კიევიდან უკან დახეული რუსეთის არმია შეტევებს უკრაინის აღმოსავლეთში აძლიერებს - კვირის პალიტრა

კიევიდან უკან დახეული რუსეთის არმია შეტევებს უკრაინის აღმოსავლეთში აძლიერებს

1 აპრილი გადამწყვეტი აღმოჩნდა უკრაინის დედაქალაქის დამცველებისთვის, რადგან ერთთვიანი დაძაბულობის შემდეგ მათ პირველად ამოისუნთქეს მშვიდად. რუსეთის არმიამ არა თუ ვერ მოახერხა კიევის სრულ ალყაში მოქცევა და ქალაქის ცენტრისკენ შეტევა, დატოვა კიევის მისადგომები და რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით უკან გაბრუნდა.

უკრაინელები ზეიმობენ, რადგან რუსი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია ოცდაათზე მეტი უკრაინული დასახლებული პუნქტი, მათ შორის - გოსტომელი (სადაც რუსეთმა ომის პირველივე საათებში ათეულობით შვეულმფრენით ტაქტიკური საჰაერო დესანტი გადასხა აეროდრომის დასაპყრობად და იქ დიდი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით დამატებითი ძალების გადასასროლად, მაგრამ ეს განზრახვა უკრაინელმა არტილერისტებმა ცეცხლით ჩაახშვეს), ბუჩა, ირპენი...

08042022-0918-1649395168.53_REC.png
დონბასში 1 აპრილს განადგურებული რუსული ჯავშანსატანკო ჯგუფის მებრძოლების ნაწილს ფორმაზე "სამხრეთ ოსეთის" სამფეროვანი დროშის სტიკერი აღმოაჩნდა, ერთ-ერთი დაღუპულის სამხედრო ბილეთი კი ბატრაზ მარგიევის სახელზე იყო გაცემული

ამ გათავისუფლებულ დასახლებებში რამდენიმე ათეული ნაწამები და დახვრეტილი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელთა ნაწილს ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული. ეს სამხედრო დანაშაულია, ჩადენილი სამოქალაქო პირების მიმართ ომის დროს და იმედია, მისი ჩამდენი რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეებს საერთაშორისო ტრიბუნალი არ ასცდებათ.

samx2-1649014751.jpg

რუსეთის არმიას ბლიცკრიგი ჩაეშალა, აღარ დარჩა ძალა, უკრაინას ყველა ფრონტზე ერთდროულად შეუტიოს, ამიტომაც, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის გენშტაბმა აამოქმედა კორექტირებული ოპერატიული გეგმა, რომელიც ძირითადი შეტევების განხორციელებას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონბასში, ითვალისწინებს. ამასთან, რუსები ამაგრებენ უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკვე დაკავებულ ტერიტორიას ხერსონიდან მარიუპოლამდე, აზოვის ზღვის სანაპიროს გასწვრივაც.

რუსეთის არმიის ძირითადი შეტევის მიმართულებებია სევეროდონეცკი-რუბეჟნოე და იზიუმი-ბარვენკოვო, ანუ მათ ლუგანსკისა და დონეცკის რაიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთნ მისვლა და უკრაინის ცენტრალური ნაწილისკენ გაჭრა სურთ.

უკრაინის დამცველებისთვის ტაქტიკურად წამგებიანია, რომ მოწინააღმდეგემ მოახერხა ქალაქ იზიუმში შეჭრა და მისი სამხრეთი ნაწილის დაკავება. საქმე ის არის, რომ რვა წელია, დონეცკი პრორუსი სეპარატისტების მიერ არის დაპყრობილი, მაგრამ უკრაინელთა თავდაცვის ზღუდეების აღება მოწინააღმდეგემ ომის 40 დღის განმავლობაშიც ვერ შეძლო, თუმცა იზიუმისკენ გაჭრილ მტერს ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ვოლნავახიდან შეუძლია დაიწყოს დონეცკთან გამავალი უკრაინული თავდაცვის ზღუდეების ზურგიდან მოვლა და მათი „ქვაბში“ მოქცევა, რაც უკრაინის არმიისთვის უდიდეს დარტყმად იქცევა.

რუსულ „ქვაბებში“ აღმოჩენის მწარე გამოცდილება უკრაინის არმიას ილოვაისკისა და დებალცოვოს ბრძოლებიდან მოჰყვება და, იმედია, უკრაინის გენერალიტეტი შეძლებს ძალების მობილიზებას, რომ იგივე აღარ დაუშვას.

ამასთან, ეტყობა, უკვე შეიძლება იმ ძალების ნაწილის მოხსნა და აღმოსავლეთით გადასროლა, რომლებიც დღემდე კიევს იცავდნენ, ოღონდ ამას ზუსტი გათვლა სჭირდება მუდმივი სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რათა არ აღმოჩნდეს, რომ რუსებმა სამხედრო ეშმაკობა იხმარეს და თუკი კიევის დამცველთა დიდ ნაწილს დონბასისკენ დაიგულებენ, ისევ კიევს არ შემოუტრიალდნენ. დონბასიდან კიევამდე პირდაპირი ხაზით 600 კმ-მდეა, მაშინ, როცა ბელარუსის საზღვრიდან კიევი სულ რაღაც 90 კმ-ით არის დაშორებული და არ არის გამორიცხული, რუსეთის არმიამ ხელახლა სცადოს ნაკლებად დაცული დედაქალაქის აღება.