"იმის თქმა, რომ პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ, ნაადრევია“ - კვირის პალიტრა

"იმის თქმა, რომ პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ, ნაადრევია“

"ბევრი თეორიული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. ბევრი კვლევა არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი გზა არის აეროზოლის სახით გავრცელება და სწორედ ამიტომ ნიღბის გამოყენების ვალდებულება უნდა დარჩენილიყო“

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადით სიარული სავალდებულო აღარ იქნება, თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში მათი გამოყენება კვლავ მოგვიწევს. უქმდება რაოდენობრივი­ შეზღუდვა როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, ასევე - სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე. ამის გარდა, დისტანციური რეჟიმით მომუშავე ადამიანები დაუბრუნდებიან თავიანთ სამუშაო ადგილებს. უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულებაც საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.დღვანდელი ეპიდსიტუაციის განხილვითა და სიახლეებით "კვირის პალიტრას" იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პორფესორი ივანე ჩხაიძე ესაუბრება.

- დღეს კოვიდსიტუაცია­ გაუმჯობესებულია და, ვფიქრობთ, უკვე შეიძლება თქმა, რომ ჩვენ ვართ პანდემიის­ მეექვსე ტალღის შემდგომ პერიოდში, როდესაც სტაბილურად შენარჩუნდება ინფი­ცირების გარკვეული მაჩვენებელი.­ ალბათ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის კითხვა, როგორი იქნება­ ეს მაჩვენებელი. შესაძლოა, ეს იყოს ყოველდღიურად რამდენიმე ასეული­ ინფიცირებული, რაც საქართველოსთვის ძალიან დიდი რიცხვია, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც მკვეთრად­ შემცირდა დაავადებულთა რაოდენობა. 2 თებე­რვალს იყო 28 200 შემთხვევა, ბოლო დღეებში კი ეს რიცხვი 1000-ზე ნაკლებია, თუმცა საქართველოსთვის 800 ინფიცირებულიც ძალიან ბევრია. შეგახსენებთ, პანდემიის დასაწყისში - 2020-ის 26 თებერვალს იყო ინფიცირების პირველი შემთხვევა და თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისში, ივნისში­ ყოველდღიურად მხოლოდ რამდენიმე ათეული ინფიცირებული იყო.

აი, ეს იქნება ჩვენთვის ყველაზე სასურველი სცენარი - რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში ინფიცირების მაჩვენებელი 100-ის ფარგლებში მერყეობდეს. ჰქონდა ასეთი პერიოდი საქართველოს პანდემიის მესამე და მეოთხე ტალღებს­ შორის. ახლა ძნელი სათქმელია, ჩამოვალთ თუ არა ამ მართლაც­ ძალიან მცირე მაჩვენებლამდე­. ვითარება შეიცვლება, თუ გამოჩნდება ახალი ვარიანტი, ასეთი რისკი მსოფლიოს ყველა ქვეყნისთვის არსებობს. იმის თქმა, რომ პანდემიის დასასრულისკენ მივდივართ,­ ვფიქრობ, ნაადრევია. თუ გადახედავთ მსოფლიოს, ვნახავთ, რომ ბევრ ქვეყანაში ინფიცირება­ პიკს აღწევს.

ეს, ცოტა არ იყოს, მოულოდნელია, რადგან ამ ქვეყნებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ჩვენზე გაცილებით მაღალია, თუმცა ეს "ომიკრონის"„დამსახურებაა. "ომიკრონისთვის" ვაქცინაცია არ არის დაბრკოლება. გერმანიაში, სამხრეთ კორეაში, ჰონკონგში და ა.შ. სწორედ "ომიკრონია" გავრცელებული და ამ შტამით გამოწვეული შემთხვევების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. გერმანიაში მარტი ისეთივეა, როგორიც იყო საქართველოში თებერვლის დასაწყისი, როდესაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - 28 200 შემთხვევა­ გვქონდა. გერმანიისთვის პიკური მაჩვენებელი 300 000 აღმოჩნდა. სულ ევროკავშირის 12 ქვეყანა ადასტურებს შემთხვევების მატებას. აშშ-ში ახლა ელოდებიან აღმასვლას, ვინაიდან იქ "ომიკრონს" თავისი აქტიურობა ბოლომდე ჯერ არ გამოუვლენია­. სანამ "ომიკრონი" არსებობს, ინფიცირების რისკი მთელ მსოფლიოში მაღალია და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ჯანდაცვის სისტემამ პანდემიის მეექვსე ტალღა დასძლია. საქართველოში კორონავირუსი 1 600 000-მა ადამიანმა გადაიტანა, 1 300 000-მდე - ორჯერ არის აცრილი, ესე იგი, დაახლოებით 2 900 000 ადამიანი ან აცრილია,­ ან კოვიდგადატანილი და დაახლოებით მილიონი ადამიანია დარჩენილი, ვისაც არც გადაუტანია, არც ვაქცინირებულია, ანუ ისინი კორონავირუსის ნებისმიერი მუტაციის წინაშე პრაქტიკულად დაუცველი არიან. სწორედ ამიტომ საქართველოში პანდემიის დასასრულზე საუბარი ჯერ ადრეა.

