საიდან იღებს სათავეს ევთანაზია და რომელ ქვეყნებშია ის დაშვებული - კვირის პალიტრა

საიდან იღებს სათავეს ევთანაზია და რომელ ქვეყნებშია ის დაშვებული

ენტონი დელონმა, ალენ დელონის ვაჟმა, რამდენიმე კვირის წინ RTL-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ 86 წლის კინოვარსკვლავს ევთანაზია სურს. ალენ დელონი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს, სადაც ევთანაზია ლეგალიზებულია. 2019 წელს მსახიობმა ორმაგი ინსულტი გადაიტანა, თუმცა თანდათან მომჯობინდა. ინსულტამდე კი მან განაცხადა: "დაბერება საძაგლობაა, ამას ვერაფერს მოუხერხებ, იმიტომ, რომ ეს ასაკია... თვალთ გაკლდება და ყველაფერი გტკივა, ფეხები გებლანდება, ეს კი, უნდა გითხრათ, სულაც არ არის სახუმარო საქმე". ალენ დელონმა სხვადასხვა ინტერვიუში­ არაერთხელ ახსენა ევთანაზია: "მე ამის მომხრე ვარ, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ შვეიცარიაში ვცხოვრობ, სადაც ევთანაზია­ ნებადართულია. და კიდევ, ეს ყველაზე ლოგიკურ და ბუნებრივ გამოსავლად მიმაჩნია. გარკვეული ასაკის, გარკვეული მომენტის შემდეგ ყველას გვაქვს უფლება, წავი­დეთ ასე მშვიდად, ყველანაირი საავადმყოფოების, ნემსებისა და სხვა რაღაცების გარეშე".

ენტონი დელონმა სატელევიზიო ინტერვიუს დროს დაადასტურა, რომ მამამ მართლაც სთხოვა, მასთან იყოს სიცოცხლის ბოლო წუთებში, როდესაც იგი სიკვდილს გადა­წყვეტს. ენტონი დელონმა ისიც განაცხადა, რომ დედას, ნატალი დელონსაც, რომელიც 2021 წლის იანვარში გარდაიცვალა, ევთანაზია სურდა, რადგან მას პანკრეასის კიბო ჰქონდა, თუმცა ეს პროცედურა არ დასჭირდათ, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ამისთვის მზად იყო.

ევთანაზია, რომელიც თანამედროვე­ მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად მიიჩ­ნე­ვა,­ სათავეს ანტიკური პერიოდიდან იღებს. პირველად ევთანაზია ანტიკურ საბერძნეთში,­ კუნძულ კეაზე გამოსცადეს, როდესაც მცენარე კონიო გამოიყენეს სიკვდილის დამაჩქარებელ საშუალებად. სოკრატე, პლატონი და სენეკა მხარს უჭერდნენ სიკვდილის დაგეგმვის სურვილს, თუმცა­ მათ მოწინააღმდეგე იმ ხანაშიც ჰყავდათ და ის თავად­ ჰიპოკრატე იყო. საკუთარ ფიცში ის ამბობს: "არავის გამოვუწერ სასიკვდილო წამალს ან მივცემ მას სასიკვდილო რჩევას, რათა მდგომარეობა შევუმსუბუქო".

სპარტა - ევთანაზიის სამშობლო

ევთანაზია ბერძნული სიტყვაა და ტკბილ, უშფოთველ, ბედნიერ სიკვდილს ნიშნავს. სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში, იმის მიხედვით, რა ღირებულება ჰქონდა­ ადამიანის სიცოცხლეს, ევთანაზიის საკითხი­ სხვადასხვაგვარად წყდებოდა. ძვ.წ. მე-6 საუკუნეში სპარტაში უკვე გვხვდება ევთანაზიის შემთხვევები. უძველეს ეპოქაში მხოლოდ ძლიერი ადამიანის კულტი ბატონობდა და ძლიერი ჯარის შექმნის მიზნით ადვილად წყდებოდა იმ ადამიანთა ბედიც, ვინც ახოვანთა რიგებში ვერ ჩაეწერებოდა­. ასეთ ადამიანებს სპარტაში თავიდან იშორებდნენ (კლდიდან ყრიდნენ), რადგან მიიჩნევდნენ, რომ მათგან ვერ დადგებოდნენ ძლიერი მეომრები, ეს კი სპარტელებისთვის მიუღებელი იყო, რადგან თვლიდნენ, რომ იმდროინდელ სისხლისმღვრელ სამყაროში ასეთ ადამიანებს დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ ეწერათ.

მსგავსი შემთხვევები გვხვდება იაპონიაშიც, სადაც მოხუცებს, რომელთაც აღარ შეეძლოთ საკუთარი თავის მოვლა, უკაცრიელ ადგილას ტოვებდნენ, რათა ისინი იქ დახოცილიყვნენ, ხოლო რომში ის პატრიციები, რომლებიც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, თავიანთი დიდების დაცემას სიკვდილს არჩევდნენ და თავიანთი მონების ხელით იხოცებოდნენ.

