"დასავლეთმა კარგად დაინახა, რომ შეიძლება განადგურების საფრთხე დაემუქროს“ - კვირის პალიტრა

"დასავლეთმა კარგად დაინახა, რომ შეიძლება განადგურების საფრთხე დაემუქროს“

"ფრონტის დღევანდელი სურათის მიხედვით, ამ ეტაპზე არც რუსეთს და არც უკრაინას ომის შეწყვეტა ხელს არ აძლევთ“

29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართა, რომელზეც უკრაინულმა მხარემ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების პირობები და ის ქვეყნები დაასახელა, რომლებსაც გარანტორებად განიხილავენ. ამ ჩამონათვალშია: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. შეგახსენებთ, კიევის მოთხოვნებია ომის შეწყვეტა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა უკრაინის ნეიტრალიტეტი. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის გამოცხადების პროცესში რეფერენდუმი ერთადერთი გამოსავალია. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობასა და უკრაინის დასახელებულ უსაფრთხოების პირობებზე გვესაუბრება ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე:

lagazidze.jpg

- უკრაინელების შეთავაზება, რომელიც სტამბოლში მოვისმინეთ, ნამდვილად აჩვენებს უკრაინის საგარეო-პოლიტიკური გუნდის მაღალ პროფესიონალიზმს. ამას მოწმობს იმ ქვეყნების ნუსხაც, რომელთაც უკრაინა თავისი უსაფრთხოების გარანტორებად განიხილავს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში. მათ შორის არის ქვეყნები, რომელთა ამ სიაში აღმოჩენას ყველა ველოდით, მაგალითად, აშშ თუ დიდი ბრიტანეთი, მაგრამ არის ქვეყნებიც, რომელთა გარანტორობა გლობალურად შეცვლის მსოფლიოს წესრიგს და, ამასთანავე, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. დავიწყოთ გერმანიით. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორობა იქნება მისი თავდაცვითი და უსაფრთხოების როლის სრულიად ახლებური გააზრება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა ამ ჩამონათვალში ჩინეთის მოხვედრა, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი მოულოდნელობაა. თუ ეს განხორციელდა, მივიღებთ წინაპირობას იმისა, რომ ჩინეთის ჩაერთვება მსოფლიოს ახალ, ერთიან უსაფრთხოების სტრუქტურაში, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა.

რუსეთი სრულიად განდეგილი რჩება ევროპის უსაფრთხოების ამ ახალ არქიტექტურაში და, რაც მთავარია, მან ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიასთან ერთად, ითვალისწინებს მისი დასჯის მექანიზმებსაც, თუკი კვლავ შეეცდება უკრაინაში შეჭრას. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ჩამონათვალში თურქეთის მოხვედრა და მისი როლი ევროპის უსაფრთხოების ამ სავარაუდო სქემაში. თუ ეს ხელშეკრულება გაფორმდება, მისი, როგორც საქართველოს ერთადერთი ნატოს წევრი მეზობლის, როლი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში უფრო გაიზრდება.

უკრაინის ინტერესი, უპირველესად, საკუთარი უსაფრთხოების დაცვაა და ამიტომაც ცდილობს ამის გარანტად ბევრი ქვეყანა აქციოს, მაგრამ ამ სავარაუდო გარანტორი ქვეყნების თანავარსკვლავედი იმასაც მოწმობს, რომ უკრაინას აქვს ამბიცია, სწორედ ის იყოს ევროპის უსაფრთხოების მომავალი არქიტექტურის ერთ-ერთი მთავარი ავტორი.

- გავიხსენოთ უკრაინის მხარის ერთ-ერთი მომლაპარაკებლის, ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადება, ახლა ჩვენი მიზანია, შევქმნათ ჩვენი ნატოო.

