"სასაცილოა, თითქოს რუსეთი არ გააღიზიანეს და ამით გადაარჩინეს საქართველო ომისგან“ - კვირის პალიტრა

"სასაცილოა, თითქოს რუსეთი არ გააღიზიანეს და ამით გადაარჩინეს საქართველო ომისგან“

"ნაციონალების“ დისკრედიტაციის მიზნით რუსეთი არააგრესორ ქვეყნად გამოჰყავთ, თითქოს სააკაშვილმა გამოიწვია და ძალით გახადა ოკუპანტი. ახლა უკრაინასაც ამუნათებენ, ზელენსკის კბენენ...“

"ქართული ოცნება" იტყუება, როდესაც ამბობს, დღეს საქართველოში ომი რომ არ არის, ჩვენი ფრთხილი პოლიტიკის შედეგიაო. ტყუილია ისიც, რომ უკრაინის ელჩის გაწვევა "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. ესენი ამბობენ, რომ ელჩის გაწვევის უკან "ნაციონალური მოძრაობა" დგას, ზელენსკის "ნაციონალური მოძრაობა“ მართავს, ამერიკის კონგრესსაც "ნაციონალური მოძრაობა" მართავს, ევროსაბჭოს ჩვენ ვაკონტროლებთ... ნუთუ არ რცხვენიათ?! ელჩი რატომ გაიწვიეს, ამის შესახებ თავად ზელენსკიმ გააკეთა განცხადება, თქვა სახალხოდ, ამაზე მწარე რა უნდა ეთქვათ საქართველოს ხელისუფლებისთვის? შეარცხვინა და თავს ლაფი დაასხა, ხალხი კარგია, ხელისუფლება ცუდიაო. საქართველო არ არის სოლიდარული უკრაინის მიმართო, ამ ბრძოლაში საქართველო განზე გადგაო, ამიტომ ელჩი არაფერ შუაში არ არის... ლიტვის ჯანდაცვის მინისტრი ჩავიდა კიევში მთელი დელეგაციით და დგას ქუჩაში, რომელიც იბომბება. საქართველოდან თუ მინისტრი არ ჩავა, მინისტრის მოადგილე მაინც წავიდეს, ერთი კინკილა ვიღაც ჩავიდეს კიევში. ნუთუ ერთი კაცი ვერ მოიძებნა საქართველოს პარლამენტში ან მთავრობაში. მიდი კიევში და უთხარი, რომ მხარს უჭერ ან თანაუგრძნობ, რატომ არავინ ჩადის? ტელეფონითაც არ ურეკავენ", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

- რუსეთს მიზნის მისაღწევად საბაბი­ სჭირდება. ძალიან სასაცილო და უზნეოა საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, რომ თითქოს რუსეთი არ გააღიზიანეს, ასიამოვნეს, უკრაინას სოლიდარობა არ გამოუცხადეს და ამით გადაარჩინეს საქართველო ომისგან. მოსკოვს ახლა ამოჩემებული აქვს უკრაინისა და საქართველოს ლაბორატორიები. ასეთი ლაბორატორია, ასევე ამერიკელებისგან შექმნილი, სომხებსაც აქვთ, მაგრამ იმათზე კი არ ამბობენ, მოწამლულ ღამურებს ან ბენდერო ბატებს უშვებენო. მხოლოდ ლუგარის ლაბორატორიაც საკმარისია იმისთვის, რუსეთს როცა მოუნდება, მაშინ დაგვბომბოს. რატომ არ ან ვერ გვბომბავს რუსეთი დღეს? იმიტომ, რომ უკრაინაში ძალიან მაგრად წაიტეხა ცხვირი. დღეს უკრაინაში წყდება ბევრი ქვეყნის, მათ შორის ნატოს წევრი ქვეყნების ბედიც. არავინ იცის, სინამდვილეში რა გეგმები ჰქონდა რუსეთს საქართველოს, მოლდოვის, ლიტვისა და თავად უკრაინის შესახებ. რაც ყველამ ვიცით, ის არის, რომ გეგმები თავდაყირა დაუდგა, პროგრამა მაქსიმუმიდან პროგრამა მინიმუმზე ჩამოვიდნენ და ახლა იმასღა ცდილობენ, დონბასზე მაინც შეინარჩუნონ სრული კონტროლი. დღეს საქართველოს "ოცნების" ენამოჩლექილი ლაპარაკი რომ ვერ იცავს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მცოცავი ოკუპაციის შედეგად ჩვენ იმხელა ტერიტორია დავკარგეთ, რამდენიც სოხუმი და ცხინვალი ერთად აღებულია. ამიტომ ვამბობთ, რუსეთისადმი კაპიტულანტური დამოკიდებულება კი არ არის საქართველოს უსაფრთხოების გარანტია, არამედ უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლა, დასავლური შეიარაღება და სანქციები. პრემიერ ღარიბაშვილის ნათქვამი, რომელიც მუშაობას უკავშირდება, ისტორიაში შევა და სამარცხვინოდ მოინათლება. მან თქვა, რომ აცრა არ მუშაობს, რომ სანქციები არ მუშაობს. სიცრუეა - აცრაც მუშაობს და სანქციებიც. დასავლური სანქციების შედეგად რუსეთი ბრუნდება საბჭოთა პერიოდის დროინდელ იზოლაციაში. ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ, რომ მისი ეკონომიკა ისე დაუძლურდება, რომ ომის და აგრესიული პოლიტიკის გაგრძელების რესურსი აღარ ექნება. რუსეთის ოცნება ახლა ის არის, როგორმე განბლოკოს თავისი 300 მილიარდი, წლების განმავლობაში ნაგროვები ოქრო. ძალიან მალე რუსეთი ჩრდილოეთ კორეას მსგავს რესპუბლიკად იქცევა. ყველაზე უხარისხო ავტომობილს, "ლადასაც" ვერ აწარმოებს, ვინაიდან მთელი მიკროჩიპები და ნაწილები დასავლეთიდან აქვს შემოსატანი.

