"ღარიბაშვილი პროპაგანდით გვაშინებს, ნახეთ რა მოუვიდა უკრაინას, როცა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიაო - არ ესმის, რომ დღეს, უკრაინაზე ყველაფერი შეიძლება თქვა, გარდა "დაჩაგრულისა" - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილი პროპაგანდით გვაშინებს, ნახეთ რა მოუვიდა უკრაინას, როცა რუსეთს წინააღმდეგობა გაუწიაო - არ ესმის, რომ დღეს, უკრაინაზე ყველაფერი შეიძლება თქვა, გარდა "დაჩაგრულისა"

ღარიბაშვილს არ ესმის, რომ დღეს უკრაინაზე ყველაფერი შეიძლება თქვა, გარდა „დაჩაგრულისა“ , - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

მისი თქმით, ზოგჯერ ერთი ტერმინი გვეუბნება, რას ფიქრობს ადამიანი ამა თუ იმ საკითხზე.

„ამ არარაობამ, ფარისეველმა თქვა, რომ დაჩაგრულია უკრაინაო, დაიჩაგრაო. არ ესმის, რომ დღეს უკრაინაზე ყველაფერი შეიძლება თქვა, გარდა დაჩაგრულისა. ეს ფარისეველი, მერე, ვითომ თანაუგრძნობს, ჩამოთვლის როგორ განადგურდა უკრაინა. სინამდვილეში გულისხმობს სწორედ იგივეს, რასაც თავიდანვე მათი პროპაგანდა იმეორებდა, რომ აი ნახეთ რა მოუვიდა უკრაინას, რადგან წინააღმდეგობას უწევს რუსეთს. ამით გვაშინებს ჩვენც, რომ როგორ მიქარა, უკრაინელმა ხალხმა და უკრაინის პოლიტიკურმა ხელისუფლებამ, რომ თავისუფლებას იცავს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მედიასთან განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ 25 თებერვალს ამბობდა, რომ ომით თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა, ეს უკრაინა იქნებოდა.

„რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის, უაღრესად შემაშფოთებელია. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის განადგურებული, ქალაქები მიწასთან არის გასწორებული, ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს და დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. ხედავთ, რომ დღეს უკრაინაში რუსეთის მიერ მთელი რიგი ტერიტორიები უკვე არის ოკუპირებული. ხედავთ, რომ ეს პროცესი გრძელდება და სამწუხაროდ და საუბედუროდ, ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის|, - აღნიშნა პრემიერმა.

IPN