მდინარე ჩელთის ნაპირას დაწურული ღვინო პრინც ჰარის ქორწილში ჭიქებში ჩამოისხა - კვირის პალიტრა

მდინარე ჩელთის ნაპირას დაწურული ღვინო პრინც ჰარის ქორწილში ჭიქებში ჩამოისხა

კარგია, როცა ჩანაფიქრი, იდეა ამართლებს, რადგან ხორცის შესასხმელად თავდაუზოგავად მუშაობ, გჯერა, რომ შრომა შედეგს მოიტანს. მირიანაშვილების საოჯახო მეურნეობის ამბავი კარგა ხანია ყვარელს გასცდა და მათი პროდუქცია სხვადასხვა კონტინენტზე იყიდება. იმაზე დიდი სიხარული რა უნდა იყოს, მდინარე ჩელAთის (ჩელეთის) ნაპირას დაწურული ღვინო, პრინც ჰარის ქორწილში ჭიქებში რომ ჩამოისხმება.

ანა მირიანაშვილი:

- ჩვენს მეურნეობას საფუძველი 2001 წელს ჩაეყარა. ეს კომპანია მამაჩემმა, გიორგი მირიანაშვილმა დააარსა. ოჯახი 100 წელზე მეტია მეღვინეობას მისდევს. წარმოშობით შილდელები ვართ, ეს ჩვენი წინაპრების სოფელია. მამამ ყველაფერი ნულიდან დაიწყო, მიწის შეძენიდან. მანამდე მიწის არაერთი ანალიზი ჩაატარა. დიდხანს ეძებდა საქართველოში საუკეთესო ნიადაგიან ადგილს, ვენახისთვის საჭირო მიკროზონას. საბოლოოდ არჩევანი საკუთარ სოფელზე შეაჩერა. ულამაზესია კავკასიონის მთების ძირას გაშენებული ვენახი, დღისით მზეა, საღამოობით კი კავკასიონიდან ქარი უბერავს. ტემპერატურის ცვალებადობა დღესა და ღამეს შორის ყურძნის ხარისხზე კარგად მოქმედებს. აქაურობას გუნაშაურსაც ეძახიან და ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად ითვლება. ყურძნის ხარისხს ნიადაგიც განსაზღვრავს. უმეტესად საფერავი ჯიშები გვაქვს, თუმცა ჩვენი ტერიტორია ქინძმარაულის მიკროზონადაც ითვლება.

- ვენახი და ღვინის გადამმუშავებელი საწარმო ერთ სივრცეშია. ეს შრომასაც აადვილებს და პროდუქტის ხარისხზეც დადებითად მოქმედებს.

- ვენახი, რომელიც 80 ჰექტარზეა გაშენებული, და ღვინის საწარმო, მარანი - ყველაფერი ერთ ტერიტორიაზეა. გვაქვს როგორც ტრადიციული ქვევრების მარანი, ისე ცისტერნებიც. ყურძენი დაკრეფიდან 15 წუთში მუშავდება საწარმოში, არ ყოვნდება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან დაკრეფილი ყურძენი ტრანსპორტირებისას სანამ ადგილამდე მივა, სიცხის გამო ხშირად ფუჭდება. მამა 6 წელიწადს ელოდებოდა, ვენახი იქამდე მისულიყო, რომ სათანადო ხარისხის ყურძენი მოეყვანა. პირველი ღვინო 2007 წელს დავაყენეთ.

კიდევ გვაქვს 20 ჰექტარი, გვინდა ბიოვენახი გავაშენოთ. საერთოდ, ვენახში მინიმალურად ვერევით, მაგრამ ბიოკატეგორია ჯერ არა გვაქვს.

gvino4-1648999015.jpg

- წინაპრები ახსენეთ და, პაპა იყო შილდელი?

- პაპის მამა ცხოვრობდა ამ სოფელში. პაპა უკვე თბილისში ჩამოვიდა, პროფესორი იყო, ფილოლოგი. მამამ შილდაში წასვლის წინ ბანკში მუშაობას თავი დაანება და მთელი ენერგიით ამ საქმეში ჩაერთო. აქვე ცხოვრობს და მისი მეთვალყურეობით იმართება ვენახიც და საწარმოც.

- შვილები, ანუ ანდრია, თქვენი ძმა, და თქვენც აქტიურად ხართ ჩართული ამ საოჯახო მეურნეობაში.

- ბავშვობიდან ვუყურებდით ამ ყველაფერს. ჩვენი სურვილიც იყო, შეგვესწავლა ეს საქმე. შემდეგ ევროპაში ვსწავლობდით, თუმცა პარალელურად ამ საქმეში მაინც ვმონაწილეობდით. სწავლა რომ დავამთავრეთ, სრულფასოვნად ჩავერთეთ. რამდენიმე წელია, კომერციული ნაწილი - გაყიდვები ჩვენ ჩავიბარეთ.

ჩვენთვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესი არ არის. ოჯახური მემკვიდრეობა, ტრადიციები თაობიდან თაობას გადაეცემა და ჩვენ გამგრძელებელი ვართ. ღვინო იმდენად საინტერესო პროდუქტია, თუ მასში მთელი სული და გული არ ჩადე, კარგი არ გამოვა. ეს ის საქმე არ არის, ერთ-ორ თვეში რომ მიაღწევ წარმატებას. მამაჩემის დაწყებული საქმის საბოლოო შედეგს უკვე ჩვენი შვილები დაინახავენ.

gvino2-1648999015.jpg

- კარგია ისიც, რომ სამუშაო ადგილებიც შექმენით.

