­დასხვა დროს ოლღასთვის გაგზავნილი იმ 240-მდე­ წერილიდან, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. გავიხსენოთ რამდენიმე წერილი:

[18 იანვარი, 1863 წელი.]

"სადაც ნაბრძანები მქონდა ყოფნა, იქ ვიყავი, მაგრამ ვერავინ ვნახე, ყველაფერი ჩვენი საერთო მეგობრის ბრალია. მან ექვს საათზე გადმომცა წერილი, შვიდის თხუთმეტ წუთზე კი მე უკვე სიცივისაგან ვკანკალებდი ჭიშკართან. ორჯერ უნდა შევხვედროდით. მერმე ბ-ძესთან გასათბობად მივედი, შემდეგ ისევ, თუ არა ვცდები, ათი წუთი ვიდექი გარეთ, კვლავ უშედეგოდ. ხვალ შუადღისას, სრულ პირველ საათზე, ბ-ძესთან მოვალ; ხომ შეიძლება გნახოთ, თუნდაც აივანზე? რომ არ გაიყინოთ. გაფრთხილებთ, სრულ პირველ საათზე ვიქნები. თუკი თქვენი ნახვა არ მოხერხდება, შეეცადეთ ყოველ შემთხვევისათვის დამანახვოთ ბარბარე, რომელსაც, როგორც გაგებული მაქვს, ყველაფერს ენდობით. რამეს რომ მივაღწიოთ, საჭიროა გავიცნო მისი ღირსეული ფიზიონომია. შეიწუხოს თავი და ინებოს ერთი-ორჯერ გაიარ-გამოიაროს ეზოში, უკანა კიბის მხარეს, - ალბათ ბედი მეწვევა და ვეღირსები ფანჯრიდან მის დანახვას.

მე მგონია, ხიფათში იგდებთ თავს, როცა პაემანს მინიშნავთ თქვენს სახლში, სადაც ასი თვალი გითვალთვალებს. მე ბევრი რამის, ძალიან ბევრი რამის გამო მინდა გესაუბროთ. მეშინია, ვაითუ სიჩქარით ყველაფრის თქმა ვერ მოვასწრო, თანაც თქვენთვისაც მოუხერხებელი იქნება ყურის გდება, სადაც პატარა შარიშურმაც კი შესაძლოა შიში გამოიწვიოს და ყურადღება წაგართვათ. ყველაფერს აჯობებს შევხვდეთ სადმე სხვაგან, თქვენი სახლისგან მოშორებით, თუნდაც, მაგალითად, ტაძარში. მაგრამ, რასაკვირველია, ნება თქვენია, მიბრძანეთ, რასაც ინებებთ, მე ყველაფერს შევასრულებ. ოღონდ, გთხოვთ, ეს ერთი დაიმახსოვრეთ: არავის არ უთხრათ არაფერი, არავის ენდოთ, ადამიანნი ყოველთვის ბოროტნი არიან, ძნელად თუ ვინმემ დაფაროს საიდუმლო, მით უმეტეს ისეთი შინაარსისა, როგორიც თქვენია.

P.S. რაც უფრო ადრე ვნახავთ ერთმანეთს, მით უკეთესია, - ბევრი რამ მინდა გადმოგცეთ. დღესვე მიპასუხეთ ამ ნაჩქარევ წერილზე. გვარი მოაწერეთ, რისი გეშინიათ? ერთხელ თუკი მენდეთ, მაშინ სრულად და ბოლომდე მომენდევით.

გთხოვთ, წერილი დააბრუნოთ, მიზეზს, როცა შევხვდებით, მაშინ აგიხსნით.

ი. ჭ."

[6 თებერვალი, ღამის სამი საათი,

1863 წელი.]

"ჩემო კარგო ოლიკო! რა კეთილი ხარ, ასე ხშირად რომ მახარებ შენი მხიარული წერილებით. გეფიცები, მთელი დღე შენით ვსულდგმულობ. სტამბაშიც კი, ამ მოსაწყენ სტამბაში, გამუდმებით თვალწინ მიტრიალებ. ჩემთვის ის დღე რა დღეა, თუ შენი წერილით არ გამითენდა და შენი წერილითვე არ დამიღამდა. შენც იმდენ ყურადღებას იჩენ, რომ იშვიათად, ძალზე იშვიათად მითენდება მოსაწყენი დღე. მადლობას მოვახსენებ ამისათვის ჩემს ძვირფას ოლიკოს. იმედი მაქვს, მერმეც ასეთ ყურადღებას გამოიჩენ შენი ილიკოს მიმართ!