- დიახ, დღეს უკრაინას აქვს ამის ჯანსაღი ამბიცია, რაც სრულიად საფუძვლიანია, ის იმსახურებს, იყოს ევროპული თუ მსოფლიოს უსაფრთხოების მომავალი არქიტექტორი, თუმცა ეს ჯერ არის უკრაინელების განაცხადი და საქმედ რომ იქცეს, კიდევ ბევრი დრო და მუშაობა დასჭირდება. ამასთანავე, არ არის გამორიცხული მისი კორექტირებაც. რაც შეეხება რუსეთს, ლაპარაკი იმაზე, რომ დღეს ეს ქვეყანა მზად არის, ხელი მოაწეროს ამ ხელშეკრულებას, დიდი გულუბრყვილობა იქნებოდა, მით უფრო, რომ ამ მოლაპარაკებებზე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი არ იზიარებს არახამიას ოპტიმიზმს ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის თაობაზე.

გავიხსენოთ, ამ ხელშეკრულებების პირობების მიღმა როგორი ვითარებაა ბრძოლის ველზე. თეორიულად რომც დავუშვათ, რომ ხვალ ომი შეწყდება და ხელშეკრულება ამოქმედდება, ფაქტობრივად, გაურკვეველი რჩება ყირიმის მომავალი და უფრო გაუგებარია დონეცკისა და ლუგანსკის საკითხი. ითქვა, ამაზე პუტინი და ზელენსკი პირისპირ შეხვედრისას იმსჯელებენო... მოკლედ, ყველაზე რთული საკითხები, რომლებიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ღიად არის დარჩენილი, თუმცა ამით ვაჭრობას უკრაინა არ აპირებს.

ფრონტის დღევანდელი სურათის მიხედვით, ამ ეტაპზე არც რუსეთს და არც უკრაინას ომის შეწყვეტა ხელს არ აძლევთ. რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს კიევის შემოგარენი და გადაჯგუფება ხდება უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ. ამ მიმართულებით თავისი ძალების მობილიზებას იწყებს უკრაინაც. ელიან, რომ მძიმე და ხანგრძლივი ბრძოლები სწორედ აქ დაიწყება. რუსეთს ჯერჯერობით არც ერთი სტრატეგიული მიზნისთვის არ მიუღწევია. აღარაფერს ვამბობ კრემლის პირვანდელ რიტორიკაზე, როდესაც უკრაინის სრულ ე.წ.დენაციფიკაციას და დაპყრობას აპირებდნენ, გეგმავდნენ რა ხელისუფლების შეცვლას და უკრაინის სათავეში კრემლისთვის სასურველი მთავრობის მოყვანას. დღეს უკვე ჩანს, რომ ეს, ფაქტობრივად, მიუღწეველია. რუსეთმა ჯერჯერობით დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების სრული კონტროლიც ვერ შეძლო. ასევე ვერ მოახერხა სრული კონტროლის შენარჩუნება ყირიმთან სახმელეთო კორიდორზე - აღარაფერს ვამბობ უფრო სიღრმეში, დნესტრისპირეთამდე მისვლაზე. პუტინს ჯერჯერობით ხელთ ისეთი არაფერი აქვს, რასაც თავის მოსახლეობას საკუთარ მიღწევად შეასაღებდა. ახლანდელი სტატუს კვო რუსეთისთვის არაფრის მომცემია, ისევე, როგორც უკრაინისთვის.იმ ვითარებაში, როცა რუსეთი უკრაინელი ერის გენოციდს ახორციელებს, კაცობრიობის წინაშე დანაშაულს სჩადის, დაიღუპა ამდენი ადამიანი, განადგურდა უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა და ეკონომიკა, წარმოუდგენლად რთული იქნება უკრაინის მოსახლეობისთვის იმის შეთავაზება, რომ უკრაინა დაეთანხმოს 23 თებერვლის სტატუს კვოს, თან ისე, რომ რუსეთს ისევ ჰქონდეს პრეტენზია დონეცკსა და ლუგანსკზე. ანუ თუ მოლაპარაკების შედეგად უკრაინა დაუბრუნდება 23 თებერვლის მდგომარეობას ანექსირებული ყირიმით, ნახევრად ოკუპირებული დონეცკითა და ლუგანსკით და მათი გაურკვეველი სტატუსით, ბუნებრივია, უკრაინის მოსახლეობა დასვამს კითხვას: მაშ, რას შეეწირა ამდენი ადამიანი, რა საჭირო იყო ამხელა მსხვერპლი, რატომ გამოატარეს უკრაინას ჯოჯოხეთი?! ამიტომ ამგვარ შეთანხმებას არც უკრაინის ხელისუფლება დასთანხმდება, არც - არმია და არც - მოსახლეობა. ამიტომაც დღევანდელი მოცემულობა ნაკლებად იძლევა იმედს, რომ მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში შედეგიანი იქნება.

ომის დაწყების 40 დღის შემდეგ რუსეთისთვის პროგრამა მაქსიმუმი უკვე ყირიმამდე სახმელეთო გასასვლელის გაჭრა-შენარჩუნება და ამის შემდეგ რეალური მოლაპარაკებების დაწყებაა. მანამდე კიდევ როგორ ენით აღუწერელ დანაშაულებს ჩაიდენს, არავინ იცის...იმისთვის, რომ უკრაინამ შეძლოს თავის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე გარდატეხის შეტანა, მას სულ სხვა ტიპის შეიარაღება სჭირდება. ბოლო დღეების განმავლობაში გაჩნდა ინფორმაცია უკრაინისთვის შეტევითი შეიარაღების მიწოდებაზე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, აშშ-ის მხრიდან. ბოლო ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის დამატებით 300 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას გამოყოფს, მათ შორის - საჰაერო თავდაცვის იარაღს, უპილოტო საფრენ აპარატებსა და ჯავშანტექნიკას, ასევე - შემტევ და ლაზერული დამიზნების სარაკეტო სისტემებს. ეს უკვე ომის ახალი ეტაპია. რეალურად რომ ვთქვათ, დასავლეთსაც არ აძლევს ხელს რუსეთის დღევანდელი სახით "დაკონსერვება" თავისი მილიტარისტული, შოვინისტური და ფაშისტური მისწრაფებებით მმართველ ელიტასა თუ მოსახლეობაში. როგორც მოხდა გერმანიის დენაციფიკაცია, სწორედ ამგვარად უნდა განიკურნოს ეს ქვეყანაც რუსული ფაშიზმისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ მსოფლიოში სამომავლო მშვიდობაზე.

თუ შეიძლება ომის დადებით შედეგებზე ლაპარაკი, მაშინ უნდა ითქვას, რომ ამ ომმა რამდენიმე პოზიტიური შედეგი უკვე მოიტანა. ეს არის, უპირველესად, დასავლეთის გამოფხიზლება და გაერთიანება. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად დასავლეთის მომხმარებლურმა საზოგადოებამ დაინახა, რომ მას შეიძლება ფიზიკური განადგურების საფრთხე დაემუქროს და გააკეთა არჩევანი უსაფრთხოების სასარგებლოდ კეთილდღეობის შემცირების ხარჯზე. კიდევ ერთი დადებითი, რაც უკრაინამ თავისი ბრძოლით შეძლო, ის არის, რომ რაინდობის მშობელ ევროპაში რაინდული ეთიკა დააბრუნა. დიახ, უკრაინამ შეძლო ამ უკიდურესად რაციონალურ, ზეტექნოლოგიურ ერაში ღირებულებები გაეცოცხლებინა. მინდა მკითხველის ყურადღება ერთ საკითხზეც გავამახვილო, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალი უსაფრთხოებისა და სახელმწიფოებრიობისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის "სამოქალაქო ნაციონალიზმის" თემა, რამაც უკრაინელი ერი შეკრა, რაზეც დგას უკრაინის დღევანდელი თავდაცვა და რაზეც წაიტეხა ცხვირი რუსეთმა. ვგულისხმობ იმას, რომ ქვეყნის დასაცავად ერთმანეთის გვერდით დგანან ეთნიკურად უკრაინელი და ეთნიკურად რუსი, ქრისტიანი და მაჰმადიანი მოქალაქეები და ერთნაირი თავგანწირვით იცავენ სამშობლოს - უკრაინას. ეს პუტინისთვის წარმოუდგენელი იყო! უკრაინის იმ ქალაქების მიმართ, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს, რუსული არმიის განსაკუთრებული სისასტიკე გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ პუტინის არმია შურისძიებას ცდილობს მათზე, ვისაც მოღალატედ მიიჩნევს. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ შეიძლებოდა უკრაინის რუსულენოვან მოქალაქეებს, ეთნიკური უკრაინელების მსგავსად, თავი დაედოთ უკრაინისთვის. ეს არის უნიკალური გამოცდილება და წვლილი მსოფლიოში მომავალი მშვიდობისთვის. სამოქალაქო იდენტობისა და პასუხისმგებლობის ვიწრო ეთნიკურ თუ კონფესიურ იდენტობაზე მაღლა დაყენება ჩვენნაირი ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესი მაგალითია.

როცა დადებით მაგალითებზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ უკრაინის ტერიტორიული თავდაცვაც, რაც დაეფუძნა რეალურად არჩეულ თვითმმართველობებს. სწორედ არჩეული მერები და თვითმმართველი ორგანოების სხვა წარმომადგენლები არ გაურბიან პასუხისმგებლობას და დგანან თავიანთი ტერიტორიული ერთეულების დაცვის სათავეში. მოსახლეობაც ენდობა საკუთარ არჩევანს, ხედავს მათივე რჩეულების მოქმედებას და ბრძოლაშიც მიჰყვება. ეს ურთიერთპასუხისმგებლობა, ურთიერთნდობა აღმოჩნდა საოცარი ფენომენი, რომელსაც ტერიტორიული თავდაცვა დაერქვა. ეს ჩვენთვისაც უნდა იქცეს მნიშვნელოვან მაგალითად. მოკლედ, უკრაინა საოცარ პრეცედენტებს ქმნის ომის შემდგომი საქართველოსა და მთელი მსოფლიოსთვის.

- ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაა უკრაინის შესაძლო ნეიტრალიტეტი, რამაც ჩვენთანაც დიდი რეზონანსი გამოიწვია...

- ნეიტრალიტეტი იმ გაგებით, რასაც რუსეთი გულისხმობდა ჯერ კიდევ დეკემბრის ულტიმატუმით, რომელშიც უკრაინასთან ერთად საქართველოც იყო ნახსენები, ასეთი იყო: უარის თქმა ნატოზე და ნებისმიერ სხვა სამხედრო ალიანსზე; ამ ქვეყნების ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზების განთავსების აკრძალვა; უცხოური შეიარაღებისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად სამხედრო წვრთნების დაუშვებლობა. ამასთანვე, უკრაინასა და საქართველოს შეიარაღებულ ძალთა რაოდენობა, ისევე, როგორც შეტევითი შეიარაღება უნდა შეემცირებინათ მინიმუმამდე. ეს იყო რუსეთის მოთხოვნების პაკეტი, ანუ რეალურად - უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოთა კასტრაცია და მათი ანექსიისთვის შემზადება.

ახლა ვნახოთ, მოლაპარაკების ამჟამინდელ ეტაპზე რა პირობებს აყენებს უკრაინა, რაზეც რუსეთს კატეგორიული უარი არ უთქვამს და მაგიდა არ აუყირავებია, მიუხედავად იმისა, რომ აცხადებს, ჯერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე შორიაო: დღეს უკრაინას აქვს იმდენი და ისეთი შეიარაღება, რაც ომამდე არც დაესიზმრებოდა; მას ეყოლება ისეთი შეიარაღებული ძალები, როგორსაც მოისურვებს; უკრაინის მიერ იარაღის წარმოების შეზღუდვაზე ლაპარაკი არ არის, გარდა მასობრივი განადგურების იარაღისა. უკრაინა უარს იტყვის ნატოსა და ნებისმიერ სხვა სამხედრო ალიანსში გაწევრებაზე, მაგრამ ამისთვის ითხოვს უსაფრთხოების ძალიან სერიოზულ გარანტიებს: გარანტორი ქვეყნები, რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, 72 საათში ვალდებული იქნებიან, უკრაინის სრული სამხედრო დაცვა დაიწყონ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პირობებით უკრაინა ევროკავშირში დაჩქარებული წესით უნდა მიიღონ.

აქ არის ერთი მეტად საინტერესო მომენტი: მოგეხსენებათ, ტრამპის პრეზიდენტობის შემდეგ განსაკუთრებით საფრანგეთი ლობირებდა და დღესაც მაკრონი აქტიურად განიხილავს ევროკავშირის ფარგლებში სწრაფი რეაგირების შეიარაღებული ძალების შექმნის საკითხს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა. თუ ევროკავშირს ეყოლება თავისი სამხედრო ძალები და უკრაინაც დაჩქარებული წესით გახდება მისი წევრი, გამოდის, რომ მას დაეკისრება ვალდებულება, თავისი ჯარები ევროკავშირის ერთიან შეიარაღებულ დანაყოფში შეიყვანოს და ეს დანაყოფიც ვალდებული იქნება, უკრაინა დაიცვას. მაშ, რა ნეიტრალიტეტზე ვლაპარაკობთ? თუ ეს საკითხი გადაიჭრა, გამოდის, რომ ევროკავშირიც იძენს სამხედრო-პოლიტიკური ერთობის ფუნქციას. ასე რომ, დღეს უკრაინის ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი არის ლეგენდა იმისთვის, რომ რუსეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ თავისი მოსახლეობის თვალში სახე შეინარჩუნოს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლების პოზიცია - ნეიტრალიტეტი იქნება თუ სხვა რამ, უკრაინის მოსახლეობამ რეფერენდუმზე უნდა უარყოს ან დაადასტუროს, ასე რომ, საბოლოო მოლაპარაკებამდე ჯერ გრძელი გზაა. საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების კვალობაზე, ბუნებრივია, ხელშეკრულების პირობებიც შეიძლება შეიცვალოს.

რაც შეეხება საქართველოს... დღეს შექმნილი ვითარების გამო, რუსეთისგან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ, დღეს ნატოში გაწევრებაზე ალაპარაკდნენ და ჩვენს ნეიტრალიტეტზე ფიქრიც კი შეუძლებელია. ნეიტრალიტეტის პირობებში სახელმწიფოს უნდა შეეძლოს თავის დაცვა გარე დახმარების გარეშე. სახელმწიფოს ამისთვის საჭირო ფინანსებიც უნდა ჰქონდეს, მოსახლეობის რაოდენობა და ჯარიც საკმარისი ჰყავდეს. ამასთანავე, აუცილებელია მეზობელი ქვეყნების თანხმობა და რეალური ვალდებულება, რომ ისინი არ ხელყოფენ ამ სახელმწიფო საზღვრებს. საქართველოს შემთხვევაში ერთიც შეუძლებელია და მეორეც. როდესაც მეზობლად რუსეთი გყავს, ვერანაირი სამხედრო შეიარაღება და ჯარის რაოდენობა ვერ გაძლევს გარანტიას, რომ სამხედრო დახმარების გარეშე მას გაუმკლავდები. თანაც რუსეთი ცნობილია ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების მუდმივად დამრღვევის სახელით. მოკლედ, დღეს ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმებაზე ლაპარაკს. ვინც სვამს კითხვას, ნეიტრალიტეტი გვინდა თუ არა, ის რეალურად საკითხს სვამს ასე: გვინდა თუ არა, საქართველო არსებობდეს, როგორც სახელმწიფო. ნეიტრალიტეტზე ლაპარაკი მაშინ, როცა არ გაქვს უსაფრთხოების გარანტიები, სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ სვლაა.

- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი საბოლოოდ გაიწვია, თუმცა ამჯერად ამის მიზეზად ელჩის საქმიანობით უკმაყოფილება დაასახელა და საქართველოს ხელისუფლება აღარ უხსენებია...

- უკრაინა ომობს და გასაგებია, რომ თავისი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან მაქსიმუმს ითხოვს. ზელენსკი ასეთივე ტონით ელაპარაკება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის ლიდერს. სხვაგვარად მათი გამოფხიზლება და გაერთიანება რთული ამოცანა იქნებოდა. უკრაინის ხელისუფლების ამგვარი საინფორმაციო პოლიტიკის, სტრატეგიული კომუნიკაციის დამსახურებაც არის, რომ დასავლეთმა, ბოლოს და ბოლოს, დაინახა, კეთილდღეობასა და კომფორტზე გაფაციცებული დასავლური საზოგადოება როგორ დადგა არსებობის საფრთხის წინაშე. ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლების ძალიან ხისტი, კრიტიკული რიტორიკის დამსახურება. რუსეთი ხომ მხოლოდ უკრაინისთვის არ არის გამოწვევა, ეს არის გლობალური საფრთხე. განგაშის ზარი, რომელსაც ზელენსკი არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს გასაგონად რეკავს, მხოლოდ უკრაინის გადასარჩენად კი არა, ჩვენი და მთელი მსოფლიოს გადასარჩენად დარეკილი ზარია. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი უკრაინაში წყდება. თუ ის გაიმარჯვებს, ჩვენ, როგორც სახელმწიფო, გადავრჩებით.

აქვე ვიტყვი, რომ უკვე ყოფილ ელჩზე ჯოხის გადატეხით ზელენსკიმ მეორე შანსი მისცა საქართველოს ხელისუფლებას. საქმე ის არის, რომ სანქციების ნაწილს საქართველოს ხელისუფლება უკვე მიერთებულია, საერთაშორისო ფორუმებზეც ჩვენ მუდმივად ვუჭერთ მხარს უკრაინას, ამიტომ ეს რიტორიკა, უკრაინის მიმართ კონფრონტაციული ტონი სრულიად გამაოგნებელი და გაუგებარია. ხელისუფლების მართული მედია და ტროლ-ბოტები მიზანმიმართულად ანგრევენ უკრაინის ხელისუფლების იმიჯს. დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არა უკრაინის ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, არამედ, მართალია, ირიბად, მაგრამ მაინც - საკუთარ მომხრეებში უკრაინის ხელისუფლების შავი პიარის აგორებას...

- მას მერე, რაც რუსეთი უმძიმესი ეკონომიკური სანქციების ტყვეობაში მოექცა, დღის წესრიგში დადგა აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით ტვირთების გადაზიდვის მარშრუტების შეცვლის საკითხი. ერთ-ერთ გზად განიხილება ტრანზიტი საქართველოს გავლით...

- დიახ, მსოფლიოს მომარაგების ლოჯისტიკური სქემების შეცვლით სულ უფრო ხშირად დგება დღის წესრიგში საქართველოზე გამავალი ე.წ. შუა დერეფნის საკითხი და იზრდება მისი მნიშვნელობაც. აშკარაა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ საკომუნიკაციო არტერიებს სერიოზულ ალტერნატივად ქცევა შეუძლია ტვირთების როგორც აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ისე პირიქით მოძრაობის თვალსაზრისით. ახლა კიდევ უფრო ცხადად ჩანს, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელება და რატომ დაიბლოკა ის...