- მცოცავი ოკუპაციის შედეგებზე პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი სწორედ თქვენ, ანუ "ნაცმოძრაობას" აკისრებს.

- მხოლოდ სულელი ვერ ხვდება, თუ რა მოხდა სინამდვილეში 2008 წელს. აგერ, ევროპელი ლიდერები ბოდიშებს იხდიან, ბოლომდე რომ ვერ გააცნობიერეს, რა მოხდა მაშინ საქართველოში. ერთი კვირის წინ ბორის ჯონსონმა განაცხადა, ჩვენ რომ დროზე მივმხვდარიყავით მოსკოვის ბოროტ ზრახვებს, ჰიბრიდული და სამხედრო აგრესიის ნამდვილ მიზნებს და საკადრისი რეაგირება გვქონოდა 2008 წელს საქართველოში რუსეთის აგრესიაზე, აღარც დონბასის ანექსია მოხდებოდა, არც ყირიმის და არც ასეთ საშინელ დღეში არ იქნებოდა ახლა უკრაინელი ხალხიო. "ოცნება" კი გაფუჭებული პატეფონივით იმეორებს ძველ სიმღერას. თავიანთი ჭკუით ამას შიდა მოხმარებისთვის, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის წისქვილზე ასხამენ წყალს. დიახ, "ნაციონალების" დისკრედიტაციის მიზნით რუსეთი არააგრესორ ქვეყნად გამოჰყავთ, თითქოს სააკაშვილმა გამოიწვია და ძალით გახადა ოკუპანტი. ახლა უკრაინასაც ამუნათებენ, ზელენსკის კბენენ, თურმე ისე უნდა მოქცეულიყო, რომ რუსეთი არ დასხმოდა თავს. ეს ნიშნავს, რომ მათი პრიორიტეტი საქართველოს უსაფრთხოება და თავისუფლება კი არა, ძალაუფლების შენარჩუნებაა. თავს იმართლებენ, გაეროში რუსეთის დასაგმობ აგრესიას დავუჭირეთ მხარიო. წინააღმდეგ მხოლოდ სამმა ქვეყანამ: ჩრდილოეთ კორეამ, ბელარუსმა და სირიამ - მისცა ხმა. ამას იმადლებიან? 140-მა ქვეყანამ დაგმო რუსეთის აგრესია. "ქართული ოცნება" ამის გასაღებას ცდილობს გმირობად?! ასე არ გამოვა, ისევე როგორც არ გამოვა საკუთარ დამსახურებად მიითვალონ, რუსეთის ევროსაბჭოდან გაგდებას დავუჭირეთ მხარიო. აბა, ერთი არ დაეჭირათ, მართლა დაამხობდა ხალხი. ამ ყველაფრის ჩამდენები ჩვენ გვაიგივებენ "ალტინფოსთან"? ჩვენი საშუალებით ცდილობენ გაამართლონ მოსკოვის აშკარად პროპაგანდისტული სტრუქტურა. რატომ არ ინტერესდებიან, საიდან აქვს ამ ხალხს ფული, რა საშუალებით ხსნიან ახალ-ახალ ოფისებს? იმიტომ არ ინტერესდებიან და არ იძიებენ, რომ ყველაფერი ისედაც კარგად იციან.

ხათუნა ბახტურიძე