ველური "სიცოცხლის ხე“ ქართულ წარმოებაში - კვირის პალიტრა

ველური "სიცოცხლის ხე“ ქართულ წარმოებაში

"ამ ეტაპზე სამ ეთერზეთს ვამზადებთ: დაფნას, ევკალიპტსა და ვერცხლისფერ ცინერეას, რომელიც ასევე ევკალიპტის სახეობაა. მალე ციტრუსის ეთერზეთის წარმოებას დავიწყებთ, რაც ასევე უძვირფასესი ეთერზეთია, ნედლეული კი, საბედნიეროდ, ადგილობრივ ბაზარზე ბევრი გვაქვს"

ნებისმიერი მცენარე, ბუნების გასაოცარი წესრიგის თანახმად, გაცილებით მეტ მაცოცხლებელ რესურსს შეიცავს, ვიდრე ველურ ბუნებაშია მისთვის აუცილებელი. ამ რესურსებს სრულად მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც გონიერი და მშრომელი ადამიანის ხელში აღმოჩნდება. სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ეს ნაკლებად აქტუალურია და მით უფრო სასიამოვნოა, როცა სიახლეს წააწყდები. გურიის სოფელ სუფსაში რამდენიმე ხნის წინ ეთერზეთების საწარმო გაიხსნა. ამ საწარმოში ველურად მზარდი ევკალიპტის ფოთლები ინდუსტრიის ერთ-ერთი საინტერესო დარგის, ეთერზეთების წარმოების პროდუქტად გარდაიქმნება. რა თქმა უნდა, არა მხოლოდ ევკალიპტისა - საწარმოში არაერთი კულტურა გადამუშავდება ეთერზეთებად. დასავლეთ საქართველოში ველური ევკალიპტის ეკონომიკაში გამოყენების შესახებ საწარმოს დამფუძნებელ ემზარ ერაძეს ვესაუბრეთ.

- საბედნიეროდ, პროექტი, რომელიც ვიღაცისთვის იქნებ საეჭვო ჩანდა, სოფლის მეურნეობის უცხოელი პარტნიორების დახმარებით დაიწყო და უკვე პროდუქციასაც ვამზადებთ.

ეთერზეთების წარმოების იდეა ჩვენი ქვეყნის ბუნებამ მიკარნახა. ჩვენ უმდიდრესი, ეკოლოგიურად სუფთა მცენარეული საფარი გვაქვს როგორც ველურ ბუნებაში, ასევე გაკულტურებულ მცენარეებში, ეთერზეთების დამზადება კი ნებისმიერი ამ მცენარისგან შეიძლება. ასეთ დროს ჩვენს ქვეყანაში ეთერზეთების უდიდესი ნაწილი უცხოეთიდან შემოდის. აქ ლოგიკური კითხვა დავსვი - რატომ უნდა შემოგვქონდეს უცხოეთიდან პროდუქცია, როდესაც ქვეყანაში მისი წარმოების უნიკალური პირობები გვაქვს? მოკლედ, ასე გადავწყვიტე ეთერზეთების წარმოება. სხვათა შორის, ეთერზეთების გამოხდაც შევისწავლე. საქმის მიმართ ასეთმა მიდგომამ პარტნიორიც დაარწმუნა, რომ საქმის კეთებას შევძლებდი.

ასე ჩაეყარა საფუძველი სამი წლის წინ ეთერზეთების საწარმოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში. თუმცა, ვფიქრობ, თუნდაც ნედლეულის რეზერვის გამო ჯობდა საწარმო აჭარაში აშენებულიყო ან გურიის სხვა ტერიტორიაზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც ადამიანური დამოკიდებულებები წყვეტს ყველაფერს. სუფსა ჩემი დედულეთია, ამიტომაც გამომიწია გულმა. თუმცა, რა თქმა უნდა, საწარმო სუფსაშიც წარმატებით მუშაობს და იმუშავებს. ევროპის ყველა ლაბორატორიაში გაგზავნილმა ჩვენმა ეთერზეთებმა უკლებლივ დადებითი შეფასება დაიმსახურა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქცია ევროპულ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ამდენად, მალე ევროპისკენ გავხსნით ფანჯარას. ამ ეტაპზე ჩვენი ეთერზეთები ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

- საწარმოს წარმადობა როგორია?

- ყოველწლიურად 500-600 ლიტრი ეთერზეთის წარმოება შეგვიძლია, მასთან ერთად კი 40 ტონა ჰიდროლატისა. ეს არის ეთერზეთის გამოხდის შედეგად მიღებული მეორადი პროდუქტი, რომელიც კოსმეტიკაში გამოიყენება. ეთერზეთების გამოხდას დიდი რაოდენობით ნედლეული სჭირდება. მაგალითად, ნახევარი ლიტრი ევკალიპტის ეთერზეთის გამოხდისთვის დაახლოებით 100 კილოგრამი ევკალიპტის ფოთოლია საჭირო. ამ რაოდენობის პროდუქციის წარმოებას ადგილობრივი ნედლეული ვერ აუვა, ამიტომაც თავად გადავწყვიტე ევკალიპტის გაშენება. ამასობაში ის სტანდარტიც დავარღვიე, რომ ევკალიპტი მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ხარობს. ამ ეტაპზე კახეთში, სხვადასხვა ჯიშის დაახლოებით 5 000 ნერგი ევკალიპტი მაქვს გაშენებული. სხვათა შორის, ევკალიპტს მსოფლიომ "სიცოცხლის ხე" შეარქვა, რადგან დაავადებებისა და ვირუსების ბუნებრივი მკურნალია. ასე რომ, ეთერზეთების წარმოებასთან ერთად ჩვენ სიცოცხლის ხეებსაც ვაშენებთ, რითაც ერთგვარად გლობალურ დათბობასაც ვეწინააღმდეგებით.

- გურიის ზონაში ეს კულტურა დაახლოებით 2 საუკუნეს ითვლის. აქ ულამაზესი ვარჯის მქონე ხეებია გაშენებული.

- ჰოდა, ეგ ვარჯები ამჟამად საფრთხეშია. ბოლო დროს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ თურმე ევკალიპტის ფოთოლს ადგილობრივები სხვადასხვა კომპანიას აბარებენ ექსპორტზე გასაგზავნად, საქმის გასაიოლებლად კი ხეებს ტოტებს აჭრიან. ეს აუცილებლად გამოიწვევს უძველესი ევკალიპტების განადგურებას და ამ საკითხს აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს.

- საწარმოში ადგილობრივებიც გყავთ დასაქმებული. როგორ შეხვდა თქვენი სოფელი მის გახსნას?

- სამუშაო ადგილების გაჩენა ჩვენს გარემოში ჰაერივით აუცილებელია. თუმცა გული მწყდება, რომ საქმეში გულმოდგინება, რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ ქართველებს ბევრს გვაკლია. არადა, საქმის მიმართ მხოლოდ გულმოდგინე, პატიოსანი დამოკიდებულებაა წარმატების საწინდარი, მით უფრო, როდესაც ადამიანს პრეტენზია აქვს წინსვლაზე.

ამ ეტაპზე სამ ეთერზეთს ვამზადებთ: დაფნას, ევკალიპტსა და ვერცხლისფერ ცინერეას, რომელიც ასევე ევკალიპტის სახეობაა. მალე ციტრუსის ეთერზეთის წარმოებას დავიწყებთ, რაც ასევე უძვირფასესი ეთერზეთია, ნედლეული კი, საბედნიეროდ, ადგილობრივ ბაზარზე ბევრი გვაქვს. მოკლე პერიოდში 14 სახის ეთერზეთის წარმოება გვექნება ადგილობრივი ნედლეულიდან, რითაც, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ხალხსაც გავახარებთ. ეთერზეთის გამოყენება ხომ ნებისმიერ სამეურნეო სფეროში შეიძლება. რაც შეეხება ღირებულებას, ამ ეტაპზე 10 მლ ეთერზეთის ფასი 15 ლარია, ევროპაში კი 7-8 დოლარი.

ქართული ეთერზეთების ექსპორტირებას პირველ ეტაპზე ვფიქრობთ ამერიკის, გერმანიის, კანადის ბაზრებზე. დღეს უცხოური ეთერზეთების დიდი რაოდენობა ჰიბრიდულად მიღებული კულტურებისგან მზადდება, რომლებიც თავიანთი თვისებებით განსხვავდება ბუნებრივი ჯიშებისგან, საქართველოში კი ბუნებრივი წარმოშობის მცენარეული საფარი გვაქვს, რაც გარანტიას გვაძლევს. ექსპორტს მხოლოდ მაღალხარისხოვან ქართულ პროდუქციას მივაწვდით.