"სახელმწიფოს აქვს თავდაცვის საშუალება, უბრალოდ, ამით პიარს არ ვაპირებთ“ - კვირის პალიტრა

"სახელმწიფოს აქვს თავდაცვის საშუალება, უბრალოდ, ამით პიარს არ ვაპირებთ“

"საქართველოში, როგორც ჩანს, პროვოკაციები გააქტიურდება. სამწუხაროდ, კიდევ ბევრ პროვოკაციას უნდა ველოდოთ", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განცხადებას. მისი თქმით, ბიბილოვის ამ განცხადებაზე რუსეთის რეაქცია საქართველოსთვის ერთგვარი მესიჯი იქნება და საქართველომ ამაზე რეაგირება საერთაშორისო ბერკეტებით უნდა მოახდინოს.

"ეს არ არის ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების პირველი განცხადება რუსეთთან მიერთების შესახებ. ბიბილოვის განზრახვა უკანონოა, არავითარ სამართლებრივ საფუძველს არ შეიცავს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორია, სადაც სეპარატისტული რეჟიმია და მას არავითარი კანონიერი საფუძველი არა აქვს. მას რეალური პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია. ბიბილოვის განცხადებასაც და რუსეთის რეაქციასაც აუცილებლად მოჰყვება ჩვენი საპასუხო რეაქცია იმ შესაძლებლობებით, რაც დღეს საქართველოს აქვს. კერძოდ, რეაგირება მოახდინოს საერთაშორისო ბერკეტებით", - განაცხადა დავითულიანმა. როგორ აღიქვამს მმართველი გუნდი რეგიონში არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს, როგორ აფასებს არგაღიზიანების პოლიტიკის შედეგს და როგორ ემზადება რუსეთის შესაძლო აგრესიასთან გასამკლავებლად, ბექა დავითულიანი უფრო ვრცლად გვესაუბრება:

- რუსეთი რომ ოკუპანტია და მეზობლებთან აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, ეს სიახლე არც ჩვენთვის არის და არც სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის. სხვა საკითხია, ჩვენ რა ბერკეტები და ინსტრუმენტები გვაქვს მის აგრესიასთან გასამკლავებლად. პირველი - თუ მოსკოვს აგრესიაზე ესკალაციური რიტორიკით ვუპასუხებთ, მივიღებთ სხვა ხარისხის დაძაბულობას. სამწუხაროდ, გამოცდილება გვეუბნება, რომ დაძაბულობის კონფლიქტამდე მიყვანა კარგ შედეგს არ იძლევა. ამიტომ ახლა ჩვენი ამოცანაა თავიდან ავიცილოთ შეიარაღებული კონფლიქტი და, იმავდროულად, შევინარჩუნოთ პერსპექტივა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდგომ მზად აღმოვჩნდეთ როგორც დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრირებისთვის, ასევე ტერიტორიული საკითხების მოგვარებისთვის. ბიბილოვი ყველა არჩევნების წინ მსგავს რამეს ამბობს, თუმცა ამას უყურადღებოდ არ ვტოვებთ. დიახ, ეს მესიჯია. ასევე მესიჯად მივიჩნევთ რუსეთის რეაქციას ბიბილოვის განცხადებაზე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეროვნული უსაფრთხოებაც დავიცვათ და ომიც ავიცილოთ თავიდან. თუ ეს არ გამოგვივა, მაშინ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესები მოითხოვს.

- ეროვნულ ინტერესებს როგორ იცავთ­, როდესაც მცოცავი ოკუპაცია ისევ გრძელდება და საოკუპაციო ზოლიდან გამუდმებით იტაცებენ­ საქართველოს მოქალაქეებს? სულ ცოტა ხნის წინ გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ - "რუსეთს მცოცავი ოკუპაციით 55 მილიონი­ კვადრატული კილომეტრი აქვს მიტაცებული და კიდევ არ აპირებს გაჩერებას".

- ბატონ გიორგის რაღაც ეშლება, 55 მილიონი კვადრატული კილომეტრი ძალიან ბევრია, თუმცა კი მცოცავი ოკუპაცია გრძელდება, რუსეთი იტაცებს ჩვენს მიწებს და ეს 2008 წლის აგვისტოს ომის სამწუხარო შედეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერი გავაკეთოთ ომის თავიდან ასარიდებლად, დიდი იმედიც მაქვს, რომ შევძლებთ, მაგრამ თუ ჩვენი ცდა ნაყოფს არ გამოიღებს, სხვა რა გზა გვექნება...

- ჩვენ გაცხადებულიც გვაქვს, რომ ტერიტორიული მთლიანობა მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად რა გააკეთა მმართველმა გუნდმა.

- ყოველივე გამოჩნდება მას შემდეგ, რაც რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური გადანაწილება მოხდება.

- რას გულისხმობთ?

- მალე ყველა ყველაფერს დაინახავს.

- გინდათ თქვათ, რომ მმართველი გუნდი აქტიურად მუშაობს, უბრალოდ, ეს ჩვენთვის, ჟურნალისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისთვის არ არის ცნობილი?

- ჩემი აზრით, დღეს ამაზე საჯაროდ საუბარი მართებული არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ დამთავრდება რუსეთ-უკრაინის ომი.

- ლოგიკის მიხედვით, რუსეთ-უკრაინის ომი რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, ჩვენ საფრთხის წინაშე ვდგებით. პუტინი უკრაინაში­ დამარცხების შემთხვევაში საქართველოში მოინდომებს დაკარგული რეპუტაციის აღდგენას, მოგების შემთხვევაში კი მადა გაეზრდება და უკრაინასთან ერთად საქართველოს თავისი იმპერიალისტური ზრახვების ობიექტად აქცევს. თქვენ ომის დამთავრების როგორ სცენარზე გაქვთ გათვლა?

- გათვლა გვაქვს იმაზე, რომ რუსეთი­ უკრაინაში თავისი გეგმის მაქსიმუმს ვერ მიაღწევს და უკვე კარგად ჩანს, რომ ასეც იქნება. მეორე მხრივ, იმედია, რუსეთს უკრაინასთან ომი ისე ძვირად დაუჯდება და დაიცლება რესურსებისგან, რომ სხვა მეზობლებთან, მათ შორის საქართველოსთან, ბრჭყალების გამოჩენის სურვილი და საშუალება აღარ ექნება.

- რუსეთის ისე დასუსტება, რომ საქართველოში მისთვის საჭირო მომენტში "გამოსეირნება" ვეღარ შეძლოს, ნაკლებად სავარაუდოა. რისთვის ვართ ჩვენ მზად, თუ რუსეთი საქართველოში სამხედრო აგრესიას დაიწყებს?

- სახელმწიფოს აქვს თავის დაცვის საშუალება, უბრალოდ, ამით პიარს და მტრის გამოწვევას არ ვაპირებთ.

- სამოქალაქო თავდაცვაზე რას გვეტყვით? ეს არ არის სექტორი, რომლის მუშაობა­ საიდუმლო უნდა იყოს, პირიქით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა გააკეთოს, სად დაიმალოს, თუ მტერი თავს დაგვესხმება.

- ამაზე ძალიან აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. მუშავდება სხვადასხვა ვერსია, თუ როგორ და რა ფორმით მიეწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესახებ. მანამდეც იყო ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა უკვე გარკვეული კონტურები იხაზება.

ხათუნა ბახტურიძე