საქართველო და ევთანაზია

დღეს ევთანაზია მისი სამედიცინო, რელიგიური, პოლიტიკური თუ ეთიკური მახასიათებლების გამო მთელ მსოფლიოში დისკუსიის საგანია. ერთმანეთისაგან განასხვავებენ აქტიურ და პასიურ ევთანაზიას­. აქტიური ევთანაზიის დროს ავადმყოფის სიცოცხლე სრულდება სამედიცინო პერსონალის ან სხვა პირის მიერ მომაკვდინებელი ინიექციის გაკეთებით. პასიური ევთანაზიის შემთხვევაში ავადმყოფის გარდაუვალ სიკვდილს მკურნალობის შეწყვეტა იწვევს. ჭორლდ Pოპულატიონ ღევიეწ-ის სტატიაში ვეცნობით იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც ევთანაზია დაშვებულია. ეს ქვეყნებია: ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, ახალი ზელანდია, ესპანეთი, ნიდერლანდები, შვეიცარია, კოლუმბია და ავსტრალიის ზოგიერთი შტატი. საქართველოს კანონმდებლობით, ევთანაზია დასჯადი ქმედებაა.

საქართველ­ოს სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის თანახმად, "მკვლელობა მსხვერპლის დაჟინებული თხოვნით და მისი ნამდვილი ნების შესაბამისად, ჩადენილი მომაკვდავის ძლიერი ფიზიკური ტკივილებისაგან გათავისუფლების მიზნით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე", თუმცა "პაციენტის უფლებათა შესახებ" კანონის 24-ე მუხლში ვკითხულობთ: "საქართველოს მოქალაქეს­ უფლება აქვს, წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია: ა) უკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით; ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას". ანუ ამ კანონის მიხედვით, ცალკეულ შემ­თხვევებში ექიმს აქვს უფლება, პაციენტის ნების შესაბამისად, გამოურთოს მას სასუნთქი აპარატი, შეუწყვიტოს უშედეგო მკურნალობა, რომელიც პაციენტის სიკვდილს გამოიწვევს.

კანონი "პაციენტის უფლებათა შესა­ხებ" ვრცელდება: მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე; პირზე, რომელიც დაავადებულია­ განუკურნებელი სენით; პირზე, რომელსაც ისეთი დაავადება სჭირს, რომელიც გამო­იწვევს მის ინვალიდობას. დაცული უნდა იყოს ნების გამოვლენის ფორმა, კერძოდ, პირმა ნება საღ გონებაზე ყოფნის დროს უნდა გამოხატოს, ნების აღმსრულებელი კი შეიძლება იყოს მხოლოდ სპეციალური სუბიექტი - ექიმი.

საქართველოში ევთანაზიასთან დაკავშირებული, ერთი შეხედვით, შეუსაბამობის­ შესახებ იურისტ ციცო ცხვედიანს ვკითხე. - კანონით ჩვენთან ევთანაზია დაუშვებელია. სანამ პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის 24-ე მუხლი სხვა კანონმდებლობით­ არ იქნება დადასტურებული, ვერც ერთი ექიმი ამას ვერ გარისკავს, მიუხედავად იმისა, რომ იქ ასე წერია. დღეს ჩვენთან მოქმედებს სს კოდექსის 110-ე მუხლი, რომელიც ფარავს პაციენტის უფლებათა შესახებ კანონის 24-ე მუხლს. ძნელია ზღვრის­ გავლება ამ ორ ნორმას შორის, ეს არის ბეწვის ხიდზე სიარული, რადგან ისმის კითხვა: ირღვევა თუ არა კანონი? ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველა ექიმი თავს არიდებს ამის გაკეთებას. ჯერჯერობით საქართველოში ევთანაზიის ერთი შემთხვევაც არ ვიცი.

ცნობილი ადამიანების ევთანაზია

ისტორიაში გვხვდება შემთხვევები, როცა ცნობილმა ადამიანებმა ევთანაზია აირჩიეს. მათგან გამოვარჩევთ ორს: დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეფეს,­ ჯორჯ V-ს და გერმანელ მწერალს, ანი შმიდტს. გაერთიანებული სამეფოს მეფე პირველი­ მსოფლიო ომის დროს ძლიერ დაშავდა. ის 1915 წლის 28 ოქტომბერს ცხენიდან გადმოვარდა, რის შემდეგაც განუვითარდა სასუნთქი გზების პრობლემები, რაც მანამდეც აწუხებდა, როგორც აქტიურ მწეველს­. დროთა განმავლობაში მეფის სატკივარს სხვა დაავადებებიც დაემატა, რამაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა. მისმა პირადმა ექიმმა ბერტრან დოუსონმა მოგვიანებით გამოაქვეყნა პირადი ჩანაწერები, სადაც დეტალურად აღწერს ჯორჯ V-ის ევთანაზიის პროცესს 1936 წელს. მან პირადად მიიღო მონაწილეობა მეფის ევთანაზიაში მისთვის ტკივილის მოსახსნელად. გერმანელი საბავშვო მწერალი ანი შმიდტი 1995 წელს 84-ე დაბადების დღის მეორე დღეს გარდაიცვალა ევთანაზიით. მწერლის სურვილი იყო, მისი ნება ოჯახისა­ და მეგობრების წრეში აღსრულებულიყო. ევთანაზიის პროცესი ნიდერლანდებში 1995 წლის 21 მაისს აღსრულდა, მაგრამ ანი შმიდტის შემთხვევა ევთანაზიის საკითხების განხილვისას დღემდე კამათის საგანია.