გიხარია, კახეთში გამგზავრებაზე უარს რომ ვამბობ? თუ მართლა გიხარია, იცი, ამ სიხარულს ვის უნდა უმადლოდე? შენს ბარბარეს. იმან მართლაც შემაშინა, მითხრა, რომ ჩემ გამგზავრებაზე ფიქრით თურმე შენ თავს აღარ ეკუთვნი, რომ მთელი დღე მოწყენილი ხარ, დარდობ, მიზეზიანობ, ბრაზობ, და ა. შ. ეს რომ აღარ გაგრძელდეს, მაშინვე გადავწყვიტე, თუნდაც კახეთში ყველაფერი ყირაზე დადგეს, აღარ გავემგზავრო. დავრჩები, რომ ჩემი გიჟი და მიზეზიანი ოლიკო დავამშვიდო. შენ, ჩემო მეგობარო, რაცა გსურს მიბრძანე, გეფიცები, შენი ილიკო ყველაფერს შენებურად გააკეთებს. რატომ არ ამიკრძალე გამგზავრება გუშინვე, როცა გამგზავრების ამბავი გითხარი? ეს არაა შენი მხრით კარგი, ეს ნიშნავს, - შენ თითქოს ჩემი ხარ, ამასთანავე თითქოს ბოლომდე არა ხარ ჩემი, არ იყენებ შენს უფლებებს, რომლებიც მოგენიჭა მას შემდეგ, რაც ჩემი თავი შენად ვაღიარე, შენი კი - ჩემად. როგორც ამბობ ხოლმე, შენ მარტო ჩემი მომავალი მეუღლე კი არა, ჭეშმარიტი მეგობარიცა ხარ. მაშ რატომ არ უნდა უთხრა მეგობარს, რა გწყინს, რა გიხარია. არ იფიქრო, ოლიკო, თითქოს ვჯავრობდე. მე ისე კი არ მიყვარხარ და ისე კი არა გცემ პატივს, რომ ნება მივცე ჩემ თავს გაჯავრებისა. მაგრამ ცოტათი არ მესიამოვნა, - შენ არ გინდოდა ჩემი გამგზავრება და არ კი მითხარი თითონვე გუშინ. ერთი გებრძანებინა და დაუნანებლად დავრჩებოდი, შეიძლება მხოლოდ ერთხელ ზედმეტად მეკოცნა ამისათვის.

ჭამის მადა კიდევ არა გაქვს? ნუ წუხარ, ჩემო კარგო, მეც არა მაქვს ჭამის მადა. ეს ჭეშმარიტად ერთ-ერთი აუცილებელი შედეგია სიყვარულისა და არა კარჩაკეტილი ცხოვრებისა, როგორც შენი ექიმი გარწმუნებს. დიახ, ჩემო მეგობარო, მე და შენ დაავადებული ვართ ერთი სენით - სიყვარულით. აბა, იმ ექიმს სად შეუძლია მიხვდეს, თუ რა სენია ეს სენი, რომელსაც ზოგჯერ ბედნიერებას უწოდებენ.

დე, იმან ისე იფიქროს, როგორც მოისურვებს, ჩვენ კი მადის დაკარგვა სიყვარულის პოვნას მივაწეროთ. ისინი, როგორცა ჩანს, ერთ არსებაში ვერა რიგდებიან. შენ როგორა ფიქრობ, ჩემო ჭკვიანო ქალო, რომელი სჯობია: მადა თუ სიყვარული? ხედავ, ჩემო მეგობარო, ერთი აუცილებლობა მეორეს როგორ გამორიცხავს, რომელი ვამჯობინოთ? მე წინასწარ ვგრძნობ შენს ღიმილსა და შენს პასუხს, ამ უცნაურ კითხვაზე, - შენ გინდა მითხრა: სიყვარული სჯობიაო. იყავნ ნება შენი, ჩემო ანგელოზო!

შენი უკუნითი უკუნისამდე

ილიკო ჭ(ავჭავაძე)".

გამომცემლობა "პალიტრა L“-ის ახალი სერია, რომელიც ილია ჭავჭავაძის 185 წლის იუბილეს ეძღვნება, 4-ტომისგან შედგება, პირველი ტომი სწორედ ოლღასადმი მიწერილ წერილებს აერთიანებს. 4-ტომეულის წიგნები 11 აპრილიდან, თვეში ერთხელ გამოვა და გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. პირველი ტომი - „პროზა, წერილები ოლღას“ - 11 აპრილიდანაა ხელმისაწვდომი პრესის გავრცელების წერტილებში. ასევე, წიგნების შეძენას შეძლებთ ონლაინ www.palitral.ge საიტიდან და ისარგებლებთ სახლში მიტანის სერვისით.