- კი, საწარმოში ძირითადად ადგილობრივები მუშაობენ, თუმცა სხვადასხვა რაიონებიდანაც გვყავს ხალხი დასაქმებული. სეზონზე 200 კაცამდე მუშაობს.

- რთველს როდის იწყებთ და რამდენ ხანში იკრიფება თქვენი ვენახები?

- ეს დამოკიდებულია ამინდზე, მოსავალზე. შეიძლება წვიმა დაგვემთხვეს და დიდხანს გაგვიგრძელდეს. მანამდე ყურძენს ვამოწმებთ. ნიადაგიც კი განსხვავებულია გარკვეულ ადგილებს შორის. მთელი ტერიტორია ერთნაირი არ არის, ზოგან ქვიშა-ღორღიანი და თიხანარევია. ყურძენი შაქარს რომ აიღებს, უნდა დაიკრიფოს, თუმცა ჩვენთან ყველა პროცესი გათვლილია. ღვინის მისაღებად ბევრი ეტაპია გასავლელი. ყურძენი უნდა დაიკრიფოს შესაბამის კონდიციაში, არ უნდა გაფუჭდეს. ჩვენი საწარმო მიწის ქვეშ, 7 მეტრზეა, სადაც ცისტერნები და ქვევრებია. ცისტერნები მიწის ქვემოთ იმიტომ არის, რომ მთელ წელიწადს თანაბარი ტემპერატურა იყოს.

- რამდენ ქვეყანაში გადის თქვენი ღვინო?

- დაახლოებით 20-ში - როგორც ევროპაში, ისე აზიასა და აშშ-ში. ჩვენს ღვინოს უკვე საერთაშორისო აღიარება აქვს. არაერთი წარმატება მოვიპოვეთ. წელიწადში დაახლოებით ნახევარ მილიონ ბოთლს ვაწარმოებთ. ჩვენი ტერიტორიაც ამ რაოდენობის ღვინოზეა გათვლილი. ვატარებთ ხოლმე "მწვანე რთველს", როცა ვჭრით და ვასუფთავებთ ვენახს, რათა მხოლოდ საუკეთესო ყურძენი მივიღოთ.

- ყველანი შილდაში ცხოვრობთ?

- მამა სულ კახეთშია, საწარმოს აქცევს ყურადღებას, ვენახს, ჩამოსხმებს... მე და ჩემი ძმა თბილისში ჩვენს ოფისში, მენეჯმენტს ვუძღვებით. რა თქმა უნდა, შილდაშიც ჩავდივართ. რთვლის პერიოდში სულ იქ ვართ.

gvino3-1648999015.jpg

- ტურისტული მიმართულება არა გაქვთ?

- სადეგუსტაციო ადგილი გვაქვს, 200-კაციანი, გარეთ დასაჯდომი ადგილებიც არის. შეგვიძლია მასტერკლასების გამართვაც, ამ მიმართულებით უფრო პანდემიამდე ვმუშაობდით. სასტუმროსგან ჯერ თავს ვიკავებთ. მეღვინეობა ის სფერო არ არის, მატერიალურად კარგად რომ იყო, ამ საქმეში მთავარი სიყვარული და მოთმინებაა. თუ საჭიროა, რამდენიმე წელიწადს უნდა დაიცადო, სანამ შედეგს მიიღებ. ასეა, თუ პრემიუმხარისხის ღვინის წარმოება გინდა. საქმის დაწყებისას მზად უნდა იყო თავდაუზოგავი შრომისთვის, ვენახიც საკუთარი უნდა გქონდეს, ამის გარეშე ძნელია კარგი ღვინის მიღება. ყველაფერი თვითონ უნდა შექმნა...

საერთაშორისო ბაზარზე დიდი ინტერესია ქართული ღვინის მიმართ. ამიტომ უნდა მონაწილეობდე გამოფენებში, დეგუსტაციებზე. ამის შედეგია, რომ ჩვენს ღვინოს არა მარტო საქართველოში, არამდე 20-ზე მეტ ქვეყანაში ვყიდით. ამერიკაში, ევროპაში უყვართ და ექსპორტიც კარგად არის აწყობილი. გვაქვს ჯილდოებიც. "დეკანტერი" ღვინის პრესტიჟული კონკურსია, სადაც 3000-ზე მეტი ღვინო მონაწილეობს. ჟიურიმ ჩვენი საფერავი მსოფლიოს 20 საუკეთესო ღვინოში შეიყვანა და დაწერა, რომ ეს საუკეთესო საფერავია "დეკანტერის" ისტორიაში. ჩვენი ღვინო 2018 წელს პრინც ჰარის ქორწილშიც იყო წარმოდგენილი. ეს ჩვენთვის ძალიან საამაყოა. ჩელთის ღვინო ერთადერთი ქართული ღვინო აღმოჩნდა ამ ქორწილში. ეს გადაწყვეტილება სამეფო ოჯახის სომელიეებმა რამდენიმეთვიანი დეგუსტაციის შემდგომ მიიღეს. ჩვენს საფერავზე სტატია "ვაშინგტონ პოსტმაც" დაწერა, რაც სასიხარულოა.