26 ნოემბერს ჯანმომ დღეისთვის ბოლო მუტაცია "ომიკრონი" შეშფოთების ვარიანტების ჯგუფში შეიყვანა. ამ ოთხი თვის განმავლობაში ახალი მუტაცია არ გამოჩენილა. ეს ნიშნავს, რომ ახალი მუტაციის გამოჩენის რისკი უკვე რეალურია, ვინაიდან მუტაციებს შორის ასეთი ხანგრძლივი პერიოდი არ ყოფილა. ამაზე ჯანმოც მიუთითებს. არ არის აუცილე­ბელი, ეს მუტაცია იყოს უფრო გადამდები, ვიდრე "ომიკრონი" ან უფრო მძიმე, ვიდრე "დელტა". შესაძლოა, ეს იყოს ისეთი ტიპის­, რომელიც შემთხვევების მატებას გამოიწვევს, მაგრამ ვირუსოლოგების დიდი ნაწილი იზიარებს მოსაზრებას, რომ კორონავირუსის მუტაციების რესურსი იწურება, თუმცა მუტაცია მოსალოდნელია და ჯანმო ასახელებს იმ ქვეყნებს, სადაც ეს შეიძლება მოხდეს.

- რომელ ქვეყნებს ასახელებს?

- ეს არის ქვეყნები, სადაც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და ვაქცინაციის დაბალი დონეა. ასეთი ქვეყანა ბევრია, ამიტომ რისკი ყოველთვის არსებობს. "დელტაკრონთან" დაკავშირებული შეშფოთება­ ჯერჯერობით დარჩა ახალი და უფრო მძიმე ვარიანტის გამოჩენის მხოლოდ თეორიულ შესაძლებლობად, ვინაიდან ის იანვრიდან ცირკულირებს მსოფლიოში, განსაკუთრებით - ევროპის ხუთ ქვეყანაში­ და სამი თვის განმავლობაში შემთხვევები არ იმატებს. ამიტომ ვირუსოლოგების უმრავლესობა თვლის, რომ "დელტაკრონი" არ არის რეალური საფრთხე და ის ერთეული შემთხვევების დონეზე დარჩება.

- ამ ვითარებაში როგორ აფასებთ ჩვენთან შეზღუდვების შემსუბუქებას?

- ბევრი ის შეზღუდვა, რომლებიც მოიხსნა, სავსებით ლოგიკურია, მაგრამ ვფიქრობ, ნიღბის გამოყენება როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში უნდა დარჩენილიყო. ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან­ დაბალია, სხვა შეზღუდვები აღარ არსებობს, გადაადგილება შეუზღუდავია, ქვეყანაში მწვანე პასპორტი არ მოქმედებს, ანუ ის აპრობირებული პრაქტიკა, რომელიც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ჩვენ რამდენიმე კვირაა, უარვყავით. დარჩა ნიღაბი,­ ამიტომ ვფიქრობ, მასზე უარის თქმა ნაადრევია. ბევრი თეორიული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ კორონავირუსის გავრცელების რისკი არის არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც. ბევრი კვლევა არსებობს, რომლებიც ადასტურებს, რომ კორონავირუსის გავრცელების ერთ-ერთი გზა არის აეროზოლის სახით გავრცელება და სწორედ ამიტომ ნიღბის გამოყენების ვალდებულება უნდა დარჩენილიყო. ახლა ნიღბის გამოყენება დამოკიდებული იქნება მხოლოდ პიროვნების პასუხისმგებლობაზე, ეს კი სწორი არა მგონია და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის.