"ვარდისფერი მცველი“ ხრიოკებისთვის - კვირის პალიტრა

"ვარდისფერი მცველი“ ხრიოკებისთვის

ნუში ერთ-ერთი უძველესი მცენარეა მათ შორის, რომელთაც ადამიანები იცნობდნენ. ფინიკიელები 4 ათასწლეულის წინ ამ მცენარის ნაყოფს "სუფრის მშვენებას" უწოდებდნენ. ევროპის ქვეყნებს შორის ნუში პირველად საბერძნეთში შეიტანეს. ძველ ბერძნებს ნუშის ხე ნაყოფიერების სიმბოლოდ მიაჩნდათ და აღმერთებდნენ. საქართველოშიც ნუში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ის მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს თავის ცნობილ ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა". დღეს ჩვენს ქვეყანაში საუკუნოვანი ნუშის ხეები ხარობს. ამ მოხდენილ და სასარგებლო მცენარეზე გვესაუბრება სწავლული აგრონომი აკაკი ღლონტი.

- ნუში ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ცნობილია მისი 40-მდე სახეობა, რომელთაგან ჩვენში გავრცელებულია მხოლოდ ორი - ჩვეულებრივი ნუში და ქართული ნუში.

- რით განსხვავდება ერთმანეთისგან ეს სახეობები?

- ჩვეულებრივი ნუშის ხე მაღალია, 7-8 მეტრს, ზოგჯერ კი 10 მეტრსაც აღწევს. მას თეთრი ან მოვარდისფრო ყვავილები აქვს. მეორე სახეობა, ანუ ქართული ნუში, არის ბუჩქი, რომლის სიმაღლე 1-1,5 მეტრია. ქართულ ნუშს კაშკაშა ვარდისფერი ყვავილები აქვს და გაზაფხულზე ულამაზესია. ყვავილობს მარტსა და აპრილში, ხოლო ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. მსხმოიარობას 4-5 წლის ასაკიდან იწყებს და 30-50 წლამდე აგრძელებს. ნუში სინათლის მოყვარული, გვალვაგამძლე მცენარეა და კარგად ხარობს კალციუმით მდიდარ ფხვიერ ნიადაგზე, ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში კარგად იზრდება. მისი დიდი მასივები გვხვდება კახეთსა და ქართლში, კერძოდ, ქარელთან, სოფელ ხურვალეთთან, სამთავისთან, კასპთან და სხვ.

- სად და როგორ გამოიყენება ნუშის გული?

- ნუშის გულს მრავალი დანიშნულება აქვს: მას იყენებენ კულინარიაში, საკონდიტრო მრეწველობაში, შეუცვლელია კოსმეტიკურ ნაწარმშიც. ამ მცენარის გაშენებაზე მთელი მსოფლიო მუშაობს, რადგან ნუშის გულისგან საუცხოო ზეთსა და ცხიმს ამზადებენ. ყველაზე დიდი რაოდენობით ნუში ამერიკელებს მოჰყავთ. ნუშის მწარმოებელი უმსხვილესი ქვეყნებია ასევე ესპანეთი, ირანი, იტალია, თურქეთი, ჩინეთი... ამ მცენარის პოპულარობას ხელს ისიც უწყობს, რომ კარგად ხარობს მწირ და ეროზიულ ნიადაგზეც. ნუშს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, ამიტომ მისი გამოყენება კარგია ფერდობების გასამაგრებლად. მოკლედ, ნუში დედაბუნებამ უამრავი საუკეთესო თვისებით დააჯილდოვა.

- რა უნდა იცოდნენ ფერმერებმა თუ მოყვარულებმა, რომლებსაც ამ მცენარის გაშენება სურთ?

- გამოცდილმა ფერმერებმა შესანიშნავად იციან, რომ შეიძლება ნუშის დათესვაც, მაგრამ მის გასახარებლად მყნობა უფრო შედეგიანია. ალბათ, მკითხველს გაუჩნდება შეკითხვა, რომელი მცენარის გამოყენება ჯობია ნუშის საძირედ? ნუშის მყნობისას საძირედ იყენებენ ატამს, ქლიავს, ტყემალსა და გარგარს, თუმცა ყველაზე ხშირად ამ მიზნით მაინც ატამს იყენებენ. რატომ? - ის კარგად იტანს როგორც ტენის ნაკლებობას, ასევე მის სიჭარბეს. ისეთ რაიონებში, სადაც გრუნტის წყლები ზედაპირიდან ახლოს არის, რეკომენდებულია საძირედ ტყემლის გამოყენება. ნუშის მყნობა მიზანშეწონილია აგვისტოში. ნუშის ბაღის გასაშენებლად სავალდებულო არ არის სწორი ადგილი, პირიქით, დამრეცი ადგილები უკეთესია.

- როგორი უნდა იყოს მანძილი ნუშის ნერგებს შორის?

- სასურველია ნუშის მწკრივები ერთმანეთისაგან 5-7 მეტრით იყოს დაშორებული, ხოლო რიგებს შორის 2-2,5 მეტრის მანძილი უნდა დავტოვოთ, რათა მცენარეს სინათლე არ მოაკლდეს. ნუშის ბუჩქის ირგვლივ ფართობი საშუალოდ, 10-15 კვადრატული მეტრი უნდა იყოს, რათა მისი მოვლა და გასხვლა ადვილად შევძლოთ. ნუში ყინვას ძალიან კარგად იტანს, თუმცა ვეგეტაციის პერიოდში გაზაფხულის ყინვისგან ადვილად ზიანდება, რადგან ამ დროს მის ტოტებსა და ფესვებში წყალი დგება. ამიტომ არის აუცილებელი სპეციალური სისტემა, რომელიც ნუშის ბაღს გაზაფხულის ყინვისგან დაიცავს.

- რა ღირს ნუშის გული ბაზარზე?

- გარჩეულ ნუშზე საერთაშორისო ფასები ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა: ნუშის გული ჩვენთან 40-50 ლარი ღირს, ზოგიერთ სეზონზე კი მისი ფასი 80 ლარამდეც ადის. საერთოდ, კაკლოვანი კულტურების ფასი მსოფლიო ბაზარზე ყოველწლიურად მატულობს, გამონაკლისი არც ნუშია.

- ცნობილია, რომ ნუშის ხეებს ქარსაცავ ზოლებში საგანგებოდ რგავენ, რატომ?

- როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნუშს ძლიერი ფესვთა სისტემა აქვს, ზრდასრული ხის ფესვები დაახლოებით 6 მეტრამდე ჩადის ნიადაგში და ყველა მიმართულებით ვრცელდება. ფესვის განვითარების ასეთი სიღრმე-სიგანე ნუშს საშუალებას აძლევს გამოიყენოს საკვები ელემენტებისა და წყლის უმცირესი მარაგიც კი, რომელიც სხვა მცენარეებისთვის მიუწვდომელია. სწორედ ეს თვისება განაპირობებს ნუშის გვალვაგამძლეობას. მისი ძლიერი ფესვთა სისტემა ნიადაგის ღრმა ფენებამდე ჩადის და ფერდობების ეროზიისგან დასაცავად საუკეთესო საშუალებაა. გვალვაგამძლეობის გამო ნუშმა შესაძლოა ისეთ ადგილებში გაიხაროს, სადაც სხვა კულტურების გახარება შეუძლებელია. ამავე დროს, მასივების სახით შეიძლება გაშენდეს ნაკლებად ნაყოფიერ, ეროზიულ ადგილებში, როგორც დამცავი საშუალება. ამ თვისებების გამო მიზანშეწონილია ნუშის გაშენება ქარსაცავ ზოლებში, გზის პირებსა და უკიდურესად მწირ, სახნავად უვარგის მიწაზეც კი.

- კიდევ რა გამორჩეული თვისებები აქვს ნუშს?

- ნუში ძალიან ადრე ყვავილობს და ხშირად დაბალი ტემპერატურის პირობებში, თანაც, მისი ყვავილობის პერიოდი შედარებით გახანგრძლივებულია და ორ კვირამდე მაინც გრძელდება. იმავდროულად, ნუში ყინვაგამძლე მცენარეა: მას შეუძლია გადაიტანოს ტემპერატურის დაცემა მინუს 25 გრადუსამდეც კი, ოღონდ, თუ ვეგეტაცია ჯერ კიდევ არა აქვს დაწყებული. ამ თავისებურებებს ისიც ემატება, რომ ნუში ერთ-ერთი ყველაზე რენტაბელური მცენარეა და მისი ბაღების გაშენებას ყველა მოწინავე ქვეყანაში ცდილობენ.

ხათუნა ჩიგოგიძე